ხმამაღლა ვილაპარაკოთ | ეკა ქევანიშვილი
15.06.2020 | 5 წუთიანი საკითხავიან ყველაფერი, ან არაფერი. დამიჯერეთ.
იმიტომ, რომ ნახევრად ნათქვამი საბჭოთა საბავშვო ბაღის მაკარონის სუპივით წყალწყალაა.
მოჰყევით ყველაფერი ბოლომდე იმიტომ, რომ თუ მარტო იმას იტყვით, რომ მან თავზე ხელი გადაგისვათ, დედამ, შეიძლება, გიპასუხოთ: რა მოხდა, ის ხომ კეთილი ბიძიაა და ამით მორჩეს – საჭმლის მორევა გააგრძელოს. მამა კი, მამამ შეიძლება ვერც ვერაფერი გაიგონოს. ან სპეციალურად ისე ხმადაბლა თქვათ ყველაფერი, რომ არ გაიგონოს – თქვენ ხომ ამ ასაკში ძალიან, ძალიან გეშინიათ. მეც მეშინოდა, მაგრამ დღეს ძალიან დიდი და ძლიერი ვარ საიმისოდ, რომ ამაზე ხმამაღლა და იქნებ, თქვენ მაგივრადაც ვილაპარაკო, გოგოებო და ბიჭებოც. და იცით, რატომ? იმიტომ, რომ ამ ამბავში ერთნი ვართ.
ახლაც ხელები მიკანკალებს, როცა ვიხსენებ, როგორ გიახლოვდება ძალიან ნაცნობი ხელი და გეხება. უცნაურია, უყურებ და ეს ის ადამიანია, ვისთან ერთადაც გუშინ კარტს თამაშობდი, თუ ძველ საბურავებს აგროვებდი ჭიაკოკონობისთვის. ახლა კი, მისი ხელი რაღაცნაირად გველივით თავშემართული მოიწევს შენკენ და მთლად ზუსტად თითქოს არ იცი, მაგრამ პატარა გული გრძნობს, რომ შენს თავს რაღაც საშინელება ხდება.
არაფერი, არაფერი, რა უნდა მოხდეს? ის ხომ ჩვენი მეგობარია, ის ხომ ყველა ჩვენიანის მეგობარია, ის არ მომკლავს და არაფერს დამიშავებს. თან ნახე, რა კეთილია, გიღიმის.
უი. ეს რა უჭირავს ხელში? კარტი. ისევ კარტი უნდა ითამაშოთ? მაგრამ ამ კარტზე ჩვეულებრივი შვიდიანები და ექვსიანები არ აწერია და არც „დამა“ და „ვალეტი“ და არც „ტუზი“!
ის კი დუდუნებს და რაღაცას გიხსნის და გიყვება შენთვის უცნობი მოვლენის შესახებ. შენ გგონია, რომ ყურებიდან და ცხვირიდან და თვალებიდან სისხლი წაგსკდება, როგორც იმ საშინელებათა ფილმში, გუშინ რომ გაუშვეს რომელიღაც არხზე – მამამ კი გადართო.
ამ სურათებზე შიშველი ქალები და კაცები უცნაურ რამეებს აკეთებენ, ყირაზე გადადიან და კარგად ვერ ხვდები, მაგრამ გრძნობ, რომ რაღაც აკრძალული ხდება. თან გეშინია და თან ინტერესით კვდები და ბაც, თითქოს კიდეც გსიამოვნებს ამის აღმოჩენა.
როგორ გენდო და როგორ გაგიმხილა ყველაფერი! ღამეც შეგიძლია ამაზე ფიქრი, რაც იმან გითხრა – ღამე ვერავინ დაგინახავს.
და ნაცნობი ხელიც, მხარზე ჩამოდებული, ცურდება შენი მუხლებისკენ და უფრო ზემოთ და ქვემოთ და შიგნით და... მორბიხარ. ყურებში განგაშის სიგნალი დგას.
შენ აუცილებლად გჭირდება ამის ამოთქმა, მაგრამ ვერაფერს ამბობ, ღამე ვერ იძინებ, დანაშაულის გრძნობა გახრჩობს. ხვალ გათენდეს და ყველაფერს იტყვი.
მაგრამ ხვალაც თენდება და ზეგაც და კიდევ ბევრი დილა თენდება და მაინც თევზივით ჩუმად ხარ. რაღაც დიდ საიდუმლო შარში გახვეული, რომლის გამოც, გგონია, ყველა შეგიძულებს – თუ ილაპარაკებ.
და იცით, დედები და მამები ამისთვისაც არსებობენ.
არა. ზუსტად ამისთვის არსებობენ, რომ გვისმინონ და ყველაფერი გაიგონ. ყველანაირები მიგვიღონ და არ გაგვამტყუნონ. დაგვიჯერონ. ბავშვებს დაჯერება სასტიკად სჭირდებათ.
მეც დავიჯერე, როცა ბევრი წლის შემდეგ, ჩემი პატარა გოგონაც მოვიდა ჩემთან. სრიალა თმაში ვერცხლისფერი თმის სამაგრებით და რძისფერი კოლგოტკებით. ისეთი პატარა იყო და ისეთი შეშინებული და დიდთვალება. და მან ამოთქვა. ის ჩემზე მალე მიხვდა, რომ თამაში, რომელსაც მასზე დიდი ბავშვი სთავაზობდა, მისთვის ნაცნობ არცერთ თამაშს არ ჰგავდა.
და მაშინ ყოვლისშემძლე გავხდი, რომ ეს ამბავი შეგვეჩერებინა, ამაზე გველაპარაკა. ვუსმენდი და ბრაზისგან მაკანკალებდა. თან სადღაც აუტანელი მოწყენილობა ვიგრძენი, რომ თავის დროზე მეც ასე არ ვთქვი! მე და ჩემს მეგობრებს ამ დაფარული დარდის გასამხელად ოცი წელი დაგვჭირდა!
ამიტომ არის, რომ ჯერ კიდევ ვერ დავძლიე უდიდესი შიში – მას არავინ შეეხოს, მას არავინ აწყენინოს. ეს უხილავი ბადე ვერ მოვხსენი, რომელიც გარშემო დაბადებისთანავე შემოვახვიე და მის შიგნით მამამისიც კი არ შემომიშვია.
ჩვენ, მაშინ, არაფერი, საერთოდ არაფერი ვიცოდით.
ამაზე ლაპარაკი სირცხვილი იყო და სირცხვილია დღესაც. ზოგიერთი მასწავლებლისთვის კი – ცოდვაც. მე კი მჭირდება, ბიოლოგიის მასწავლებელს ჭირის ოფლი არ ასხამდეს სექსზე ლაპარაკისას და საერთოდ, სკოლა არ იყოს ასეთი უბედური და გონებაშეზღუდული, როგორიც დღესაა.
მე არ მინდა, რომ ჩემი შვილი სიტყვა სექსზე შუბლს იჭმუხნიდეს, არ მინდა, ფობიებით სავსე ქალი გახდეს. მძულს შეზღუდული სამყარო და გაუნათლებლობა. მაგრამ ამ ბრძოლაში ჯერ მარტო ვარ. არ მაქვს არც სკოლის, არც საზოგადოების და არც, თქვენ წარმოიდგინეთ, ახლობლების იმედი.
ამიტომ – ყველამ – ხმამაღლა და თამამად – ლაპარაკი დავიწყოთ.
და მერე სხვებიც ამოიდგამენ ენას. და მერე სხვებიც ეტყვიან სიმართლეს დედებს.
და მამებს.
დედები და მამები კი დაეჭვდებიან, იქნებ მათი კეთილისმსურველი მეგობრები არც ისე კეთილისმსურველები არიან? იქნებ მათ შვილებს რამე აქვთ სათქმელი? არა უშავსებით არ შემოიფარგლებიან – ხუმრობაში არ გაატარებენ იმას, რაც პატარებს ღამეებს ათენებინებს.
რადგან თუ მათი პატარა გულები ბედნიერებით და თავისუფლებით არ გაიტენება, სხვა ყველაფერი, ჩვენ მიერ შეთავაზებული კარგი განათლება თუ ასრულებული სურვილები თუ სათამაშოების ქალაქი, ერთი დიდი სისულელე იქნება. ყალბი სიხარული. დროებითი თავშესაფარი.
ამიტომ დავისვათ ბავშვები წინ და ხმამაღლა ვილაპარაკოთ.