გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ერთი გადაფურცვლით | მებო ნუცუბიძე

ერთი ნახვით შეყვარების გჯერათ? როგორც ბევრი სხვა რამ, ეს თემაც, რაღა თქმა უნდა, რწმენის საკითხია: ან გჯერა, ან – არა. ჩემს შემთხვევაში, ფაქტი ერთია: წიგნები, რომლებზეც ახლა უნდა გესაუბროთ, ერთი გადაფურცვლით შემიყვარდა.


რამდენს იწონის სიყვარული?

როცა შენთვის უცნობ წიგნებსა და ავტორებს ეცნობი, სათაური და წიგნის შეფუთვა, გინდა არ გინდა, თავისას შვრება. ვუყურებ წიგნს, სახელად „სიყვარულის წონა“ და ეგრევე ვინტერესდები. მერე, მის უკანა მხარეს გაკეთებულ წარწერასაც ვკითხულობ და სურვილი კიდევ უფრო მიმძაფრდება:

„წიგნი სიყვარულზე, სადაც ვერ იპოვით სიტყვას – მიყვარხარ“.

გადაწყვეტილი ამბავია. აუცილებლად უნდა წავიკითხო. თანაც, ალეხანდრო ინიარიტუმ ხომ აგვიწონა რამდენიმე წლის წინ სიცოცხლე და იქნება, ამჯერად, სიყვარულის წონაზეც გავიგო რამე ახალი და საინტერესო.

ავტორები მოგვწონს თუ არა, დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, ვხედავთ თუ არა მათ ნააზრევში ჩვენს ფიქრებსა და გრძნობებს. ჩვენს სიხარულებთან, პატარ-პატარა ბედნიერებებთან, ტკივილებთან და განცდებთან თუ ვპოულობთ კავშირს. ვიწყებ კიხვას და პირველივე გვერდებიდან ვგრძნობ, რომ ავტორი ზუსტად ისეთ სიყვარულზე წერს, სულ რომ მეფიქრება ხოლმე. პატარ-პატარა დეტალებში გაბნეულ სიყვარულზე, სულ რომ არ საჭიროებს სიტყვით გამოხატვასა და ზედმეტ მიკიბ-მოკიბვას. ასეა. სიყვარულის არსებობისთვის, ხშირად, საერთოდაც არ არის საჭირო სიტყვა „მიყვარხარ“. ეს გრძნობა მისი ვერბალური გამოხატულების გარეშეც თავისუფლად შეიძლება არსებობდეს.

ვინმეს გაქვთ პასუხი კითხვაზე – რა არის სიყვარული? მე არა. ვითომ, მოლოდინი? მონატრება? სევდა? ბედნიერება? მელანქოლია? ნოსტალგია? ლტოლვა? არ ვიცი. შეიძლება, ყველაფერი ერთად და თან – არც არაფერი.

ვაგრძელებ კითხვას და ერთმანეთისგან განსხვავებული მოთხრობების გვერდებზე, თითქოს, სხვადასხვანაირი სიყვარულებია მიმობნეული. არადა, მე თუ მკითხავთ, ერთი შეხედვით განსხვავებულ დროსა და სივრცეში მცხოვრებ ერთმანეთისგან განსხვავებულ ადამიანებს, მათი ამბების ბოლო გვერდებზე, ერთნაირი ემოცია მოაქვთ: თვალზე მომდგარი ცრემლი, რომ ვერ გაიგებ, ისეთი ცრემლი, თან რომ გიხარია და თან რომ სევდიანდები, ეგეთი ცრემლი. ასეთი სიყვარულს კი ნამდვილად არ სჭირდება „მიყვარხარ“.

სიყვარულის წონა ალბათ ის წონაა, რომელიც არასდროს დაგამძიმებს.


რის გამო ეკვრიან ადამიანები ერთმანეთს?

მოგატყუებთ, რომ გითხრათ, „ცაზე მთვარე მიცურავდა“ წავიკითხე-მეთქი. უფრო ვნახე, როგორც ფილმი, ან –  მოკლემეტრაჟიანი ფილმებით მოყოლილი ერთი დიდი ამბავი. როგორც გენებოთ. პირველივე გვერდიდან, პირველივე გადაფურცვლიდან, თითქოს ვირტუალურ რეალობაში გადავინაცვლე, სადაც ჩემი, როგორც მკითხველის თითოეული ნაბიჯი ახალ თავგადასავალში მახვევდა.

ავტორის მიერ სიყვარულის შესახებ მოყოლილ ამბებში, ყველა სიტყვა, ყველა ფრაზა, ყველა აბზაცი და ყველა დეტალი კინოა. კითხულობ და ხედავ, ნათლად ხედავ კადრებს ფილმიდან. ოღონდ, ეს ჰოლივუდი არაა, უფრო აქეთ ვართ, ევროპულ კინოში, ყოფის აუტანელი სიმსუბუქითა და სევდით გაჯერებულში.

ამბების მოქმედ გმირთა ცხოვრებაში ყველაფერი ნაპირმორღვეულია – სევდაც და სიყვარულიც, მოლოდინიც და უიმედობაც, მარტოობაც და მონატრებაც.

და წიგნიც ზუსტად ეგეთია – ნაპირმორღვეულად დიდებული და კარგი.

ვინ იცის, როგორ უნდა მივხვდეთ, რომელია ნამდვილი სიყვარული? როგორ უნდა გავიგოთ, როდის ვუშვებთ ხელიდან კარგად ყოფნის თუ უკეთესი მომავლის შანსებს? როდის გვიდგას ბედნიერება თვალწინ, ჩვენ კი, დაბრმავებულები, სულ სხვა მიმართულებით გავყურებთ ჰორიზონტს? როდის ვდგამთ იმ სავალალო ნაბიჯს, რომელიც უსასრულო მარტოობისთვის გვწირავს? როგორ ვკარგავთ ახლობელ ადამიანებს?

რატომ ვკარგავთ ბავშვობის უმანკოებას და ვიზრდებით ისე, რომ წასვლისას, საყვარელ ადამიანებთან დამშვიდობებასაც კი ვეღარ ვბედავთ და მიბრუნებულნი, მხოლოდ ერთს ვისმენთ, უმოქმედოდ: „არაფერი, წადი...“

ბოლოს კი გვრჩება ჩვენი ოცნების, ჩვენი სიყვარულის გამტკნარებული სარეცელი და დღეები, როცა ყველაზე აუტანელს, სიხარულის ყიჟინას გვაძალებენ. ნუთუ, მხოლოდ შიშის გამო ეკვრიან ადამიანები ერთმანეთს?

 

ძვირფასო ღმერთო, სად ხარ?

ალბათ ჯობდა, ეს სამი წიგნი განსხვავებული თანმიმდევრობით წამეკითხა, „იისფერი“-თ დამეწყო, „ცაზე მთვარე მიცურავდა“-თუ გამეგრძელებინა და ბოლოსთვის – „სიყვარულის წონა“ შემომენახა. განა იმიტომ, რომ რომელიმე წიგნი უკეთესი ან უარესია. არა, სამივე ფანტასტიკურია, მაგრამ, იისფერი – ყველაზე მძიმეა.

პირველივე გვერდიდან სხეულსა და სულში გაწვება რაღაც მძიმე, ძალიან მძიმე. ჩვენი სასტიკი ყოველდღიურობისა და რეალობის დაუნდობელი წონა, რომელიც, სიყვარულის წონისგან განსხვავებით, იმდენად აუტანელია, რომ ბოლომდე გჭყლეტს. ადამიანი როგორი იმედიანი არსებაა, არა? მეც ასე ვიყავი. კითხვისას იმედს არასდროს ვკარგავდი, ყოველი გვერდის შემდეგ ჩემთვის ვფიქრობდი, ამაზე უარესი რაღა უნდა მოხდეს-მეთქი და ვაი რომ, ხდებოდა.

ეს წიგნი ადამიანებზეა, უფრო ზუსტად კი – ჩაგრულ ადამიანებზე. უბედურ და ჩაგრულ ადამიანებზე. იმ ხალხზე, რაღაც დროის განმავლობაში ყველა ტიპის უსამართლობა და ძალადობა რომ გამოსცადეს საკუთარ თავზე: კლასობრივი, რასობრივი, სქესობრივი, გენდერული, ოჯახური.

ყველაზე მძიმე კი ისაა, რომ იცი, ვერაფერს შეცვლი და არც არაფერი გაგაჩნია ამ ყველაფერს რომ დაუპირისპირო. უძლური ხარ. უსუსური ხარ. ხანდახან ძალადობა ისეთი ყოვლისმომცველია, რომ მის წინააღმდეგ ყველაფერი ამაოა.

და ასეთ მომენტებში, ძალიან მნიშვნელოვანია რწმენის ერთი ნაპერწკალიც კი. რწმენას კი, რაც გინდათ ის დაარქვით: გინდა ღმერთი, გინდა სიყვარული და გინდა – სხვა ნებისმიერი სახელი. სახელების დარქმევით, არსი არ შეიცვლება. რწმენა არის ის, რაც ყველა ადამიანს სჭირდება. სჭირდება იმისთვის, რომ გამოაღწიოს ყველაზე ბნელი ადგილებიდან, ყველაზე მძიმე ტრაგედიებიდან. ყოველთვის უნდა გვჯეროდეს, რომ უკეთესი მომავალი არსებობს და თუ ამისთვის, ბოლომდე ფსკერზე დაშვებაა საჭირო, უნდა დავეშვათ კიდეც.

მე ეს სამი წიგნი ასეთი თანმიმდევრობით წავიკითხე და ბოლოს, ეს ემოციები დამრჩა, თქვენ რომ გაგიზიარეთ. სამივე ერთი გადაფურცვლით შემიყვარდა და სამივე აუცილებლად დიდხანს დარჩება ჩემს ფიქრებში.

ავტორი: მებო ნუცუბიძე

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა