გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ჰიპნოზი და შემთხვევითობა

სულ ცოტა ხნის წინ, 2017 წლის ოქტომბერში, გამომცემლობა „ინტელექტმა“ ცნობილი პოეტის, არტისტისა და პერფორმერის, ზურაბ რთველიაშვილის კრებული „პოეზიის დიქტატურა“ გამოსცა. წიგნის „მწერალთა სახლში“ გამართულ პრეზენტაციას პოეტურ-მუსიკალური პერფორმანსის სახე ჰქონდა, რომელიც შეიძლება კრებულის ერთგვარ გაგრძელებად, დამატებად ან მოხმარების ინსტრუქციადაც ჩაითვალოს.

საერთოდ, ზურაბ რთველიაშვილის პოეზიასა და კონკრეტულად კრებულზე უამრავი რამის თქმა არის შესაძლებელი და ამას, სხვა შემთხვევაში, ნამდვილად არ დაგზარდებოდით.

შეიძლებოდა მეთქვა, რომ კრებული ავტორის მრავალი სახის ტექსტს მოიცავს: ორი მოზრდილი პოემა, ლექსები, ინტერვიუ, ერთგვარი მანიფესტის შინაარსის მქონე პროზაული ინტერმეცო და პოეტური კინოსცენარიც კი.

ალბათ, ვერავინ შემედავებოდა, თუკი ვიტყოდი, რომ წიგნის გია ეძგვერაძისეული წინასიტყვაობიდან მთელმა საქართველომ გაიგო, რომ ამ პატივცემულმა ბატონმა ნამდვილად იცის უცხოური სიტყვა „პოტლაჩის“ მნიშვნელობა.

შემეძლო, თამამად მესაუბრა რთველიაშვილისეულ კონცეფციაზე; დაწვრილებით განმეხილა პოეზიის საზრისთა ტყვეობიდან ხმების საშუალებით გამოხსნის თეორიის ძირითადი პოსტულატები. შემედარებინა თეორიული მოცემულობები ბატონი ზურაბის კონკრეტულ ლექსებთან და რიგ შემთხვევებში მიზნებისა და მათი მიღწევის საშუალებების მეტად საეჭვო ადეკვატურობაზე გამომეთქვა მოსაზრება.

დასაშვები იქნებოდა, ბოლოს და ბოლოს, მეთქვა, რომ პოეზიის საზრისთა ტყვეობიდან გამოყვანის შემდეგ მისი ჩაკეტვა ბგერის ტყვეობაში დიდი ვერაფერი გათავისუფლებაა. ბროდსკისეული ციტატა მომეყვანა, სადაც პოეტი ამბობს, რომ სისხლისმსმელს მაინც ქურდბაცაცა ურჩევნია და საზრისთა გენოციდის ბრალდება რთველიაშვილისკენ მიმემართა.

არც ის იქნებოდა უადგილო, პოსტმოდერნისტული ხრიკები აღმენუსხა პოეტის შემოქმედებაში. მოწიფული მაიაკოვსკისა თუ ახალგაზრდა პასტერნაკისათვის შემედარებინა ლექსების ზოგიერთი პასაჟი, განსაკუთრებით კი, ალიტერაციების სიჭარბე პოემებში. ალუზიებით ავტორის გართობა მეხსენებინა და მომეყოლა, რომ კინოსცენარის (მისი სათაურია „ქვემოდან ზემოთ“) ერთ პასაჟში რეჟისორი და მისი ანგელოზი ასისტენტები ბოინგით რატომღაც სწორედ ბერლინის თავზე ცაში მიფრინავენ...

მოკლედ, ბევრი რამის თქმა შეიძლებოდა, მაგრამ, ვფიქრობ, ამის არანაირი საჭიროება არ არსებობს. მეტიც, ყოველივე ზემოთქმული კონკრეტულ კრებულთან და, საერთოდ, ზურაბ რთველიაშვილის პოეზიასთან მიმართებით საკმაოდ უადგილოა ორი, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი მიზეზის გამო.

უპირველეს ყოვლისა, ზურაბ რთველიაშვილი პოეტი-ჰიპნოტიზიორია. ქარიზმატული ფიგურა, რომლის ლექსების მოსმენასა და წაკითხვას შორის დიდი ზღვარია. როდესაც სამხედრო კიტელში გამოწყობილი პოეტი თავის ლექსებს ასრულებს, პუბლიკა ერთგვარ ტრანსში ვარდება. ტემბრით, რიტმული მოძრაობითა და ტონალური მოდულაციებით გაბრუებული ბატონები და ქალბატონები მზად არიან, უსასრულოდ ისმინონ ლექსები, რომელთა შინაარსს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ამ ნიშნით პოეტი, შეიძლება ითქვას, უნიკალურ ფენომენს წარმოადგენს. სწორედ ჰიპნოზთან მსგავსებას გამოჰყავს რთველიაშვილის ცდები პოეზიის კლასიკური ჩარჩოდან და მის მიმართ სხვა, ვიტყოდი, ირაციონალურ-მეტაფიზიკური კრიტერიუმების გამოყენების საჭიროებას წარმოშობს.

მეორე არგუმენტი, რომლითაც „პოეზიის დიქტატურის“ თავისებურ ღირებულებასა და ტრადიციული ანალიზის შეუძლებლობას გავამყარებდი, ტექსტის არანორმალური პროდუქტიულობაა. დიახ, სწორედ ტექსტის და არა – მისი ავტორის. რთველიაშვილი ხომ დეკლარირებულად, სრულიად გამიზნულად ქმნის წარმოუდგენელ, ერთი შეხედვით აბსოლუტურად უაზრო შესიტყვებებს. მისი კრებული შემთხვევითი შესიტყვებების ერთგვარ გენერატორს ჰგავს. ერთადერთი, რაც ტექსტის კითხვისას რჩება გონებაში, სრულიად წარმოუდგენელი სინტაგმებია, რომლებიც არცერთ სხვა სივრცეში არ შეიძლება არსებობდეს.

რთველიაშვილის წიგნში შემთხვევითი, ნებისმიერი სიტყვები თავისუფლად მოძრაობენ ტექსტის სივრცეში, სხვა სიტყვებს ეჯახებიან და ახალ შესიტყვებებს წარმოშობენ.

ძნელი სათქმელია, რამდენად დიდია ამ პროცესში ავტორის როლი. თავად სიტუაცია რაღაცით დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის შესახებ გავრცელებულ სამეცნიერო თეორიას წააგავს, რომლის თანახმადაც გარკვეულ პირობებში ნივთიერებათა მოლეკულების შეკავშირებამ სიცოცხლის წარმოშობა გამოიწვია. ამდენად, „პოეზიის დიქტატურა“ ერთგვარ პირველყოფილ ბულიონად შეიძლება აღვიქვათ, რომელშიც ახალი, ცოცხალი საზრისებისა და ცნებებისათვის ულევი საშენი მასალაა თავმოყრილი. შესაბამისად, კრებულის წაკითხვა მომავალი რეფლექსიისათვის უაღრესად სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს.

დამაფიქრებელი, მგონი, მხოლოდ ერთი გარემოებაა. ზურაბ რთველიაშვილის გეგმით, როგორც აღინიშნა, მის ტექსტებს პოეზია საზრისთა ტყვეობიდან უნდა დაეხსნა და ბგერითი, ხმიერი განზომილება მოექცია პოეტური შემოქმედების ცენტრში. მაგრამ „პოეზიის დიქტატურა“, როგორც შემთხვევითი შესიტყვებების ნებისმიერი გენერატორი, ახალი ცნებების, ჯერარარსებულ, მოუხელთებელ საზრისთა შემოქმედი შეიძლება გახდეს. და, ვინ იცის, იქნებ კრებულმა მხოლოდ გაამყაროს იმ წარმოსახვითი ციხის კედლები, რომელთა დანგრევასაც ავტორი ასე გულმოდგინედ ცდილობს.

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა