ღამე ქუთაისში | SKAZZ, Melqo, ეკო
სულ ვცდილობ, თბილისიდან გაქცევის შანსი ხელიდან არ გავუშვა. როცა პარასკევს, სამუშაო დღის მიწურულს, გიგიმ ქუთაისში წასვლა შემომთავაზა, პასუხზე ბევრი არ მიფიქრია.
ამჯერად მთავარი მოტივაცია რეფლექტორში გასამართი ივენთი იყო.
განსაკუთრებით ბოლო პერიოდია, რაც Skazz და Melqo მთელი დიდებულებით მოედნენ ქართულ მუსიკალურ სამყაროს და ეროვნულ მოტივებზე შექმნილი ფლეილისთები გაგვიმრავალფეროვნეს. ამ ორს ძალიან ველოდი და, რა თქმა უნდა, მათთან ერთად - ერეკლე დეისაძე.
ქალაქში ივენთის წინა ღამეს ჩავედით. ნორმალური ბარის ასარჩევად კაი ბევრი სიარული მოგვიწია, სანამ “ძველ გალეონს” არ მივადექით.
ბარში შესული პირველი რასაც ვხედავ, ფეხშიშველი მელქოა. კი ვიცოდი, ქართველ არტისტებს უჭირდათ, მაგრამ რთულად წარმოვიდგენდი, თუ ასე მძიმედ იქნებოდა საქმე.
სინამდვილეში, მელქოსა და ბარის სხვა სტუმრებს მდინარეში შესვლა მოუწიათ, რომ ხიდიდან გადავარდნილი გოგო გამოეყვანათ. გადარჩენილი გოგო თავს კარგად გრძნობდა და მეგობრებმა წაიყვანეს. მართალია, მელქოსა და კომპანიას ჰეროიკული აქტის გამო პნევმონიის პირველადი სიმპტომები აღენიშნებოდათ და პლიტასთან მიფიცხებულები სიცივეს ვერაფერს შველოდნენ, სამაგიეროდ, ამ ამბავმა მე გული და მთელი სხეული გამითბო.
მელქოს ერთ ლამაზ კომპოზიციას დიდხანს ვარიდებდი თავს, არც თუ ლამაზი ქავერის ბრალი იყო, ალბათ; სნობიზმი დავძლიე და “უსიყვარულო” ახლა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი თანამედროვე ქართული სიმღერაა.
“უსიყვარულო”, სხვა ქართულ ალტერნატიულ მუსიკასთან ერთად, უცხოელ მეგობარს მოვასმენინე. მგონი ჩემზე მეტად შეუყვარდა – ლირიკა ინგლისურად მათარგმნინა, მერე მშობლიურ ენაზეც თარგმნა და სხვებს უზიარებდა. ასე რომ, მელქო, იცოდე, შენს სამომავლო გლობალურ წარმატებაში წვლილი მეც მიმიძღვის.
ამბავი მელქოსაც მოვუყევი. ცოტა დავლიეთ, ვისიყვარულეთ და შემდეგი დღის ივენთისთვის მოვემზადეთ – მე, როგორც მსმენელი, დასაძინებლად წავედი; ის, შემსრულებელი, დარჩა და სმა გააგრძელა.
ღამე რეფლექტორში
რეფლექტორის საკონცერტო ოთახი ძალიან პირად სივრცეს ჰგავდა. მეგონა, სადღაც ვიჭრებოდი და შიგნით შესვლას რაღაც დრო ვერც ვბედავდი. სულ ტყუილად. პატარა ოთახი მალევე გაგრძნობინებს, რომ უცხო არ ხარ. ოთახი ეკუთვნის ყველას, ვინც შიგნით შევა – No Gods, No Masters. აქ არ არის სცენა. არტისტები ხალხთან ძალიან ახლოს არიან, ხალხი კი არტისტებთან, ზოგჯერ ვერც განასხვავებ მათ ერთმანეთისგან.
SKAZZ - ხმაური და მძვინვარება
ხალხის მასაში უეცრად ორი გიტარიანი ტიპი გამოჩნდა, რომლებმაც ოთახის მყუდროებმა მალევე დაარღვიეს. სკაზის მრავალფეროვანი კომპოზიციები პოსტ-პანკისთვის დამახასიათებელ ბასგიტარის ექსპერიმენტულ და ძალიან რიტმულ პარტიებს იდეალურად აბალანსებს მელანქოლიურ და ცივ მელოდიებთან.
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც პოსტპანკი პოპულარული გახდა, გარდა იან კერტისის მომნუსხველი ბარიტონის Dark ხმისა, უნარია, შექმნას უნიკალური ემოციური ფონი, რომელიც მსმენელში რეზონანსდება.
პერიფერიის ხმა, როგორც წესი, ცენტრამდე არ აღწევს და ეს მხოლოდ გეოგრაფია არაა.
SKAZZ კი Makes sure, რომ ქუთაისის ხმა ყველამ გაიგოს და ყველას ესმოდეს. “მემორიალს”, რითაც დაიწყო SKAZZ-მა გამოსვლა, ქუთაისში აფეთქებული მემორიალის ამბავს ეძღვნება, ახლა პარლამენტის შენობა დგას იქ, ყოფილი პარლამენტის. სურამის ციხის ძველი ლეგენდა თანამედროვეობაში რეალობად იქცა – “საერთო კეთილდღეობას” ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მახსოვს ეს ამბავი და ტრაგიკული შემთხვევის მიფუჩეჩების მცდელობები, ახსოვს SKAZZ-საც და ცდილობს, ყველას გაახსენოს.
გიტარის ცივი ბასები, რიტმული ჰანგები, პროტესტი, ყვირილი, დესტრუქცია და ბრუტალურობა. სკაზი სრულ პაკეტს გთავაზობს და მთლიანად მისი გავლენის ქვეშ გაქცევს. პროცესში ხვდები, ეს საბმისიურობა დამღუპველი არაა, გავლენა ტოქსიკური არაა. მთელი ვნება და ემოცია, რომელიც იქ ტრიალებდა, ძალიან წმინდა, ინტიმური, გულწრფელი და ყველასთვის თანაზიარი იყო.
ორივე ყურში ტინიტუსი მაქვს და ჩემი სმენის აპარატი არ მპატიობს ასეთ მკაცრ ხმაურს. ივენთის მერე, როცა ჰოსტელის ლოგინში ვიწექი, ყურები საშინლად ფეთქავდა და არ მაძინებდა, მაგრამ ღირდა.
ჩემი ოტოლარინგოლოგი კმაყოფილი არ იქნებოდა, სამაგიეროდ, ამ ღამეს მიღებული დადებითი ემოციები სიამაყით გავუზიარე თერაპევტს.
Melqo - არტისტი, რომელიც თესლ ხასიათზე გაყენებს
შემდეგი გამომსვლელი პატივცემული Melqo იყო. მელქოს „იუტუბს“ დავუყევი და ერთგან ძალიან უბრალო, მაგრამ ზუსტი კომენტარი დამხვდა – მელქო სულ თესლ ხასიათზე მაყენებსო. ეგაა, უკეთესად ვერავინ დაახასიათებდა.
შემოქმედება მრავალფეროვანია. მუსიკალური ჟანრების ჩამოთვლას აზრი არ აქვს და არცაა გამართლებული, რომელიმე კონკრეტული ჟანრის ჩარჩოში მოაქციო. შედარებისთვის, ჩემი საყვარელი “უსიყვარულო” მელქოს, ალბათ, ყველაზე პოპულარული ტრეკი “where’s da party at” და „აკუსტიკაში“ ახლახან ნამღერი “გელი მოგელი” სამივე ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული კომპოზიციაა.
მელქო თესლ ხასიათზე გაყენებს.
წინა დღის გმირობის შემდეგ, ამჯერად რეფლექტორში შეკრებილებს მოგვევლინა გადამრჩენელად. სკაზის დამანგრეველი გამოსვლა მელქოს მსუბუქი პერფორმანსით გაგრძელდა. რეფლექტორის პატარა ოთახში დისკოსტარის როლი მოირგო – ფართო სათვალეებით, ლურჯი აბრეშუმის პერანგითა და ხელში მიკროფონით, რომელსაც ისე ეპყრობოდა, როგორც ყველაზე ძვირფას ყვავილს..
მელქომ კარგად იცის, როგორ იურთიერთოს მსმენელთან. ლაღი, ხალისიანი და გულზე რომ ტკბილად მოგედება, ეგეთი პერფორმანსი ზუსტად ის იყო, რაც ემოციურად დამუხტული სკაზის შემდეგ გვჭირდებოდა.
ერეკლე დეისაძე & ჯერონიმო
ერეკლე დეისაძის დრო მოვიდა. ერეკლე ყავარჯნით გადაადგილდებოდა, ამიტომ ხალხმა გზა გაათავისუფლა, ოთახის შუაში რომ მოსულიყო. მოდიოდა ნელა, ტრავმირებული ფეხითა და სახეზე ტანჯული გამომეტყველებით. ისეთი სცენარი წარმომიდგა გონებაში, თითქოს ეს ხნიერი, გამოცდილი და ყველაფრის მნახველი ადამიანია, რომელმაც აქციაზე შეკრებილ ხალხს სცენიდან უნდა მიმართოს და საკუთარი დარდი და მნიშვნელოვანი სათქმელი გაუზიაროს.
ქუთაისში მან ბოლო ალბომიდან “ამ ენით ამენ”გაგვიზიარა სათქმელი. ეს ალბომი მთლიანად სოციალურ თემატიკაზე, უფრო სწორად სოციალურ უთანასწორობაზეა. ჰიპ-ჰოპი და ძალიან სასიამოვნო „ფლოუ“ კარგად შეერწყა ერთმანეთს და რეფლექტორში კიდევ ერთხელ გაჟღერდა პროტესტის ხმა.
ირონიითა და ცინიზმით ყველას გადაწვდა - ელიტას, პოლიტიკოსებს, ეკლესიას.
ნიშანდობლივია, რომ “თუ ლოცვა გინდა, იქნებ მოერიდო ტაძრებს. შეხედე მოძღვრებს, ბოლომდე მაძღრებს” – ისმოდა რეფლექტორში, ზუსტად ეკლესიის გვერდით, 7 იანვარს.
ყველას მოკითხვისა და პროტესტის შემდეგ, ისევ ჩვენ, მსმენელს დაგვიბრუნდა და გამოსვლა რომანტიკულ ნოტაზე დასრულდა – “შენი ფანჯრიდან” ყველამ ერთად ვიმღერეთ.
ფეხის ტკივილს ხელი არ შეუშლია, რომ ამ პატარა სივრცეში ცეცხლი დაენთო. შორს არ წასულა. ერეკლე ჯერონიმომ ჩაანაცვლა, რომელიც ლაინაფში არც ყოფილა და არც იგეგმებოდა მისი გამოსვლა, მაგრამ გულმა ვერ გაუძლო, რომ მასაც არ ეთქვა ერთი-ორი.. ერეკლემ კომპანია გაუწია და ქუთაისურმა დუომ მეტი შემართებით გააგრძელა ღამე.
მე, სამწუხაროდ, მეტი რესურსი აღარ მქონდა და ადრე დავტოვე რეფლექტორი. ვეღარ მოვუსმინე საფრანგეთიდან ჩამოსულ Mezigue-ს, მაგრამ როგორც დილით მოსულმა გიგიმ მითხრა, საოცარი იყო. მჯერა, ღამე კარგად გაგრძელდა.
ქუთაისში დღენახევარი ულამაზეს მოგონებად დარჩება. ამ ქალაქში თუ მხოლოდ გავლით ხართ ნამყოფი, ეს ნიშანია, რომ ესტუმროთ და შეგიყვარდეთ.
ფოტო: რეფლექტორი