გადასასვლელი ქალაქის გულში
30.03.2021 | 3 წუთიანი საკითხავიᲛნაცაკანოვის ხიდის ადგილზე გადასასასვლელი პირველად ააშენეს 1851 წელს. თავდაპირველად მას კახეთის ხიდს ეძახდნენ. Ხიდზე გადასვლა ფასიანი იყო და წარმოადგენდა ცენტრალურ კავშირს თბილისსა და კახეთს შორის. მალე, ხიდი თბილისელმა ვაჭარმა, ივანე მნაცაკანოვმა, გამოისყიდა და ქალაქს გადასცა.
ხეჩოს ამბავი
თურმე, მნაცაკანოვის ხიდის ქვეშ ცხოვრობდა ვინმე ხეჩო ჩოფუროვი. როდესაც ხეჩო პატარა ყოფილა, ძილის წინ მამას უამბია ერთი ამბავი. აგასი აივაზიანი წერს, რომ ამბავი ყოფილა მამის წარმოადგენა ხეჩოს ოცნებაზე. Ხეჩოს ზღაპრის შუაგულში ჩასძინებია და დასასრული საკუთარი ოცნების ვეღარ მოუსმენია. ხეჩო გაიზარდა და შემდეგ მიხვდა, რომ ხიდის ქვეშ ცხოვრება იყო მისი ოცნებაც და ამბის ბოლოც.
Ხეჩოს ცხოვრება უცხოვრია ხელგაშლილად, დაუთმია ან დაუკარგავს ყველაფერი. აივაზიანი წერს, რომ ხეჩო იყო ის ერთადერთი, რაც აქამდე აკლდა მნაცაკანოვის ცხოვრებასაც. დიდვაჭრის ოჯახისთვის უცხო იყო გასაჭირი ანაც აუხდენელი სურვილი რამე, ერთადერთი რაც მას აკლდა ყოფილა უბედური კაცი, რომელსაც შიოდა და ციოდა მისი ხიდის ქვეშ და რომლის ხელმოცარულობაც ფასს შესაძენდა ვაჭრის სიმდიდრეს.
Ხიდი მნაცაკანოვისთვის ყოფილა საზომი თავისი სტატუსის. ყველა გარიგებას თურმე აფასებდა ხიდის ფასიდან გამომდინარე. Მაგალითად, თუ ვაჭრობაში ხეირს ნახავდა, იტყოდა, დღეს ორი ხიდი მოვიგეო, ანაც თუ ქალიშვილს გაუბრაზდებოდა, წამოაძახებდა, შენს ჩაცმა-დახურვაში ექვსი ხიდი მაქვს დახარჯულიო.
ხიდის ამბავი
კახეთის ხიდი არსებობდა მეთხუთმეტე საუკუნიდან და შაჰ-აბასის შემოსევისას დანგრეულა. როგორც ჩანს, ეს ადგილი მნიშვნელოვანი იყო საქართველოს სამეურნეო ცხოვრებაში. ვიწრო ქუჩებში, საქონლის გადარეკვა დიდ სირთულეს უქმნიდა მოსახლეობას, ამიტომ საჭირო გახდა აეშენებინათ სახიდე ნაგებობა, რომელიც, როგორც წესი, არამტკიცე იყო. გადასასვლელ ხიდს პერიოდულად აშენებდნენ მეჯოგეების ხარჯზე და ინახავდნენ მათთვის დანიშნული გადასახადით.
1851 წელს, ახალი კახეთის ხიდის ამშენებლებს, განგმეისტერსა და რაისს, ასეთი ფასები განუსაზღვრავთ ხიდზე გადასვლის უფლებისთვის: ფეხოსან მოქალაქისთვის - 1 კაპიკი ვერცხლით; ეტლით სარგებლობისთვის - 20 კაპიკი; ერთი წყვილი საქონლით შებმული ურმისთვის - 10 კაპიკი; ორი წყვილი საქონლით შებმული ურმისთვის - 15 კაპიკი; მსხვილფეხა საქონლისთვის - 3 კაპიკი; ცხვარი და თხა - 1 კაპიკი ვერცხლით.
თბილისში სულ ორი მყარი კონსტრუქციის ხიდი იყო აშენებული კერძო მფლობელის მიერ - ერთი მნაცაკანოვის და მეორე ოქრუაშვილების. 1882 წელს მნაცაკანოვის ხიდის ადგილას კიდევ ააგეს თბილისელებმა ახალი გადასასვლელი, თუმცა ძველი დასახელება შეუნარჩუნეს. სახელი ხიდმა 1954 წლამდე შეინარჩუნა, სანამ ის სულ არ დაანგრიეს და მის ადგილზე ორთაჭალჰესი ააგეს.