გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ბუნება, #ტყე

კაკლის ხე | თამარ სუხიშვილი

ტყეში სიარული ძალიან მიყვარს. მიყვარს ტყის სიჩუმე, ხმელი ფოთლების სუნი ნაწვიმარზე. ნეტა ჩემს ეზოში როდის გაიზრდებიან ამხელა ხეები. გუშინ ერთი ხე მეც დავრგე.

(ძველ საქაღალდეში ნაპოვნი ჩანაწერებიდან)

როცა პატარა იყო, დედა ეზოს ბოლოში გამოიყვანდა ხოლმე, ამ კაკლის ჩრდილში დაჯდებოდა, არწევდა და კაკლის ფოთლების შრიალში აძინებდა. მერე, როცა ფეხი აიდგა, უკვე თვითონ ჩასჭიდებდა ხელს დედას და ეზოს ბოლოსკენ ექაჩებოდა, იქ თამაშობდა, პატარა კენჭებს ერთმანეთზე ალაგებდა და ზემოდან კაკლის ფოთლებით გადახურავდა. რა კარგი ქოხიაო, ამბობდა დედა. ბოლოს, თამაში რომ მობეზრდებოდა, კაკლის ხესთან მიირბენდა და ჩაეხუტებოდა. ლოყას მიადებდა ხის დაშაშრულ მერქანს, ერთი-ორჯერ ხელს დაუტყაპუნებდა და ხის კენწეროს ახედავდა. ეს ხე ცას სწვდებაო? ეკითხებოდა დედას. დედას ეცინებოდა. ის კი სულ უფრო და უფრო ეხუტებოდა ხის გრილ ქერქს, თითქოს რაღაცას აყურადებდა.

მერე, ცოტა კიდევ რომ წამოიზარდა, უკვე მარტო მოდიოდა. ეს კაკალი ძველი ნაცნობივით იყო; ძველი, კარგი ნაცნობივით, უხმოდ რომ უგებდა, სიტყვის უთქმელად. წიგნიც აქ მოჰქონდა წასაკითხად. კაკლის ძირში ჩაჯდებოდა, ხის ტანს მიეყუდებოდა და კითხულობდა. ხშირად არც არაფერს აკეთებდა, უბრალოდ იჯდა და ცას აჰყურებდა. ღრუბლები ცაზე მიიზლაზნებოდნენ, ხის ტოტებს რომ მიუახლოვდებოდნენ, ზოგჯერ გზას უქცევდნენ, ზოგჯერ კი მხარს იცვლიდნენ და ტოტებში იბლანდებოდნენ. თანდათან ძილი ერეოდა…

ჩათვლემდა თუ არა, ყვავიც მოფრინდებოდა ფრთების ფართხუნით. ჯერ ტოტზე ჩამოჯდებოდა, ერთ-ორს ზემოდან დასჩხავლებდა, მერე მიწაზე დაეშვებოდა და კაკლის ძირში საქმიანი კაცის გამომეტყველებით, თავჩაქინდრული ბოლთას სცემდა. მოვიდა ჩემი ბრძენკაციო, ასე ეძახდა. ისიც ცალი თვალით, ვითომდა სხვათა შორის, ალმაცერად გადმოხედავდა, ნისკარტით გაისწორებდა პრიალა ბუმბულს და ხმელ ფოთლებს გადაქექავდა. ალბათ კაკალს თუ ეძებდა.

ტყე
ფოტო: ნატა სოფრომაძე


ხანდახან ციყვიც გამოჩნდებოდა ხოლმე. ჯერ მარდად აირბენდა ხეზე, მერე ერთს ჩამოირბენდა, მიიხედ-მოიხედავდა, თითქოს აქაურობას ზვერავსო და ისევ ზემოთ არბოდა. ბოლოს ყველაზე შეფოთლილ ტოტს შეარჩევდა, ახლა იქიდან გადმოყოფდა ცხვირს და თვალებს აცეცებდა. თავიდან დაფრთხა, ხის ქვეშ უცხო რომ დაინახა, აიმრიზა, მერე კი გაუშინაურდა და თავზე კაკლის ნაჭუჭებიც გადმოაყარა.

ახლა ზემოთ რამე თუ გაფაჩუნდებოდა, უკვე იცოდა: ეს ხის ფოთლებში შემალული ციყვი გადმოჰყურებდა ცნობისმოყვარე, მრგვალი თვალებით და პირს აცმაცუნებდა. ყურებზე წითური სხივები უბრწყინავდა.

შებინდებისას, როცა ყვავიც გაფრინდებოდა და ციყვსაც შორს გაიგულებდა, კაკალთან მარტო რჩებოდა. მიიხედ-მოიხედავდა, ხომ არავინ მიყურებსო, და ხეს ჩაეხუტებოდა. ერთხანს იდგა ასე სუნთქვაშეკრული და ფოთლების შრიალს უსმენდა. ხეც თითქოს რაღაცას ეჩურჩულებოდა.

ერთხელაც, კაკალს ხელები რომ შემოხვია, ხემ თითქოს ამოიგმინა. იფიქრა, მომესმაო, მაგრამ ისევ განმეორდა ეს ხმა. კარგად დააკვირდა. ვიღაცას უმოწყალოდ დაესერა ხის ტანი.

ძილის წინ სამზარეულოში მშობლების საუბარს მოჰკრა ყური: „მხეცები, – ამბობდა დედა, – ხეს რას ერჩოდნენ. ასე ხომ შეიძლება გახმეს?“ „მაგათაც ეგ არ უნდათ? თუ გახმება, მოჭრა მოგვიწევს“, – ამბობდა მამა. „რას ერჩოდნენ?“ – ისევ იმეორებდა დედა. მამა მხრებს იჩეჩდა: რას გაიგებ, ტოტები გზაზე გადმოდის და მანქანებს გავლაში ხელს უშლისო...

მთელი ღამე ბორგავდა, ესიზმრებოდა, როგორ უტყამდნენ ცულს კაკლის ხეს და როგორ გმინავდა კაკალიც ცულის ყოველ დარტყმაზე, გმინავდა ყრუდ, თითქოს ადამიანის ხმით. ამის მერე ყოველ დილით გულის კანკალით გარბოდა ხოლმე ეზოს ბოლოში, კაკალი ხომ არ გახმაო. თანდათანობით მერქანმა შეხორცება იწყო. და ისევ ძველებურად შრიალებდა კაკლის ხე.

***

მას შემდეგ წლები გავიდა. უკვე დიდი ხანია ქალაქში ცხოვრობდა. საღამოობით, სამსახურიდან რომ ბრუნდებოდა, ერთხანს ფანჯარასთან ჩამოჯდებოდა ხოლმე. აქედან ბევრს ვერაფერს ხედავდა. თვალში ეჩხირებოდა მეზობლის სანახევროდ ამოშენებული აივანი და ჩაჟანგებულ მავთულზე გადმოკიდებული სარეცხი. ცაც კი აღარ ჩანდა. ქუჩიდან მანქანების გუგუნი შემოდიოდა და ფანჯრის მინა ზრიალებდა...

ერთხელ, ძველ წიგნებს რომ ალაგებდა, მშობლების საქაღალდეში პატარა, გაცრეცილ რვეულს გადააწყდა. რვეული ფრთხილად გადაშალა და ბატიფეხური ნაწერი ამოიკითხა:

გუშინ მე და პაპამ ეზოს ბოლოში კაკლის ნერგი დავრგეთ. პაპამ მითხრა ყოველდღე მორწყვა არ უნდაო, ძირი დაულპებაო. მაშინ ხანდახან დავუსხამ წყალს. პაპა მეტყვის როდის უნდა მოვრწყო. ახლა გავალ ეზოს ბოლოში და დავხედავ რამე ხომ არ სჭირდება.

რვეულის გაქუცულ გარეკანზე პაპას ინიციალები ამოიკითხა. რაღაცნაირად გული მოეწურა. თავისი პატარაობა გაახსენდა, როგორ გარბოდა ეზოს ბოლოში და როგორ ჩაეხუტებოდა ხოლმე კაკლის ხეს. გაახსენდა, როგორ იჯდა საათობით კაკლის ჩრდილში და როგორ უსმენდა ფოთლების შრიალს. არც კი იცოდა, პაპას დარგული თუ იყო ეს კაკალი. მას ხომ არც კი ახსოვდა პაპა. ნეტა როგორი იქნებოდა პატარა ბიჭობაში? ალბათ ერთი სული ჰქონდა, კაკალი როდის გაიზრდებოდა.

ხელში პაპას პატარაობის რვეული ეჭირა და ბატიფეხურ ნაწერს ჩასჩერებოდა.

***

ჩქარი ნაბიჯით მიუყვებოდა სოფლის გზას. როგორ შეცვლილიყო აქაურობა. ზოგიერთ ადგილს ვეღარც კი სცნობდა. კუთხეში რომ შეუხვია, შორიდანვე დაინახა ხის კენწერო. აღელდა. გული აუჩქარდა. ნაბიჯი შეანელა. დროს წელავდა, თითქოს სიტყვებს ეძებდა დიდი ხნის უნახავ მეგობართან შესახვედრად.

ცხელოდა. შორიდანვე დაინახა, როგორ გაჩერდა გზის პირას, კაკლის ჩრდილში მოხუცი ქალი. ღობეს ჩამოეყრდნო. ცოტა ხანს იდგა ასე. სული მოითქვა. მერე წელში გაიმართა, მადლიერებით ახედა კაკალს და ნელი ნაბიჯით გაუყვა გზას.

გადაქცეული ღობის კიდეზე გადააბიჯა და ეზოში შევიდა. გული ჩასწყდა. მთელ ეზოს სარეველა მოსდებოდა. თითქოს დარცხვენით, თავდახრილი მივიდა კაკალთან, დამსკდარ ქერქზე ხელისგული ჩამოუსვა და მაგრად ჩაეხუტა. გზაზე დედა-შვილმა ჩაიარა. დედი, რას აკეთებს ეს კაცი? – სახელოზე მოქაჩა ბავშვმა დედას. რა ვიცი, შვილო, გამაადგი ფეხი, ემანდ გიჟი არ იყოს – დედა-შვილმა ნაბიჯს აუჩქარა. საიდანღაც ნიავმა წამოუბერა და კაკლის ხემ ჩუმად ჩაიშრიალა.

ტექსტი: თამარ სუხიშვილი
მთავარი ფოტო: ანნა ძიაფშიპა

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა