გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #თარგმანი

ფრანსუაზ საგანი: თვრამეტი წლის ასაკში ცხოვრებას უნდა ფლანგავდე!

5 ივნისი, 1959

- ბოლო ორი წელია, ნაკლებად ლაპარაკობენ თქვენზე, ჟურნალებშიც ნაკლებად ვხედავთ თქვენს სურათებს. ალბათ, ამით კმაყოფილიც ხართ. ამ ორ წელში, ბევრი რამ გადაგხდათ, მანქანით ავარიაში მოჰყევით, იქორწინეთ... ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ ორმა წელმა შეგცვალათ?

- მე არ შევუცვლივარ, თუმცა ცხადია, შეცვალა ჩემი ყოველდღიურობა.

- რა ფორმით? მაგალითად, ავადმყოფობამ?

- ავადმყოფობამ - იმით, რომ ვიწექი. ქორწინებამ კი - იმით, რომ დავლაგდი.

- ავადმყოფობამ რამე გასწავლათ?

- მასწავლა, რომ შესაძლებელია, ექვსი თვე ვიწვე. მასწავლა, რომ შეიძლება, ავად გავხდე (არ მეგონა!). ქორწინებამ კი მასწავლა, რომ შესაძლებელია, ორმა ადამიანმა ერთად იცხოვროს.

- ავადმყოფობამ გასწავლათ, რომ მარტო ყოფნაც შესაძლებელია? თუ ეს უკვე იცოდით?

- ვიცოდი, თუმცა ეს ახლა უკვე სერიოზულად შევამოწმე.

- ხუთი წლის წინ, თვრამეტი წლის ასაკში, თქვენ უეცრად გამდიდრდით და გაითქვით სახელი. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ძალიან რთული გამოცდაა ისეთი ახალგაზრდა გოგოსთვის, როგორიც თქვენ იყავით?

- გამოცდა - არა. ეს უფრო კატასტროფაა. თითქოს გრიგალში მოჰყევი და შენც ემორჩილები, სხვა გზა არ გაქვს.

- ახლა თუ გსურთ გახდეთ ისეთივე მწერალი, როგორც სხვები? - მწერალი, რომელსაც მხოლოდ მის წიგნებთან დაკავშირებით ახსენებენ?

 - კი, ვისურვებდი, დავწერო წიგნები და ამით ვიცხოვრო. ვიცხოვრო ისე, როგორც მინდა.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენ ადრევე წვლილი შეიტანეთ "საგანის მითის" შექმნაში? წვლილი შეიტანეთ იმაში, რომ არ ყოფილიყავით ისეთი მწერალი, როგორც სხვები. თქვენ ჩნდებოდით ფართოდ სახალხო ადგილებში...

 - არა, ეს ასე არ არის. თვრამეტი წლის ვიყავი და ყველაფრის მიზეზიც ესაა. თვრამეტი წლისას ის ინტერესები მქონდა, რაც ამ ასაკში აქვთ გოგონებს: გართობა, ცეკვა, ზღვა, მანქანები, მეგობრები და ა.შ... ამბების გაბუქება, გაზვიადება - ეს ჟურნალისტების საქმეა.

- და მაინც, არ გგონიათ, რომ იმ დროს, თქვენს ცხოვრებაში იყო ერთგვარი მედიდურობა? გქონდათ ბევრი ფული, იყავით ძალიან ახალგაზრდა, აკეთებდით, რაც გსურდათ... შთაბეჭდილებას ტოვებდით, რომ ფულს ფლანგავდით.

 - რა თქმა უნდა, ვფლანგავდი! ვფლანგავდი ფულს, ვფლანგავდი დროს, ვფლანგავდი ცხოვრებას... და ეს აბსოლუტურად ისაა, რასაც თვრამეტი წლის ასაკში უნდა აკეთებდე! თვრამეტი წლის ასაკში, ცხოვრებას უნდა ფლანგავდე!

- "საგანის მითში" წვლილი უთუოდ თქვენმა პერსონაჟებმაც შეიტანეს. მათაც ბევრი ფული აქვთ და მატერიალური პრობლემები არ გააჩნიათ.

 - გააჩნია პერსონაჟს. პირველ რომანში, გეთანხმებით, სრული თავისუფლებაა... თუმცა ჩემთვის ამბავია მნიშვნელოვანი, რომელსაც ვყვები, თემა, რომელსაც ვშლი. კარგად ვიცნობ იმ ტიპაჟებს, რომლებზეც ვწერ. ვიცნობ მათ გარემოცვას. ვიცი, როგორ ცხოვრობენ და ა.შ. გლეხებზე რომ ვწერდე, სავალალო ტექსტი გამომივიდოდა, რადგან მათ ყოფას არ ვიცნობ. როგორც ვთქვი, მე ამბავი მაინტერესებს. პერსონაჟები კი ამ ამბის ილუსტრაციაა. 

- თავად თუ გიყვართ ფული? შეძლებდით უფულოდ ცხოვრებას?

- ძალიან რთული შეკითხვაა, რადგან არასდროს ვყოფილვარ უფულოდ. თუმცა ვფიქრობ, რომ გაცილებით ნაკლები ფულითაც შევძლებდი ცხოვრებას. ღარიბი რომ ვიყო, თავს არ მოვიკლავდი, თუმცა ცხადია, ეს ძალიან დამაღონებდა.

- თქვენი პერსონაჟი გოგონების ქცევა ბევრს აღიზიანებს. თქვენ ხომ არ გგავთ ეს პერსონაჟები? არაერთხელ გითქვამთ, როგორც წიგნებში, ასევე ინტერვიუებში, რომ არ გჯერათ სიყვარულის ხანგრძლივობის.

- არ ვიტყოდი, რომ არ მჯერა. მგონია, რომ სიყვარული ძალიან იშვიათად არის ხანგრძლივი და სავსე. ვფიქრობ, რომ ბევრი წყვილი იმიტომ ცხოვრობს ერთად, რომ დაიღალნენ, მიეჩვივნენ ასეთ ყოფას, აღარ აქვთ სიცოცხლის ჟინი,.. ესაა უბრალოდ. თორემ ხანგრძლივი სიყვარული - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი რამ, რაც შეიძლება წარმოვიდგინოთ.

- ანუ თქვენთვის, ის არსებობს?

- უნდა ვთქვა, რომ ძალიან ცოტა მაგალითი მახსენდება... თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს.

- შვილების ყოლას ისურვებდით?

- კი.

- ქალიშვილი რომ გყავდეთ, როგორ მიიღებდით (რომ არ ვთქვა; "ისურვებდით") მისგან ისეთ სასიყვარულო ისტორიებსა და გამოცდილებას, რომლებიც თქვენს პერსონაჟ გოგონებს აქვთ?

- ქალიშვილი რომ მყავდეს, ვუსურვებდი, ოცი წლის ასაკში შეხვედროდა საყვარელ ადამიანს და მთელი ცხოვრება მასთან გაეტარებინა... თუმცა ამას იღბალი უნდა, ეს ყოველ ათას წელში ერთხელ ხდება. მაგრამ თუ ამაში არ გაუმართლა, ცხადია, ვუსურვებდი, უბრალოდ ეცხოვრა და სხვადასხვა თავგადასავალი გამოეცადა.

- როგორ აუხსნიდით თქვენს ქალიშვილს, რაც თქვენს წიგნებში ხდება?

- ვეტყოდი, რომ ცხოვრებაშიც ასე ხდება: ადამიანებს ერთმანეთი უყვარდებათ, შორდებიან, ისევ ხვდებიან და ა.შ. და რომ ყველაზე უფრო მარტოობას უფრთხიან, და რომ ამით აიხსნება ბევრი სასიყვარულო ისტორიაც, რომლებსაც ახსნა არ აქვს.

- სევდიანი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ. ნამდვილად ასეა?

- არა, სულაც არ ვარ სევდიანი.

- ერთ ინტერვიუში თქვით, რომ ქორწინებებზე და ოჯახებზე ვერაფერს დაწერდით საინტერესოს. კვლავ ასე ფიქრობთ?

- სხვანაირად ვთქვი. მკითხეს, დავწერდი თუ არა ქალზე, რომელიც ოცი წელია, დაქორწინებულია და ათი შვილი ჰყავს? ვუპასუხე, რომ - არა! დაქორწინებული ქალი... აქ წერას ვწყვეტ. გასაგებია, სასიამოვნო და მომხიბლავი ამბავია, მაგრამ არც ისე სარომანოა... თორემ წერას ნებისმიერ წყვილზე შევძლებდი, დაქორწინებულზე თუ დაუქორწინებელზე.

 

ესაუბრა პიერ დეგროპი.

ფრანგულიდან თარგმნა ბაჩანა ჩაბრაძემ

საფრანგეთის “ნაციონალური აუდიოვიზუალური ინსტიტუტის” (INA) არქივი.

ინტერვიუს ვიდეოჩანაწერი: https://m.ina.fr/video/CAF90009664/francoise-sagan-video.html

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა