გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #პოეზია

გამიტრაკეს ლექსებმა | შოთა იათაშვილი




* * *

ახლოსაა სიკვდილი თუ
არც ისე ახლოს?
საშუალო დისტანციაზე?
მაინცდამაინც შორს ვერ იქნება,
ეგ უკვე იცი.
გაცხარებული როცა მუშაობ,
შეგაჩერებს და გაგაშეშებს
მოულოდნელად ამაზე ფიქრი.
ანდა როცა სულმთლად გალოთდი,
ანდა როცა გაუსაქმურდი...
ეს კითხვა მოდის:
თუ ახლოსაა სიკვდილი,
ასე გაცხარებული რატომ ვმუშაობ?
თუ ახლოსაა სიკვდილი,
ასე რატომ ვლოთობ
ან ვუსაქმურობ?
და იბნევი, გამოსავალს ვერ პოულობ,
აღარ იცი, როგორ მოიქცე...
თუმც შეიძლება ეს აზრი გაჩნდეს
გაღვიძებულზე,
და მგონია, მაშინ არის გამოსავალი.
წევხარ და უსმენ ჩიტების ჭიკჭიკს,
(თუ ნესტიან სოფელში ხარ,
ბაყაყების ყიყინსაც, პლიუს)
და სწორია ეს საქციელი:
თუ ახლოსაა სიკვდილი, მაშინ
ცხადია, რომ
ამით უნდა დაკავდე ხშირად.





* * *

რუსი პოეტი
ძველი მეგობარი
გაქცეულითავისიქვეყნიდან
წვევამდელ ვაჟთან ერთად
სასოწარკვეთილი გწერს
დახმარებას გთხოვს
ყოველდღე ლაპარაკობთ
ცდილობ გამოსავალი უპოვო
და თან საიდუმლოდა გაქვს ეს ამბავი
გეშინია
ხმამაღლა რომ თქვა
დაგაცხრებიან
გაიტენა ისედაც ქალაქი
ქართული ლაპარაკი აღარ ისმის ქუჩებში
ბინის ფასები მაგათ გამო საშინლად გაიზარდა
წაეთრეს აქედან ეგ ოკუპანტი
რუსეთუმე ყოფილხარ შენც
ბევრი ასეთი ფრაზაა
ზეპირად იცი ისედაც
ამიტომ ჩუმად მოქმედებ
და ესეც არ მოგწონს
რატომ უნდა მალავდე
როცა ძველ მეგობარს ეხმარები
რას აშავებ ასეთს
და აი ასეთი აზრი მოგდის თავში
მოდი ლექსად დავწერ ამ ამბავს
ლექსი ხომ ყველაფერს იტანს
იყოს ნამდვილი ამბავი
ოღონდ არა ნამდვილ ამბად
არამედ ლექსად
და თუ შეაგინებენ
ლექსს შეაგინონ
პერსონაჟს შეაგინონ
შენ მაინც თითქოს გვერდით გადგები
მე რა შუაში ვარ - იტყვი
ლექსი დავწერე ხალხო
ლექსია ეს მხოლოდ
მეტი არაფერი
ნუ ღელავთ
ნუ ნერვიულობთ
დარდი კი გულიდან მოხსნილია
სათქმელი ამოშვებულია
ძირითადად ხომ მაგ მიზნით იწერება ლექსი
ნიჭიერი თუ უნიჭო
არა აქვს მნიშვნელობა
ესეც რა ლექსია
დიდი ვერაფერი
ძალად რომ დაარქმევ ლექსს
ისეთი ლექსია
მაგრამ თავისი საქმე გააკეთა
და ესაა ახლა მთავარი
და თუ მორჩი მის წერას
შეგიძლია ანდრეის მისწერო
რას შვრება
როგორაა
დილით ადრე იღვიძებს ხოლმე
ან იქნებ საერთოდ ვერ იძინებს
ამ ლექსს კი გამოდებ
და თავპირისმტვრევით გაიქცევი
ხანდახან მძიმე ტვირთს აკიდებენ ლექსს პოეტები
და იღებს ისიც დარტყმებს პატიოსნად
შეიძლება დასახვრეტი ლექსიცაა
და მიუშვირონ ავტომატები
შენ ხომ მაინც გადარჩები
ერთი სამარცხვინო ლექსის ავტორად დარჩები
და ეს იქნება სულ
ეს იქნება სულ
ეს იქნება...





მზერა
წარსულიდან

ძველი ეპოქიდან ყველა
უცნაურად იყურება:
გინდ ფოტოსურათიდან,
გინდ ნახატიდან,
გინდეკლესიის
დაბადების ჩანაწერიდან.
შტერიც კი.
იმთვალებშისხივიჩაქრადა
იმიტომ ალბათ.
ეგ არაფერი,
რომ არსად ხელ-ფეხი აღარაა მისი,
ან მკერდი,
ან ლაჯები,
გული დაგწყდება,
მაგრამმაგას
დაიჯერებ მაინც,
თუმცა - მზერა,
როცა ხედავ ან თუნდაც ვერ ხედავ,
დაუბრალოდწარმოიდგენ
სოფლისეკლესიის
დაბადების ჩანაწერით -
ურთულესია ირწმუნო,
რომ ეს მზერა ჩაქრა,
ეს თვალი აღარაა,
ცას რომ უყურებდა,
სიმინდის ყანას
ან საყვარელ ადამიანებს და
იქნებ წიგნსაც კითხულობდა,
ანსულაცაბრებს
დუქნისა თუ საყასბოს თავზე,
და ამიტომაცაა ასე, რომ
ძველიეპოქიდან
ყველა უცნაურად იყურება:
გინდ ფოტოსურათიდან,
გინდ ნახატიდან,
გინდ ეკლესიის დაბადების ჩანაწერიდან.
შტერიც კი.
შენ კი გიკვდება გული,
და თვალი გიცრემლდება,
ის თვალი,
რომელიც უცნაურად გაიხედავს
მომავალში აუცილებლად,
ახალი ადამიანები რომ ააფორიაქოს,
სევდა მოჰგვაროს,
დააჯახოს დაუჯერებელს.





მარტოობის
ლიფტი

ეს ყველაზე პატარა ლიფტი,
რომელსაც კი შენს ცხოვრებაში ზევით-ქვევით უმოძრავია.
ბევრიც არა - პირველიდან მესამე სართულამდე
და უფრო იშვიათად - პირიქით,
რადგან დაბლა ძირითადად ფეხით ეშვებოდი.
და სულ რაღაც სამი დღე,
პლოვდივის ერთ მინიატურულ, ვინტაჟურ სასტუმროში.
თავიდან ბოლომდე სარკეებიანი,
რათა მარტოობის ამ წამებში ყველა მხრიდან აგირეკლოს,
ბოლომდე დაგითვალიეროს
თავგადასავლებს მოწყურებული სხეული.
აქ მხოლოდ შენსავით გამხდარი ერთი არსება
შეგიძლია დაიყენო გვერდით,
თუ ისიც მესამე სართულზე ცხოვრობს
და უცებ, ერთ დღეში გენდო,
თორემ მეტისმეტად ინტიმურია
ორი ლამაზი ადამიანი ასეთ ჰაიკუ-ლიფტში,
როგორც მაშინვე უწოდე საუბრისას,
და ეგრევე განდომებს ჰკითხო:
შეიძლება გაკოცო?
არა - გპასუხობს ის და
დარწმუნებული ხარ? –
მაშინვე მოდის მეორე კითხვა.
თვალებში უყურებთ ერთმანეთს და
მცირე დროს ითხოვს ეს მზერა,
რათა სწორი პასუხი გამოაშკარავდეს,
მაგრამ არაა ეს მცირე დრო,
ლიფტის კარი უკვე იღება და
ინტიმის ამ არასრულ წამებს ასრულებს.
პრინციპში, ეს ხომ არც უნდა მომხდარიყო,
რადგან ეს ლიფტი მარტოობის ლიფტია,
ასე ჩაიფიქრეს მაშინ,
როცა ამ სასტუმროს აშენებდნენ.
მარტოობის სამი წამისთვისაა,
ამ სასიამოვნოდ შემოზღუდულ სივრცეში
შენს ცხოვრებაში რომ უნდა გაიბრწყინოს,
რაღაც რომ უნდა გითხრას მართალი და მთავარი.
კოცნისთვის არაა ეს ლიფტი ჩაფიქრებული,
თუმცა კი მაინც,
რა საოცრება იქნებოდა ახლა აქ,
ნახევარწამიანი კოცნა,
რომანტიული, პოეტური, სიზმრისეული,
არა ვნებისთვის,
არამედ მეხსიერების კუნჭულებისთვის შემონახული...





გამიტრაკეს
ლექსებმა

გამიტრაკეს ლექსებმა,
მეხვევიან გარს.
ზოგი გაპრანჭულია და
ზოგიც ბეჩავს გავს.

ყველა მხრიდან მოქრიან,
ვერ ვუკეტავ კარს.
დუდღუნებენ შტერულად
წუთისოფლის არსს.

გამიტრაკეს ლექსებმა -
ჩემებმა და სხვისმა.
სულ მინდება მოვუწყო
ერთი კარგი მისხმა.

უცებ დავაწიოკო
და გავყარო შორს.
ალიყურიც გავაწნა
მტკიცედ ბარეორს.

გამიტრაკეს ლექსებმა -
ახლებმა და ძველმა.
გამიმწარა ცხოვრება
პოეზიის ველმა.

კარგად გადავბუგავდი
მაგ ველსა თუ მინდორს,
ჯვარზეა გასაკვრელი,
ვინც მას დღემდე ინდობს.

გამიტრაკეს ლექსებმა,
აღარ ვიცი რა ვქნა.
მინდა ყველა მგოსანი
დანის პირით ავქნა.

მინდა რომ დავისვენო,
აღარ ვსდიო რითმებს,
არ ვასწორო საზომი -
ღმერთო, რამდენს ვითმენ!

გამიტრაკეს ლექსებმა,
დღეღამ შეთხზვას მთხოვენ.
ანდა რედაქტირებას -
და სულ ჩემს სისხლს წოვენ!

ტანზე გამონაყარიც
აღარ ჰქვია ამას -
დამთავრდა, თავს ვანებებ
ამ ურჯულო თამაშს!

ვეღარაფერს მიაღწევთ
აწი უკვე ლიქნით,
გამტრაკებელ ამ ლექსებს
გავუტრაკებ იქით.

გავუტრაკებ ბოლომდე,
მივაწვები მაგრად,
ვუღრიალებ: "რა გინდათ?
აქ რადა ხართ, აქ რად?

დაახვიეთ ახლავე,
სადაც გინდათ წადით!
გეყოთ ორმოცი წელი
თქვენს ცეცხლში რომ მწვავდით!

აღარა ვარ ხვალიდან
მე მორჩილი თქვენი,
მორჩა, აღარ ვმეტყველებ
პოეტური ენით!"

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა