გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

კარაბინები | რობერტ მამისაშვილი, ცხინვალიდან

რობერტ მამისაშვილი, 55 წლის, ცხინვალიდან
ქართულ-ოსური კონფლიქტი. 1991-1992. 

1988 წელს, ცხინვალის პროფტექნიკურ სასწავლებელში რომ დავიწყე პედაგოგად მუშაობა, მაშინ დაიწყო დაძაბულობაც.

მანამდე ყველასთან ვმეგობრობდით. ჩემს მიმართ განსაკუთრებით იჩენდნენ ოსები პატივისცემას, ბიძაჩემის გამო. დედაჩემის ძმა - გიორგი ბესტაუთი, ძალიან ცნობილი პოეტი და მწერალი იყო. ვეფხისტყაოსანი ოსურ ენაზე გიორგის ნათარგმნია.

მაგრამ მოხდა პირველი გასროლა და ისე დაიძაბა სიტუაცია, დროებით მეც შევწყვიტე სამსახურში სიარული. ეს იყო ლენინის ქუჩაზე, გვარებს ვეღარ ვიხსენებ, ორი ქართველი გამოასალმეს სიცოცხლეს. უკვე დაწყებული იყო ეროვნული მოძრაობა. ესენიც მოძრაობის რეგიონული ლიდერები იყვნენ.

ამის მერე, შევაბიჯებდი თუ არა სამსახურში, ვა, ნახე, გამსახურდია მოვიდაო. შევიდოდი სასადილოში და ვა, გამსახურდია მოდისო. ისეთი გულსატკენი იყო.

ყველას ერთ ქვაბში ვერ მოვხარშავ, რა თქმა უნდა, თავშეკავებულებიც იყვნენ და თბილადაც მექცეოდნენ, იმათთან კამათიც კი მოსვლიათ, ეს ერთი კაცი ვერ შეგვინახია, არა გცხვენიათო.

ისე, ბევრად უფრო ადრეც მიწევდა კამათი ასეთ თემებზე. ძალიან ახლოს იყო ჩემი ოჯახი ნაფი ჯუსოითთან, ბიძაჩემის კარის მეზობელი იყო. სტუმარი არ მიუღიათ ნაფის გარეშე ჩვენებს. მწერლების სახლს ეძახდნენ მათ კორპუსს, სულ მწერლები ცხოვრობდნენ. ნაფი ისტორიკოსი იყო და აკადემიის წევრ-კორესპონდენტი რომ გახდა, მე ვთვლი, რომ გაგვიმეტა. ეს ლაპარაკი ჩვენში ყოველთვის როგორ არ იყო, მაგრამ ბოლოს სულ სხვა სახე მიიღო. ისეთი უნდობლობა გაჩნდა ჩვენშიც, ბიძაშვილებშიც. ვეუბნებოდი, აბა, ეხლა ბიძაჩემი რომ იყოს ცოცხალი, ამის უფლებას ხომ არ მოგცემდა-მეთქი! არ გრცხვენია, ეს ვისა ხართ აყოლილები-მეთქი. აბა, რა განცხადებები კეთდებაო, თქვენთან ვის მოუნდება ცხოვრებაო. ალბათ დამოუკიდებლები რო გახდეთ, რას გვიზამთო.

ეს ჩვენი ბრალი კი არ იყო, ქვეყანაში ჯერ პოლიტიკოსები არ არსებობდნენ. თქვენ წარმოიდგინეთ, დამოუკიდებლობა ცხადდება და არც ერთს, ვინც პოლიტიკას სათავეში უდგას, პოლიტიკური გამოცდილება არა აქვს. აი, მაგის ბრალი იყო.

სანამ ცხინვალი დაიცლებოდა, იქ ვიყავით. უკანასკნელ დღემდე ვმუშაობდი. ბოლოს, მახსოვს, ჩემი თანამშრომლის ქორწილში მივდიოდით, ჯიოევებში. მეც ახალი შეუღლებული ვიყავი. დირექტორის მანქანით ვიყავით, გვერდით მოადგილე ეჯდა, უკან - მე და ჩემი მეუღლე. გზაში გავჩერდით უცბად. გოჭები გადადიოდნენ ქუჩაზე. და თითქოს შეთანხმებულად, ორივემ ერთდროულად წამოიძახა: ვოტ, მალადიოჟ გრუზიიო. ღორებზე. ჩემ მეუღლეს სახე აუწითლდა. ეი, დემურ, მეუღლეს მაინც ეცით პატივი-მეთქი, უკნიდან გამოვძახე. კაი, რა მოგივიდა, ხუმრობა აღარ გესმისო?! - ქართულად მიპასუხა. ოსურად ისე კარგად ვერ საუბრობდა, როგორც ქართულად. დედა ქართველი ჰყავდა, თვითონ სულით და გულით სეპარატისტი იყო. მიფიქრია, შეიძლება ასე იწონებდა-მეთქი თავს, რამე ეჭვი რომ არ გასჩენოდათ ოსებს, რადგან დედით ქართველი იყო.

1991 წლის 6 იანვარს უკვე მილიცია შემოიყვანეს. ჩემ თავს უფლებას ვერ მივცემდი, იქ არ ვყოფილიყავი. მეც და ჩემი ძმაც. სანდრო მაშინ 19 წლის იყო.

ჩვენ შტაბში ვიდექით, მამისაანთუბანში, ცხინვალის შესასვლელთან. პირველი ჭრილობა მაშინ მივიღე, ნაღმი აფეთქდა და წვრილ-წვრილი ნასხლეტები მომხვდა.

თბილისში წამოვედი და ჩემ მონადირე მეგობარს თოფი გამოვართვი.

დავდიოდით კარდაკარ სოფელში მე და ჩემი მეგობრები და ხმამაღლა მოვუწოდებდით ხალხს მშვიდობისკენ. ყველა ოჯახში შევდიოდი და ვეუბნებოდი, არც ერთს არ გქონდეთ შიში რო თქვენ ვინმემ შეგავიწროვოთ, ან შემოგივარდეთ, გამორიცხულია-მეთქი. მიჯერებდნენ. გვიცნობდნენ, დედას და მამას პატივს სცემდნენ, და მართლაც ბოლომდე ჩვენთან ერთად იყვნენ.

მერე ექვსი ერთეული კარაბინი ვიშოვნეთ. ეს უკვე სერიოზული იარაღი იყო. თუ დგახარ, უნდა აიცილო თავდასხმები, აბა, შტაბს ხელმძღვანელობ და ამხელა პასუხისმგებლობას იღებ. საიმედოდ უნდა ვყოფილიყავით.

მაგრამ ჩვენ განეიტრალებას რა უნდოდა, სულ თხუთმეტი კაცი ვიყავით. უბრალოდ, იქ ყველა პატივს გვცემდა, ქართველიც და ოსიც. ხალხს ვეხმარებოდით, ყველას თავიანთი მეურნეობა ჰქონდათ, არავის არაფერში ხელი არ ეშლებოდა. მაგრამ, მერე მოვიდა ყარყარაშვილი და გამოგვიშვა. ჩაგვაბარებინა იარაღი. მათი შესვლიდან სამ დღეში დავკარგეთ მამისაანთუბანი.

აქ რო ესმოდათ, იქ ქართველებს აწამებენო, იქით პირიქით ამბობდნენ. დახვრეტებიც იყო. მე არ შევსწრებივარ, მარა ყოველ ნაბიჯზე გვესმოდა. ტყვეებს ხო ექცეოდნენ ეგრე, მაგრამ მშვიდობიან მოსახლეობასაც, იქვე, გორის რაიონის ქართულ სოფლებშიც, ოჯახებში უცვივდებოდნენ და აყაჩაღებდნენ.

ერთი ფაქტი იყო, ოსი ქალბატონი ჰყავდათ დაკავებული. შემთხვევით მოვკარი ყური, სახლში ჰყავთო ქალიო, რამე არ უყონ-თქო და ორი ბიჭი წავიყვანე თან. სირბილით ჩავედით. ქალს სულ ბოდიშები ვუხადეთ. ისინი კიდე დავიბარეთ შტაბში. რას აკეთებთ, ეს ქალი რომ წავა და წაიღებს ამბავს, აქეთ, მერე რას ელოდებით-მეთქი! და მერე, იქით ვინ გაუშვებდაო? - პირდაპირ გვიპასუხეს.  ჩამოვართვით იქვე იარაღი, შტაბში სასამართლო მოვუწყვეთ და გავაძევეთ სოფლიდან. ჩვენი სოფლელები კი იყვნენ, მარა მაგათ ერქვა ბანდა. პატარა ბიჭებს, 16, 17 წლისანებს კი, ეგენი ავტორიტეტებად მიაჩნდათ, რა ვიცოდით, ვის რას გადაყრიდნენ.

ორივე დაიღუპა. ერთი მალე მოკვდა, მეორე გულით გარდაიცვალა.

დედაჩემს მეორე ძმაც ჰყავდა. ისიც პირველ სკოლაში სწავლობდა, მასაც ქართული უმაღლესი განათლება ჰქონდა მიღებული. ქართველებში არც აღიქვამდნენ რო ოსი იყო, იქით, ოსებისთვის კიდე, გიორგი ბესტაუთის ძმა იყო, პატივს სცემდნენ. შედიოდა და გამოდიოდა თავისუფლად. მარა ერთხელაც, გორში ვიღაცას უთქვამს ეს ოსია, უნდა დავიჭიროთო. თვითმხილველებიც ჰყავს. წაიყვანეს და მორჩა. დაიკარგა.

ჩემი ძმა კიდე, 1992 წელს ოსებმა მომიკლეს.

აღნიშნულ თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ


ფოტო: შახ აივაზოვი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა