გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

კანფეტები, კასეტური ბომბი და ნიში | მარი, 20 წლის

მარი გაბლიშვილი, 20 წლის
ცხოვრობს ზარდიაანთკარში, სოფელში, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ, შუაზე გაიყო. დღეს სოფლის ცენტრში საგუშაგო დგას.  

ბიძაჩემს ძალიან პატარა მანქანა ჰყავდა. მე, ჩემი ბიძაშვილები, ჩემი ძმა, ბიცოლაჩემი, მეზობლები ძლივს ჩავეტიეთ შიგნით. 
გზაში ტანკები ისროდნენ.
ბიძაჩემი გვეუბნებოდა, ეგ, იქით ფერად შუშხუნებს უშვებენო. გზაში დაჭრილი ჯარისკაცი დავინახეთ. ხელში ჩემოდნებით გარბოდა ხალხი. ესენი მაინც ხმადაბლა ლაპარაკობდნენ, სხვა ოთახში გადიოდნენ, დედაჩემი ტელევიზორსაც აუწევდა ხოლმე, რო არაფერი გაგვეგო, მაგრამ ხო მაინც ვიცოდით.
დედაჩემი ქერედანაა. ერთი ჯარისკაცი იქიდან დაიღუპა, ჩვენი მეზობელი და მოგვარე. დედა და მამა იმ დღესვე ჩამოვიდნენ და ვინც ვიყავით, ყველანი ჩაგვსვეს და თბილისში, მეორე ბიძასთან წაგვიყვანეს. ხალხი მთავარ გზაზე აღარ გვხვდებოდა, იქიდან უკვე შემოდიოდნენ და საშიში იყო, სულ ბაღებით გარბოდნენ, დამალული, ბუჩქებ-ბუჩქებ. 
მერე გავიგეთ, რო ბიძაჩემი კასეტური ბომბის ნასხლეტმა მოკლა. 
ერთ თვეში სკოლაში გადაგვიყვანეს. ჩვენი ხალხიც ვნახეთ, ყველა ტანსაცმელს ეძებდა, საჭმელიც არ იყო. ჩვენნაირად იყვნენ ზუსტად. 
ბავშვები ეზოში ვთამაშობდით. ერთხელ პარკში წაგვიყვანეს, საღამოს კინოჩვენება მოგვიწყვეს. 
ღამე შუქჩამქრალზე ვერ ვიძინებდით. ყველა ჩუმად უნდა ყოფილიყო. რვა წლის ვიყავი მაშინ. 
სკოლა რომ დაიწყო, გორის საბავშვო ბაღში ერთი პატარა ოთახი გამოგვიყვეს, ძალიან ვიწრო. ყველაფერი იქ ხდებოდა, ჭამა, სწავლა, ძილი. კედელთან დიდი რკინის ორსართულიანი საწოლი იდგა. ძალიან პატარა მაგიდა ფანჯარასთნ, იქ ვისხედით და ვსწავლობდით მე და ჩემი ძმა. დედაც იქ აკეთებდა საჭმელს.
იმ ზამთარს თოვლი რო მოვიდა, ვეღარ მოვითმინე და დედას ვკითხე, ჩვენი ციგები რა იქნა, სახლში როდის მივდივართ-მეთქი. 
თითქოს ჩვენთან სულ სხვა ბავშვები და მასწავლებლები იყვნენ. ვერ ვეგუებოდით იქ.  
სოფელში საგუშაგო ქვემოთ ჰქონდათ და ჩვენი სახლი კიდევ ზემოთ იყო მოქცეული. მაგიტომ ვერ ამოვდიოდით. ხუთი წელი ვიცხოვრეთ საბავშვო ბაღში. ქერეში ბებიაჩემთან ჩავდიოდით ძალიან ხშირად. რამდენიმე წელში მეორე ბიძაც დაიღუპა, სიმსივნით. იქ ვიყავით მაშინაც, დედაჩემს მამიდაჩემმა რო დაურეკა. ჟრუანტელი მივლის ეხლაც. ბლოკპოსტი ზემოთ აიტანეს, სახლში წასვლა შეგიძლიათო. ცოტა ხანი იჯდა ჩუმად, მერე დედამ ტირილი დაიწყო. 
გზები სულ გახრიოკდა, ფეხით გავრბოდით. გატყიურებული იყო ეზოები. ჩვენი ოთახები ისეთი დაგვხვდა, ვერა ვცნობდი. თან გავიზარდე და მეთქი უი, რა პატარა სახლში გვიცხოვრია-მეთქი. მერე მიხედეს დედაჩემმა და ყველამ, დამწვარი რაც იყო, ამოაშენეს. არც ჭურჭელი, არც ავეჯი, მაგრამ რა გვენაღვლებოდა, სახლში ვიყავით. ნელ-ნელა რაღაცა ვქენით. მეზობლებმა ჩააქრეს ეგ ცეცხლიც, იმ ომის დღეებში.
არავინ არ იცოდა სად გარბოდნენ, რამდენი ხნით, იმათაც ხო იგივე ნახეს. ჩვენმა მეზობლებმაც სახლ-კარი დატოვეს, თავიანთი ნაშრომი. ადამიანები დაკარგეს. 
იმ წელს, სახლში რო შემოვედით, 2013 წელი იყო. ღვთისმშობლის ნიში გვაქვს სოფელში და ხატობას ცხვარი დაკლეს. გაშალეს დიდი სუფრა, სოფლიდან ყველანი ვიყავით. უცბად გავიხედეთ და ჩვენი რამდენიმე ოსი მეზობელი გორიდან ჩამოდის. ის ხატობა ყველამ ერთად იქეიფა. მერე ყოველ წელს ასე ვხვდებოდით. ეხლა, კარანტინი იყო და ვეღარ გავედით. 
არასდროს მავიწყდება ის ადამიანი. დაგვინახავდა და გაშლიდა ხოლმე ხელებს, მოდით, მოდით შვილებოო. ისე მიყვარდა იმ, მოხუც ბებიასთან მისვლა. ბავშვებიც ყოველ დღე გადმოდიოდნენ ჩვენთან და ვთამაშობდით დაღამებამდე. სტუმრები მოდიოდნენ მამაჩემთან, ძალიან ვმხიარულობდით. ზემოთ, აი, თამაზი ბიძიას ეძახის მამაჩემი, ძმები არიან, ისეთი მხიარული ადამიანია, ძალიან კარგი იუმორის გრძნობა აქვს. სულ ვეხვეწებოდი, მოვიდეს, რა, მამი, ცოტა გაგვამხიარულოს-მეთქი. ომის მერე არც ერთი აღარ მინახავს. ბევრი კიდევ. ჩვენი მეზობლის ქალი, მოვიდოდა, აუცილებლად კანფეტებს მოგვიტანდა. მაგრამ გვირეკავენ და გვკითხულობენ ხოლმე.
ჩემი ბავშვებიდან, ზოგის სახელიც დამავიწყდა რო ქსელებში მოვძებნო. დედაჩემიც ცდილობდა პოვნას, მაგრამ ვერა ნახა. ბევრი ერთნაირი სახელიც ამოაგდო, ვერ მივხვდით რომელი იყო. გაზრდილები, ალბათ შეცვლილებიც არიან.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა