გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ახალი კანის რეცეპტი | ინტერვიუ კენძი სირატორისთან

კენძი სირატორი საკულტო მწერალია იაპონიის ქალაქ ჰოკაიდოდან. ”მისი წერის სტილი არა მხოლოდ ანგრევს ტრადიციას, არამედ წყვეტს ყველანაირ ძაფს მასთან” - წავიკითხავთ ავტორის გუდრიდსის პროფილზე, სადაც მის ტექნიკას მოიხსენიებენ უილიამ ბეროუზის და ანტონინ არტოს გვერდით. 

დახასიათებაში შემდეგ ვკითხულობთ: “ითავისებს რა ციფრული ეპოქის გამოსახულების ქაოსს, მისი დაუნდობელი პროზა ალოგიკურია და ექსტრემალური, ავანგარდული და დაბნეული, ის უპირატესობას ანიჭებს არეულ გამოსახულებას, რიტმს და ექსპერიმენტს და არა უბრალოდ სწორხაზოვან ნარატივსა და პერსონაჟების განვითარებას”.  

დილა (ზურა ჯიშკარიანი) ცოტა ხნის წინ ესაუბრა მწერალს, რომლის რომანი Blood Electric, გამოცემული Creation Books-ზე, აღიარებული და მოწონებული იყო დენის კოპერის და დეივიდ ბოუის მიერ. 



დილა: ჯონ ლილი თავის წიგნში “ადამიანის ბიოკომპიუტერის პროგრამირება და მეტაპროგრამირება” ამბობს: “ყველა ადამიანი, რომელმაც მიაღწია ზრდასრულ ასაკს არის დაპროგრამებული ბიოკომპიუტერი. არცერთ ჩვენგანს არ ძალუძს გაექცეს ჩვენი პროგრამირებადი არსების ბუნებას. ყველა ჩვენგანი შესაძლოა არის მხოლოდ ჩვენი პროგრამები, არც მეტი, არც ნაკლები. იმის მიუხედავად, რომ ხელმისაწვდომია პროგრამების დიდი მრავალფეროვნება, უმეტეს ჩვენგანს მხოლოდ ლიმიტირებული რაოდენობის პროგრამები გაგვაჩნია”.

რა ტიპის ბიორობოტია კენძი სირატორი და რა არის მისი მთავარი პროგრამები?

კენძი სირატორი: ამ გაგებით, მე ვარ წამკითხველი აპლიკაცია და მწერალი აპლიკაცია, რომლებიც ყოველთვის განახლების პროცესში არიან. ბოლო წლებში მე ამას მივიჩნევ ცოცხალი სულის დაფიქსირების მოდულად ორგანოების ონლაინ ვაჭრობაში. და გვამები წვალობენ არამკვდარ ადგილებთან ერთად - რაც ამ მოდულის შემდგომი განვრცობაა ინტერპლანეტარულ პროტოკოლში.

დილა: უილიამ ბეროუზმა ერთხელ თქვა, რომ ლიტერატურა იმისთვის არსებობს, რომ შეგვატყობინოს მოახლოებული საფრთხის შესახებ. რა როლი აქვს ლიტერატურას შენი აზრით?

კენძი სირატორი: თუ ლიტერატურას რაიმე როლი აქვს თანამედროვე დროში, ვფიქრობ, ეს არის არა-ადამიანზე-დაფუძნებული წამკითხველი აპლიკაციების შექმნა. 

დილა: შენი ნაწერები ხანდახან ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებენ თითქოს ისინი მანქანამ შექმნა, ზოგჯერ კი პირიქით, თითქოს იგრძნობა რომ შენ გსურს სიტყვებს მიღმა გახვიდე. ასეა? როგორია შენი წერის პროცესი და სად იღებ ინსპირაციას?

კენძი სირატორი: ჩემი წერა არის სხვადასხვა კანის შექმნა და ის ჰიპერთანამედროვეა. ახლა, ჩემი წერა დასრულებული იქნება როდესაც ცოცხალი სულების დაფიქსირებით კვლავ ავითვისებ ახალი კანის რეცეპტს. 

დილა: ესეიში “კიბერნეტიკა და აჩრდილები” იტალო კალვინო საუბრობს “ლიტერატურულ მანქანებზე” - მანქანებზე, რომლებიც აგენერირებენ ლიტერატურულ ტექსტებს, ის ამბობს: “ნამდვილი ლიტერატურული მანქანა იქნება ის, რომელიც შინაგანად იგრძნობს მოთხოვნილებას აწარმოოს უწესრიგობა, როგორც რეაქცია მის მიერვე მანამდე წარმოებულ წესრიგზე: მანქანა, რომელიც აწარმოებს ავანგარდულ საქმიანობას, იმისათვის რომ გაათავისუფლოს საკუთარი სქემები, რომლებიც გადაიწვნენ კლასიციზმის ზედმეტად დიდი ხნით წარმოებისგან. თუ დავაკვირდებით ძვრებს კიბერნეტიკაში, ჩვენ ვუახლოვდებით მანქანებს, რომელთაც აქვთ დასწავლის უნარი, აქვთ უნარი შეცვალონ საკუთარი პროგრამები, შეუძლიათ განავითარონ საკუთარი შეგრძნებები და საკუთარი მოთხოვნილებები, არაფერი გვიშლის ხელს რომ წარმოვიდგინოთ ლიტერატურული-მანქანა, რომელიც დროის რაღაც მომენტში გრძნობს უკმაყოფილებას საკუთარი ტრადიციონალიზმით და იწყებს წერის ახალი გზების შემოთავაზებას, ამით კი საკუთარ კოდებს ყირამალა აყენებს”

ფიქრობ თუ არა რომ ლიტერატურაზე “გამოზრდილ” ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ლიტერატურული შედევრების შექმნა და ჩაანაცვლებს თუ არა ის ადამიან ავტორებს? თუ, შესაძლოა რომ მათ მშვიდობიანად თანაიცხოვრონ?

კენძი სირატორი: ვფიქრობ მნიშვნელოვანია რომ არა-ადამიანიდან პოსტადამიანურისკენ გადავინაცვლოთ, ისე რომ ადამიანები აღარ გახდებიან პოსტჰუმანურები და უფლებამოსილებას გადასცემენ არა-ადამიანს. ხელოვნური ინტელექტი შექმნის ლიტერატურულ შედევრს, მაგრამ არ არის აუცილებელი რომ ეს მომავლის ლიტერატურად მივიჩნიოთ. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, წამკითხველი აპლიკაციები არ არიან ყოველთვის ადამიანები. 

დილა: ჩვენ ვუახლოვდებით ეპოქას სადაც ადამიანები შესაძლოა ჰიბრიდულ ფორმებად გადაიქცნენ: “ატვირთული” ცნობიერებები, კიბორგები, კოსმოსში მფრინავი რობოტები ადამიანური გონებით სქემებში, საიქიო ვირტუალურ რეალობაში, სხვა პლანეტების კოლონიზაცია.. როგორ გამოიყურება მომავალი შენთვის?  გადავიქცევით ახალ სახეობად თუ სრული განადგურება გველოდება?

კენძი სირატორი: მომავალი ყოველთვის დგება. მგონია რომ ნებისმიერი სქემა, რომელიც მიმართულია ადამიანიდან პოსტადამიანისკენ - კოტრდება, როგორც ხორცის ბლოკჩეინ ჰორორი. ზემოხსენებული კავშირი გადადის არა-ადამიანისკენ, სხეულის საწყისი ქრება, ხოლო თვით სული გრავიტაციისგან თავისუფლდება. 

დილა: სამი საკითხავი, რომელსაც გვირჩევს კენძი სირატორი?

კენძი სირატორი: თუ ქივორდებით წარმოვადგენთ, მაშინ: Will Bernardara Jr,  Mika და Evan Isoline. 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა