გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ეთეროს მზერა | ინტერვიუ თამთა მელაშვილთან

ახლახანს გამოვიდა თამთა მელაშვილის ახალი რომანი „შაშვი შაშვი მაყვალი”. წიგნი შუა ხნის ქალის მონოლოგია, რომელიც ერთ პროვინციულ ქალაქში ცხოვრობს  მარტო. წიგნის ავტორთან ინტერვიუ ჩაიწერა მარტის პირველ კვირას, როცა დედის და ქალთა დღეებს აღნიშნავენ, და ეს საუბარიც იმ საკითხებს მიჰყვება, რაც წიგნის გმირის და ამ დღეების მთავარი კითხვებია. 


ინდიგო:
უპირველესად დედა ვარ - ამ თვითაღქმას ქალებში უამრავი რამ განაპირობებს. ჩვენს უახლეს ისტორიაში მაინც რა იყო ფაქტორები, რაც ქალს უქმნიდა ყალიბს, საკუთარი თავი დედობის გარეშე ვერ აღექვა და მიეღო?

თამთა მელაშვილი: ქალის დედობასთან გათანაბრება ნაციონალისტური და იმავდროულად, პატრიარქალური პროექტია.  ასეა ყველგან და ასეა საქართველოშიც. დედის ხატი - გმირი, თავდადებული და თავგადადებული დედის ვარიაციებით - კულტურულად ძალიან ღრმად გამჯდარია და მის წინააღმდეგ რამე ფორმით წასვლა ძალიან ძვირად უჯდებათ ქალებს. თან, მთელი ირონია იმაშია, რომ პატრიარქატი, ერთი მხრივ,  ძალიან გულმოდიგინედ აწარმოებს დედის საკრალურ  ხატს და, მეორე მხრივ, იმგვარ მოცემულობებს ქმნის, სადაც თითქმის ყოველი მეორე დაოჯახებული ქალი და დედა  - ნაცემი, მოკლული, შრომისგან წელგაწყვეტილი, ცხოვრების ღირსეული პირობებისაგან გაძარცული ადამიანია. ქალი, რომელიც დედა არაა  - ნაკლულ ადამიანად განიხილება. რაც არ უნდა შემდგარი იყოს როგორც პროფესიონალი, მას მაინც „ყველაზე მთავარი“ აკლია ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, არიან ქალები, ვინც ამას უპირისპირდებიან, მაგრამ მათ ეს ძალიან დიდი ძალისხევად, ბრძოლად და ტკივილად უჯდებათ. ისინი იმდენად ცოტა არიან, რომ მათი საქციელის ასახსნელად ასე უბრალოდ „ფაქტორებს“ ვერ ჩამოთვლი. არ არსებობს ენა და უსაფრთხო სივრცე, სადაც ამაზე ხმამაღლა ისაუბრებდნენ. მგონია, რომ საზოგადოება იმდენად აყენებს მათ თავდაცვისა და თავის მართლების პოზიციაში, რომ, ალბათ, მერე მთელი ცხოვრება უზარმაზარი ძალისხმევა ამასთან გამკლავებაზე ეხარჯებათ. მე მყავდა ნათესავი ქალი, რომელიც დიდი წნეხის მიუხედავად, არ გათხოვდა და  არ გააჩინა შვილები. მისი გადაწყვეტილების მისამართით ყოველთვის აღფრთოვანებას გამოვხატავდი, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩემთან საუბარშიც კი ხშირად იმეორებდა: „ალბათ ჩემი ბედი ეს  იყო“ და ამით, თითქოს, თავიდან მიშორებდა. თან „ალბათ, ჩემი ბედი ეს იყო“ კარგად მუშაობს ჩვენ საზოგადოებაში. სიბრულულს არ მოგაკლებენ, მაგრამ მარწუხებს იმდენად აღარ წაგიჭერენ ყელში. ასე „ბრალეულობა“ ხომ ბედზე გადაგაქვს და აბა, ბედთან რაღას იზამ. თორემ ისე არავინ გაპატიებს, რომ თქვა, უშვილობა ჩემი გადაწყვეტილებაა, ასე მომინდა და ასე გადავწყვიტე ცხოვრებაო. გაბრაზდებიან ასეთ ქალზე, შეებრალებათ, ანდა შეეშინიდებათ მისი. ამიტომ ვთქვი, რომ ქალები სხვადასხვა ფარს იყენებენ ამის შესანიღბად. მარგინალად ცხოვრება არავის უხარია.

ინდიგო: რა ფაქტორებმა შეიძლება შეარბილოს უშვილო ქალის მიმართ დამოკიდებულება? 

თამთა მელაშვილი: ქალთა ემანსიპაციამ და ბევრი სხვადასხვანაირი ქალის ხმის გაჩენამ საჯარო სივრცეებში, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მე ეს ერთ-ერთი ყველაზე რთულად გადასახალავი საკითხი მგონია.

ინდიგო: ამჩნევთ თუ არა ამ ცვლილებას, თუნდაც ემპირიული დაკვირვებების შედეგად, თუნდაც უფრო საფუძვლიანი კვლევებით გამყარებულს?

თამთა მელაშვილი: არა, ვერ ვამჩნევ. ერთადერთი, რასაც ვამჩნევ ისაა, რომ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ქალი იაზრებს საქართველოში, რომ მაინცდამაინც 20 და 25 წლის ასაკში ოჯახის შექმნა და ზედ მიბმული დედობა არ არის აუცილებელი.  თუმცა არის ახალგაზრდა ქალების დიდი ნაწილი, რომელიც ყველაზე მეტად დედობის მნიშვნელობას ეპოტინება  და საკუთარ იდენტობას მის გარშემო აგებს. „კარგ დედად“ საკუთარი თავის აგება ისევე, როგორც  სხვების შეფასება კარგ ან ცუდ დედად ცალკე მძიმე  საკითხია.

ინდიგო: “შაშვი შაშვი მაყვალი” - ამ წიგნის გმირმა ეთერომ გააზრებულად მიიღო თუ არა გადაწყვეტილება, არ ჰყოლოდა შვილი? 

თამთა მელაშვილი: ეთეროს გადაწყვეტილებაა მარტო იცხოვროს და ამ მარტოობისგან ის სიამოვნებას იღებს. თუმცა იცის, რომ აუცილებელია გარშემო ადამიანებისგან რაღაც ქსელი შექმნას, სადაც თავს მეტ-ნაკლებად უსაფრთხოდ იგრძნობს. ეთეროს აქვს წნეხი ამ გადაწყვეტილების გამო და, როგორც ყველა მისნაირი ქალი, ისიც ამას ყოველდღიურად უმკლავდება, ცხადია, დიდი ემოციებისა და ძალისხმევების ხარჯზე. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, როგორ უყურებს საზოგადოება შუა ხნის, დაუოჯახებელ და უშვილო ქალს და  ეთეროს შექმნით, ზუსტად ეს მზერა მინდოდა „შემებრუნებინა“ საპირისიროდ - მეჩვენებინა, როგორ უყურებენ ასეთი ქალები სამყაროს.  

ინდიგო: ეთეროსნაირი ქალი ცხოვრების გზაზე, რაღაც მომენტში მაინც, ცდუნებოდა თუ არა იმ აზრით, რომ “მარტოობის შევსება”, “საკუთარი ცხოვრებისთვის აზრის მიცემა” შვილის გაჩენით ყველაზე კარგად შეიძლება? “პატრონი, ხმის გამცემი მეყოლება, რომ დავბერდები”?

თამთა მელაშვილი: ეთეროსნაირი -  არა, მაგრამ ბევრი ქალი ტყდება ამ ბრძოლაში და მათიც ძალიან მესმის.

ინდიგო: როგორც ეთერო ცხოვრობს და როგორც ვითარდება მისი ამბავი, არის თუ არა უშვილოდ დარჩენა პირადი პროტესტი?

თამთა მელაშვილი: კი, პროტესტია, ასე უნდა და  მორჩა.  თავის არჩევანში შეუვალია, უნდა, დარჩენილი სიცოცხლე საკუთარი თავის ძიებაში გაატაროს, რისი საშუალებაც მანამდე არ მიეცა  და იცის, რომ ოჯახის შექმნის და შვილების გაჩენის შემთხვევაში, ეს შეუძლებელი იქნება. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია ეს გადაწყვეტილება და როცა არჩევანის წინაშე დგება - აირჩოს საკუთარი ცხოვრება თუ საყვარელი კაცი, მასთან საერთო მომავლის შესაძლებლობა, ის თავის ცხოვრებას და მარტოობას  ირჩევს. მე მგონი, ამას ნაკლებად მიაქცია ყურადღება იმ მკითხველმა, ვინც ძალიან გატაცებული დარჩა ეთეროს და მისი საყვარლის ვნებიანი ისტორიით.  ფინალში  ის მეორედ დგება კიდევ ერთი დიდი არჩევანის წინაშე და ეს საკითხი შეგნებულად ღია დავტოვე ინტერპრეტაციისთვის, თუმცა, რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი პასუხი.


ფოტო: ნინო ბაიდაური

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა