ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

გზაზე გამოსვლა | ეკა ქევანიშვილი

მშობლების სახელები შეცვლილია. ისტორიები – უცვლელი. დღეს მათ საუბარი შეუძლიათ, რადგან მიიღეს შვილები ისეთებად, როგორებიც არიან და უმრავლესობის რიგებიდან უმცირესობაში გადაინაცვლეს. ისინი ლგბტქ ადამიანების მშობლები არიან. მათი შვილების მიმართ დამოკიდებულებების კვლევა იმ დღეს გადავწყვიტე, როდესაც ერთმა ჩემმა მეგობარმა დაიჩივლა, რომ, ალბათ, ყოველთვის ორმაგი ცხოვრებით იცხოვრებდა – ერთ ცხოვრებაში ვიქნებოდით ჩვენ, მეგობრები, ვინც ვიცოდით, რომ ის ლესბოსელი იყო, მეორეში კი დედამისი, ვინც ამ ამბავს ვერასოდეს შეიტყობდა. ორმაგი ცხოვრება, ისედაც ხანმოკლე ერთ ცხოვრებაში დროის კარგვა მგონია და მჯერა, ერთ დღეს ისინი ერთმანეთს დაელაპარაკებიან. ამიტომ დავიწყე იმ მშობლების ძებნა, ვინც რთულად, მაგრამ საბოლოოდ მაინც შეძლო, თავისი შვილი მიეღო ისეთად, როგორიც ის სინამდვილეში იყო და არა როგორიც "უნდა" ყოფილიყო, როგორიც საზოგადოებას სურდა. ძნელად, მაგრამ მაინც მოვძებნე შვიდი ასეთი მშობელი და ვკითხე: როგორ გადალახეს დაბრკოლებები მიმღებლობის გზაზე და საკუთარ შვილებს ხელი არ ჰკრეს. მათთან დაახლოება და ხელახალი დამეგობრება დაეხმარათ თუ არა შეხედულებების ცვლილებაში, ჰომოფობიის დაძლევაში. არ ვიცი, იქნებ ამ შვიდი მშობლის გამოცდილებამ სხვა, ბევრჯერ შვიდ დედას და მამას უჩვენოს გზა.

 

აღიარება

ყველაფერი იმ დღეს შეიცვალა, როცა თამარმა შვილის დღიური გადაშალა. გოგონა სიყვარულზე წერდა, გოგოს მიმართ სიყვარულზე. „რა შემეშალა“, – გაიფიქრა თამარმა და შვილის ბავშვობაში დაიწყო ძებნა – როგორი თამაშები მოსწონდა, შარვალი უფრო უყვარდა თუ კაბა? თოჯინა თუ სათამაშო თოფი? იქნებ ზედმეტად ბიჭური იყო? შეეშინდა, რომ თუ ვარაუდი გამართლდებოდა, მის შვილს ამ საზოგადოებაში ვერასდროს მიიღებდნენ. „გარიყავენ. დაამცირებენ“. პირველი რაც ჰკითხა, სწორედ ეს იყო – აქ როგორ აპირებდა ცხოვრებას.

ამ ამბიდან ცოტა ხნის შემდეგ, უკვე ერთ-ერთი უცხოური უნივერსიტეტის სტუდენტმა, დედას უთხრა, რომ მეგობარი გოგო ჰყავდა, რომელიც უყვარდა.

„ამ დროისათვის, ეტყობა, გადახარშული მქონდა, დიდად აღარ ჩავძიებივარ. მან იცოდა, რომ მე არ მექნებოდა არც სიძულვილი, არც მიუღებლობა. მაგრამ ძალიან გამიჭირდა. მეც, როგორც ყველა დედას, მინდოდა შვილს ოჯახი ჰყოლოდა, მისი შთამომავლობა გაგრძელებულიყო“, – თამარი პირველად ლაპარაკობს ამაზე უცხო ადამიანთან, ჩემთან.

ამაზე ბევრს ლაპარაკობდნენ. თამარი შვილთან ჩავიდა კიდეც. უსმენდა მის მეგობრებს, აკვირდებოდა თემის წევრებს. ხედავდა, რომ მისი შვილი ყველას უყვარდა. მარტო არ იყო. ამ დღიდან რვა წელია გასული. მამამ ჯერაც არაფერი იცის. „თუ თავად ჩათვლის საჭიროდ, ეტყვის“. მამები, როგორც წესი, ან გვიან იგებენ ასეთ ამბებს, ან საერთოდ ვერ იგებენ.

დალიმ კი პირიქით, პირველად სწორედ ქმარს უთხრა, რომ მათ შვილს, რომელიც ოთახში იკეტებოდა, „რაღაც სჭირდა“. ლესბოსელობა თავშიც არ გაუვლია, 12-13 წლის ბავშვს ჰკითხა, ორსულად ხომ არ იყო. დალი, ალბათ, შვილის სექსუალურ ორიენტაციაზე არც კი დაფიქრდებოდა, რომ არა შემთხვევით მოსმენილი სატელეფონო საუბარი.

„ჩემს მეუღლეს ვუთხარი, რომ ეს იყო ლესბოსური რომანი. იმანაც შეგვაშინა, რომ მისი შეყვარებული მასზე 13 წლით უფროსი იყო. როცა ჩემი ქმარი იმ გოგოს შეხვდა, მითხრა, ეს სიყვარულია, ჩვენ ვერ ჩავერევითო“.

ეს ამბავი გამონაკლისების ისტორიებიდანაა.

„მეგონა, რაღაც არასწორად გავიგე“, – იხსენებს ნინო შვილის ქამინგაუთს. მას ყველაფრის მოსმენა შეეძლო, ამ სიმართლის გარდა. დაახლოებით ისე, ცუდი ამბის შემდეგ ცოტა ხნით რომ იძინებ, გაღვიძებული კი ნატრობ, მომხდარი სიზმარი იყოს.

„რა უნდა მექნა, ხმალი ამელესა? ჩემი აზრით, მშობლების შეცდომა სწორედ ეს არის – შვილებს საკუთრებებად აღიქვამენ და არა პიროვნებებად“.

ყველაზე მეტად მაინც ზურას გაუჭირდა. ამ სინამდვილის მიღება მამებს საქართველოში უფრო უჭირთ. ამ თემაზე არავისთან საუბრობს და იმედი აქვს, რომ მის გოგონას ჯერ თავისი „ადგილი ცხოვრებაში არ უპოვია“.

„ძალიან საწყენი ამბავია, მაგრამ ჩემი შვილია და მეყვარება ისეთი, როგორიც არის. შვილებს და მშობლებს არ ირჩევენ, თუმცა ძალიან დამთრგუნველია. დედა რომ ცოცხალი ჰყოლოდა, შეიძლება სხვა რამეზე გადაეტანა ყურადღება“.

მკვეთრად ანტიპათიური დამოკიდებულება ჰომოსექსუალების მიმართ ოდნავ შეეცვალა. ამბობს, რომ ახლა „არანაირი დამოკიდებულება აღარ აქვს“.

აღიარების შემდეგ ხანგრძლივი და მძიმე – ადაპტაციის პროცესი იწყება – რაღაც ახალთან და, ხშირად, მიუღებელთან შეგუების ეტაპი. მე ვიცი – ფიქრობ, მაგრამ სხვები? ახლა რა იქნება? მეგობრები გაიგებენ? მარტოები ხომ არ დავრჩებით? ხომ არ შეგვიძულებენ? არ არის ადვილი, საყოველთაო სიძულვილის ობიექტად იქცე.


"იქნებ შეიცვალოს?"

როგორც წესი, საქართველოშიც ყველაფერი ამ კითხვით იწყება, ამ „იქნებ“-ში დიდი იმედია. ზოგი „შვილის გადასარჩენად“ პირდაპირ ექიმთან გარბის, ზოგი ეკლესიაში, მოძღვართან, ზოგი – ფსიქოლოგთან. ზოგიც ყველასთან ერთად. ასეთი „საშველის“ ძებნაში ბევრი მშობელი მოხვედრილა ფსიქოლოგ თამარ თანდაშვილთან. მშობლები ყველაზე ხშირად კითხულობენ – „მორჩება თუ არა ეს დაავადება“, მათ აინტერესებთ, შეიძლება თუ არა „ამ გადახრის ჰორმონალური მკურნალობა“. იმედი აქვთ, რომ ბავშვები „მაგისტრალურ გზაზე“ დაბრუნებას შეძლებენ. ყოველგვარი ღია დისკუსიის, სხვისი გამოცდილების გაზიარების გარეშე. თემას ტაბუ ადევს – ეს მხოლოდ ოჯახის საქმეა.

„არ იციან, როგორ ახსენონ ეს, როგორ ახსნან. სამაგიეროდ, იციან, რომ მათ ამისათვის გაკიცხავენ და ეს საჭორაო თემა გახდება. ერთმა პაციენტმა მითხრა, საქართველოში ჩვენ გარშემო გვყავს ბევრი და-ძმა, ბიძაშვილ-მამიდაშვილები, ეს უწყვეტი კავშირიაო. სად დაემალები მათ? რადგან ჩვენთან ეს კულტურა – კოლექტიური ცხოვრება ისევ არსებობს, სხვების აზრს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ მიჯაჭვულობას თან ახლავს დიდი შიშიც“.

 

20 უარი

მშობლებს ამ თემაზე ლაპარაკი უბრალოდ არ სურდათ და მორჩა. ზოგი მხოლოდ ერთი სიტყვით გამოხატავდა დამოკიდებულებას: არა! აი, ასეთი მოჭრილი, ცივი „არები“ მოდიოდა პასუხად და ვხვდებოდი, რომ ამ მშობელთან პროცესი ან დროებით, ან სამუდამოდ გაჩერებულია. „თუ გინდათ, რომ ჩუმად ვიჯდე, შევხვდეთ“, – ერთმა მომწერა. მეორე „ამ თემის აფიშირებაში კარგს ვერაფერს ხედავდა“. „ჩემი და ჩემი შვილის საქმეა ეგ“, – მიპასუხა ერთმა მამამ. „იმედი მაქვს, მალე გამოსწორდება, რაზე უნდა გელაპარაკოთ?“ – ერთხელ კი ინბოქსში ეს პასუხი მივიღე. ერთხანს კვლევა შევწყვიტე კიდეც. შეგრძნება მქონდა, რომ ეს ადამიანები გრძელზე გრძელი გზის დასაწყისში იდგნენ, რომელსაც ბოლო ჯერ არ უჩანდა.

 

უმრავლესობასთან დიალოგის მცდელობა

მშობლები ჯერჯერობით დუმილს ვერ არღვევენ. შვილების საჯაროდ დაცვის ორიოდე მაგალითი საკმარისი არ არის. ლგბტქ ადამიანების მშობლებს შორის კონტაქტიც მინიმალურია. „რამე კლუბი რომ არსებობდეს, – მეუბნება დალი, – ჰომოფობ მშობლებს ვეტყოდი, იცით, როგორ იტანჯებიან ჩვენი შვილები, როცა მარტო არიან? საკუთარი თავები ყველაზე ცუდები ჰგონიათ, შეიძლება სუიციდამდეც მივიდნენ“.

ია ფრთხილობს. საკუთარი ინიციატივით ლაპარაკს არასდროს იწყებს.

„შანსი რომ მომეცეს, ვეტყოდი სხვა მშობლებსაც, რომ არ არსებობს ქვეყანაზე არცერთი ადამიანის აზრი, ფიქრი ან დამოკიდებულება, რაც შეგიცვლით თქვენს შვილებს. ამიტომ უნდა იბრძოლოთ შვილის ბედნიერებისათვის, მას მშობელზე ახლობელი ადამიანი არ გააჩნია“.

„ეს შიში კი არა, განსხვავებულების მიმართ სიძულვილია, – მეუბნება თამარი, – იცით რა, ჩემი დაკვირვებით, ეს მხოლოდ ჰომოსექსუალთა მიმართ დისკრიმინაცია არ არის – ჩვენს საზოგადოებაში ძალიან ბევრ, სხვა რამით გამორჩეულ ადამიანსაც ვერ იღებენ. ამიტომ მგონია, რომ ჩვენი თაობის აღზრდაშია დიდი შეცდომა დაშვებული“.

ზურაბს კი საზოგადოების აგრესიის ესმის. ესმის, მაგრამ არავისთან არაფერზე ლაპარაკის და ახსნის სურვილიც არ აქვს. „ამ თემაზე აღარ უნდა იყოს ღიად ლაპარაკი. სექსი ყველამ აკეთოს ჩუმად და არა საქვეყნოდ“.

"სხვების ბრძოლა" – იქ, დასავლეთში

პოზიტიურ მაგალითებზე დამყარებულ არაერთ უცხოურ კვლევას ჩავხედე. როცა ამ ისტორიებს ვკითხულობდი, მეჩვენებოდა, რომ მშობლები ზუსტად ისე ფრთხილობდნენ, ღელავდნენ და არჩევდნენ სიტყვებს, როგორც მაშინ, როცა მათმა შვილებმა ფეხი აიდგეს, როცა ლაპარაკი დაიწყეს. ქეიტი საუნდერსის 2004 წელს გამოქვეყნებული სტატია, სათაურით „დედა, მამა, მე გეი ვარ“, განსაკუთრებულად ჩამრჩა გონებაში. როცა ჯიმი მადლიერების დღის უიქენდზე დედას და მამას ყველაფერში გამოუტყდა, დედამისი ადგილობრივი კათოლიკური ეკლესიის მოძღვართან წავიდა რჩევის საკითხავად. მამამ კი ჯიმის პირდაპირ ჰკითხა – „დარწმუნებული ხარ?“ როცა მისგან დადებითი პასუხი მიიღო, კითხვა ისევ შეუბრუნა: „შეგიძლია შეიცვალო?“. ამის შემდეგ იყო კიდევ სამი წელი, როცა შვილის სექსუალური იდენტობის ამბავს მკაცრად ასაიდუმლებდნენ.

დღეს ჯიმის (და არა მხოლოდ მისი) მშობლების მსგავსად, კიდევ ბევრი მშობელი ე.წ. მშობელთა კლუბების წევრია. მათ დატოვეს კომფორტული ზონები და ღიად იბრძვიან საკუთარი შვილების უფლებებისთვის. მათაც დიდი დრო დასჭირდათ – მშობლობიდან აქტივისტობამდე. როცა მათ ისტორიებს ვკითხულობდი, ვფიქრობდი, რომ ალბათ, მილიონი ემოცია გადახარშეს, რომ თუნდაც ეთქვათ ის, რასაც ერთი 71 წლის დედა ამბობს თავის შვილზე 2013 წელს გამოქვეყნებულ გამოკვლევაში „ლგბტქ მშობლად ყოფნის დადებითი ასპექტები“: „იყო ლგბტქ ბავშვის მშობელი, ნიშნავს – გახდე უფრო ბრძენი, მე ამ ფაქტორმა გამხადა ასეთად და მიმახვედრა, თუ რა ღირებულება აქვს განსხვავებებს ადამიანებში, როგორ გვამდიდრებს ეს განსხვავებები და გვხდის უფრო ტოლერანტულს. ჩვენ შეიძლება ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისაგან, მაგრამ ყველას ერთნაირად გვჭირდება სიყვარული და პატივისცემა“.

ცვლილებები

დალისთვის: ის ფარდა, რომელიც მისთვის ჰომოსექსუალ და ჰეტეროადამიანებს შორის არსებობდა და მათ ერთმანეთისგან ყოფდა, გაქრა.

იასთვის: წარმოდგენა, რომ ჰომოსექსუალების ქცევა მათი არჩევანი იყო და მონდომების შემთხვევაში, ყველაფრის შეცვლა შეეძლოთ, თავდაყირა დადგა.

მანანას: კიდევ უფრო გაუმყარდა ის აზრი, რომ ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი თუ ქვიარ შვილის მიღება მშობელს ზოგადად პრობლემის გააზრებაში ეხმარება.

მედეას: მიაჩნია, რომ მშობლები აქტივისტები უნდა გახდნენ. მხოლოდ ასე შეძლებენ ისინი საკუთარი თავის, შვილების და დანარჩენი საზოგადოების დახმარებას.

ნინო: იმ მშობლების ხაზს აგრძელებს, ვინც დღემდე ფიქრობს, რომ „არ არის საჭირო შენი ორიენტაციის შესახებ ხმამაღლა საუბარი“. დღემდე შიშობს, რომ საქართველოში საზოგადოება განსხვავებული ადამიანების ჩასაქოლად, ყოველთვის აიღებს ქვას ხელში.

თამარი: არ მალავს, რომ სანამ ეს კონკრეტული პრობლემა პირადად მას არ შეეხო, ჰომოსექსუალების მიმართ მისი დამოკიდებულება დადებითი არ ყოფილა.

ზურაბი: დარწმუნებულია, რომ „ლოგინის ქვეშ რაც ხდება, ეს მხოლოდ იქ უნდა დარჩეს“ და ამის აფიშირება არავის სჭირდება.

ჯერჯერობით ისინი მხოლოდ შვიდნი არიან.
მათ უკან კი მათნაირი მშობლების უხილავი
ჯარი დგას. მე ველოდები, რომ ნელ-ნელა
ისინი გზაზე გამოვლენ. ველოდები, რომ ჩემს


მეგობარს აღარ ექნება ორმაგი ცხოვრება.
 

კვლევა მომზადებულია 2014 წლის 10 ნოემბრიდან 2015 წლის 10 თებერვლამდე პერიოდში, არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ სტიპენდიის ფარგლებში და ეყრდნობა 7 მშობელთან (ექვსი დედა და ერთი მამა) ჩაღრმავებულ ინტერვიუს და დაახლოებით 20-მდე ინტერვიუზე უარის ისტორიას. რესპონდენტების შვილების ასაკი 20-დან 40 წლამდე მერყეობს, გამოკითხულთა ასაკი კი 35-ს ზემოთაა. მათი შვილებიდან ოთხი არის ლესბოსელი, ორი გეი და ერთი ქვიარი. ხუთი მშობელი თბილისში ცხოვრობს, ორი – ბათუმში.

 

ილუსტრაცია: თეონა ჰერტერი

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა