გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ნიღბის აღსარება
თეგები: #პროზა

„იყავი ის, ვინც ხარ“

იუკიო მიშიმა, „ნიღბის აღსარება“
მთარგმნელი - თათია მემარნიშვილი
გამომცემლობა „დიოგენე“

 

იუკიო მიშიმა „სიკვდილით შეპყრობილს“ ნიშნავს. „ნიღბის აღსარებაში“, წიგნში, რომელიც მწერალმა 24 წლის ასაკში დაწერა, სიკვდილი და სიცოცხლე, ერთმანეთის განმაპირობებელნი, ერთმანეთის შემავსებელნი, თავიდანვე უცნაურად გადაიხლართებიან - ცხოვრება, როგორც თამაში, ერთგვარი სცენა, თამაშის ტრაგიკული გააზრება, და ამავე დროს, ნაადრევი სიკვდილის გარდუვალობა. „არა მგონია, ბევრი იყოს ისეთი, ვინც ჩემსავით სიყმაწვილის დასასრულს გააცნობიერა, რომ ცხოვრება თამაშია... საკუთარ თავს ვეკითხებოდი, ნუთუ ყველა ჩემსავით არ იწყებს ცხოვრებას-მეთქი? ... ოპტიმისტურად მწამდა, რომ ადრე თუ გვიან ეს სპექტაკლი დასრულდებოდა და ფარდაც ჩამოეშვებოდა. ჩემი ნაადრევი სიკვდილის ჰიპოთეზაც ამას უკავშირდებოდა“.

სიცოცხლე, როგორც სახეების ჩენა, მოქმედებების განვითარება აღსასრულამდე, ცხოვრება, როგორც დასასრულის მოხმობა. 1970 წლის 25 ნოემბერს იუკიო მიშიმა და მისი თანამებრძოლები ტოკიოს ეროვნული თავდაცვის შტაბ-ბინაში შეიჭრნენ. ამბოხის ეს მცდელობა მარცხით დასრულდა და იუკიო მიშიმამ, როგორც ჭეშმარიტი სამურაების ტრადიციების მიმდევარმა, სიცოცხლე ხარაკირით დაასრულა.

„სიკვდილის მოხმობის“ ეს წიგნი, მეტად ტრაგიკულ, საკუთარი თავის დაუნდობლობამდე გახსნის, ამოხსნის მცდელობის წიგნიცაა. იდენტობა მისი მთავარი თემაა - შეუძლია თუ არა იყოს გულწრფელი, რატომ ირგებს ნიღბებს, ან რა იმალება ამ ნიღბებს მიღმა. ტრაგიკულია, რადგანაც, მიუხედავად იმისა, რომ გააზრებული გაქვს, ვინ ხარ და რა გსურს, მთელი ძალით ებრძვი საკუთარ თავსაც და სურვილებსაც. „როდესაც ხალხის წინ ვთამაშობდი, მათ ეს ჩემი ნამდვილი სახე ეგონათ, ხოლო როდესაც ბუნებრივად ვიქცეოდი, ამას თამაშად მიიჩნევდნენ“ - ირგებ ნიღაბს და არჩევ თამაშს.

სულ სხვა განვითარებით, იდენტობის, ნამდვილობის თემა ჩნდება მაქს ფრიშის „შტილერშიც“ - ვინ ვარ? სად არის ჩემი ადგილი ამ ქვეყანაზე? მაქვს თუ არა უფლება, თავად გადავწყვიტო, ვინ ვიყო, როგორ დავარწმუნო სხვები, ვინ ვარ სინამდვილეში, ან ეს სინამდვილე ჩემს იმ გაუცნობიერებელ გადაწყვეტილებაში ხომ არ ძევს, მე თავად რა როლს მივიკუთვნებ, და გამაჩნია კი ენა, ჩემი სინამდვილის აღსაწერად? იუკიო მიშიმას ენაც, რომლითაც სინამდვილეს აღწერს, და თავად ეს სინამდვილეც, განსხვავდება მაქს ფრიშის ენისგან და მის მიერ აღწერილი სინამდვილისგანაც. „ნიღბის აღსარება“ შეგრძნებების ავტობიოგრაფიაა, თავის შეცნობის ზეგრძნობიერი გზაა.

მოგონებები მტანჯველი სიცხადით იჭრება მის ცნობიერებაში.

„ვიღაცის ხელი მეჭირა, სადღაც მივყავდი. არ მახსოვს ვინ იყო... არც სეზონი მახსოვს. აღმართზე სახლები საღამოს მკრთალი მზის სხივებში გახვეულიყო... ზემოდან ვიღაც ჩამოდიოდა. ქალმა მაგრად მომქაჩა და მას გზა დაუთმო... დაღმართზე ერთი ბიჭი მოდიოდა. ფეკალიებით სავსე კასრი მხრებზე გაედო, ჭუჭყიანი პირსახოცი კი შუბლზე ჰაჩიმაკად შემოეკრა. ლამაზი ლოყები შეფაკლოდა. თვალები უბრწყინავდა... მუქი ლურჯი მოტკეცილი სამუშაო შარვალი და სამუშაო ტაბი ეცვა - ღამის ფეკალიების შემგროვებელი იყო. ოთხი წლისა, ამ სანახაობას თვალს ვერ ვაშორებდი. ვერ ვხვდებოდი, რომ ეს იყო პირველი გამოცხადება, რაღაც საოცარი, ბნელი ძალა, რომელიც მეძახდა“.

„თითქოს წინასწარ ვიგრძენი, რომ ამ სამყაროში მწველზე მწველი სურვილი არსებობს. თვალწინ მედგა ის ბინძური ბიჭი და სურვილი მკლავდა, რომ მისნაირი გავმხდარიყავი... ეს სურვილი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა და საკუთარ განსხვავებულობაზე მიმანიშნებდა“.

„ეს პროფესია თითქოს გთხოვდა: „იყავი ის, ვინც ხარ“ - უდარდელობის, საფრთხესთან სიახლოვის, ამაოებისა და სიცოცხლის წყურვილის ბრწყინვალე ნარევი გახლდათ“.

ამ მოგონებებს მოჰყვება ჰანადენშის მძღოლებისა და მეტროს კონტროლიორების მიმართ გაჩენილი ლტოლვა, ადამიანების, რომელთა სამყაროც მისთვის მეტისმეტად უცხო იყო და გარიყულობის შეგრძნებას უჩენდა. მათი ცხოვრება ტრაგიკულად ეჩვენებოდა, მათი სამყაროს ნაწილად გახდომას ნატრობდა და ეს ტრაგიკულობის განცდა მომავალ გარიყულობას ამზადებდა.

სკოლის წლებში - ბიჭი, სახელად ომი, რომელიც საერთო საცხოვრებლიდან ხულიგნობის გამო დაითხოვეს. მანამდე ყურადღებას არ აქცევდა, როგორც კი „უწესო“ საქციელის გამო გარიყეს, აღმოაჩენს, რომ თვალს ვეღარ აშორებდა.

კიდევ ერთი მოგონება - ოფლის სუნი. „ჯარისკაცების ოფლის სუნი, ტბის სიოსავით, სანაპიროს ოქროსფერი ჰაერივით, ნესტოებში მრჩებოდა და მათრობდა“. მათი ჯარისკაცული ცხოვრება, პროფესიის ტრაგიკულობა, სიკვდილთან სიახლოვე, შორეული ქვეყნები, რომელთა ნახვაც მოუწევდათ - აი, ეს მხიბლავდა“.

ეს სურათები თვალწინ ყოველთვის სრულყოფილი სახით წარმოუდგებიან. წლების შემდეგაც, მისი ყოველი ცნობიერი ქმედება მათგან იღებს სათავეს. 

„ნიღბის აღსარება“ ახალგაზრდა კაცისა, რომელსაც სჯერა, რომ საკუთარი დაბადება იხილა, მის ცხოვრებაში შემოჭრილი პირველი ნათელი, რიჩარდ ფლენეგანის დორიგო ევანსის პირველი მოგონებასავით - „ახალთახალი ფიცრებისგან შეკრული სათლიდან ვიყურებოდი, რომლის კიდეზეც ნაზად კიაფობდა მზის სხივი“. დორიგო ევანსისგან განსხვავებით, რომელიც ეჭიდებოდა სინათლეს, როგორც ყველაფრის დასაბამს, და მისი ცხოვრებაც იყო სწრაფვა ამ სინათლისკენ, „ნიღბის აღსარების“ მთხრობელი თავის სენად იხდის თვითინტოქსიკაციას, სიკვდილს, ბნელ ძალას, როგორც ყველაფრის დასასრულს, მოუხმობს და ეჭიდება.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა