გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ერთი ჯამიდან

“ჩინეთში ერთ დროს ცხოვრობდა გველეშაპების სურათების მოყვარული კაცი. მისი ტანსაცმელი და ავეჯიც შესაფერისად იყო მოხატული. გველეშაპების სიყვარულის ამბავმა ღმერთის ყურამდე მიაღწია და ერთ მშვენიერ დღეს, ამ კაცს ფანჯარასთან ნამდვილი გველეშაპი გამოეცხადა. ამბობენ, რომ ის კაცი შიშისგან მოკვდა.”

-- ჰაგაკურე,ფოთლების ჩრდილში ნაამბობი

 

იქნებ გველეშაპი უკვე დასეირნობს ჩვენს ფანჯარასთან. ფარდას ისე ვწევ, თითქოს წიგნს ვშლიდე და რა წიგნებსაც ვშლი, ყველგან ჭირზე და უბედურებაზე ვეძებ პასუხებს. მგონია, რომ საფრთხის წინაშე დამალულ ლოკოკინას ვემსგავსებით, თავის მგრძნობიარე საცეცებს რომ გამოჰყოფს და ყოყმანით იწევა გარეთ. თუ წინ ისევ დაბრკოლება შეხვდა, შეიმალება და მომავალ გამოსვლამდე კიდევ უფრო დიდ პაუზას იღებს. გამოსვლა და გამოღვიძება ერთადერთი გამოსავალია, რადგან თუ კოშმარი დაგესიზმრა, ხომ იტყვი რომ ეს მხოლოდ სიზმარი იყო. არც ეს რეალობა განსხვავდება დიდად სიზმრებისგან:

თითქოს ვიღაცას შეეჩერებინოს გამოსახულება. მანქანების გაბმულ ზმუილს და ზრიალს მიჩვეული ყურისთვის და თვალისთვის ძალიან უჩვეულოა მდუმარება და უძრაობა კომენდანტის საათის დროს. გარეთ ისეთი გადარეული გაზაფხულია, პირდაპირ მოგიწოდებს კანონდარღვევისთვის. ჩიტები გაგიჟებულები ჭიკჭკებენ. ბანკებთან პენსიონერების რიგს ნიღბიანი პოლიციელები აწესრიგებენ. დისტანციის აღმნიშვნელი ერთი წრიდან მეორეში ვინაცვლებთ. აქა-იქ ყვითელყუთებწამოკიდებული ბიჭები დაქრიან სკუტერებით.

ბუნდოვნად მახსენდება რომანი, რომლის მთავარი გმირიც პიცის დამტარებელია. ოღონდ მთლად ჩვეულებრივი პიცის დამტარებელიც არაა, თან სამურაია, მეომარი და ჰაკერი. ისიც უნდა ვთქვათ, რომ არც დროა ჩვეულებრივი - მომავალია, მეტასამყაროა, მეტისმეტად ვირტუალური რეალობა და უცნობი ნარკოტიკი, რომელიც ორივე სამყაროში ერთნაირად მოქმედებს. მალე ალბათ ვეღარ მივხვდები, რა წამიკითხავს და რა მართლაც მომხდარა.

ჩემი ორგანიზებული მეხსიერება ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა. არ ვიცი, რატომ მახსენდება, რომ დედაჩემს უყვარდა ერთი ძველი ჯამიდან ჭამა. ბავშვობაში ვერაფრით ვხვდებოდი, რატომ ჭამდა ამ უსახური, ძველი ჯამიდან, როცა სახლში ბევრად ახალი და ლამაზი ჭურჭელიც გვქონდა. ვერ ვხვდებოდი, სანამ 30 წელს არ გადავცდი და მე თვითონაც მსგავსი ჯამიდან არ დავიწყე ჭამა, ძველისძველი ჯამიდან, რომლის ძირიც ჟამია, თვალია, საშიში მორევია მოგონებების, რომლებმაც თუ ჩაგითრიეს, თავს ვეღარ დააღწევ.

ყურადღების გადასატანად პანდემიისთან დაკავშირებული სიუჟეტის აგებას ვცდილობ.

შუახნის ქალი, რომელიც ევროპიდან ბრუნდება საქართველოში, თვითიზოლაციაშია. წლების შემდეგ ხვდება ცარიელ სახლში, სადაც ბავშვობა გაუტარებია და ყველა ნივთი რაღაცას ახსენებს. საჭმელს და საჭირო ნივთებს უმცროსი და უზიდავს. ყოფილი ქმარი კარს მიღმა დაეყუდება ხოლმე და სიყვარულს უმტკიცებს.

ერთ დღესაც ამ ქალს, სახლში ახალგაზრდა ბიჭი შეუვარდება. ბიჭი პოლიციას ემალება, რადგან ბანკი გაუძარცვია. ქალი და მძარცველი ერთად აგრძელებენ ცხოვრებას. თანდათან მოსწონთ კიდეც ერთმანეთი. ლაპარაკობენ, თამაშობენ, ჟიმაობენ, ერთმანეთს აღსარებას აბარებენ და აღიარებენ შიშებს, ოცნებებსა და იმ ტკივილებს, რაც აუცილებლად მოჰყვება ხოლმე ნებისმიერი ჯურის ოცნებას. ბოლოს ბიჭს სიცხეს აძლევს. აუწევს და აუწევს.

მგონი არ არის ცუდი მოცემულობა, მაგრამ ვერაფერს ვწერ, რადგან წარმოსახვას ფარ-ხმალი დაუყრია სინამდვილის წინაშე.

ვნახულობ, ესპანეთში მოხუცთა თავშესაფარში მიტოვებული მოხუცები იპოვნესო. მკვდრებიო. ვირუსის გამო მიტოვებულები. ნეტავ ვინმეს რომ შეეხედა მათთვის. როგორ დგანან ხან აკანკალებულები, ხან უძრავად, გაშეშებულები. ხან ლოცვას რომ ბუტბუტებდნენ, ხან მხრებს იჩეჩენ, თითქოს უბრაზდებიან შვილებს ცელქობისთვის. ხან გულამომჯდრად ატირებულები და ხან გადმოკარკლული თვალებით, უჰაერობისგან პირდაფჩენილები. ეძახიან მომვლელებს. ნეტავ სად წავიდა ყველა? ცარიელ დერეფნებში დგანან და ჯერ მარჯვნივ, მერე მარცხნივ… არავინ. საერთოდ არავინ. სიჩუმე.

და აქვე, გვერდით რომ გავიხედოთ? რას შვებიან ისინი, ვისაც ვერ ვხედავთ? ვინც უხელფასო შვებულებაში გაუშვეს? ვინც სამსახური დაკარგა? ვისაც დანაზოგი კი არა, ხუთი ლარიც არ დარჩა. ვისაც არ შეუძლია მაცივრის გავსება? ვისაც საერთოდ არ აქვს მაცივარი? ვინც ცარიელი, ღრმა ჯამის ფსკერს მისჩერებია?

წარმოსახვა სრულ კაპიტულაციას აცხადებს სინამდვილის წინაშე.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა