გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

გრუზავიკი | ირინა, ვლადიკავკაზი

ირინა, 40 წლის, ვლადიკავკაზი
ქართულ-ოსური კონფლიქტი. 1991-1992, 

ომი რომ დაიწყო, ჩვენ ჯერ კიდევ აქეთ-იქით დავდიოდით. მამაჩემი მაშინ ვლადიკავკაზში მუშაობდა, ისე ცხინვალში ვცხოვრობდით. 1992 წელს, 20 მაისამდე, ზუსტად ორი თვით ადრე დავბრუნდით ცხინვალში. ჩემი და და ძმაც იქ იყვნენ. მე, უმცროსი ძმა და დედა  ვიყავით ხოლმე ვლადიკავკაზში. იქ სკოლაშიც დავდიოდი. ისეთი სიცივე იცოდა. ოცწუთიანი გაკვეთილები გვქონდა, ისიც თუ გათბობას ჩართავდნენ.

სიტუაცია მძიმდებოდა და 19 მაისს მამაჩემი ვლადიკავკაზიდან ჩამოვიდა, უნდა წაგიყვანოთო. დედას არ უნდოდა წასვლა, მაგრამ მამამ, მეტი დრო არ მექნება, სამსახურიდან ერთი დღით ძლივს დავეთხოვე, ხვალ ისევ იქ უნდა ვიყოო. 20-ში დილით ადრე გავედით. ცივი, ნისლიანი დღე იყო.  

გზაზე, სახლთან ახლოს მამაჩემის მოხუცი მამიდა შეგვხვდა. შეგვეხვეწა დამელოდეთ, მეც წამოვალო, მაგრამ მამამ უთხრა ვეღარ დაგელოდებით, დრო არ არისო და წავედით. გმირების და ხარებოვის ქუჩების გადაკვეთასთან მივედით თუ არა, ის გრუზავიკიც ჩამოდგა.

დაწვრილებით

მძღოლმა, ჯავამდე მივდივარო. მე, დედა, მამა და ჩემი პატარა ძმა კუზაოში ავძვერით. გაივსო მანქანა, ერთმანეთს ვეკვროდით, დასაჯდომი ადგილი არ იყო. უმეტესობა მოხუცები იყვნენ, უფრო ჯავის რაიონიდან, საქმეზე, ან პროდუქტებზე რომ ჩამოდიოდნენ ცხინვალში.

დედა ჩანთაზე ჩამოჯდა და ჩემი ძმა კალთაში ჩაისვა. ხუთი წლის იყო მაშინ. გზაში ჩაეძინა. დედას მეც გვერდით მივუჯექი და თავი მივადე. გრუზავიკს უკან მანქანებიც მოსდევდნენ. დანგრეული გზა იყო და ნელა მოვდიოდით.

ერთ დიდ მოსახვევში უცბად სროლა ატყდა. დაყვირებაც ვერავინ მოასწრო, გაქცევაზე ზედმეტია ლაპარაკი. მერე სროლა გაჩერდა და აფეთქების ხმა გაისმა. ან ხელყუმბარა ისროლეს, ან რამე უფრო მძიმე. ბომბი ხეს მოხვდა, მანქანამდე ვერ მოაღწია. ავარდა ცეცხლი. კუზაოში გადავრჩით მარტო ჩვენ და კიდევ თითო-ოროლა კაცი. ვერ გაინძრეოდი, ისე ვიყავით ერთმანეთზე აკრულები. დედაჩემს და ჩემ ძმას ზემოდან გვამები დაეყარათ. ბევრს ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი. ამ დროს ზუსტად იმ კუთხიდან ისროდნენ, სადაც მე ვიჯექი. მაგრამ იმ სიმაღლეზე, რომ ვინც იდგა, პირდაპირ თავში ხვდებოდა. მე პატარა ნამსხვრევით დავიჭერი გვერდში. იმანაც მიშველა, რო ჩემი ძმის სქელი ქურთუკი მეცვა.

ძარის ტრაგედია

მერე, ალბათ იფიქრეს, ცოცხალი აღარავინ დარჩაო და მანქანებისკენ დაეშვნენ. ორს მოვკარი თვალი ღრიჭოდან, მივიდნენ და ერთმა მძღოლის კარი გამოაღო, მანქანიდან მოხუცი კაცი გადმოვარდა, უკვე მკვდარი. კუზაოში რო ამოსულიყვნენ, ცოცხალი ვერც ერთი ვერ გადავრჩებოდით. ვიღაცეები ტყიდან ეძახოდნენ „ჩქარაო“ და წავიდნენ.

ჩვენ იმან გადაგვარჩინა რო ზემოდან გვამები გვეყარა, უკან, ვინც მანქანებით მოდიოდა, ვერაფერმა ვერ უშველა.

მამაჩემიც დაჭრილი იყო, მაგრამ კუზაოდან პირველი ეგ გამოძვრა. ცუდად ვარო, თქვა. მახსოვს, კარგა ხანს ველოდებოდი, სანამ დედაჩემი და ჩემი ძმა იქიდან გამობობღდებოდნენ. ყველაზე საშინელი ეგ გამოსვლა იყო. სისხლში ცურავდა ყველაფერი, ვიღაცეები ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ და ხროტინებდნენ. გზაზე კიდე მახსოვს მუხლამდე ტალახი, ზედ სისხლის მდინარეები მოდიოდა.

კიდევ ორი ქალი იყო, ორიც ბიძაშვილები  - ბიჭები, ისინიც მძიმედ იყვნენ დაჭრილები, კიდევ ერთი ქალი, მხარში დაჭრილი, ეგ ჩვენთან ერთად წამოვიდა. ქვემოთ დავუყევით, ისევ ქალაქისკენ. მამაჩემს ვეღარ ვხედავდით. უცბად დიდი სისწრაფით მომავალი მანქანის ხმა გავიგეთ, ვიფიქრეთ ჩვენ დასახოცად მოდიან-თქო და ხევში დავიმალეთ. ჩაგვიარა, ალბათ ვლადიკავკაზიდან მოდიოდნენ, შეიძლება ვიღაცამ დაინახა ეს უბედურება და ცხინვალისკენ გაიქცნენ, რო ეთქვათ რა ხდებოდა. 

ამ დაჭრილმა ქალმა ბევრი სისხლი დაკარგა, მაგრამ ხევიდან ამოძრომაში მაინც ეგ დამეხმარა. დედას სთხოვდა არ დამტოვოთო. ერთი შვილი მყავს, ჩემს იქით არავინ ჰყავსო. ბებია კი ჰყავდა, მაგრამ დედაჩემი ეხლა, იმ მანქანაში უსულოდ გდიაო. დედამ მე და ჩემ ძმას გვითხრა, ჩაჰკიდეთ ერთმანეთს ხელები, არსად არ გადაუხვიოთ და ისე იარეთ, სულ რომ გხედავდეთო. თვითონ იმ ქალს ეშველებოდა. ძარისკენ წავედით. დასახლებასთან ახლოს კაცი დავინახეთ, სანადირო თოფით მორბოდა ჩვენსკენ. მანქანებიც მოვიდნენ, ჩაგვსვეს შიგ და საავადამყოფოში გაგვაქანეს. იმ დაჭრილმა ქალმა გზაში გონება დაკარგა, აღარც მოსულა გონს.

ჩვენ საავადმყოფოში მამას ვეძებდით. თითქოს მიწამ ჩაყლაპაო. მორგშიც ვნახეთ, დაჭრილებშიც, მაგრამ არსად იყო. ვლადიკავკაზში აღარც წავსულვართ. დიდხანს ვეძებდით მამას. მოლაპარაკებებზე ქართველები ხან გვეუბნებოდნენ, ჩვენთან არისო, ხან მოკლეს და მდინარეში გადააგდესო.

დაწვრილებით

ჩვენთან ერთად რომ იყვნენ ის დაჭრილი ბიძაშვილები, ერთს სიარული არ შეეძლო და მეორემ ფიჩხები მიაყარა ტყეში, ეგრე დამალა. მაინც იპოვნეს ქართველმა მწყემსებმა და წაიყვანეს. მერე ტყვეებზე გაცვალეს. ჩვენც იმედი გვქონდა მამასაც ეგრე მივაგნებდით, მაგრამ ვერ ვიპოვნეთ.

მეხუთე სკოლის ეზოში, მემორიალურ სასაფლაოზე, მამაჩემისთვის ადგილი მოგვცეს. სულ ეგ იყო. ცარიელ საფლავს ზემოდან დიდი ქვა ადგას, მისი სახელით. 

ძარის გზაზე 1992 წლის 20 მაისს, 33 სამოქალაქო პირი დაიღუპა.
20 მაისი სამხრეთ ოსეთში ნაციონალური გლოვის დღეა.

აღნიშნულ თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ

ციკლიდან „მეხსიერების გაცოცხლება - სამხრეთი ოსეთი 1991/2008“
ფოტო: ვლადიმირ სვარცევიჩ, წიგნიდან „სამხრეთი ოსეთი, ომი, 1991“

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა