სიყვარული ბრუტალურია | ინტერვიუ ტომას ვინტერბერგთან
ინდიგო: თქვენ თქვით, რომ „კომუნას“ ინსპირაცია თქვენი ბავშვობა და რეალურ კომუნაში გატარებული წლები იყო.
ასეა. 19 წლამდე, მშობლებთან ერთად, კომუნაში ვცხოვრობდი კოპენჰაგენში. ბავშვობა შიშველი სხეულებისა და მომღიმარი სახეების გარემოცვაში გავატარე. ირგვლივ უამრავი საინტერესო ადამიანი ტრიალებდა, ყველა თავისებური და განსხვავებული იყო, მაგრამ მაინც ახერხებდნენ თანაცხოვრებას. თუმცა, ფილმი ავტობიოგრაფიული მაინც არ არის, უფრო ჩემ შეგრძნებებზეა.იმ პერიოდმა განსაზღვრა ჩემი ცხოვრება, ძალიან ბევრი მომცა - დადებითიც და უარყოფითიც.
ინდიგო: იცხოვრებდით დღეს კომუნაში, შანსი რომ გქონდეთ?
არა,ბევრი მიზეზის გამო. დავიწყოთ იმით, რომ პროფესიიდან გამომდინარე, იმდენ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა, პერიოდულად ხალხმრავალ ადგილებზე ალერგია მემართება. კომუნაში ცოხვრება უკვე მეტისმეტი იქნებოდა. თან, ოჯახი მყავს და მირჩევნია რაღაც პრივატულობა მქონდეს. კომუნაში 13 გავატარე, მეტი აღარ მინდა. თუმცა, სხვებს მაინც ვურჩევდი ამის გაკეთებას.