გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ირაკლი ჩომახაშვილი | სინდისის ადვოკატი

სექტემბერში დავბრუნდი საქართველოში. იქამდე ვსწავლობდი და ვცხოვრობდი ამერიკის შეერთებულ შტატებში და ჩემი დაბრუნების მიზანიც სწორედ ის იყო, რომ გამეგრძელებინა ჩემი პროფესია აქ. ვხედავდი, რომ არა მთლიანად ქვეყანას, არამედ მოქალაქეებს სჭირდებოდათ ინდივიდუალურად ერთი ადამიანის დახმარება. ძალიან ხშირად ვამბობ, რომ ზოგადად ცხოვრებაში არის რამდენიმე გადაწყვეტილების მიღების მომენტი, როდესაც ეს გადაწყვეტილება გაქცევს გარკვეულწილად იმ პიროვნებად, რაც ხარ და ესეც, ალბათ, ცხოვრებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი ნაბიჯი იყო.

ამ გადაწყვეტილებამ ბევრი რამე შეცვალა. ჯერ ერთი, შეიცვალა ჩემი შეხედულებებიც, უფრო მეტად ჩახედული გავხდი ბევრ რამეში და კიდევ უფრო მეტად სხვანაირად დავინახე სასამართლო. თუ იქამდე ჩემთვის სასამართლო შედარებით რეპუტაციულად იყო სახეშენარჩუნებული, მათ შორის სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე, დღეს კიდევ უფრო ნათლად დავინახე, რომ როდესაც სამართალში ერევა პოლიტიკა, ყველაზე საშინელებაა მაშინ გქონდეს დასაბუთებული არგუმენტები და არავინ გისმენდეს.

ამ ყველაფერმა ბევრ რამეზე დამაფიქრა, მათ შორის გარშემომყოფ ადამიანებზეც. მოგეხსენებათ, ადვოკატი ძალიან ხშირ შემხებლობაშია სახელმწიფოს წარმომადგენლებთანაც. გული გწყდება ბევრ ადამიანზე, ვისი იმედიც შეიძლება გქონოდა, რომ სახელმწიფოებრივ პოზიციას გამოავლენდა; ფიქრობდი, რომ „აი, შენ მაინც ამოიღებ ხმას და იტყვი, რომ კი, შეიძლება რაღაც ნაწილში დამნაშავე ვარ მე, რაღაც ნაწილს სიმართლეს არ ვამბობ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ამაში მართალი ხარ“. მაგას ველოდებოდი ბევრი ჩემი ახლობლისგან და მეგობრისგან, მაგრამ სიმართლეს არ ჰყავს ბევრი დამცველი.

ზოგადად, ვცდილობ, რომ ემოციური ნაწილი არ მქონდეს საქმეში. ჩემთვის პირადად ემოცია ხელს მიშლის რაციონალურად აზროვნებაში და შეიძლება ამით რამე დავაკლო საქმეს, მაგრამ ნელ-ნელა ადამიანს ვუახლოვდები და მერე უკვე შეიძლება მეგობრებიც ხდებით. მაგალითად, მე და საბა მეგობრები ვართ. მე და გიორგი, მიუხედავად იმისა, რომ ასაკი არის სხვა, მართლა ძალიან ახლო ადამიანია ახლა ჩემთვის. თუმცა, ემოციები იყო ის, რომ ხანდახან გინდა თქვა: „რას აკეთებთ?“ უბრალოდ, სამართალს თავი დაანებო, ადგე და პირში უთხრა ყველას ყველაფერი, რომ „აი, შენ ძალიან ცუდი ადამიანი ხარ“. განა იმიტომ, რომ რაღაც კანონი ვერ აღასრულე კარგად, ან ხელბორკილი არასწორად დაადე, ან წყალი არ მიაწოდე... უბრალოდ გინდა ადგე და სამართლებრივად დაცლილი პასუხი გასცე, რომ შენ არ მოიქეცი ადამიანურად; ის, რაც ადამიანს ადამიანად აქცევს - საკუთარი ღირსება - არ მოიქეცი ღირსეულად.

მე მათ გამო ვწუხვარ, მართლა ვწუხვარ, იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, ინანებენ. არ არსებობს ადამიანი, რომელიც სინანულს არ განიცდის. ეს ადამიანიც ინანებს, მაგრამ მერე გვიან იქნება, იმიტომ, რომ სხვა ადამიანებს უფრო მეტს დაუშავებს და ხანდახან რაღაცებს ვერ გამოასწორებს. ეს პროცესი გამორჩეული იყო მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ განსაკუთრებით უსამართლო გადაწყვეტილება მიიღეს. სრული სიბნელე იყო სასამართლოს სხდომაზე: ვიღაცები ტელეფონით სარგებლობდნენ, ვიღაცებს კარნახობდნენ, რაღაც სრული სისულელე ვიდეოები იყო მოტანილი და ბოლოს ყველაზე ღირებული იკარგებოდა - ქვეყნის ინტერესი.

სახელმწიფოებრივი ინტერესის შეგრძნება უნდა გააჩნდეს სასამართლოს, რომ რა ზიანდება, თორემ უკან მოვიხედავთ ათი წლის შემდეგ და ეს ადამიანები მიხვდებიან, რომ ყველაფერი მათი ბრალია, რაც კი ქვეყანას დაემართა. შეიძლება ახლა ჩვენ, ადვოკატები, ძალიან მძიმე დროს გავდივართ, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ გავა ათი წელი - ხვალ თუ არა, ათი წლის მერე მაინც - და მოხდება იმ ფაქტების გააზრება, რაც ხდებოდა ადრე და რაც ხდება ახლა. როცა ეს გააზრება მოხდება, მე არ გავმტყუნდები, ისინი გამტყუნდებიან და ეს მამშვიდებს.

ყველა არის აბსოლუტურად კეთილი ადამიანი, რომელიც არავის არაფერს დაუშავებს. სამჯერ უნდა დაფიქრდე, სანამ მიიღებ გადაწყვეტილებას და ციხეში გაუშვებ სტუდენტს, მსახიობს, ტაქსის მძღოლს, კომიკოსს, ექიმს... საერთო პროფესიებიც კი არ ჰქონდათ ამ ადამიანებს. სასამართლომ საზოგადოება ჩასვა ციხეში, თავისუფალი საზოგადოება ამ ადამიანების სახით. სინამდვილეში, ადამიანს თუ იმედი არ აქვს ცხოვრების, გადაწყვეტილების, ძალიან რთულია მერე მასთან მუშაობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეუბნებოდით ყველას, რა შედეგიც იქნებოდა, მაგრამ ისინი ერთ პროცენტს მაინც იტოვებდნენ, რომ „აი, ბიჭები იბრძვიან, მართლა მართლები ვართ“. საბოლოო ჯამში, ისინი თავის ქმედებებს სხვა თვალით უყურებდნენ - ნახე, რამდენი ადამიანი ფიქრობს, რომ მართალი ვარ; თურმე ათი არგუმენტი ყოფილა ჩემ სასარგებლოდ. ეს ადამიანს ჰგვრის შვებას, აძლევს იმედს და ალბათ ეგ იყო ერთადერთი საფუძველი, რის გამოც არც ერთი პროცენტით არ დაგვიხევია უკან.

შეუძლებელია დიქტატურის ნიშნებში ბრძოლის დროს სრული გამარჯვება, მაგრამ მე მოგებულად არ მიმაჩნია ეს საქმეები. როგორ შეიძლება ეს მოგებულად მიმაჩნდეს, როცა უდანაშაულო ადამიანები არიან ციხეში? თუმცა ჩვენ საკუთარ თავთან მართლები ვართ, რომ მაქსიმალური გავაკეთეთ. როცა პროტესტი მინელდა, ეს იყო იმედგამაცრებელი ამ ადამიანებში, რადგან სურდათ, რომ როგორც თვითონ იბრძოლეს, ხალხსაც ისე ებრძოლა გარეთ, მაგრამ პროტესტი არ განელებულა. გარედან ძალიან იმედით არიან, რომ ეს პროტესტი მიაღწევს ისეთ შედეგს, რომ ქვეყანა გადარჩეს; რომ ქუჩაში ხალხს არ სცემდნენ და მოძალადეებს მერე არ აჯილდოვებდნენ. თორემ უცბად ეგრე არაფერი ხდება - მე ვერ დავიძინებ და რომც შეიცვალოს ყველაფერი, ვერ გავიღვიძებ ნორვეგიის ან შვედეთის სასამართლოში, ხალხი იგივე რჩება. ამ ხალხს სჭირდება ცვლილება და ნელ-ნელა უნდა მოხდეს ეს.

პროცესზე მოულოდნელი და სასაცილო ის იყო, რომ მე იქ ვიჯექი და ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს, გიორგი ტერიშვილს, სასამართლომ საზოგადოებრივი ადვოკატი დაუნიშნა. ხელი დავიქნიე, მეც აქ ვარ-მეთქი, რაში სჭირდება?. ასევე მოულოდნელი იყო რამდენიმე პოლიციელის შედარებით სამართლიანი ჩვენება, მაგრამ, საბოლოო ჯამში, სისტემა მაინც ისეთ პასუხს გაგცემს, რომ სისტემაში პრობლემა არ შეიქმნას. საპოლიციო ძალები ძალიან მორჩილნი არიან და როცა მთელი ცხოვრება იცი, რომ უფროსს უნდა დაემორჩილო, უცბად „ანარქისტობას“ და გმირობას ყველას ვერ მოსთხოვ.

განაჩენის შემდეგ ძალიან იშვიათად ვიწერები ხოლმე ინტერვიუში. მე ყოველთვის მივდივარ, არ ვჩერდები, ძირითადად არც ჟურნალისტებთან, ოჯახსაც ვეტყვი, რომ მერე უნდა ვისაუბროთ ამაზე, იმიტომ, რომ იმ წუთში აზრი არ აქვს რას იტყვი. სულ იმაზე ფიქრობ - მე ხომ არ დავაკელი რამე? მერე ხვდები, რომ არ დაგიკლია არაფერი, მაგრამ სამყაროა ასეთი, ხანდახან ას პროცენტს აკეთებ, მაგრამ ვერ იგებ. ამას ვერ შევეჩვევი და ვერც ვერავინ შეეჩვევა. რომ გეკითხებიან, „ადვოკატი ხარ და ხო შეეჩვევი ამ ყველაფერს?“ - რას უნდა შეეჩვიო, როგორ შეიძლება უსამართლობას შეეჩვიო?

______________________________

სინდისის ადვოკატები - ადვოკატების ამბები სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესებიდან და მათ მიღმა, როგორ იქცა პროფესიული ურთიერთობა მეგობრობად.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა