გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ღამის ნაკადებში | ქეთო კოკაია

ღამის მოხვედრილო ნაკადებში, კარადებში ჩაიხედე, ოდესღაც ბავშვობაში დაბეჭდილი -  საკუთარი რეალობის მტკიცებულება რომ იპოვო. იურიდიული გამართლება შენი არსებობისა.

ღამის ნაკადებში მოხვედრილო, იცი რო, აქაურ ღამეებს სხვანაირი სურნელი აქვს, თითქოს ბავშვობის დროინდელი: აკაციის, კიპარისების, ნაძვების ნაზავი. მანქანის ხმებიც აქა-იქ თუ გაისმება სადღაც და მხოლოდ ქუჩის ძაღლების იშვიათი ყეფა მოაქვს ნიავს ექოდ, როგორც ჯადო-გალობა მივიწყებული ჰეკატესი. იქნებ აქ გირჩევნია, ვიდრე მხრჩოლავი კორპუსების ქალაქში, უმნიშვნელო რომ ხარ, მხოლოდ ერთი – ათასში.

გახსოვდეს: შებინდება, ანანთები დაფიონი გამზადებს ღამისათვის, რომელიც ნელ-ნელა წვება ციდან ასფალტსა და მცენარეებზე და უკვე აქ მოსული, გეუბნება: «მოვედი და სანამ მზე არ ამოიშვერს კონტურებს, აი იქ» – ღამე ხელს იშვერს ჰორიზონტისკენ – «მე აქ ვიქნები». ჯიუტად ჯდება სავარძელზე ფსიქოთერაპევტივით, წერა-მწერალივით, ან იქნებ მესაიდუმლეა? რამდენ შიშს და ცოდვას გაუმხელდი მას? ღამის ნაკადებში მოხვედრილო, რამდენად მზად ხარ? რამდენად აქ ხარ? ან რამდენად : არ ხარ?

«ვარ კი?»  სიზმრისეული სისასტიკის სილაჟვარდედ ისმის ეს კითხვები გულმდუღარედ ინსომნიაკთა გონებაში. «ვართ კი?»- ამბობენ ისინი,  ზოგჯერ, კი არც კი.

და მართლაც, ღამე თითქოს სტუმარიცაა და მასპინძელიც, მასში შესულს, ძილისშორისში,  უნდა გეყოს ძალა და გამბედაობა – გაუძლო მის მიერ შემოთავაზებულ სერვისებს, იქნება ეს ჭოტის ხმა სამარისებურ სიჩუმეში (ვინ თქვა რომ ჭოტია?), კლუბების გუგუნი სადღაც შორს თუ მძაფრი სიზმრებისგან უეცარი გამოღვიძება პანიკური შეტევის ელემენტებით, ჯერ კიდევ რომ მოგყვებიან სიზმრის გაცრეცილი პერსონაჟები, შენთვის ცუდი რომ უნდოდათ. მოხვედრილო ნაკადებში ღამის, რამდენად გჯერა ამ წამის? 

ამ ერთადერთ ღამეს, ისე როგორც არაფერს სხვას  - მოაქვს დისფუნქციური ფიქრები, ელექტორალური განცდები და მეგაპოლისური სიმარტოვის არომატი. 

ალბათ ამიტომ უყვარდება ხალხს ერთმანეთი, რომ ღამე მარტო არ იგრძნონ თავი. 

მშვიდ ცურვაში გასული ნავი. რავი.

ნაკადებში ღამის მოხვედრილო, გითავდება ლოცვები ჰო? მზად იყავი ყველაფრისათვის, ღვთის გულისათვის - ვინაიდან ეს ღამე მფარველობს «ადრეულ გაზაფხულზე ამოხეთქილი ფოთლებივით ურიცხვ» კრიმინალურ ზრახვებს და აქტებს, სხეულებით ვაჭრობას, დიონისურ წვეულებებს, ქუჩებში ხეტიალს, დანებით ჩხუბს, ჩხუბის მერე სისხლს – ყველაფრის გამწმენდელს, როგორც წვიმა,  პატრულის მანქანების ციალს, მატარებლების გადაადგილებას ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან სოფელში, სადაც გაჩერებებზე მცირე, მბჟუტავი ნათურების ქვეშ სხედან ადამიანები და ყიდიან სიგარეტებს, თამაშობენ ნარდს და  მოწყენილი, უძინარი, სიკვდილმორეული უსახოებით ელიან მათი სცენარის ბოლო ჟამს. სანამ გახვალ, ჩახედე სარკეში თავს.

ღამის ნაკადებში მოხვედრილო: უსახოო, უპროფილო, საფრთხეების მენიუდან უნდა ცხრილო – ათასგვარი არნახული სიამოვნებებისა თუ ტანჯვის ოფციები, შენი ტრაექტორია უნდა თვალო  - უვარსკვლავო ღამის ფსკერზე.

თუ ყველაფერს სწორად იზამ: მოვა რიჟრაჟი და თითქოს აღდგება სახელმწიფო პასპორტით დადასტურებული ინდივიდუალობა და დაგიბრუნდება რა «მე», აუცილებლად თქვი ლოცვა რამე, ასეთია წახნაგები ბინდის და ასეთია ეს ღამე, ოდესღაც ვიღაცის ნათილისმარი. 

ქალაქები ჭამე, მოერიდე დრამებს, ტრავმებს, «ნებას გრთავ მე». 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა