გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ჯაურა | მარინა ზნანოვა, ქსუისი

მარინა ზნანოვა, 59 წლის, ქსუისი. ამჟამად ცხოვრობს ხურვალეთში
ქართულ-ოსური კონფლიქტი. 1991-1992. 

არც გვარი შემიცვლია, არც არაფერი. შენ რაც ხარ, ის უნდა იყვე. 

ქსუისია ჩემი სოფელი, ცხინვალის რაიონი. იქ დავიბადე, გავიზარდე, გავთხოვდი, ხუთი შვილის დედა ვარ. 

ოსი ხარ? წადი! მორჩა. ეგრე მოდიოდნენ, ზვიადმა რო აურია. საკუთარ დედას და მამას ვერ ვპოულობდი, სახლიდან რო გარეკეს. ორჯონიკიძეში წასულან. მაშინ ჯერ ოთხ შვილს ვზრდიდი. სოფლის თავში რო ჩემი სახლი იდგა, ბოლოში მშობლების კოტეჯს გავცქეროდი. იქიდან განვიცდიდი არ მომიკლან-მეთქი დედა და მამა. ქმარი ქართველი მყავს. ჩემი დედა კიდე მე მაფრთხილებდა, არ ამოიჭამო შენი თავი, მაინც საქართველოსი ხარო. ხოდა, რო დავფიქრდები, დღე და ღამე სულ იქა ვარ. ნეტა დღესაც გავიგო რომ გაიხსნა გზა, ფეხშიშველა უნდა გავიქცე. 

2008-ში რო წამოვედით, უკვე ბომბები ფეთქდებოდა.

უცბად ავარდებოდა ალი. მთელი პოლიცია და ჯარი ჩემთან შემოიხიზნა. ვეუბნები ჩემ მეუღლეს, კაცო, დავიხოცებით, წავიდეთ-თქო. ლოგინებზე წამოწოლილები, რამე, ზოგი ხახვის სეტკაზე იწვა. ყველიც ამოიღეს წათხებიდან, ჭამეს, დამშეულებმა.

თბილისში ჩამოვედი სულ თეთრი. დავარდა გემოგლობინი, ვწევარ მკვდარივით, ვუყურებ ტელევიზორს და გამოაცხადეს სოფლები გადაწვესო. რას ქვია გადაწვეს?! აი, გაიბზარა გული, როგორ თუ ჩემი სახლი დაიწვა?

ჩემ ქმარს ძროხები ენანებოდა და თავიდან არ წამოვიდა. მერე თურმე ეგერ ჩამოვარდება ბომბა, იქით შეძვრება, იქ ჩამოვარდება, აქეთ შეძვრება. ბოლოს ტირძნისის მინდვრებში, ჯაურაში გაათენა ღამე. იგოეთამდე სულ ფეხით იარა და იქ პატრულმა ჩაისვა, გლდანში, მეხუთე მიკროში ჩამოიყვანა. ვუყურებდიო, მერეთის გზიდან - სახლს ალი აუვარდა და უკვე იწვოდაო. ერთი-ორი თვის მერე მე შევედი. დამწვარ სახლში, კიდე რაღაცეები ხომ დარჩა და რუსებმა მომცეს საშუალება გამომეტანა.

ჩემი საწყალი სახლი. რა შუაში იყო.

რო ავედი და ის კრაოტები, ჩემი სანდროს ფეხსაცმელი ვნახე, ნახევრადდამწვარი, ესე გადასროლილი. ლამის მოვკვდი. 

ციკლიდან „მეხსიერების გაცოცხლება - სამხრეთი ოსეთი 1991/2008“
ინტერვიუ ჩაიწერა თეო ქავთარაძემ
ტექსტი: ნინო ლომაძე
ფოტო: შახ აივაზოვი



აღნიშნულ თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა