გუჯა ავსაჯანიშვილი | სინდისის ადვოკატი
26.09.2025ამ აქციების მონაწილე ვარ, ოღონდ ეს მონაწილე ვარ ტელევიზორიდან კი არა, თავად დავდიოდი ამ აქციებზე, მაგრამ მე, როგორც ადვოკატს, ჩემი აღებული ვალდებულებებიდან გამომდინარე, არ შემეძლო რობოკოპების წინა ხაზში ყოფნა, იმიტომ, რომ ხვალ პროცესზე უნდა წახვიდე და სხვა დაცვის ქვეშ მყოფები გყავს დასაცავი, ამიტომ ვიყავი უკანა ფლანგში, ასე რომ ვთქვათ. ამის შემდგომ, როდესაც მოვლენები განვითარდა, მე მინდოდა, რომ ამ ბიჭების დასაცავად ვყოფილიყავი უკვე „რობოკოპების წინ“ ჩემს პროფესიაში.
როდესაც დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ დაკავებული იყო. საერთოდ ეგონათ, რომ ადმინისტრაციულად იყო დაკავებული და მე ღამის 4 საათზე რევაზ კიკნაძესთან იზოლატორში შევედი. სულ რამდენიმე კითხვა დავუსვი და უკვე მივხვდი, რომ ის სისხლის სამართლებრივად იყო დაკავებული და რეზო ისეთი გულუბრყვილო იყო იმ დროს, რომ არც მოწმობა უთხოვია, არაფერი. პირადად არ მიცნობდა და კომუნიკაციის სადღაც შუაში ვეუბნები, რომ რეზო, იქნებ შემოგზავნილი ვარ-მეთქი, რა იცი, ვინ ვარ, ესე ნუ ენდობი ადამიანებს, იმიტომ, რომ მერე ქეისში ისეთი ამბავი განვითარდა, ისეთი თემები განვითარდა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ რეზო ამაზე ყოფილიყო გაფრთხილებული. მე რომ ფეხი შევდგი იზოლატორში, მანამდე უკვე ძალიან დიდი ხნით ადრე გაცნობიერებული მქონდა, თუ როგორ მუშაობს სახელმწიფო მანქანა და რა როლი აქვს ადვოკატს და როგორ უნდა მოიქცეს.
წარმოიდგინე, სიმართლე იცი, რომ შენი დაცვის ქვეშ მყოფი დააკავეს სხვა ადგილას, არაადამიანურად მოეპყრნენ და აწამეს და ეს სიმართლე იცით შენ და შენმა დაცვის ქვეშ მყოფმა. არავინ არ გიჯერებს. სახელმწიფო წარმომადგენლები, თუ მტკიცებულება არ დაუდე, ჩვენებით მარტო არაფერს არ იზამენ. 72 საათის განმავლობაში მეტრო სადგური უნივერსიტეტი არის ასეთი, მე ამ ტერიტორიაზე, როდესაც რევაზ კიკნაძე დააკავეს, დავდიოდი. ყველა შესაძლო ადამიანს ველაპარაკებოდი, რომ ამა და ამ დროს, დღეს რომ მოხვედი, ვთქვათ, ათის ნახევარზე, სამსახურში მიდიხარ, ესე იგი, ერთი კვირის წინაც სამსახურში მიდიოდი, ხომ არ შეესწარი ფაქტს, რომ ბიჭი ასე დააკავეს და შეიყვანეს პოლიციის ოთახში. მაშინ როდესაც სახელმწიფო ჩვენ გვეუბნება, რომ რევაზ კიკნაძე მეტროში არაა დაკავებული, ლისზე დავაკვეთ, სადღაც მეორე დღეს მე უკვე ვიცოდი, რომ სწორ ადგილას ვიყავი იმიტომ, რომ ვნახე ადამიანები. ეს იყო დამლაგებელი მეტროსი, რომელმაც მითხრა, რომ ზუსტად ამბავი მომიყვა, ეგრე იყო, მაგრამ მე დამლაგებელი ვარ, ჩემს ოჯახს ვინახავ ამით და მე ვერაფერს ვერ გეტყვი. ვიცოდი, რომ გამოჩნდებოდა ადამიანი, რომელიც ამას მეტყოდა და ასეთი ექვსი ადამიანის სახელი და გვარი ვიცოდი უკვე მეორე დღეს. კონტროლიორი ქალი აღმოჩნდა, რომელთანაც მივედი, ქალბატონი ნელი და ვუთხარი, რომ ვიცი, რომ შენ სიმართლე იცი-მეთქი, გარკვეული მქონდა უკვე და თუ იტყვი მაგ სიმართლეს, შენი შვილის და შვილიშვილის ხელა ადამიანი უბრალოდ თავის სიმართლეს წარმოაჩენს-მეთქი და ამ ქალმა მითხრა, რომ რაც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა მოხდეს, მე ვიტყვი ამ სიმართლესო და ამ ქალმა დაადასტურა და კადრებიც არსებობს ამისი, რომ რევაზ კიკნაძე არის დაკავებული რეალურად მეტროში და ამით ასევე დადასტურდა, რომ რევაზ კიკნაძის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი.
სანამ ამ ქეისებში ჩავერთვებოდი, კარიერაში წაგებული საქმე არ მაქვს და ყველა ქეისზე საკუთარ სისხლს, ოფლს და ჯანმრთელობას ვდებ. ამ ქეისებშიც როდესაც ჩავერთე, ვიცოდი, რომ ერთი პროცენტიც არ იყო ალბათობა იმის, რომ სასამართლო მიიღებდა სამართლიან გადაწყვეტილებას. მაგრამ ერთ-ერთი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მეუბნებოდა ზუსტად, რომ რატომ აკლავ ასე თავს, ყოველდღე ციხეზე შემოდიხარ, პროცესზე გხედავ, რასაც აკეთებ, არ იქნებაო რა ესო და ჩემი დასკვნითი სიტყვაც ზუსტად ნიკოლოზ ჯავახიშვილის, თუ არის თქვენთვის ცნობილი, ეძღვნებოდა ნიკოლოზ ჯავახიშვილს და არა მოსამართლეს, რომ მე შენ აგიხსნი, რატომ ვაკეთებ ამ ყველაფერს. და გეტყვით ამას, თუ არსებობს ერთპროცენტიანი ალბათობა პირობითად, მე მჯერა, რომ იმ ერთ პროცენტში ასი პროცენტი უნდა გააკეთო, რისი გაკეთებაც შეიძლება და მე არ მჯერა სიტყვების, რომ აზრი არ აქვს. მე ვარ ადამიანი, რომელიც თუ რაღაცას მოკიდებს ხელს, იქიდან აუცილებლად გამოიყვანს და ჩვენ განაჩენის ნაწილში რომ ვიმსჯელოთ, რა თქმა უნდა, განაჩენი არის ცუდი, მაგრამ ვნახეთ ის, რომ მძიმე დანაშაული, რომელიც იყო 225-ე მუხლი, გადაკვალიფიცირდა ნაკლებად მძიმეზე. ეს არ არის კარგი შედეგი, კარგი შედეგი არის გამამართლებელი განაჩენი, მაგრამ ამ საქმეში კარგი შედეგი იცით, რა არის? ის არის, რომ აუცილებლად რევაზ კიკნაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო დაადგენს დარღვევას და მე ქართული სასამართლოს სტანდარტზე არ მქონია არასდროს სწორება.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არის ასეთი ჩანაწერი, რომ მხარეებმა მტკიცებულებები ერთმანეთს უნდა გაუცვალონ ხუთი დღის ვადაში და ხუთი დღის ვადაში უნდა შეიტანოს სასამართლოში ეს. ხუთის ნახევარზე მივუტანე გამომძიებელს აღნიშნული მასალები და სასამართლო მუშაობს ექვს საათამდე. და ამას ჰქონდა რიგი სამართლებრივი გარემოება, რატომ არ მივიტანე უფრო ადრე და უფრო დილით და ამას იურისტები მიხვდებიან, ვინც უყურებენ ზედმეტი გაშიფვრის გარეშე, რატომ მივიტანე ბოლო წუთებში და ეს მასალები როდესაც მივიტანე, გამომძიებელმა ნამდვილად გულწრფელად ვიტყვი, პატიოსნად ჩაიბარა ეს მასალები და მერე შემდგომ მე მქონდა საათ-ნახევრიანი ვადა, რომ ორთაჭალიდან დიღომში გამეტანა აღნიშნული დოკუმენტები და იცით, რა მოხდა? მოხდა ის, რომ დაახლოებით, ორთაჭალის ტერიტორიას როდესაც გავცდი, ხუთი წუთის სავალზე, ხუთი ეკიპაჟი მაჩერებს. უბრალოდ მაჩერებენ, ჩემს მეგობრებთან, კოლეგებთან ერთად მივდიოდი, ესეთ საქმეებზე მარტო არასდროს დავდივარ, იმიტომ, რომ მერე არ დაგიჯერებენ, რომ ესე მოხდა, და წარმოიდგინეთ, წინიდან საპატრულო, უკნიდან საპატრულო, გვერდიდან საპატრულო, ასე ხარ, შუაში არის მანქანა და ორი კიდევ იქით და რა ხდება-მეთქი, ვეუბნები და ოპერატიულად გადმოცემული არის ინფორმაცია, უნდა გადავმოწმდეთ, ეს ჩხრეკა არ არის, უნდა დაგველოდოთ, გავარკვიოთ ინფორმაცია, ტერიტორიას ვერ დატოვებთ. მთელი ეს პროცესი მიმდინარეობს გარკვევა, რატომ ვერ დავტოვებთ, რატომ ვერ წავალთ და ა.შ. დაახლოებით, იმ დრომდე, სანამ ექვსს არ დააკლდა ათი წუთი და მერე გვითხრეს, რომ თავისუფლები ვართ და სასამართლოს ტერიტორიაზე მივედით შვიდის სამ წუთზე და, რა თქმა უნდა, ჩვენი მასალები არ ჩაიბარეს, მიუხედავად, რომ იქ იყვნენ და ამას არავინ დაიჯერებდა. იყო, არ იყო, შენ მასალა გაქვს შესატანი და უნდა შეიტანო. გამოსავალი მოვძებნე ის, რომ კანონში არ არის პირდაპირი ჩანაწერი, მასალა როგორ უნდა იქნას შეტანილი, ავიღე და ყველაფერი დავასკანერე და მეილზე გავუგზავნი სასამართლოს. მაგრამ პრეცედენტი არ არსებობს ქართული სამართლის ისტორიაში, ჩემთვის რაც ცნობილია, რომ სისხლის სამართლის მასალები დასკანერებული სახით გაგზავნილიყო სასამართლოში. მოხდა ისე, რომ საბოლოო ჯამში მოსამართლემ იცით, რომ გაიზიარა და ოთხი დღით ადრე შეტანილი მტკიცებულებები დაუშვა. ჩვეულებრივად მოქალაქე, რომელიც იურისტი არ არის, იმისთვის, რა მოხდა, ეგრე ჟღერს, ჩათვალე, რომ შენობას მთავარი საძირკველი გამოაცალო, გამოძიება ეგეთ რაღაცას უკეთებდა რევაზ კიკნაძის საქმეს, იმიტომ, რომ ვერ გაანეიტრალეს, კარგად ჩავატარეთ გამოძიება და მოდი, არ მივუშვათ ვადაში იქ და იქნებ რაღაც მოხდეს, მაგრამ ამ ნაწილში ვაჯობეთ.
არასდროს ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც მე რომელიმე ერთთან შევსულიყავი, აუცილებლად შევდიოდი ყველა ჩემს დაცვის ქვეშ მყოფთან. ეს ბიჭები რომ მოდიან, სხვებსაც ხომ შევხვედრილვარ და შენ მათ ელოდები, შენ გრძნობ, რომ ჩვეულებრივ ბრალდებულს არ იცავ. ციხეში ყველამ იცის, რომ ეს ბიჭები იქ სხედან ქვეყნის სიყვარულის გამო, მე ვგულისხმობ რიგით მსჯავრდებულებს, ბრალდებულებს, ვინც იქ იმყოფებიან. აი, ეს ადამიანები როდესაც მოდიან, მე ვხედავდი უცხო სხვა ბრალდებულები ამ ბიჭებს როგორ ესალმებოდნენ, როგორ მოიკითხავდნენ, ამ ყველაფერს ვხედავდი და ვხედავდი, ეს ადამიანები როგორ პატივისცემას იმსახურებდნენ იმ პირებისგანაც კი, რომლებიც შეიძლება მძიმე დანაშაულებზე ისხდნენ.
ძალიან ცუდი ამბავი არის, მაგრამ ამ ძალიან ცუდმა ამბავმა გააკეთა ის, რომ ერთ დიდ ოჯახად გვაქცია. მაგალითისთვის, საბა ჯიქიას ნაწილზე რომ ვისაუბროთ, მე ვხედავდი საბა ჯიქიას მიმართ, ერთი კაცის პროცესი იყო, ჩვენ გვყავს 11-პირიანი და 8-პირიანი ქეისები, მაგრამ საბა ჯიქია იყო მარტო, სხვა მასთან ერთად არავინ არის. მე ვხედავდი, ადამიანები როგორ ვერ შემოდიოდნენ, ვერ ეტეოდნენ სხდომის დარბაზში, მე ვსაუბრობ პირველ დარბაზზე, ყველაზე დიდ დარბაზზე ვსაუბრობ და კარებთან როგორ ელოდებოდნენ, ეს განა განაჩენის გამოცხადებისას, ჩვეულებრივი, ერთი მიმდინარე პროცესი როდესაც არის და მე ვხედავდი ასევე იმას, რომ ეს 150 კაცი, რომელიც იქ ისხდა, როგორ ყველა მათგანი საბასთან ცდილობდა, რომ კომუნიკაციაში შესულიყო ამ დისტანციაზე მაინც, გაემხნევებინა, რაღაც თავისი სიტყვა მიეწვდინა და ეს ყველაფერი ძალიან შთამბეჭდავი და ამაღელვებელი იყო, ეს ყველაფერი არის ის, რასაც, არ ვიცი, ადამიანი, ალბათ, შეიძლება მთელი ცხოვრება იცხოვროს და ეს ვერ ნახოს.
სისტემამ ეს ადამიანები ვერ გატეხა, იმით ვერ გატეხა, რომ უკეთეს პირობას შემოგთავაზებ, უკეთეს ბენეფიტს მოგცემ, ეს ადამიანები, მე ვხედავდი, რომ აქციების დროს რომ იყვნენ და აპროტესტებდნენ, ციხეში ყოფნით ეს პროტესტი და ბრძოლა კი არ შეწყვიტეს, პირიქით, შეიძლება უფრო მეტადაც გაუძლიერდათ. მე ასე ვთვლი, რომ მე ამ ბიჭებს რომ ვიცავ, ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და მადლობელი ვარ, რომ მომანდეს. მე ცხოვრებაში არ მყავდა გმირი დაცული. ისინი ალბათ თავის თავს ასე არ უწოდებენ, მაგრამ ჩემთვის ძალიან დიდი პატივი არის, რომ გმირს ვიცავ და ვიცავდი.
______________________________
სინდისის ადვოკატები - ადვოკატების ამბები სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესებიდან და მათ მიღმა, როგორ იქცა პროფესიული ურთიერთობა მეგობრობად.