ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #მუსიკა

ირაკლი ჩარკვიანი “ცალფეხშიშველი ბავშვის” მიხედვით | ნესტან ნენე კვინიკაძე

ვარ!

ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედების არქიტექტონიკა საშუალებას გვაძლევს არტისტზე, როგორც პოეტზე, პროზაიკოსზე და მოქალაქეზე ვისაუბროთ. მაგრამ რატომღაც, ირაკლის გახსენება მხოლოდ ერთი მოთხრობის მიხედვით მსურს.

“ცალფეხშიშველი ბავშვი” (კრებულიდან ძველი სათამაშოები) მემუარული ტექსტიცაა და იმავდროულად, უჩვეულო გამოგონილი პერსონაჟების და ამბების სცენაც.

11 ფურცლიანი ტექსტი მთელ ეპოქას მოიცავს. ქალაქს, სოციალური კონტექსტიანად; ადამიანებს, მარტოობის განცდას და დიდი ცხოვრების ერთგვარ ინტროს.

მოთხრობა იმ ნახატს ჰგავს, რომლის მიხედვითაც ფსიქოლოგები ბავშვის პორტრეტს ადგენენ.

ბიჭი მაღალყელიანი წინდებით, მოკლე შარვალს მიკერებული სამაგრებით, უხეში ტყავისაგან შეკერილი, დიდი ზომის სანდლებით და ბიძის ნაქონი თეთრი პერანგით გვევლინება. მისთვის ფეხსაცმელს ყოველთვის ორი ზომით დიდს ყიდულობდნენ. “ყოველდღე იზრდები, ხვალ პატარა გექნება” - ამბობდა ბაბუა. პარასკევ საღამოს კი როგორც წესი, თმის გასაკრეჭად მიჰყავდათ. პოლუბოქსი? ეკითხებოდათ დალაქი სუსანა.

ნახატზე ჩანს ბაბუა თეთრი ცილინდრით და ბებია, რომელსაც ფერადი ტელევიზორის ყიდვას სარეცხი მანქანის შეძენა ურჩევნია. ჩანს მძღოლი ამირანი, შავი “ვოლგა”  ვერცხლისფერი ემბლემით და მანქანის მთავარი აქსესუარი ნიკელის ირემი.

კვირას, დილის საცირკო წარმოდგენაზე ბიჭი ბაბუასთან ერთად ლოჟაშია მოკალათებული. შორიდან ადევნებს თვალს ჟღალთმიან მასხარას, რომელსაც სასტარტო პისტოლეტი უჭირავს და ამფითეატრის პირველ რიგებში მსხდომთ უმიზნებს. ბიჭს იმ ბავშვების შურს პირველ რიგში უშიშრად რომ იცინიან, თავად კი ყურებს თითებით იცობს- “მეშინოდა დაქუხების”.

“ჩვენგან შორს, ამფითეატრის პირველ რიგებში, მანქანის ფანჯრებს მიღმა, უშიშარი, მხიარული ხალხი ცხოვრობდა”, - ამბობს ნარატორი. 

ნიკელის ირემდაწეპებული “ვოლგით” სეირნობა ბავშვისთვის სასიამოვნო თავგადასავალია, მაგრამ ამ ბავშვში მცხოვრები დიდისთვის, საშინლად კლაუსტროფობიული, ძველი და გულისრევის გამომწვევია საყვარელი ბაბუის ავტომობილი: “ახალ მანქანაში გული აღარ მერეოდა, მაგრამ ბებიას მაინც თან ქონდა ქაღალდის პარკებიო” - ვკითხულობთ მოთხრობაში.

სხვადასხვა დროს, ერთნაირი სიმძაფრით აღვიქვამდი მელიქიშვილის და ამჟამინდელი ტატიშვილის ქუჩების კუთხეში მდებარე, დღეს უკვე არ არსებული, ბოსტნეულის მაღაზიას.

დედაჩემს ვეხვეწებოდი ბოსტნეული სწორედ იქ ეყიდა, რადგან ეს ჯადოსნური ვიტრინა, რომელზეც წყალი მოედინებოდა საუცხოო შთაბეჭდილებას ახდენდა.

ამ მოთხრობის ნარატორსაც სწორედ იმ ბოსტნეულის მაღაზიაში უნდა მუშაობა: “ვიტრინა, რომელზეც წყლის ნაკადულები ჩამოდიოდა, წვიმაზე უფრო ლამაზი იყო. ბოსტნეულის გრილ მაღაზიაში, მიწაში გათხვრილი კარტოფილის და არაქისის სუნი იდგა. მეგონა, ჭერის კუთხეში, საიდანაც შუშის ვიტრინა იწყებოდა, გოლიათი იწვა და ტიროდა. ყველა ჩემი ასაკის ბავშვი მფრინავობაზე და კოსმონავტობაზე ოცნებობდა იმ დროს.”

იქნებ იმიტომ მოსწონდა, რომ უძრავ ქალაქში ეს ერთადერთი მოძრავი კედელი იყო. წინააღმდეგობრივი, იდუმალი ინსტალაცია.

იდუმალი რჩება ბაბუას კაბინეტიც და მისი თეთრი ცილინდრიც.

მთელი ეზო პატარა ბიჭის თვითმკვლელ ბაბუაზე ლაპარაკობდა. გულნატკენი ბავშვი ვერ იჯერებდა,  რომ  ეს რეალობა იყო. “ბაბუა ისევე არ არსებობდა, როგორც მისი ვერცხლისფერი პისტოლეტი… მედეა ნათლიაშვილი”. მედეა ნათლიაშვილი ამ მოთხრობის კომიკური და ენიგმური პერსონაჟია.

შემდეგ, პირველ კლასში შესვლის დრო დგება. სკოლაში პირველად მისვლის განცდები გზიდან იწყება. სანამ უცხო სამყაროს მიუახლოვდებოდა, სანამ ბებიისთვის ეკიდა ხელი მშვიდად იყო.  შემდეგ პირველი „ბ“ კლასის ბავშვებთან დააყენეს, მასწავლებელი გაეცნო, სია ამოიკითხეს და ნარატორმა დიდი ტკივილით თქვა “ვარ”. შემდეგ, ჰკითხეს მშობლები სად მუშაობენო, ალჟირში, - უპასუხა. ნარატორი ხვდება, რომ აქ, ამ უცხო ადამიანებით სავსე სივრცეში თავისებური წესებია, ეტიკეტი მუშაობს და ბევრი რამ აკრძალულია.

“ნუ, მეხებით”  - ეტყვის ბიჭი პირველი კლასის პირველ დღეს პირველივე მასწავლებელს, რომელიც მის დამშვიდებას ცდილობს.
“რამდენიმე წამი ბავშვებით გაჭედილ ეზოში ვიდექი. ბებია იქ არ იყო, თვალს ვადევნებდი, როგორ დარბოდნენ და იცინოდნენ ლოყაწითელი, მხიარული მოსწავლეები. არც ერთი მათგანი არ იყო ჩემსავით მტირალა და მარტოსული"…
პირველკლასელი, კედელთან მდგარ ცისტერნაზე აცოცდა და კიბეს დაეკიდა.  ზემოთ აძვრა. გაისმა უცნობის ხმა: ბიჭი, ბიჭი, “მაგრამ ეს ხმები კიდევ უფრო მმატებდა ძალას და უფრო ზევით მიზიდავდა”.

იმ დღეს მისთვის უცნობი ძალა ცისკენ ექაჩებოდა.” სად მიძვრები?” კაცი მეგაფონში ყვიროდა.
“ჭიანჭველების ბუდეს ჰგავდა ხალხით სავსე სკოლის ეზო. რკინის მილებს ჩაჭიდებული, თვალცრემლიანი დავცქეროდი უკაცრიელ სახურავებს, თბილისს, მთელ მსოფლიოს… არავინ იყო ჩემს გარშემო, მხოლოდ ქვევით, მწერებივით ფუსფუსებდნენ ადამიანები. თავებს აქნევდნენ, მადანაშაულებდნენ, ხელებს ჩემსკენ იშვერდნენ, მიყვიროდნენ”.

“არ მომეკაროთ”! - ყვიროდა ბიჭი.

“ძველი სათამაშოების” სხვა მოთხრობებშიც, სულ სხვა მოცემულობებსა და პერსონაჟებში გამუდმებით ირაკლის ვეძებთ, თითქოს ჩვენი, მკითხველის მზერა მხოლოდ მასზე მუშაობს. ამიტომ ვხედავთ მას იმ ბავშვშიც, ნაძვისხის ფრანგული სათამაშოებით მოხიბლული, მადლენას საყვარელ იტალიურ სიმღერას ფორტეპიანოს თანხლებით რომ ასრულებს, იქვე, დიდედა შუშხუნებს ანთებს. გული გვიჩუყდება, როდესაც ეს ბავშვი აივანზე გარდაცვლილ დიდედას პოულობს, ქალი გაუნძრევლად წევს, აღარ სუნთქავს და სხეული და სახე თოვლის ფიფქებით აქვს დაფარული.

რატომ ვიცით ზეპირად ირაკლი ჩარკვიანის სიმღერები? რატომ ვმღერით ამ სიმღერებს მაშინ, როცა გამარჯვებისთვის, ცვლილებებისთვის დემონსტრაციებზე ვიკრიბებით?  ამ კომპოზიციებს უიმედო საპროტესტო აქციებზე უცნაური თავდაჯერება მოაქვს. გული სხვანაირად ძგერს.

ჩარკვიანს უსმენენ ბავშვებიც. მის ლირიკაში ყოველთვის ნაცნობი სიტყვებია, ბავშვებმა იციან რას ნიშნავს გემი, ზღვა, სიყვარული. მომეცი მანგო, მანგო ჩემია.ბავშვებსაც იმედი ეძლევათ როცა ესმით: მე შენთან მოვალ, დავბრუნდები, ჩვენ მოვიგებთ ომს. ირაკლი ყოველთვის მკაფიო და გასაგებია.

როდესაც ეუბნებოდნენ “წინ იყურე, ირემს უყურე”, ბიჭი “ვოლგის” ფანჯრიდან თვალს აპარებდა და ხედავდა უფრო მეტს, ვიდრე მასზე უფროსები ხედავდნენ. ირაკლი იმ იშვიათ ადამიანად იქცა, რომელიც “ვოლგიდან” გადმოვიდა, შემდეგ კი ბრწყინვალე შემოქმედებით უკომპრომისოდ იბრძოლა “ვოლგების”,  მუტაცია განცდილი ტრადიციების, კოლექტივების, ცენზურის, უძრაობის, ერთფეროვნების წინააღმდეგ.

ირაკლი იყო ის, ვისაც თავანკარა ინგლისური ასწავლეს, მაგრამ მან მაინც ქართულად იმღერა. ის არც მისი მეგობრების გატაცებულ თვითმფრინავში აღმოჩნდა და სხვა თანატოლებისაგან განსხვავებით არც მშვიდი ემიგრაციით დახსნია პრობლემებს. ის აქ დარჩა და ქართული საზოგადოებისათვის უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე ეს ქვეყნის მთავარსარდლებმა შეძლეს.

ირაკლი ჩარკვიანი 44 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის პეკინის ქუჩიდან ტაშით გაასვენეს. ირაკლი პირველი არტისტია, რომლის ძეგლიც დედა ენის ბაღში დადგეს.

საქართველოს ისტორიაში ბევრი მეფე იყო: დამწერლობის შემქმნელი, დედაქალაქის დამაარსებელი, ლაშქარმრავალი, ომების მომგები, რეფორმების გამტარებელი,ვინც მტრისგან გვიხსნა, ვინც ქვეყანა ააშენა, ვინც განათლება მოგვცა. და იყო მეფე, რომელმაც სიმღერის სული და უჩვეულო თავდაჯერება მოგვიტანა. მეგონა ყოველთვის ურჩ თინეიჯერად დარჩებოდა. ასეცაა, და თან, დღეს 60 წლის გახდა.

ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა | გელა ჩარკვიანი