ის, რაც ყველამ იცის
28.12.2018პირველად პოლიციასთან შეხება 1996 წლის 9 ნოემბერს მქონდა. 14 წლის ვიყავი და სტადიონიდან მოვდიოდი. ის დღე ქართველების და ინგლისელების იმ ნაწილს, ვისაც ფეხბურთი უყვარს, იმით დაამახსოვრდა რომ დინამოზე ინგლისმა ორი გოლი შეგვიგდო და სახლში წავიდა. მე კი, სტადიონიდან რომ გამოვედი და ინგლისელებივით სახლში მოვინდომე წასვლა, ვიღაცამ კეფაზე ნაგანი მომადო, აქეთ-იქიდან კიდევ ვიღაცეები ამომიდგნენ, თითქმის ჰაერში ამწიეს და ფოთის ქუჩაზე ზაწიმნიონკებიან და უშიტოკო სემში ჩამსვეს. გემახსოვრებათ, მანქანა იყო ეგეთი, ჟიგული 07, ძველ ბიჭსაც და პოლიციელსაც ერთნაირად ევასებოდა. აქეთ–იქიდანაც მომიჯდნენ და წინა სავარძლებიც შეავსეს. მეხუთე გარეთ დარჩა – მისი ადგილი მანქანაში აღარ იყო. მძღოლის გვერდით სავარძელზე დაჯდა ის მელოტი, რომელმაც პრიალა ნაგანი მომადო. ამ ნაგანს მანქანაშიც ბაბაჩკასავით მიტრიალებდა ცხვირწინ.
აკუმულატორის მოპარვას მაბრალებდნენ და აღიარებას ითხოვდნენ. ყველაფერზე თანახმა ვიყავი, ოღონდ სადმე ცივილურ ადგილას ამომეყო თავი, თუნდაც იმ დროისთვის ყველაზე არაადამიანური ადგილი – პოლიციის განყოფილების საკანი ყოფილიყო. მაგრამ არსად არ წავსულვართ. დაახლოებით ნახევარ საათში მოვიდა კიდევ ერთი მანქანა. ვიღაცეები გადმოვიდნენ. მეც გამიღეს კარი, მაგრამ გადასვლის უფლება არ მომცეს. ერთმა ფანარი მომანათა სახეში, მეორემ თავი დახარა და მანქანაში შემოიხედა. რამდენიმე წამს მიყურა და გასწორდა. გავიგე, როგორ თქვა, სხვა არის! ცოტა დავმშვიდდი, მაგრამ უცებ მესმის ნაგანიანი პოლიციელის ხმა, ეგ არის, აკუმულატორიც თან ქონდა. აღებენ საბარგულს და სავარაუდოდ ანახებენ აკუმულატორს. არ არის ეს ჩემი აკუმულატორი – იგივე ხმა მესმის. იკეტება საბარგული. მალე მეც მათავისუფლებენ და ამ ამბავს სახლში არ ვყვები, ისედაც ამოკერილი ჯიბეებით დავდიოდი და მშობლებისგან თავისუფლების კიდევ უფრო შეზღუდვა ისევ იმ ბიჭებთან ტეხავდა, რომლებთანაც ეს ამბავი ჰეროიკულად მოვყევი.
მანაგუა კი არის ნიკარაგუის დედაქალაქი, მაგრამ ის არ აბოლებს. აბოლებს სითხე მანაგუა. კაცმა არ იცის, რატომ და სად დაარქვეს მარიხუანას ნახარშს მანაგუა, მაგრამ თუნდაც იოშკარ–ოლაში დაერქმიათ, ქართველებმა განსხვავებულივით კარგად ავიტაცეთ. მანაგუა მზადდება ტრუხა მარიხუანასგან. ტრუხა კი, ისევე როგორც უამრავი სხვა რამ საქართველოში, მარიხუანაც ბევრია. გავრცელებულია მთელ ქვეყანაში. მანაგუა მზადდება მარტივად, ხელმისაწვდომი ინგრედიენტებით და მისი ხშირი მიღება ძალიან ცუდია ღვიძლისთვის. აი, ეს მანაგუა მოვამზადეთ ნატახტრის და წეროვნის ველებზე, მივირთვით და უკანა გზაზე მცხეთის პოლიციამ დაგვიჭირა. სამნი ვიყავით. სამწუხაროდ, ის ორი, ზურა და ირაკლი, ახლა აღარ არიან ცოცხლები. სამივემ დავწერეთ აღიარებითი ჩვენება, რომ კი, დრუიდული რეცეპტით მოვამზადეთ ჯადოსნური მწვანე სითხე, გავწურეთ და დავლიეთ. ვართ ზემოქმედების ქვეშ და ვაწერთ ხელს. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ვაღიარეთ, ერთ მომენტში გავყავარ პოლიციის რიგითს ერთი ოთახიდან – მეორეში, რომელიც საბოლოოდ პოლიციის უფროსის, კანდელაკის კაბინეტი აღმოჩნდა. იქ, ბატონმა კანდელაკმა საქართველოს მომავლის სახელით, რომელსაც მე ჩემი კაიფით საფრთხეს ვუქმნიდი, თავში მირტყა რკინის საკმაოდ მძიმე საფერფლე. ერთ–ერთი დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ სკამის საზურგემ ვეღარ გამიძლო და გადატყდა, რის შემდეგაც სკამის საზურგე ჩემ ზურგზე გადატყდა იმ მიზეზით, რომ მე გავტეხე სკამი. რა გინდა შედედამოტყნულო–მეთქი გავიფიქრე, მაგრამ არაფერი მითქვამს. არც მაშინ, არც იმის მერე არაფერი მითქვამს. ბევრ რამეს ვერიდებოდი და მეშინოდა. არ უნდა მოვრიდებოდი. ამ გადმოსახედიდან ერთადერთი, რაც ნათლად ჩანს, ის არის, რომ არ უნდა მოვრიდებოდი არაფერს და არ გავჩუმებულიყავი. არც მე, არც – სხვა.
მოვიდნენ ახლობლები. გადაიხადეს დოლარები და წავედით სახლში. ეს იყო 2000 წელს.
წლები აღარაა საინტერესო, ისე გავაგრძლებ. ერთხელ ყოფილი პრეზიდენტის ვაჟმა გაგვაჩერა მე და ჩემი მეგობარი ახალ გზაზე, აი, ვერიდან სოლოლაკში რო გადადის. ჩემი გვარი რომ გაიგო, კაპოტზე მარტყმევინა თავი და დაჟინებით ითხოვდა, რამე კავშირი მეღიარებინა ვინმე ჩემ მოგვარესთან, რომელიც თურმე კრიმინალი ყოფილა და ამას არ ევასებოდა.
ერთ მშვენიერ დღეს, მიშა სააკაშვილმა ახალი პოლიცია დალოცა და თავისუფლების მოედნიდან რამდენიმე ასეული საპატრულო მანქანა ერდროულად დაიძრა წესრიგის დასამყარებლად. ნახევარ წუთში რამდენიმე მათგანი ერთმანეთს დაეჯახა. მაგრამ ეგ არაფერი. იმ ღამეს, მე დაბადების დღის წვეულებიდან მოვდიოდი. კოსტავაზე კლუბი რომ იყო, ალბათ ეგეც ყველას გახსოვთ. ხან რა ერქვა, ხან – რა: ბუმი, კოტონი... იმ კლუბში დასამახსოვრებელი ორი რამ იყო – ხშირად ეცვლებოდა სახელი და ყოველი ღამე ჩხუბით მთავრდებოდა. ჩამოვიარე კოსტავაზე, კლუბის წინ ოცამდე ადამიანი სამ ჯგუფად იყო გაყოფილი. ხმაურობდნენ, მაგრამ არ ჩხუბობდნენ. უცბად, მოვარდა რამდენიმე საპატრულო მანქანა, გადმოხტნენ პოლიციელები და სხვები არ ვიცი, მაგრამ მე, ვიდრე რამის თქმა მოვასწარი, ორჯერ ჩამცხეს იარაღის ტარი ჯერ მარჯვენა და მერე – მარცხენა თვალთან. ორ საათში გაარკვიეს, რომ მე არაფერ შუაში ვიყავი, წამიყვანეს მეცხრეში, აქეთ–იქეთ ორ–ორი ნაკერი დამადეს, სახლამდე მიმიყვანეს და ბოდიშიც კი მომიხადეს. წინა წლებთან შედარებით, ეს ნამდვილი კურორტი იყო და მიუხედავად ყველაფრისა, გულწრფელად გადავუხადე მადლობა.
ჩემ ამბებს რომ თავი დავანებოთ, რაც ხდებოდა, ისედაც იცით – გარაჟის სახურავზე ხელებშეკრული მკვდარი მანიფესტანტები, რომლებიც თურმე დენის დარტყმისგან მოკვდნენ. ათასგზის ნაცემი კობა დავითაშვილი, რომელსაც ყოველი არჩევნების შემდეგ თამარის საფლავივით ეძებდნენ. სპეცრაზმელები, რომლებიც მოქალაქეების დაცვის მაგივრად პირველყოფილებივით ბელადი პრეზიდენტის სახელს ყვიროდნენ. კლიპისთვის დაჭერილი რეპერები. თვითმკვლელობამდე მიყვანილი დემურ სტურუა. ასი მილიონი კასრი კომპრომატები. და ასე უსასრულოდ.
ამ მემკვიდრეობის მქონე პოლიციას, მოქმედი კანონით, ჩხრეკის ოქმის შედგენის დროს არ სჭირდება დამსწრეები. ანუ, საქართველოს პარლამენტმა გამოუცხადა ნდობა პოლიციას, რომლის რეპუტაციაც ყოველთვის ეჭვქვეშ იდგა, ყველა მთავრობის დროს. და დღეს, ბახალას (გიორგი გიორგანაშვილი) საქმეში ორი მთავარი მოწმე სწორად ამ პოლიციის ორი წარმომადგენელია. მათ გაჩხრიკეს ბახალა, თვითონ შეადგინეს ოქმი და თვითონ არიან მოწმეები.
ხო, მე ბახალას გამო ვწერ ამას, მაგრამ ბახალას მსგავს საქმეებს, დღეს ბევრს განიხილავენ სასამართლოს დარბაზებში. და ყველა იმ ადამიანის ბედი, ვინც ბრალდებულის სკამზე ზის, იმ პოლიციელების კეთილსინდისიერების იმედადაა დარჩენილი, რომლებიც ზემოთ რომ ამბები გავიხსენე, აეგეთი ამბების წიაღშია გაზრდილი და ჩამოყალიბებული. მინიმუმ, მოსამართლე მაინც უნდა ხვდებოდეს ამას, თუ არა ორი შენობა დეპუტატები, რომელთა უმრავლესობის თავებში, მასტერკა ჭკუაც არ დევს.