გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ირაკლი არეშიძე
თეგები: #ინდიგო N12

ინდიგოს კლუბი

დათო სუბელიანი

ბანკი რესპუბლიკა
პროექტების მენეჯერი

დათო სუბელიანი

ბანკში ვმუშაობ, მაგრამ ფინანსისტი არ ვარ, კონსულტანტი ვარ; ცვლილებების კონსულტანტი, ასევე, ტრენერი მენეჯმენტის მიმართულებით. თუმცა, ჩემს სამოქალაქო აქტივობას ამ ყველაფერზე არანაკლები სერიოზულობით ვეკიდები. ამ ეტაპზე ძირითადად ადამიანური ნარკოპოლიტიკის ფორმირებაზე ვარ გადართული. თავის დროზე, 2 ივნისის მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელიც ვიყავი, თუმცა, შემდეგ მივხვდი, რომ ამ მოძრაობას ძალიან ვიწრო ფოკუსი ჰქონდა და თეთრი ხმაურის მოძრაობას შევუერთდი. ჩვენ არაჰუმანური ნარკოპოლიტიკის შეცვლას ვითხოვთ პოლიტიკით, რომლის ამოსავალი წერტილიც ადამიანი იქნება, რომ სახელმწიფომ ნარკომომხმარებელი ტვირთად კი აღარ აღიქვას, არამედ საზოგადოების იმგვარ წევრად, რომელსაც შეუძლია საკუთარი თავისთვისა თუ სხვებისთვის სასარგებლო რამ აკეთოს.

თუმცა ისიც მესმის, რომ ამგვარი მიდგომის დანერგვა და შემდეგ – გავრცელება ძალიან რთულია, რადგან თავად საზოგადოებაშია ღრმა სტიგმა ნარკომომხმარებლების მიმართ, რაც ძალიან ხელსაყრელ პირობას უქმნის სახელმწიფოს, ცვლილებები არ განახორციელოს. სწორედ ამის გამო არ ვიხევთ უკან, ვიბრძვით შეუპოვრად და უკვე თითქმის ვხედავთ იმ წერტილს, როცა პირველ გამარჯვებებს ვიზეიმებთ.

ასეთი აქტიურობისთვის ჩემთვის ინსპირაციაა საჭირო და, ცხადია, ძალიან ბევრ წყაროს ვხედავ, საიდანაც იდეები მოდის. ვუყურებ, საით მიდის მსოფლიო, სად რა სიახლეა, მაგრამ მთავარი შთამაგონებელი მუხტი მაინც იმის დანახვაა, რომ ადამიანს ეს ცვლილებები სჭირდება. რაც გინდა კარგი იდეა იყოს, თუ ცვლილების საფუძველი არ არსებობს, ძნელია. თუმცა სამოქალაქო სფეროში სხვაა, სამოქალაქო სფეროში, თუ აქტივისტი ხარ, სწორედ ეს სირთულე უნდა აქციო მამოძრავებელ ძალად და მაინც აუცილებლად უნდა მოკიდო ხელი პროექტს, რომელიც მტკივნეულად საჭირო და მნიშვნელოვანი გგონია, თუნდაც ხედავდე, რომ საზოგადოებრივი მზაობა არ არსებობს და ეს მზაობა, შენი აქტიურობით, თავად უნდა შექმნა. სამოქალაქო აქტიურობა მე ასე მესმის – ის ხშირად მიმართულია ყველაზე დაჩაგრულის, ყველაზე გაჭირვებულის გადარჩენისკენ, სამართლიანობისკენ და ამ დროს, უბრალოდ, თავს არ უნდა აძლევდე უფლებას, რამე არ გააკეთო.

თუმცა, ცხადია, ყველაფერში ვერ ვერთვები, მაგალითად, გულანთებული ვგულშემატკივრობ პარტიზან მებაღეებს, ანდა მშობლებს, რომელთაც ბავშვების ეტლით სეირნობა მანქანებით ჩახერგილი ტროტუარების გამო უჭირთ – ჩემთვის, როგორც სამი შვილის მამისთვის, ეს ძალიან აქტუალურია. შეიძლება ვერცერთხელ ვერ მოვხვდე მათ შეკრებაზე, მაგრამ ისიც კი მავსებს შემართებით, რომ ვხედავ ამ მოძრაობებს. საერთოდ, თუ რამე მავსებს მოტივაციით საქართველოში, ესაა იმის დანახვა, რომ ცვლილებებზე ორიენტირებული, არა მხოლოდ დისკუსიებზე, არამედ საქმეზე მომართული საზოგადოებრივი ჯგუფები ნელ-ნელა მრავლდება.

მჯერა საღი აზრის, დისკუსიის, კამათის. მჯერა, რომ ნებისმიერი ადამიანი შეიძლება შეიცვალოს, თუ მასთან იმუშავებ.

 

გიორგი ნადირაძე

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2
კოსტიუმების დიზაინერი

გიორგი ნადირაძე

ყველაფრის განხორციელების საშუალება რომ მქონდეს, ნებისმიერი უტოპიური იდეის? არაფერს არ გავაკეთებდი – შიშველ ქალს და მამაკაცს გამოვიყვანდი...

და ყველანი შიშვლები ვივლიდით?

შესაძლებელია... იქ რაღაცების დამატება ყოველთვის შეიძლება – აქსესუარების.

თვლით, რომ სამოსი ზედმეტია?

არ არის ზედმეტი, მაგრამ მე ვამბობ, რომ თითოეულ სხეულში არის ინდივიდის მახასიათებლები. სახე თავისთავად, მაგრამ სხეულიც ძალიან მეტყველია და ამიტომ ადვილია მიხვდე სხეულის მიხედვით, როგორია ადამიანი. სიშიშვლეში ეს კარგად ჩანს: მორცხვია, აგრესიულია თუ როგორია. მარტივია ამის გამოცნობა. ხშირად ტანსაცმლით ადამიანი კი არ წარმოაჩენს თავის ინდივიდუალობას, არამედ ფარავს. ფარავს კომპლექსებს, ფორმებს. სამოსი ძირითადად ნიღაბია. ტანსაცმლის სწორად გამოყენება ძალიან ცოტამ იცის და შესაბამისად...

ჯობია, რომ შიშვლები ვიყოთ?

რა თქმა უნდა.

რას ვეტყოდი თქვენს მკითხველს?
მოდი ვიყოთ შიშვლები ერთმანეთის წინაშე.

 

მაია ქურციკიძე

გაეროს ბავშვთა ფონდი
კომუნიკაციის სპეციალისტი

მაია ქურციკიძე

ერთ ბიჭს ვიცნობ, ქუჩაში ათევდა ღამეს, მათხოვრობით გადიოდა ფონს, როგორც ვიცი, მძიმე ოჯახური მდგომარეობა ჰქონდა, მაგრამ საჭირო მომენტში, როცა სპეციალისტების მობილურმა ჯგუფმა სთხოვა, ქუჩაში მცხოვრები ბავშვების იდენტიფიცირებაში დაგვეხმარეო, ეყო ძალა, გარედან დაენახა თავისი თავი და გარემო, სადაც ტრიალებდა, ამ საქმეში ჩაერთო და აღმოჩნდა მოვლენების სულ სხვა მხარეს – თავისნაირი ბავშვების დახმარება დაიწყო. დღეს ამ ბიჭს სამსახურიც აქვს და ძალიან საინტერესო პროექტებს უკვე დამოუკიდებლად აკეთებს. მისნაირ ადამიანებს პირადად რომ ვიცნობ, ძალიან მეხმარება ყველაფერში. თავისუფლების მაძიებელი ადამიანები, ადამიანები, რომლებსაც საკუთარ თავში ჩაღრმავება და აღმოჩენები ხიბლავთ და ამავდროულად მოსწონთ გარესამყაროს კვლევა, საინტერესო საქმეების კეთება, ჩემი შთაგონების წყაროა. ჩვენ ჯერ კიდევ პოსტსაბჭოთა საზოგადოება ვართ, ბევრ ადამიანს აქვს განცდა, რომ არაფრის გაკეთება არ შეუძლია, რომ სხვაზე უნდა იყოს დამოკიდებული. ასეთები სულ ელიან ვიღაცას, ვინც მოვა და მათ პრობლემებს გადაჭრის. ამ ფონზეა სწორედ ჩემთვის საინტერესო ადამიანები და მათი შესაძლებლობები; ბავშვები, მათი ოცნებები და ფიქრი იმაზე, თუ როგორი გარემო უნდა შევუქმნათ მათ თვითგამოხატვისთვის, წინსვლისთვის.

თანაბარი შესაძლებლობები ყველასთვის, წვდომა განათლებაზე, შეღწევა მარგინალიზებულ წრეებში და მათში იმ უნარის აღმოჩენა, რომ დიახ - ცხოვრების თავიდან დაწყება ყველგანაა შესაძლებელი.

 

დარე ექვთიმიშვილი

Luca Polare
პროდუქციის მენეჯერი

დარე ექვთიმიშვილი


ბავშვობა არის ჩემი ყველაზე ძლიერი ინსპირაცია. ეს ჩემი სამყაროა, ჩემი სიმდიდრე.

როცა ახალი ნაყინის გაკეთებას ვიწყებ, ბავშვობის გემოებს და სუნებს ვიხსენებ. როგორი ხილის და კენკრის ნაყინი არ გამიკეთებია. ყველას ვერც ჩამოვთვლი. ლუკა პოლარეს ვიტრინა ფერების და გემოების სიჭრელით ჩემი ბავშვობის საახალწლო ხონჩას მაგონებს: ბებიაჩემი გადაშლილ გობზე ჩამოალაგებდა, თუკი სახლში რამე გემრიელობა იყო: ჯერ საგანგებოდ გამომცხვარ ფორმამიცემულ ცომეულს დადებდა – ეს კრუხ-წიწილაო, ეს ბასილაო, ეს ძროხის ცურის ფორმისაო, მერე შემოულაგებდა ათასგვარ ტკბილეულს: სხვადასხვანაირ ჩირს, მურაბას, ჩურჩხელებს, გოზინაყს, ხილს. შუაში აუცილებლად პატარა თასით თაფლს ჩადგამდა. გოზინაყის გარეშე ბავშვობა რა არის? აქედან მოვიდა ჩვენი ყველაზე საახალწლო გემო – გოზინაყის ნაყინი. რიტუალია ერთგვარი. გადაივლის ახალი წელი და გოზინაყის ნაყინიც გაქრება. გაზაფხულზე ახალი გემოების ჯერი დგება. ამ დროს ჩემს სოფელში გადაპენტილია მინდვრები და ხევისპირები იებით და ფურუსულათი, არ დაიჯერებთ – კვირტების ტკაცუნის ხმა ისმის. ისე მომინდა ეს სურნელი გადმომეცა, რომ ამ ქალაქშიც ნამდვილი სოფლის გაზაფხული მოსულიყო, ყვავილების ნაყინები დავტესტე – აკაციის ყვავილის ნაყინი, ცაცხვის ყვავილის ნაყინი, იის ნაყინი! საიდან მოდის ეს ყველაფერი, თუ არა იქიდან, ჩემი ბავშვობის ჩვევებიდან – ხის კევებს რომ ვწიწკნიდით? ესაა, რაც ენერგიას მაძლევს და მაცოცხლებს. მაშინ დავბერდები, როცა ჩემი ბავშვობის ფერებს და გემოებს ვეღარ გავიხსენებ.

ნინო შარაბიძე

ტელეკომპანია GDS
თეატრის რეჟისორი

რას ვაძლევ ყველაზე ხშირად ადამიანებს?
სურვილს, რომ გული გადამიშალონ.

ნინო შარაბიძე

ისეთ რაღაცებს მეუბნებიან ხშირად, საკუთარ თავს რომ ძნელად გამოუტყდები. ეტყობა, კარგი მიმღები ვარ. მაგრამ მე ადამიანებისგან უფრო მეტი მინდა, აღმოჩენები მინდა, სიახლეები. საინტერესო ადამიანების გაცნობა ისევე მავსებს, როგორც – მოგზაურობა, კარგი სპექტაკლის ნახვა და კარგი წიგნი. ამ ყველაფრით გავდივარ ფონს ყოველდღიურობაში. მამშვიდებს და მომწონს ის, რომ საკუთარ თავს ვამჩნევ – აღფრთოვანების უნარი არ დამიკარგავს – სულ შემეძლო და ახლაც შემიძლია უცებ გადამედოს სხვისი სიხარული, აღმაფრთოვანოს ახალმა ადგილმა, იდეამ და ჩანაფიქრმა. თუმცა, რაც წლების სვლასთან ერთად აღმოვაჩინე, ისაა, რომ ბუნებასთან კონტაქტი გახდა ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იმის პარალელურად, რომ ქალაქი, რომელშიც ვცხოვრობ, ძალიან გაუცხოვდა. ბუნებაში სიმშვიდეა, ფიქრია და სამოგზაურო და სასიცოცხლო ძალების მოკრებაა. რა გინდაო – ამ კითხვაზე – თუ აქამდე ვპასუხობდი, მინდა ჩემი სახლი ავაშენო-მეთქი, ახლა ვპასუხობ, რომ მინდა შთაბეჭდილებებით ავივსო, ყველაფერი მოვასწრო, რისი განცდაც და გაკეთებაც მინდა, რადგან ყოველი დღის ბოლოს ვგრძნობ ხოლმე, რომ აი, კიდევ ერთი დღე გავიდა.

ირაკლი არეშიძე

ბარი „მოზაიკა“

ირაკლი შარაბიძე

დაახლოებით 10 წელია ამ ამბავში ვარ. იყო დრო, როცა მეგონა, რომ აკადემიური კარიერა უნდა მქონოდა. უნივერსიტეტში ჩავაბარე – სოციოლოგიაზე ვსწავლობდი. საზღვარგარეთაც წავედი, მედიასკოლაშიც ვისწავლე, მაგისტრატურაზეც ჩავაბარე – პოლიტიკის ანთროპოლოგიაზე. საგამოძიებო ჟურნალისტიკაშიც ვმუშაობდი ცოტა ხანი. მაგრამ მივხვდი, რომ არაფერი არ მიდის ისე, როგორც უნდა მიდიოდეს. არ ვიცი, მშობლები, თუ კულტურა, თუ ხალხი რაღაცას გვიდებს თავში, ან ჩვენ თვითონ ვიგონებთ ვიღაც ტიპს, როგორიც გვინდა რომ ვიყოთ და მერე უცბად აღმოჩნდება, რომ საერთოდ არ ვიცით ვინ არის ის.

უნივერსიტეტში ერთი ლექტორი გვყავდა, ძალიან ჭკვიანი ქალი იყო, მაგრამ თუ რამე კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა, პირდაპირ ამბობდა: ეგ საიდან უნდა ვიცოდეო. მერე მივხვდი, რომ არ არის აუცილებელი ზუსტად იცოდე, ვთქვათ, რომ გინდა გახდე სახურავის შემკეთებელი. საიდან უნდა იცოდე, თუ არასდროს არ გააკეთებ ამას? აღარ უსვამ მერე შენს თავს ასეთ დიდ კითხვებს. ცხოვრებასთან და ადამიანებთან კონტაქტში ნელ-ნელა რაღაცებს პოულობ. მე მივხვდი, რომ ესაა ჩემი საქმე და ამან გამათავისუფლა.

ეს კაფე ჩემი გადაწყვეტილება იყო და ზუსტად ვხედავდი ადამიანებს, ვინც აქ ივლიდა. მომწონს უცხოებთან ურთიერთობა, ნაკლები მოლოდინები აქვთ შენგან. ძალიან მინდოდა, ოღონდ არ ვიცი ეგ როგორ მოხდა, რომ მარტოც მოსულიყო ადამიანი კაფეში. ნაკლებად არის მგონი ჩვენთან ეგ კულტურა და რომ ვხედავ, ძალიან სასიამოვნოა. აი, ეგ იძლევა ზუსტად ინსპირაციას. ორწუთიანი კომუნიკაციით, არაფერზე რომ არ ილაპარაკებ, მარტო „ჭიქა მომაწოდე“, „წყალი დამისხი“, ზოგჯერ დგება ძალიან მარტივი კავშირი, რომელიც უფრო ძლიერია, ვიდრე რომ დაჯდება და მთელი საღამო გულს გადაგიშლის – რა დრამებშია ცხოვრებაში.

არა, ისე ვლაპარაკობ, ვითომ რამე განსაკუთრებული გავაკეთე. უბრალოდ მივხვდი, რომ უნდა უსმინო საკუთარ თავს, დაივიწყო, რასაც ეს კულტურა გარედან გაძალებს... და თუ შეძლებ, რომ კონტექსტი რაღაცნაირად გაარღვიო, შენს პატარა მოზაიკასაც გააკეთებ ცხოვრებაში.

და ის, რაც შენ მოგწონს, ყველასთვის მაგარია,
შენთვისაც, ქვეყნისთვისაც და საზოგადოებისთვისაც.

 

ნათია მიქელაძე

თბილისის გოეთეს ინსტიტუტი
პროგრამების კოორდინატორი

ნათია მიქელაძე

ორი ძირითადი საქმე მაქვს – დღის და ღამის. დღისით, უკვე 20 წელზე მეტია, თბილისის გოეთეს ინსტიტუტში, პროგრამების განყოფილებაში ვმუშაობ, საინტერესო უორქშოფებს, გამოფენებს თუ კინოჩვენებებს ვგეგმავ და ვაწყობ. მეორე, „გვიანი ღამის“ საქმიანობა კი, ქართული ლიტერატურის თარგმნაა გერმანულად. ამ ყველაფრისთვის ძალა და მუხტი რომ მეყოს, მთებს და ბუნებას მივმართავ ხოლმე. შემიძლია უსასრულოდ ვიბორიალო, მარტომაც და ოჯახთან ერთადაც – ეს კიდევ სხვა სიამოვნებაა, ჩემი ქმარი ყოფილი ალპინისტია და ბავშვებთან ერთად მთელი საქართველო მოვიარეთ. მაგრამ ახლა, თუკი ოფისში ვზივარ და გარეთ გასვლის საშუალება არ მაქვს, მალ-მალე მაინც ვაპარებ ხოლმე თვალს მახათას მთის ფერდობისკენ, და მერე უფრო შორს – კავკასიონისკენ. ჩემი ერთი სიყვარული ხომ სწორედ კახეთიდან დანახული კავკასიონია. გომბორზე რომ გადავდივარ... ვამბობ, რომ ჩემს მშობლიურ მხარეში გადავედი, მიუხედავად იმისა, რომ სოფელი არსად მაქვს საქართველოში. ასეა ნამდვილად – რაც უფრო მეტი საქმე გაქვს, მით უფრო მეტს ასწრებ. სამსახურს და თარგმნას რომ თავი დავანებო, ბავშვების გაზრდაზე მივხვდი ამას. ჯერ მყავდა ერთი, მერე მეორე... სულ ვფიქრობდი: ვაიმე ახლა მესამე გაჩნდება და როგორ უნდა მოვასწრო, და აი, გაჩნდა მესამე, მერე – მეოთხე და მაინც შევძელი, გადამეწყო რეჟიმი, მეფიქრა იმაზე, თუ როგორ გადავუნაწილო ყურადღება ყველას ისე, რომ თითოეულმა მათგანმა იგრძნოს – მასთან ერთად ვარ და მაინც მოვიტოვო დრო ჩემი გატაცებებისთვის. ხშირად ვდგავარ ხოლმე ამ არჩევანის წინაშე – ვთარგმნო თუ წავიკითხო სიამოვნებისთვის? რადგან ორივესთვის დრო ხშირად არ არის, მაგრამ ამის საშუალება საკუთარ თავს თვითონ თუ არ ვაჩუქე, სხვა არავინ მაჩუქებს.

ვცდილობ, შეიძლება ყველაფერი არ გამომდის, მაგრამ ვცდილობ მაინც კარგ დედობას, კარგ მეუღლეობას, კარგ მოქალაქეობას და კიდევ, რაც შეიძლება ადამიანი იყო.

ლინა ღვინიანიძე

EMC
უფლებადამცველი

ლინა ღვინიანიძე

EMC-სთან ერთად გავიაზრე ბოლომდე, რას ნიშნავს რეალურად უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრება, რას ნიშნავს იყო სრულიად განდევნილი საზოგადოებრივი ცხოვრებიდან. ეს არის, რაც მამოძრავებს – ჩაგვრა, რომელიც ვიცი, ყველგან არსებობს. ვიცი, რომ სისტემურია და ეს ძალადობრივი სისტემა საზოგადოებაში ძალიან ღრმა ნაპრალებს აჩენს. ჩაგვრის მასშტაბის, მისი მუდმივობის გააზრებაა ჩემი მამოძრავებელი ძალა.

საწარმოებში, მაღაროებში დასაქმებულ ადამიანებთან, უსახლკაროებთან, შშმ პირებთან ყოველდღიური კონტაქტი მაქვს და ვიცი, რომ მათ უამრავი გამოწვევა აქვთ. ძალიან ბევრს მაძლევს მათთან ურთიერთობა, მათი ყოველდღიურობის დანახვა ძალიან ახლოდან. მე უბრალოდ ვცდილობ, მათი პრობლემების პოლიტიზებას შევუწყო ხელი, მათი საკითხები პოლიტიკურ დღის წესრიგში რომ დადგეს.

ხანდახან სრულიად სასოწარკვეთილი ვარ ხოლმე, რადგან ვხედავ, რომ არაფერი შემიძლია ერთჯერადი დახმარების გარდა. იმდენად სისტემურია მიზეზები, რის გამოც ადამიანი ამ მდგომარეობაში აღმოჩნდა. და ასეთი დილემის წინაშე დგები – საით მიმართო შენი ენერგია: სისტემური გარდაქმნისთვის დაიწყო ბრძოლა, თუ ერთჯერად ქველმოქმედებას დასჯერდე? ხანდახან, თუ იმ დღესვე არ გადაარჩინე სიცოცხლე, ცვლილება მას, ხვალ და ზეგ ვეღარ მოუსწრებს.

როგორც აქტივისტი, მუდმივად ამ არჩევანის წინაშე დგახარ: როდის წამოიწყო ბრძოლა ცვლილებისთვის და როდის გააკეთო ის, რასაც მარტოც მოერევი - მიმართო ქველმოქმედებას, რომ ადამიანებს უბრალოდ, გადარჩენის შანსი მისცე.

 

მარიამ ზალდასტანიშვილი

მხატვარი, გრაფიკოსი

მარიამ ზალდასტანიშვილი

ახალ და ძალიან საინტერესო საგანს ვკითხულობ ჯიპაში - შემოქმედებითი ინფოგრაფიკა ჰქვია.

ერთმანეთისგან დამოუკიდებელი რამდენიმე პროექტიც მაქვს. მათ შორის ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანია ბოტანიკური ბაღის საიუბილეო მონოგრაფიული გამოცემა. მუშაობის ძალიან ორგანიზებული რეჟიმი მაქვს. გავრცელებული თეორიაა მხატვრობაზე, თითქოს განყენებული პროფესიაა, ბოჰემაა და მუზებთან მუდმივი ჭიდილი. არადა ჩვეულებრივია, ისეთი როგორიც, სიტყვაზე ექიმობა. ან შეიძლება მე ვარ ასეთი ტიპი: არ მიყვარს არეულობა სახლოსნოში, დედლაინი ჩემთვის წმიდათაწმინდაა და მუზასაც არასდროს ველოდები. ჩანაწერების რვეული მაქვს. ვთქვათ, ქუჩაში რაღაცას დავინახავ, ჩავინიშნავ და მერე აუცილებლად გამოვიყენებ. ბელგიაში სწავლისას გვქონდა სადიპლომო ნამუშევარი, კომიქსები თემაზე – ყოველდღიურობა. საერთოდ არ დამჭირვებია ბევრი ფიქრი რა უნდა გამეკეთებინა: ჩანაწერებიდან, რომელსაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას ვაკეთებდი უამრავი იდეა მოვიდა: აი, მაგალითად, პიკის საათებში, როცა მეტროს ვაგონი გაჭედილია, არავინ ფიქრობს ვის მიეტკეპნება და ჩაეხუტება, ოღონდ მიზნამდე მივიდეს. ზოგჯერ დავფიქრებულვარ – ასე რომ მიეწებო ვიღაცას თუნდაც ბაქანზე, ორი ნაბიჯის იქეთ სივრცეში ხომ წარმოუდგენელია და უხერხულიც კი. არადა ვაგონში რა ჩვეულებრივი ამბავია. საერთოდ, წიგნთან და გამოცემებთან მუშაობა გამორჩეულად მიყვარს და ხარისხიანი გამოცემაც განსაკუთრებით მეძვირფასება. ხარისხიანს ძალიან უჭირს არსებობა, თუ მკითხველმა არ გამოიჩინა ინიციატივა, არ წაეხმარა, ის ვერ იარსებებს. იმის გააზრება, რომ ხარისხიანი პროდუქტის არსებობა–არ არსებობა ხშირად სპონსორზეა დამოკიდებული ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, თითქმის ტრაგიკული ამ სფეროში.

 

თამარ მშვენიერაძე

საზოგადოებრივი მაუწყებელი, გადაცემა „რეალური სივრცე“
პროდიუსერი / რეპორტიორი

თამარ მშვენიერაძე

ხშირად დავდივარ მივლინებებში და სულ ვამბობ, რეგიონებში პულიცერის პრემიის ხარისხის თემებია-მეთქი. იქ მოსასმენად უნდა ჩახვიდე. ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანებს, ვინც გვხვდებიან, ლაპარაკის საშუალება მისცე. დრო კი არ დაუთვალო და თემიდან გადახვევისას შეაჩერო, არამედ უსმინო, რომ სხვა ამბებსაც მოგიყვნენ. აი, ამ კომუნიკაციით ვიღებ ინსპირაციას. ამ ხალხმა ზუსტად იცის, რა უნდა და იცის, როგორ უნდა მოგვარდეს მათი პრობლემები, შენ, უბრალოდ, ამბის მიტანას გთხოვენ, და ეს უნდა შეუსრულო.

...უფრო ხშირად პარადოქსული ამბები გვხვდება, შეიძლება ისე დაირღვეს ადამიანის უფლებები, რომ გაოგნდები, მაგრამ მოდით იმას გიამბობთ, რამაც, ბოლო დროს, გულწრფელად გამაოცა.

მოკლედ, ზემო აჭარაში ვიპოვე ადგილი, რომელსაც ღომას მთა ჰქვია. იქ იაილები – საზაფხულო საძოვრებია. ისტორიულად ასე იყო: გვიან გაზაფხულზე, ქალები, ბავშვებთან ერთად მიერეკებიან საქონელს სულ ზემოთ მთებში, საძოვრებზე, სადაც ხის ულამაზესი სახლები დგას. ოჯახები ორად იყოფა: ქმრები ქვემოთ რჩებიან, სახლები რომ დაიცვან, ქალებს კი ბლომად საქმე უგროვდებათ: საქონელი ზაფხულში არაჩვეულებრივად იწველება, ათასნაირ რძის პროდუქტს ამზადებენ. ორი წლის წინ, იქ ერთი, ასე 90 წლის აჭარელი ქალი გავიცანი. იაილებზე წასვლას ჩვენს დროში მარტოობის 6 თვე ერქვაო, მითხრა. ქალები მუშაობდნენ, აბოლებდნენ თუთუნს, თამადობდნენ და ქმართან შეხვედრას ელოდებოდნენო, ამან გადაარჩინა აჭარული ოჯახები, ტკბილმა შეხვედრებმაო. და მივხვდი, რომ ეს ექვსი თვე მათთვის ფიქრის, სრული გათავისუფლების, მარტოობის დროა, ადამიანებს თავიანთი ცხოვრების გააზრების და დისტანციიდან დანახვის საშუალებას რომ აძლევს.

სულ მახსენდება ეს მოხუცი და წარმოვიდგენ, რომ სადღაც ზის ქალი და ჩუმად აბოლებს თუთუნს, თავისი მარტოობის 6 თვის გალევას ელოდება, რომ მერე ყველაფერი ისევ თავიდან დაიწყოს. 

ფოტო: ხატია (JUDA) ფსუტური

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა