გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

გაჩერება | იუზა სიუკაევა, ზნაური

იუზა სიუკაევა, 83 წლის, ზნაური
ქართულ-ოსური კონფლიქტი. 1991-1992. 

სამი შვილი მყავდა: ორი გოგო და ბიჭი. მარტო ერთს ვნატრობდი, ჩემ შვილებს ჩაებარებინათ და უმაღლესი განათლება მიეღოთ. 

ბიჭი იყო უფროსი, კარგად სწავლობდა, ნიჭი ჰქონდა. 

მე სამ ადგილას ვმუშაობდი, ტელეგრაფში, კინოში, სალაროში და დარაჯად. ოღონდ შვილებისთვის განათლება მიმეცა, მაგრამ აბა, რა გამოვიდა?

მურატმა სკოლა 80-ში დაამთავრა. მაშინვე მოეწყო ინსტიტუტში, ხარკოვში. ჯარმა რო მოუწია, ავღანეთის ომიც მაშინ დაიწყო. წაიყვანეს. რამდენიმე თვე მისგან არაფერი ცნობა არ მიგვიღია. მერე ჩემ ქმარს ვუთხარი, წადი მონახე ბიჭი-მეთქი, ეგ ურალში მუშაობდა. 

ჩემი ქმარი ეტყოდა ხოლმე მურატს, ინსტიტუტს რო დაამთავრებ ვოლგას გამოგიყვანო. 

დაამთავრა სწავლა და 1991 წელს დაბრუნდა კიდეც მურატი ხარკოვიდან. უკვე არეული იყო აქ. როგორც არი ხოლმე, დაბრუნდა და დადიოდა სტუმრად, მეგობრებთან. 27 თებერვალს გავიდა მეგობრებთან ერთად, სოფელია ოკონი, მაქეთ წავიდნენ, აქვე, ახლოს. იქ დაიკარგა. 

დიდხანს ვეძებე. სად არ ვიყავი. საქართველოში ადგილი არ დამიტოვებია ორი წლის მანძილზე, რომ არ მივსულიყავი. მეთვითონ ორჯერ დამიჭირეს. 

ვნატრობდი ცხედარი მაინც ვიპოვნო-მეთქი. ნიშანიც ჰქონდა, ჯარში ნაკოლკა გაიკეთა. ერთ ფეხზე ეწერა: Они устали, მეორეზე: На Урале. ნაწილის ნომერიც, სადაც მსახურობდა. 

ერთხელ მითხრეს, თბილისში, ფსიქიატრიულში დაკარგულებიც ჰყავთო. წავედი, მაგრამ შვილი ვერ ვიპოვნე. 

მომდიოდა ხმები, მიწისძვრის მერე, ყველა ტყვე, ოსები საჩხერეში წაიყვანესო. წავედი იქაც, ვერაფერი. უკან რო ვბრუნდებოდი დამიჭირეს, ქარელის რაიონში. 

ავტობუსში ამოვიდნენ და იკითხეს, აქ ოსი რომელი ხართო. ჩამომსვეს ავტობუსიდან და რაღაც შენობაში შემიყვანეს. ორი ოთახი იყო. შიდა ოთახში ვიყავი, მარა მესმოდა რასაც ლაპარაკობდნენ გარეთ. ერთი კაცი იძახდა: გაუშვით, ამ ქალისგან რა გინდათ, შვილს ეძებსო. მეორე პასუხობდა, ეგა შპიონია, დადის და ინფორმაციას აგროვებსო. ორმა კაცმა მიშველა, ისევ მაგათიანებმა. ჩემ ქმარს იცნობდნენ, მეც მიცნეს. ფანჯრიდან გადამაძვრინეს, თეთრ ნივაში ჩამსვეს და აგარისკენ წამიყვანეს. ვფიქრობდი, ალბათ მოსაკლავად მივყავარ-თქო, მარა ატოცამდე ჩამიყვანეს, ზნაურთანაა ახლოს. იქ ორი ქალი მოიყვანეს სოფლიდან, ქართველები, ჩემზე უთხრეს, საზღვრამდე მიაცილეთო. გზა არ იყო, მინდორზე ვიარეთ. დღემდე არ ვიცი ვინ იყო ეს ხალხი,  მაგათი ისე მადლობელი ვარ. ბოლოს იმ ორმა კაცმა მითხრა, აქეთ ნუღარ გადმოხვალ, გიცნობენ და არ მოგკლანო.

ფოტო: ვლადიმირ სვარცევიჩი

დავბრუნდი სახლში. ცოტა ხანში ჩემმა თანასოფლელმა მითხრა, საჩხერეში ბევრი ტყვე ჰყავთო. ისევ წავედი, მარა კუდარის უღელტეხილით გადავედი, სინაგურიდან, ონთანაა ახლოს. გრძელი გზაა აქედან. სანამ ჩავედი სულ ჩამობნელდა. ქუჩაში, ერთ მოხუცსა შევხვდი, ღამის გასათევი ვთხოვე. თავისთან წამიყვანა. მისი ცოლი პურს აცხობდა. გულით მიმიღეს. მოვუყევი რატომ ჩამოვედი, რა მინდოდა საქართველოში. ამ კაცმა, ჩემი და საჩხერეში ცხოვრობს, ქართველი შვილები ჰყავსო. მაგრამ შენ ეგენი ისეთი ქართველები არ გეგონოს, ჩემი დაზრდილები არიან, უსიკვდილოდ დაგეხმარებიანო. მეორე დღეს საჩხერეში წამიყვანა, თავის დასთან, შვიდი დღე და ღამე მათთან გავატარე.

ყოველ დღე დგებოდნენ მაგის ბიჭები, დამატარებდნენ აქეთ-იქით, ჩემთან ერთად ეძებდნენ ჩემ შვილს. მაგრამ მაინც ვერაფერს გავხდით.

ბოლოს ცონში ჩამომიყვანეს. იქიდან მეთვითონ წავედი სახლამდე. 

ერთხელაც მოვიდა ჩემთან სხვა თანასოფლელი, ავტობუსის მძღოლად მუშაობდა, ცხინვალი-ვლადიკავკაზი რეისზე იჯდა. იმან მითხრა, ჩრდილოეთ ოსეთში მითხრეს: ზნაურელ ქალს გადაეცით, შვილი რომ ჰყავს დაკარგული, პუხაევი, დიგორში ჩამოვიდესო. არაფერი მისამართი არ მისცეს, არც სახელი. ჩავედი ვლადიკავკაზში, ნათესავებთან დავრჩი. ყოველ დღე მივდიოდი დიგორში და ავტობუსის გაჩერებაზე ვიჯექი. მეხუთე დღეს მოვიდა ქალი. მკითხა, ყოველ დღე აქ რატომ მოდიხარ, ვის ეძებო? მოვუყევი რაც მჭირდა. დაიცა, ჩემი მეზობლები არიან დევნილები საქართველოდან, იქნებ მათ იცოდნენ შენი შვილიო. ჰკითხა და ეგენი აღმოჩდნენ. მაშინვე მოვიდა კაცი ჩემთან გაჩერებაზე და თავისთან წამიყვანა. მაგის ცოლი ძაძებში დამხვდა. მომიყვა, ჩემი შვილიც ტყვედ ჰყავდათო. გამოიქცა თურმე, მაგრამ ორ თვეში ჩრდილოეთ ოსეთში დაღუპულა. თურმე ტყვეობაში რო იყვნენ, ასე შეთანხმებულან, ვინც გაქცევას შეძლებს, მეორეს ოჯახს იმან გააგებინოს, რა როგორ იყოო. მაგის შვილს უთქვამს, ქარელში სასაფლაოა, იქ ოთხი უსახელო საფლავია და ეგრე ამბობენ, ერთ-ერთში ბიჭია დამარხული ზნაურიდანო. ქალმა მითხრა, ჩემი მეორე ბიჭი ხაშურში ცხოვრობს, ქართველი ცოლი ჰყავს, წადი მასთან და მაგ ადგილს ის განახინებსო. დავბრუნდი სახლში და ისევ გზას დავადექი. 

ჩავედი ქარელში, მილიციაში მივედი. ვეხვეწე, დამეხმარეთ, შვილის ძვლები მაინც დამამარხინეთ-მეთქი. შემიცოდეს და არქივი გადმოიღეს. გაირკვა, რომ ოთხი უცნობის გვამი ჰქონდათ. ჩემი შვილის დაკარგვის დღიდან უკვე წელზე მეტი იყო გასული. გადმოიღეს ფოტოები და წინ დამიწყვეს. სამი დიდი კაცის, ასე 60 წლისანების გვამები იყო. ერთი ახალგაზრდასი, სულ ბავშვისა. იმას ხელზე ჰქონდა ნაკოლკა: ბეკოშვილი ნ. არც ის იყო ჩემი შვილი. მილიციონერებმა მკითხეს, რამე ნიშანი ხომ არ ჰქონდაო და მოვუყევი, ფეხზე ჰქონდა-მეთქი დაწერილი: Они устали на Урале. ეს რომ გაიგო, ერთმა ხელები დაიშინა თავში, მახსოვს ასეთი აღწერილობაც შემოვიდაო, გადარეკა სადღაც. მაგას რო კითხულობდა, მე გონება დავკარგე.

სასწრაფოთი წამიყვანეს, გონს საავადმყოფოში მოვედი. მეორე დღეს ჩემმა გოგომ ჩამომაკითხა. ძალა არ მქონდა, ხუთი დღე სახლში ვიწექი. მერე ისევ იმ მილიციონერთან წავედი, ეგ დოკუმენტი მაჩვენეთ-მეთქი, ვთხოვე. ასლი გამიკეთა, მცხეთის ექსპერტიზის დასკვნა იყო, იქაური პროკურატურის გამოგზავნილი. მცხეთაში წავედი და პროკურორს შევხვდი. არადა, იმედი გადაწურული მქონდა, ოსი ვარ, ვინ მიმიღებს-მეთქი. მდივანმა მოკიდა ჩემ საბუთებს ხელი და პროკურორთან შევიდა. მიმიღო. ამ ბიჭის ვინა ხართო, მკითხა. დედა-მეთქი. აქამდე სად იყავითო. მომიყვა, ეს საქმე ძევერიდან მოგვივიდაო.

ცხედარი მდინარემ გამორიყაო, მილიციიდან და პროკურატურიდან წავიდნენ სანახავადო. 

იმ საფლავზე წამიყვანეს, სადაც უცნობებს ასაფლავებდნენ. ზუსტად არავინ იცოდა, ვინ სად იყო დამარხული. იმას მაინც მივაღწიე, რომ ეკსგუმაციის უფლება მომცეს, ამაზეც იმდენი დრო წავიდა. თექვსმეტი ცხედარი ამოვთხარე. არც ერთი არ იყო მურატი. ეს ყველაფერი ხომ ფული ღირდა. ჩამოვიდოდი სახლში, ვიშოვნიდი ფულს და ისევ ქარელში ვბრუნდებოდი. ბოლოს გავეპარე ქმარს, აღარ მიშვებდა. მთავარია, ვიცით, რომ მურატი მიწაშია, წლისთავი გადავუხადოთ და დავამთავროთ ძებნაო. ცოტა ხანში, ჩემმა პატარა გოგომ ნახა მურატი სიზმარში. ვითომ ორი, შავი კაბა მაჩუქაო: ეგენი მალე დაგჭირდებაო.

აღნიშნულ თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ

_________________________________
ციკლიდან „მეხსიერების გაცოცხლება - სამხრეთი ოსეთი 1991/2008“
ტექსტი: ზარინა სანაკოევა

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა