გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

გრაგნილი | ანა ჯებისაშვილი, ზნაურიდან

ანა ჯებისაშვილი, 73 წლის. ზნაურიდან. 
დღეს ცხოვრობს დიღომში, დევნილთა დასახლებაში
ქართულ-ოსური კონფლიქტი. 1991-1992. 

ზნაურში, 1972 წელს გამანაწილეს პედაგოგად. იმ წელსვე გავთხოვდი, ბეგიაშვილზე. ჩემი მეუღლე სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, ძალიან ბევრი ოსი მეგობარი ჰყავდა. არაფერი ამ ხალხთან არ გვქონია, პატივისცემის გარდა. 

1989 წლის 9 აპრილის მერე დაიძაბა მდგომარეობა. 

ქართველებიც და ოსებიც, ინტელიგენციის ნაწილი, ვისაც გვესმოდა, რა ხდებოდა, ვცდილობდით, არ დაგვეშვა დაპირისპირება. ვსაუბრობდით, ვატარებდით კრებებს, აღმასკომის შენობის წინ ვიკრიბებოდით, ცხინვალიდანაც ჩამოდიოდნენ, გამოვდიოდით სიტყვით, ერთმანეთს სიმშვიდისკენ მოვუწოდებდით. მაგრამ ძალიან ბევრი იყო ისეთი, ვინც მხოლოდ თავიანთი ვიწრო ინტერესებიდან იყურებოდნენ, თავს ესხმოდნენ ოსები ქართველებს, ქართველები ოსებს - მარტო ინტელიგენტი ხალხი იდგა განზე. 

მერე ომი დაიწყო. ოჯახები გახიზნეს. შიუკაევს მეუღლე ქართველი ჰყავდა, სამი გოგონა და ერთი ვაჟი, გამოუშვა ყველა თბილისში. ცოლის დას შეეხიზნენ. გამსახურდია ძალიან ცუდს აკეთებდა, რა დააშავა ოსმა, შენ რა უფლება გაქვს, რომ ასახლებ, ეუბნები, დატოვე სახლ-კარი და წადიო?! 

ერთ დღესაც გამოვედი გარეთა და ფოსტიდან ქალმა ამბავი ამოიტანა, ზნაურში ქართული სკოლა დაწვესო, ჩვენი. 

ღმერთმა ყველა დაიფაროს იმისაგან, რა ტკივილიც მე განვიცადე. გავიქეცი. სკოლის წინა, გოგირდისფერი წყარო გადმოდიოდა. ჩამწკრივებული დამხვდა ხალხი, მთელი ოსობა იდგა და ვედროებს ავსებდა, ერთი აავსებდა, გადასცემდა მეორეს, ის მესამეს მიაწვდიდა და წყაროდან სკოლამდე ასე, დიდი ზოლი მიდიოდა. მაგრამ ვეღარ ჩააქრეს. სულ ჩაიფერფლა. 

ვუყურებდი დამწვარს და ვტიროდი.

საღამოს წამოვედი უკან. ჩემი სახლის გადასახვევთან ვიყავი, თოფიანი ბიჭი რომ გამომიდგა. დამიმიზნა. რა ხდება-მეთქი? სად მიდიხარო? მე, აქა ყარაულადა ვდგავარ და არავის არ ვატარებო. სად არ მატარებ, ჩემ ოჯახში მივდივარ, აქა ვცხოვრობ-მეთქი. ჩემი შვილები თბილისში მყავდნენ უკვე, უფროსი ბიჭი სტუდენტი იყო. ვფიქრობ ეხლა ვუთხრა, ვინა ვარ? რო მესროლოს? არ იყო ნორმალური. ჩემი ქართული სკოლა დაწვეს და ისა ვნახე-მეთქი. ძალიან კარგი ქნეს თუ დაწვესო, მეტიც უნდა გაეკეთებინათო. გამოვიდა ამ დროს ვაჟა კაბულოვი, ფანჯრიდან დავუნახივართ. სულ კინწისკვრით გააგდო იქიდანა. ოსურად ეუბნებოდა, წადიო, ეგ კი მესმოდა, ვის უმიზნებ მაგ თოფსაო, შენ ვის უშლიო აქ გავლასო. მესიამოვნა ძალიანა. ავტორიტეტული ბიჭი იყო კაბულოვი. 

ერთი წელიწადი მაინც დავრჩით მე და ჩემი ქმარი. ჯერ საფრთხეს ვერა ვხედავდით, ხმას არავინ გვცემდა. მერე ჩვენთან, სოფლის პატარა ბიჭებმა, საწყლებმა ოთხი თოფი იპოვეს დასახლებაში და ვითომა ვყარაულობთო სოფელსაო, ტრაბახობდნენ. დააბეზღა ერთ დღეს მეზობლის ქალმა, ოსებს უთხრა, ოთხი თოფი აქვთ, საცოდავები არიან, ლოთაობენ მთელი ღამეო და ერთ დღესაც ამოვიდნენ. დაიჭირეს ოთხივე თოფებიანა და რესტორნის ქვეშ, პადვალში ჩაყარეს. ვის უნდა ეშველა, აღარავინ  აღარ იყო დარჩენილი. წავიდა ჩემი ქმარი და გამოაშვებინა. 

ჯერა ოჯახი დაცული იყო, მეზობლის რაღაცეებიც ჩვენთან შეინახეს. მაგრამ ერთ დღესაც მოვიდნენ ავტომატებითა. არ ველოდი იმისგან, ამას თუ გააკეთებდა. ვიცნობდით, ქართველი რძალი ყავდა, თვითონ ოსი იყო. ჰოდა, ქართველებმა ჩემი რძალი დაიჭირეს აგარაშიო და სუ ყველანი წადითო და მომიყვანეთ ჩემი რძალი, თორე სუ გადაგწვავთო. ჩემმა ქმარმა მითხრა მე წავალ, შენ ჩადი ბაღშიო, დაიმალე სიმინდებში და მერე რაღაცა იქნებაო. ან მოვალთ ჩვენ იქედან ცოცხლები, ან არაო. 

დაღამებამდე ვიჯექი სიმინდებში. მერე ერთ ბინაში აკიაფდა ლამფა. ოსი ქალი ცხოვრობდა იქა, მეთქი მივალ, ქართველი ქმარი ჰყავდა. გადავძვერი ღობეზე. მივუკაკუნე, გამიღო კარი, მოდიო. რა ვქნაო ეხლა, სად დაგმალოო. ეს რო გავიგე, უკვე გავმწარდი, რაღაცნაირი ღონეც მომეცა. არსად არ დავიმალები, აი, დავჯდები, და გავთბები-მეთქი, შემოდგომა იყო. 

ცოტა ხანში კაკუნი გაისმა. ვაიმე, იმის ხმა არის, ვინც ხალხი წაიყვანაო. ოთახში შემიძღვა, მიდი, საწოლის ქვეშ დაიმალეო. არც დავიმალები და აბა, ერთი შემოვიდეს და რამე მითხრას, მაგას ვაჩვენებ-მეთქი. მე მეტყვის შენი გულისთვისო. არაფერს არ გეტყვის-მეთქი. 

იქ როგორ უნდა შევმძვრალიყავი? ისეთი დაბალი საწოლები იყო. 

გავიდა ეს ქალი და კაცმა ოსურად ჰკითხა: ისინი წავიდნენო? - ჩვენზე. ვახოცაო? ჩემ ქმარზე. კიო, იქ არავინ აღარ არისო. ამ ქალს ეგონა, მე ვერ გავიგებდი, რომ გამცა. მიღალატა. ქართველი შვილები ჰყავდა, ბევრმა ისინი ქართველებს ანაცვალა ისევა და რა მოხდებოდა, ეთქვა, არ ვიციო. იქნებ არც შესულიყვნენ. 

მალე მანქანის ხმა გავიგონე, შევიდნენ ეზოში და ჩვენი სახლი სულ გაწმინდეს, ყველაფერი წაიღეს. იქნებ ჩემი მორიდებოდათ. მაგის ხუთივე შვილმა ჩემ ხელში გამოიარა და რომ ვენახე, ცოტა არ მოერიდებოდა მაინცა? 

ქარელში რომ ჩავედითო, ჩემმა ქმარმა მიამბო, იმის რძალს არაფერი სცოდნია. გაუკვირდა, რომ დაგვინახაო. ქართველებმა კი არ წამომიყვანეს, გამაცილესო. მიზეზი ნდომებია იმას, რომ ექურდა. 

მაგრამ მე ეხლა იმაზე ვფიქრდები, რომ ჩვენ ნასყიდობის ფურცლებიცა გვქონდა, გრაგნილი. უწინ ჩვენმა ოჯახმა მიწა რომ შეისყიდა. ბავშვებმა გაავრცელეს ხმაი, ეს მიწა ჩვენი რომაა, იმის დამამტკიცებელი საბუთი გვაქვსო. ჰოდა, მერე ოსი რძალიცა გვეუბნებოდა, რაღაც საბუთებს ეძებენო, რომელიც ამტკიცებს, რომ ქართველებისაა აქ მიწები და ეგ უნდათ, ხელში ჩაიგდონო. რახან ეგა თქვეს, მაგის გამო ხომ არა მოვიდნენ-მეთქი, სულ იმაზე ვფიქრდები.   


ციკლიდან „მეხსიერების გაცოცხლება - სამხრეთი ოსეთი 1991/2008“
ტექსტი: ნინო ლომაძე
ტრანსკრიპტზე მუშაობდა მარიამ სისაური
ფოტო ანა ჯებისაშვილის არქივიდან

თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა