
ჰედონისტური ტკბობა დაწუნებული საკვებით
18.11.2017ტრისტრამს 2012 წლის ზაფხულში ქუჩაში შევხვდი. სამსახურის მერე მე და ჩემი მეგობარი ტროტუარზე ვისხედით და ლუდს ვსვამდით, ასე იქცევა ისტ ლონდონის ყველაზე ჰიპსტერულ უბანში, ჰაკნიში ყველა, ვისაც დასვენება და განტვირთვა უნდა, შემთხვევითი ნაცნობობაც ბევრია. ამიტომ, როცა ტრისტამი მოგვიახლოვდა და სიგარეტი გვთხოვა, არ გვიფიქრია, რომ ვიღაც აგვეკიდა – როგორც წინათ თბილისში ვიფიქრებდი. ამიტომ ორი გავუწოდე. პატარა სულელური გამოლაპარაკების შემდეგ, თქვა, რომ გარემოს დამცველი აქტივისტია.
გარემოს დამცველი აქტივისტები, ვისაც მანამდე საქართველოდან ვიცნობდი, ხეების გაჩეხვის ან ჰიდროელექტროსადგურის აშენების წინააღმდეგ იბრძოდნენ, ტრისტრამი კი ნარჩენი საკვების დამცველი აღმოჩნდა. მაშინ ზუსტად ვერ მივხვდი, რა კავშირი შეიძლებოდა ჰქონოდა საკვების გადარჩენას გარემოს გადარჩენასთან, მაგრამ სწორედ ამ ჩემთვის ბუნდოვანი სახელწოდების გამო, სიმპათიურ უცნობთან ჩვეულებრივი ნაცნობობა არაჩვეულებრივი გახდა.
იმდენად ამეკვიატა ეს გაუგებარი ტერმინი, რომ კვლევა დავიწყე.
„ფრიგანებს“ უკვე ვიცნობდი და ისიც გაშიფრული მქონდა, რომ სიტყვა „ფრიგანი“ „ვეგანის“ მონათესავეობით შეიქმნა და ნიშნავს ადამიანებს, რომლებიც იმდენად თავზეხელაღებულები არიან, რომ ფეხებზე იკიდებენ კანონებს, ჩხრეკენ სუპერმარკეტების სანაგვე ურნებს, იქიდან საკვებად ვარგისი, ახალი საჭმელი ამოაქვთ და ღარიბებს ურიგებენ, ანდა თვითონვე მიირთმევენ.
შევხვედრივარ ფრიგანებს, რომლებიც წლების განმავლობაში იკვებებოდნენ ნაგვის ურნიდან ამოღებული საკვებით არა იმიტომ, რომ უჭირდათ, არამედ იმიტომ, რომ ეს იყო ანტიკაპიტალისტური აქტი, როგორც პროტესტი კონსუმერული კულტურის წინააღმდეგ.
ტრისტრამის გაცნობის შემდეგ კი უკვე მთლიანი სურათი დავინახე – აღმოვაჩინე, რომ ფრიგანიზმი იგივე გარემოზე ზრუნვაა. Ted.com-ს ვამოწმებ ხოლმე და ერთხელაც, პირველ გვერდზე ვიდეოკადრი დამხვდა – სცენაზე ჩემი შემთხვევითი ნაცნობი, ტრისტრამი იდგა, მას მერე რომ აღარ მენახა, და ლაპარაკობდა გადასაყრელად განწირული საკვების შესახებ. ანოტაციაში ეწერა: „ტრისტრამ სტიუარტი იკვლევს გადაყრილი საკვების შოკისმომგვრელ სტატისტიკას და დედამიწის რესურსების უფრო გონივრული გამოყენებისკენ მოგვიწოდებს“.
სიამაყით ავივსე. მანამდე Ted.com-ზე გამომსვლელს არავის ვიცნობდი, ტრისტრამის 15-წუთიანი სიტყვა კი მილიონ 400 ათასამდე ადამიანს ჰქონდა ნანახი.
ტრისტრამი ჰყვებოდა, რომ განვითარებულ ქვეყნებში – შეერთებულ შტატებსა და ევროპაში – სუპერმარკეტების დახლებზე 150-200 პროცენტით მეტი საკვები დევს, ვიდრე მოსახლეობას სჭირდება. შესაბამისად, ამ საკვების უზარმაზარი ნაწილი, ჯერ კიდევ ვადის ამოწურვამდე, ნაგავსაყრელზე ხვდება, დახლებზე კი მათ ახლად მიღებული ქორფა პროდუქტი ანაცვლებს. და ეს იმის ფონზე, როცა დედამიწაზე მცხოვრები შვიდი მილიარდი ადამიანიდან, თითქმის ერთი მილიარდი მშიერია.
ტრისტრამისგან გავიგე, რომ როგორც მოდის ინდუსტრიაში არსებობს სუპერმოდელობის სტანდარტები, ისე – სუპერმარკეტებში შესატან პროდუქტებს უმოწმებენ გარეგნობას. ანუ თუკი, ვთქვათ, კარტოფილი ვერ აკმაყოფილებს ამ კოსმეტიკურ სტანდარტს – არ არის საკმარისად მრგვალი, დახლამდე ვერ აღწევს, დაწუნებული, ფერმაშივე ლპება.
– ბევრს უჭირს გააცნობიეროს, რომ არჩევანი, რომელსაც საკვების ყიდვისას ყოველდღიურად აკეთებს, სინამდვილეში, მისი მორალური არჩევანია. ეს არჩევანი განსაზღვრავს, რამდენად გაგვაჩნია საერთოდ მორალი, – დაახლოებით ასე მკაცრად და რადიკალურად მაჯახა ტრისტრამმა, ჩვენი პირველი დაგეგმილი შეხვედრის დროს.
– აი, წარმოიდგინე, – მომაყარა შეუჩერებლად, – მიდიხარ სუპერმარკეტში, ყიდულობ, რაც გინდა და ვერც კი ამჩნევ, რომ ყველა ბანანი იდენტურია, ამიტომ არ გიჩნდება კითხვა, თუ რა მოუვიდა დანარჩენ ბანანებს, სხვანაირად რომ გამოიყურებოდნენ. ყოველ მოსავალზე დაწუნებული, ანუ შეუსაბამო ზომის, მოღუნული ან ტყუპი ბანანების მთები დგას ეკვადორში. შენ ამას ვერ ხედავ, შორსაა. ამას ვგულისხმობ მორალში.
მტკივნეულ ადგილზე დამარტყა.
– კარგი, რა, ჩემი და ჩემისთანების უზნეობაზე ტყდება, ვიღაც ეკვადორელ გლეხს დაულპება თუ არა ბანანი?
– ხო, ყველაფერი ინდივიდუალურ დონეზე იწყება. მე აქტივისტი ვარ, ამიტომ ვცდილობ, შენც გაგაგებინო, რომ საკვების არგადაყრა კულტურის ნაწილი უნდა გახდეს და როგორც კი ეს ფასეულობად იქცევა, მერე შენც აღარ მოისვრი კიდეებგაყვითლებულ ყველს ურნაში – შემოაფცქვნი ამ კიდეებს და გემრიელად მიირთმევ. ვერ ატყობ, რომ სუპერმარკეტების და, ზოგადად, ბრენდების მარკეტინგის მსხვერპლი ხარ?

ნამდვილად ასეა: შევდივარ სუპერმარკეტში პურის საყიდლად და უეცრად აღმოვჩნდები იოგურტების რიგში – იოგურტი ჯანჯაფილით, იოგურტი თაფლით, ორგანული იოგურტი, უცხიმო, ცხიმიანი, ხილიანი, შოკოლადიანი, თხევადი, ძვირი, იაფი, სამი ორის ფასად. იქვეა ყველეულის რიგი ასეთივე მრავალფეროვანი ჩამონათვალით და მითხარით, როგორ ჩავუარო გულგრილად ამ უგემრიელეს თხის ყველს? პურის საყიდლად შემოხვედი! – ვახსენებ საკუთარ თავს, მაგრამ ბოლოს თვითონ არ ვიცი, როგორ გავდივარ გარეთ გატენილი ზურგჩანთით და 30-ფუნტიანი ჩეკით. არადა, პური მხოლოდ 2,5 ფუნტი ღირდა.
– თუმცა, რაც ჩვენი თეფშიდან ნაგავსაყრელზე ხვდება, ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რასაც სუპერმარკეტები ნაგვის ურნებში ყრიან და ურნებს ურდულს ადებენ, ვინმემ რომ არ გახსნას.
– კარგი, ტრისტრამ, მოდი, მივყვეთ თავიდან. ჩემს ზედა რგოლში რა ხდება? როგორ გრძელდება მომხმარებლით დაწყებული ჯაჭვი?
– სუპერმარკეტებია ყველაზე ძლიერი ორგანო საკვების მიმწოდებლის ჯაჭვში და იმის ფუფუნებაც აქვთ, თავიანთი ხარჯი სხვას აკიდონ. დიდ ბრიტანეთში საკვების 80 პროცენტს ბაზარზე ოთხი-ხუთი კომპანია აკონტროლებს, არადა, ათასობით ფერმერი ამარაგებს მათ. სულ სამი წლის წინ, 2013-ში დავამტკიცებინეთ პარლამენტს საეტაპო მნიშვნელობის კანონი, რომლის მიხედვითაც, სუპერმარკეტებს აღარ აქვთ შეკვეთის გაუქმების უფლება და მოლოდინი, რომ მომმარაგებელი ფერმერი მთელ ხარჯს თავის თავზე აიღებს. კომპანია ვალდებულია, ხარჯი ფერმერთან გაინაწილოს. დღეს უკვე მთავრობაშია პირი, რომელსაც შეუძლია სუპერმარკეტი საერთო ბრუნვის 1 პროცენტით დააჯარიმოს, თუ ის კანონს დაარღვევს. „ტესკოს“ შემთხვევაში ეს 1 პროცენტი თითქმის მილიარდი ფუნტია.
თუმცა, ისიც კი, რასაც სუპერმარკეტი გადასაყრელად იმეტებს, მომწოდებლის საფეხურზე დაწუნებული ან მოჭარბებული საკვების მხოლოდ მცირე პროცენტია. მოსავლის მესამედი დახლამდეც ვერ აღწევს, როცა სუპერმარკეტი ბოლო წუთს აუქმებს შეკვეთას იმის გამო, რომ პროდუქტზე მოთხოვნამ იკლო, ანდა საკვები კოსმეტიკურად წუნდებულია.
დარწმუნებული ვარ, რომ გკითხო, მიპასუხებ, რომ შენთვის მიუღებელია, კენიაში მცხოვრები ოჯახი საკვების, განათლების გარეშე რჩებოდეს მხოლოდ იმიტომ, რომ მთელი ფული ჩვენთვის მოსავლის მოყვანაში დახარჯა, შემდეგ კი, ჩვენი კანონების გამო, ამ მოსავლის გადაყრა მოუწია და ეს არავინ აუნაზღაურა. მიუხედავად ამისა, მაინც ფულს ვიხდით იმაში, რომ ამ სისტემამ იარსებოს, – მეუბნება ტრისტრამი.
იმ ტროტუარზევე მივხვდი, რომ ჩვენი შეხვედრა არ იქნებოდა ერთი რიგითი, მაგრამ ჩვენი პირველი ინტერვიუს მერე კიდევ უფრო დავრწმუნდი ამაში. ერთ დილას ფოტოების გადასაღებად სახლში ვესტუმრე. თავის პატარა შვილთან ერთად მიირთმევდა შვრიის ფაფას.
იქვე, ისტ ლონდონში ცხოვრობს, პატარა სახლი აქვს, ბაღით და ფუტკრების სკებით. ხილ-ბოსტნეულს ხან საზიარო ბაღჩებიდან იღებს (სამეზობლოს ბაღებიც შეიძლება დავარქვათ ამას და უკვე საკმაოდ ბევრს აქვს ბრიტანეთში), ხან სოფლიდან ჩამოსდის ხორცეულთან ერთად. ამ გარემომ – გაუკრეჭავმა ბალახმა, ძველმა, მაგრამ კარგაურიანმა სახლმა, თავის ნებაზე მიშვებულმა ბუჩქებმა წითელი ყვავილებით და ტრისტრამმა ამ შინაურულ გარემოში – ძველი, მაღალყელიანი ჯემპრითა და რეზინის ბოტებით – საბოლოოდ დამარწმუნა იმაში, რომ სრულიად ხელშესახები ყოველდღიურობა დგას იმ ქადაგების მიღმა, ინტერვიუს დროს რომ ჩამიტარა. როგორც ჩანს, მაინც მჭირდებოდა ფაქტები, რომ დავრწმუნებულიყავი – ტრისტრამი რასაც ამბობს, ცარიელი სიტყვები არაა, ასე რეალურად ცხოვრობენ ადამიანები და სწორედ ამაში დავრწმუნდი.
ტრისტრამი სასექსში, ერთ ფერმაში გაიზარდა. 15 წლის იყო, როცა ღორები და ქათმები იყიდეს და იმ დროიდან ამჩნევს გადაყრილ საკვებს – ერთხელაც ის პური გასინჯა, რომელიც თავისი ღორებისთვის ჰქონდა გამზადებული. „ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა გადასაყრელად გადადებული საკვები შევჭამე და ეს გავაკეთე სრულიად გამიზნულად – მაშინ პირველად ვაჩვენე გარშემომყოფებს, რომ საკვების გადაყრა უსამართლობაა ბუნების და მშიერი ადამიანების მიმართ, – მიამბობს ტრისტრამი, – ათი წლის ვიყავი, როცა მაკდონალდსს წერილი მივწერე, რომ ამიერიდან მათ რესტორანში აღარაფერს შევჭამდი, თუ არ შეწყვეტდნენ cfc შეფუთვის გამოყენებას. ადგილობრივი რესტორნის მენეჯერმა წერილობით მიპასუხა, ალბათ გაგიხარდებათ იმის გაგება, რომ cfc შეფუთვას მალე აღარ გამოვიყენებთო. რა თქმა უნდა, ვიფიქრე, რომ ეს ცვლილება ჩემმა წერილმა გამოიწვია.
რა გულუბრყვილობაა, მაგრამ რა ვქნა, დღემდე მომყვება ეს რწმენა, რომ ადამიანებს მართლა შეუძლიათ ინდივიდუალურად შეცვალონ რამე“.
თავიდან ჩვეულებრივი ფრიგანი იყო. კემბრიჯის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში სხვა თითქმის არაფერი უჭამია – მხოლოდ სანაგვეებზე აგროვებული საჭმელი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კი სახალხო კამპანია დაიწყო: 2002 წელს მედიაგამოცემები სუპერმარკეტების ეზოებში შეჰყავდა და გადაყრილ საკვებს აჩვენებდა.
„ამ დროს კანონი გადაყრილ საკვებზე არ არსებობდა, სამთავრობო, კორპორაციულ თუ ინდივიდუალურ დონეზე ადამიანების ცნობიერება იყო ნული. მედია რომ დამეინტერესებინა, უნდა მიმეწოდებინა ისტორიები და ამიტომ ვიწვევდი მათ სუპერმარკეტების ბუნკერებთან, ვაჩვენებდი საკვებს და ვეუბნებოდი, რომ შეიძლება ეს ყველაფერი თავშესაფრებს დაურიგდეთ, საღია. ეს იყო ძალიან კარგი გზა იმის სათქმელად, რომ გადაყრილი საკვები უზარმაზარი პრობლემაა და პრობლემა ვართ ჩვენც, ადამიანები, რომლებიც ნებით თუ უნებლიეთ ამას ხელს ვუწყობთ“, – მიყვება ტრისტრამი.
ცხადია, 2002 წლის შემდეგ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, ფრიგანებიც მომრავლდნენ და კანონმდებლობის შეცვლის ინიციატორი აქტივისტებიც. თუმცა, ჯერ კიდევ 2009-ში, მაინც ეგონა, რომ უზარმაზარ ლხინზე, რომელიც ტრაფალგარის მოედანზე დანიშნა, არავინ მივიდოდა. feed 5k – ასე დაარქვა წვეულებას, რომელზეც ყველა სტუმარს გაუმასპინძლდებოდა ნარჩენი პროდუქტისგან დამზადებული კერძებით.
„დაახლოებით პირველის ნახევარზე, აივნიდან მოედანს გადმოვხედე. ადამიანების თვალუწვდენელი რიგი იდგა და მივხვდი, რომ მიზანს მივაღწიეთ“, – ამბობს.
მოკლედ, მედიასთან კომუნიკაცია, დიდი კამპანიები ცნობადობის ასამაღლებლად, პარლამენტარებთან შეხვედრები კანონმდებლობის დასახვეწად – ასეთია ახლა ტრისტრამის გრაფიკი. უბრალო ფრიგანი დიდი ხანია, აღარ არის, მაგრამ ზოგჯერ მიყოლებით რამდენიმე დღეს ყანაში კვლავაც ატარებს – სხვა მოხალისეებთან ერთად კრეფს კომბოსტოს, რომელიც მერე საქველმოქმედო ორგანიზაციებს ურიგდება.
Gleaning Network– შეგროვების ქსელი – ეს მისი კიდევ ერთი პროექტია, რომელიც მოხალისეებს, ფერმერებსა და საქველმოქმედო სახლებს ერთმანეთთან აკავშირებს. როცა ამ ქსელის წევრი ფერმერი მოსავალს იღებს, ჭარბ მოსავალს (თუ საერთოდ არ უღირს მოსავლის აღება, რადგან შეკვეთა გაუუქმეს ან ფასმა დაიწია) მოხალისეებს აძლევს. მოხალისეები მიდიან, თავად იღებენ ბოსტნეულს და საქველმოქმედო სახლებს აბარებენ.
დიდი ბრიტანეთის Gleaning Network-მა 2012-დან 2015 წლამდე 188 ტონა პროდუქტი გადაარჩინა ლპობას, რაც ორ მილიონზე მეტ პორცია ხილსა და ბოსტნეულს უდრის.
მახსოვს, ტრისტრამის სახლიდან შინ რომ დავბრუნდი, როგორ ქურდულად გამოვაღე მაცივრის კარი, რამდენიმე წამს თვალდახუჭული ვიდექი, მერე შევიხედე და... მას მერე ვცდილობ, რაც იქ დამხვდა, აღარასდროს განმეორდეს. თუ მანამდე სუპერმარკეტში სიის გარეშე მივდიოდი, ზოგჯერ მშიერიც და რაც იმ წუთს ჩემს დამშეულ ტვინს მოუნდებოდა, ყველაფერს დაუფიქრებლად ურიკაში ვყრიდი, ახლა სიით მივდივარ, თან საგანგებოდ დაპურებული, ამიტომ ახლა ვყიდულობ მარტო იმას, რაც დაახლოებით ერთ კვირას მეყოფა. გამოგიტყდებით და ზოგ პროდუქტს ვადის გასვლის შემდეგაც გემრიელად მივირთმევ – ყველი, კვერცხი, რძე, ბოსტნეული. ანუ ჩემი მაცივრიდან კომპოსტის ურნაში, ქერქების გარდა, თითქმის არაფერი იყრება. თუ რესტორანში ან კაფეში ვჭამ, მხოლოდ ერთ კერძს ვუკვეთავ და თუ ძალიან მშია და ზედმეტის მოტანას ვთხოვ ოფიციანტს, დარჩენილი საჭმელი სახლში მომაქვს.
დამცინიან ჩემი მეგობრები და ალბათ თქვენც დაგცინებენ, „შემოიხედე გენაცვალეში“ ორი ცალი ხინკლის და ნახევარი ქაბაბის შეფუთვას რომ მოსთხოვთ, მაგრამ გაიხსენეთ, სად წავა სუფრიდან აღებული ხინკალ-ქაბაბი და უფრო გაბედავთ.
მალე ასე ცხოვრება თქვენთვისაც წესად იქცევა: საკვებს აღარ გადაყრით, მოძველებულ პურს გახუხავთ, დამჭკნარ ბოსტნეულს ბორშჩში გამოიყენებთ, ხილს – წვენში და რამდენჯერაც ვერ მიუსწრებთ სიძველისგან დაპატარავებულ და გამომშრალ სტაფილოს, მის გადაგდებაზე გული ისე დაგწყდებათ, ნელ-ნელა ნარჩენებს ნულამდე დაიყვანთ.

აქტივისტები ამბობენ, რომ სანამ ჩვენი მაცივრიდან საკვები ნაგავსაყრელზე აღმოჩნდება, შეგვიძლია მინუმუმ სამი სხვა დანიშნულება მაინც მივცეთ – გავუნაწილოთ სხვას (ლპობამდე, ცხადია), შინაურ ცხოველებს ვაჭამოთ ან კომპოსტად გადავაქციოთ.
ტრისტრამისგან უახლესი ბრიტანული სტატისტიკაც ვიცი: დიდ ბრიტანეთში 21 პროცენტით შემცირებულა საოჯახო საკვები ნარჩენების გადაყრა. ინდუსტრიებში – შედარებით ნაკლებად, დაახლოებით 15 პროცენტით. ეს რიცხვები ახლა უკვე ჩემთვისაც ცხადყოფს, რომ შეგვიძლია მთელი სისტემა და საკუთარი მორალი შევცვალოთ, თუ ვეცდებით.
– მიღწევა იქნება ის, თუ შევაჩერებთ ტყეების გაჩეხვას, თუ მსოფლიო არ იქნება მშიერი, თუ მოვსპობთ პროცესს, რომელიც ბიომრავალფეროვნებას აქრობს, მიწის ეროზიას იწვევს. თუ 1-პროცენტიანი შანსი მაინც გვაქვს, რომ გავაღვიძოთ გოლიათი, რომელსაც ახლა სძინავს, მაშინ ძალები მართლა არ უნდა დავიშუროთ, – მეუბნება ტრისტრამი.
– გოლიათი ვინ არის?
– ჩვენ. ჩვენ – მსოფლიოს მოქალაქეების მასა. ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი შევცვალოთ, თუ გავიღვიძებთ და დავუპირისპირდებით მანქანას, რომელსაც სურს, რომ ბუნება ფულად აქციოს საკვების წარმოების ხარჯზე. არ ვამბობ, რომ კაპიტალიზმი უნდა მოვსპოთ ამ პრობლემის გადასაწყვეტად (რაც თავისთავად არ იქნებოდა ცუდი), მაგრამ შეგვიძლია საკვების წარმოება ჩვენი მორალური პრინციპებით დავიწყოთ.
ვაწარმოოთ საკვები ისე, რომ არ განადგურდეს პლანეტა და მისი რესურსები, მილიარდი ადამიანი არ დარჩეს უჭმელი მოზღვავებული საკვების ფონზე, არ გადაიყაროს მსოფლიოში წარმოებული საკვების მესამედი.
თან არ მიყვარს თითის ქნევა და მორალისტობა, მთელი ამ კამპანიის გულში ზეიმია – ადამიანობის და ბუნების ზეიმი, ცხოვრებით ტკბობა. მეც მიყვარს ლხინი, მეც მიყვარს ჰედონისტური ტკბობა, საკვები, როგორც დამაკავშირებელი ხიდი ადამიანებს შორის, ჩვენსა და პლანეტას შორის. მნიშვნელოვანია მხოლოდ იმის გაცნობიერება, რომ დღეს ეს ლხინი და ჰედონიზმი ყოველდღე გვაქვს ისე, რომ არ ვფიქრობთ პლანეტაზე, რომელიც გვკვებავს.
თვალგახელილი უკეთ ხედავს ადამიანი, ვიდრე მაშინ, როცა თვალებს ხუჭავს. ჰოდა, ტრისტრამთან შეხვედრის მერე მეც უკეთ ვხედავ მთლიან სურათს. ლუდი არ მიყვარს, თორემ TOAST-ის გარდა აღარაფერს გავეკარებოდი. TOAST-ს ტრისტრამი და მისი მეგობრები ასხამენ, ეს მათი ბოლო პროექტია. იმ კაფეებთან დადეს ხელშეკრულება, რომელთაც მენიუში სენდვიჩები აქვთ და სენდვიჩებისთვის შეუფერებელ ყუებს აღარ აყრევინებენ, თან მოაქვთ, ლუდს აკეთებენ. ამიტომ დაარქვეს TOAST-ი, ანუ ტოსტი.
TOAST-ი იყიდებოდა ნოტინგ ჰილზე ერთ ახლადგახსნილ კაფეში Tiny Leaf, რომელიც ლონდონისთვის ერთ-ერთი იშვიათი ნარჩენი საკვების რესტორანია. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი, რაც მენიუში აქვთ, კოსმეტიკურად დაწუნებული და ამიტომ გადასაყრელი პროდუქციით კეთდება. დამფუძნებელმა მითხრა, მართალია, ადამიანები ცხვირს იბზუებენ, მაგრამ ნელ-ნელა ჩვენი კლიენტურაც იზრდებაო.
იმ საღამოს Tiny Leaf-ში ტრისტრამ სტიუარტი ჰყავდათ მიწვეული, სიტყვით გამოდიოდა, მერე კითხვა-პასუხი დაიწყო. გატაცებით პასუხობდა ყველაფერზე, მიხაროდა, რომ მე ეს ყველაფერი უკვე ვიცოდი.
სტატისტიკის მიხედვით, განვითარებულ ქვეყნებში, ადამიანები ყოველდღიურად 20-30%-ით მეტ საკვებს ყიდულობენ, ვიდრე ჭამენ.
აქტივისტები ამბობენ, რომ ვიდრე ჩვენი მაცივრიდან საკვები ნაგავსაყრელზე აღმოჩნდება, მინიმუმ სამი სხვა დანიშნულება შეიძლება მივცეთ – გავუნაწილოთ სხვას (ლპობამდე, ცხადია), საქონელს ვაჭამოთ ან კომპოსტად გადავაქციოთ. ნაგავსაყრელი უკანასკნელი დანიშნულებაა და ამის მიუხედავად, მაგალითად, ამერიკაში გადასაყრელად განწირული საკვების 97% ნაგავსაყრელზე ხვდება.
ყველაზე დიდი ინსტიტიუციები და კომპანიები გვეუბნებიან, რომ 2050 წლამდე მოსახლეობის რიცხვი 9 მილიარდს მიაღწევს, რომ ხორცეული და რძის პროდუქტები ყოველდღიურ რაციონში იზრდება ყველა ქვეყანაში, სადაც ადამიანები მდიდრდებიან. თუკი ამ ლოგიკას გავყვებით, გამოვა, რომ 2050 წლამდე გლობალური საკვების წარმოება 50-60, ზოგის თქმით კი, 100 %-ით უნდა გაიზარდოს.