ენდობა თუ არა ხალხი პოლიციას? | ინტერვიუ იურისტ გიორგი ჩიტიძესთან
28.07.2020 | 5 წუთიანი საკითხავი2013 წლის შემდეგ მოსახლეობაში პოლიციისადმი ნდობა იკლებს [IRI. 2018].
2018 წლის გამოკითხვით, პოლიცია მოსახლეობის 50%-ს მოსწონს, რაც ბოლო 14 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევების შედეგადაც ირკვევა, რომ პრობლემაა ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვაც და პოლიციის დამოუკიდებლობაც.
ინტერვიუ იურისტ გიორგი ჩიტიძესთან
- 2004 წლის შემდეგ პოლიციისადმი ნდობა საზოგადოებაში იკლებს, რატომ?
- პოლიციისადმი ნდობის კლება პირდაპირაა დაკავშირებული სისტემურ პრობლემებთან. როცა სამართალდამცავი სისტემა გამსხვილდა და რეფორმები განხორციელდა, მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა იმ პირების კვალიფიკაცია და კომპეტენცია, ვინც სამართალდამცავ სისტემაში მუშაობს.
ერთმანეთშია აღრეული ფუნქციები პოლიციასა და პროკურატურას შორის. ფაქტობრივად, დღეს საქართველოში საქმეებს იძიებენ ძირითადად პროკურორები და გამომძიებელი ჩამოკიდებულია პროკურორზე - მას არ უნდა პასუხისმგებლობის აღება. შესაბამისად, გვიანდება დროული რეაქცია და საგამოძიებო მოქმედებები. გავლენებიც რომ არ იყოს და კონკრეტული მოტივებით არ მოქმედებდეს პოლიცია, მას ობიექტურ შემთხვევაშიც ძალიან უჭირს გამოძიების წარმართვა, რადგან არ გვყავს კვალიფიციური კადრები. ისინი თავიანთ პირველად ფუნქციას ვერ ასრულებენ და მხოლოდ რეაგირებას ახდენენ, ისიც დაგვიანებით. ამის მაგალითია ბოლოს დროს განვითარებული მოვლენებიც. როცა, საქმეს მედია იძიებს და გამოძიება მედიის კვალდაკვალ დგამს ნაბიჯებს. რეალურად, პირიქით უნდა ხდებოდეს. მედიის როლი უნდა იყოს მოსახლეობისთვის ინფორმაციის გადაცემა და არა საგამოძიებო ექსპერიმენტების ჩატარება.
გარდა ამისა, ბოლო შვიდი-რვა წლის განმავლობაში დამკვიდრდა საკმაოდ ცუდი ტენდენცია, რაც გულისხმობს პოლიციასა და სამართალდამრღვევებს შორის აქტიურ თანამშრომლობას. ძალიან რთულია გაარჩიო პოლიცია მოქმედებს თავისი მანდატით, თუ იყენებს კრიმინალურ სუბკულტურას რომ მოაგვაროს საქმეები.
როცა უნდა დაიწყოს გამოძიება და შესაბამისი მოქმედებები, პოლიცია ფაქტობრივად მოუწოდებს მოქალაქეებს რომ არ აღძრას საქმე და არ შეიტანოს საჩივარი.
ამის მაგალითი ბოლო პერიოდში იყო, როცა 16 წლის მოზარდს პოლიციამ კრიმინალური ავტორიტეტები მიუგზავნა იმისთვის, რომ ამ ადამიანს არ ეჩივლა პოლიციაში.
ასევე სერიოზული პრობლემაა, კონტროლის მექანიზმი. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შიდა და გარე უწყებრივი მაკონტროლებლები, არ მუშაობს. ინსპექტორის სამსახურის შექმნა იყო რეფორმა, რომელსაც ძალიან დიდ ხანს ვითხოვდით სამოქალაქო სექტორი. თუმცა, ეს რეფორმაც, როგორც რეფორმების სხვა ნაწილშიც, ნახევრად შესრულდა. ეს ნიშნავს იმას, რომ მიუხედავად იმისა რომ ინსპექტორის სამსახურს საკმაოდ კვალიფიციური გამომძიებლები ჰყავს, ინსპექტორის მანდატი და სამოქმედო ინსტრუმენტები არის საკმაოდ შეზღუდული.
მაგალითად, მთელ რიგ საგამოძიებო მოქმედებებს პროკურატურის გარეშე ვერ ატარებს, ასევე ინსპექტორის ანგარიშში ნათლად ეწერა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ხშირ შემთხვევაში მათ ჩანაწერებს არ აძლევს. არადა ჩანაწერის გარეშე რთულია დადგინდეს პოლიციელის ქმედებები. პოლიციის ჩადენილი სამართალდარღვევა სპეციფიკურია სხვა კრიმინალისგან. ამიტომ, თუ დროულად არ მოხდა ჩარევა, შემდეგ გამოძიება აზრს კარგავს. რა თქმა უნდა, სისტემა უხეშად რომ ვთქვათ, იცავს “თავისიანებს” და არ უნდა გარედან, ვიღაც უცხო მივიდეს და მათი საქმეები გამოიძიოს. ამიტომ, რადგან სათანადოდ არ კონტროლდება, მათი ქმედებები არ ფასდება, არც აქვთ განცდა, რომ თუკი კანონს დაარღვევენ, პასუხიც მოეკითხებათ.
ამიტომ არიდებენ მოქალაქეებიც თავს პოლიციასთან კომუნიკაციას?
ადამიანები დაუცველად გრძნობენ თავს იმიტომ, რომ ერთი მხრივ, შეიძლება ძალიან ბევრი დრო და რესურსი დახარჯონ პოლიციასთან კომუნიკაციის დროს, რადგან არაკვალიფიციურობის გამო, საგამოძიებო მოქმედებები ტარდება საკმაოდ ნელა და გაჭიანურებულია. მეორე, უკვე ისეთი სიტუაცია გვაქვს პოლიციაში, რომ შეიძლება პოლიციასთან ურთიერთობა თავად მოქალაქისთვის დამაზარალებელი აღმოჩნდეს და აქეთ შემოუბრუნდეს ცუდად. ადამიანები ასეთ შემთხვევებს ხედავენ და გაურბიან პოლიციასთან თანამშრომლობას. თავად პოლიცია არ მუშაობს იმაზე, რომ ადამიანებს აუხსნან რატომ არის მნიშვნელოვანი და სასარგებლო პოლიციასთან თანამშრომლობა.
კარგი მაგალითია მართლწესრიგის ოფიცრების დანიშვნა თბილისში. ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც მჭიდრო კავშირი უნდა ჰქონდეთ მოსახლეობასთან. მათ უნდა აამაღლონ მოქალაქეების ნდობა პოლიციის მიმართ. მაგრამ ეს სისტემა ვერ მუშაობს, რადგან ეს არის ამოგლეჯილი რეფორმა და მას არ ახლავს თან საგამოძიებო რეფორმა, ოპერატიული საქმიანობის რეფორმა, გამომძიებელსა და პროკურორს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის რეფორმა. ამიტომ, ერთი მხრივ, როცა მოქალაქე ხედავს მართლწესრიგის ოფიცრებს, ხოლო მეორე მხრივ, როცა საქმე საქმეზე მიდგება და მოქალაქეს გამოძიება სჭირდება, ის ვერ იღებს შესაბამის შედეგებს და უფრო მეტიც, შესაძლოა საქმე მის საპირისპიროდ შეუტრიალდეს, მოქალაქეს პოლიციასთან კომუნიკაციის სურვილი აღარ უჩნდება.
ხელმისაწვდომია საჯარო ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში?
კვლევებიდან ჩანს, რომ სერიოზული პრობლემაა გამოძიების შესახებ ინფორმაციის შეზღუდვა. ეს სხვა ქვეყნებშიც ასეა, ხშირად გამოძიება არ ასაჯაროებს ინფორმაციას, მაგრამ ამას აბალანსებს ის, რომ მაკონტროლებელი ორგანო, რაც პოლიციას ჰყავს, ისინი აზღვევენ ყველანაირ გადაცდომას. სწორედ, ამ მაკონტროლებლების იმედადაა საზოგადოება. მოსახლეობას აქვს განცდა, რომ თუ პოლიცია დანაშაულს ჩაიდენს, სხვა უწყებებს ეს არ გამორჩებათ. ეს უწყებები ერთმანეთთან ბუნებრივ კონფლიქტში არიან და ერთმანეთს ასე აბალანსებენ. სწორედ ეს არის გამოსავალი. ინფორმაციის სრულად ვერ გაიხსნება, რადგან გამოძიებას თავისი ლეგიტიმური ინტერესი აქვს. ბოლო შემთხვევებიდან ჩანს, რომ მედიას აქვს ინფორმაცია, რომელიც სისტემის შიგნიდან მოდის. ანუ თანამშრომლები უკვე თავად აღიარებენ, რომ სისტემას უჭირს და ეს ინფორმაცია გარეთ გამოაქვთ.
ყველაზე მეტად როდის ენდობოდა ხალხი პოლიციას?
საქართველოს ისტორიაში მე არ მახსენდება ისეთი პერიოდი, როცა პოლიციისადმი ნდობა მაღალი იყო. აუცილებელია, რომ განვასხვაოთ საპატრულო პოლიციის სეგმენტი. მაშინ, როცა პოლიციისადმი ნდობა ყველაზე მაღალი იყო, ეს იყო განპირობებული საპატრულო პოლიციის შექმნით. საპატრულო პოლიციას დღესაც რომ გავზომოთ არ ექნება ცუდი რეიტინგი იმიტომ, რომ ეს არის ხალხი, რომელიც ფრონტზე ჩანს და მათი ფუნქციაც არ არის მანცადამაინც აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. ამიტომ, პოლიციისადმი თუ ნდობა ოდესმე იყო მაღალი, ეს იყო საპატრულო პოლიციის ხარჯზე, იმ დროს, როდესაც რეფორმები დაიწყო.