გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

კარაქიანი პური

თინა ორი კვირაა თხელ, კნატუნა პურებზე ლაპარაკობს, ერთი კვირაა სამსახურში დააქვს, ამდენივე დღეა, მთელ ოჯახს ამ პურებით კვებავს. ჯერ მთლიანებს აცხობდა – საცხობი ფორმის ზომაზე. მერე გრძელ ბლოკებად დაჭრა. ბოლოს – ჭიქით პატარა წრეწირებად დაჭრა. ერთ დღეს „მწვანე მარილით“ მოიტანა – თავზე მოუპნევია მარილში გაზავებული ხმელი ქონდარი; მეორე დღეს – გახეხილი შვეიცარიული ყველით და წითელი წიწაკით (თუ წიწაკა ახლა მე მოვიგონე? რა მნიშვნელობა აქვს, იქნებ მოხდენოდა…); მესამე დღეს კი პიცად აქცია, თავის მართლებით: არა, პიცის ნამდვილი ცომი არ არის, მაგრამ მოეწონათ ბავშვებს...

ბავშვობაში, როცა საკუთარი ოთახი არ მქონდა, რაღაც ასაკში, ძილის წინ თავს იმით ვირთობდი, რომ საოცნებო ოთახს ვაწყობდი თვალებდახუჭული. მოგვიანებით, უკვე ჩემს შვილებს როცა ვაძინებდი და ბნელ ოთახში სასთუმალთან ვეჯექი, სტატიისთვის ფრაზების მოგონებაზე, ანდა კერძების დაგეგმვაზე გადავედი. ახლაც, ვიდრე ზურგზე თითებს ვუსვამ ჩემს უფროს შვილს, ხშირად ვიწყებ ხოლმე ფიქრს ასე: მოვთუშავ ხახვს… მმმმ...

ჰოდა, თინაც ასე ყოფილა და ეს მაშინ გავიგე, როცა კნატუნა პურებს ერთ დღესაც ფორთოხლისფერი კარაქი მოაყოლა და თქვა, რომ ეს კომბინაცია გუშინ სწორედ ბავშვის დაძინებისას მოიფიქრა.

მერე ასორტიმენტი გააფართოვა და კარაქი მასკარპონეთი გააზავა, ფორთოხლის ცედრა – დარიჩინით, კარაქის ერთ ვერსიაზე ბაზილიკიან პესტოს მისცა სრული გაბატონების უფლება; მეორე ვერსიის გემოს განსაზღვრა კი აჯიკას მიანდო. ჩამოამწკრივა მაგიდაზე კარაქის ფერადი ფიალები, გვერდზე მოუწყო კნატუნა პურები და სუფრა აკურთხა. ნაზ და მორიდებულ გასინჯვას ყბების მძლავრი ქნევა მოჰყვა, ვნებიანი და ხანგრძლივი ღეჭვა – ისე, რომ დასასრულისკენ, უკვე გონებადაბინდულს, შეუძლებელი იყო, დანამდვილებით მეთქვა: რანი ვიყავით ქართველები, რანი ვართ და რანი ვიქნებით.

სამზარეულო სამეფოს ჰგავს და ყველა დიასახლისი ცრუობს იმ მეფესავით, რომელიც სასურველ სასიძოს ნახევარი სამეფოს მიცემას ჰპირდება. თინაც თავის სამეფოში ერთადერთი და სრულუფლებიანი ბატონია, მაგრამ მოყვარეს ყოველთვის ცნობს ისევე, როგორც – გურმანის ვნებებს. ამიტომ ზუსტად მიხვდა, რატომ მჭირდებოდა, აუცილებლად მე თვითონ გამებრტყელებინა კნატუნა პურების ცომი – რაც არ უნდა აეხსნა, ცომი რბილი უნდა იყოს და სიფრიფანად უნდა გააბრტყელოო, მე თვითონ უნდა მეგრძნო თითებით, მისი სირბილეც და სიფრიფანობაც. ამიტომ ფქვილმოყრილ მაგიდასთან მიმიშვა – ცომის გუნდასთან მარტო დამტოვა.

აღმოვაჩინე, რომ ამ კნატუნა პურების ცომი ჩემი უმცროსი შვილის ლოყასავით ფუმფულა და რბილია. თითის მსუბუქ დაჭერაზე იჩუტება.

გაბრტყელებისას იოლად გემორჩილება და პერგამენტის ქაღალდივით გამჭვირვალეა. შიშიც მალე გადის – გაიფხრიწება და არ გამომივაო – ყველაფერს გაკეთებინებს, ფურცელივით იშლება. ამოვჭერი წრეებად, დავაწყვე ფქვილმოყრილ ფორმაზე და გახურებულ ღუმელში 3 წუთში რომ შევიხედე, ალაგ-ალაგ ამობურცული დამხვდა, ჩავჩხვლიტე და შიგნით, საკუთარ ფუღუროში, ახლად დადებული თოვლივით ჩაიფშვნა.

ეშხში შევედი, ვჭერი და ვაცხვე, ხის გობზე კნატუნების გორა დავაყენე. ამასობაში კარაქიც ოთახის ტემპერატურაზე დადგა. თინამ ამათქვეფინა და მერე ერთად შევურიეთ ნაწილი პესტოს, ნაწილი – ჩუკას აჯიკას, ნაწილი ფოროთხლის ცედრას და დარიჩინს. მერე ვჭამდით მიბნედილი თვალებით და ფანტაზიებს მაინც არ ვეშვებოდით, შებრაწული პომიდვრის ჩირი და ტკბილი წიწაკაც მოუხდება, ბლანტი ბალზამიკოს მოტკბო-მომჟავო გემოსაც კარგად აიტანს…

აჯიკაზე გამახსენდა – ჩუკა კუპრავას წლებია ვიცნობ – ჩემი შვილების ბებიდაა და ჩემი მეგობარი, მასთან ერთად აჯიკა ორჯერ გამიკეთებია და მივმხვდარვარ, როგორი თერაპიაა, როგორი დღესასწაულია სამზარეულოში საყვარელ ადამიანებთან ერთად შეკრება და შრომის გაყოფა, ერთად ფუსფუსი. მე, თინა და ნინოც კარაქიანი პურივით იდეალურად შევეწყვეთ ერთმანეთს სამზარეულოში, უსიტყვოდ, აუჩქარებლად, დაუძაბავად გავიყავით საქმე და შედეგიც ერთად გავსინჯეთ.

თუმცა, რასაკვირველია, ასეთი თავყრილობები უდესერტოდ ისევე არ მთავრდება, როგორც – ჰოლივუდური ფილმები ჰეფი-ენდის გარეშე.

ბოლოს, კენწეროში აუცილებლად უნდა გაგვიტკბილდეს. სწორედ ამ მიზნით შევთხზეთ მანგოს დესერტი: ჩიას მარცვლები ჩავალბეთ ნუშის რძეში, რისთვისაც ნუში და წყალი ერთად დავაბლენდერეთ და გადავწურეთ. ცალკე მწიფე მანგოს ნაჭრები ვაქციეთ ფაფად და ჩიას მარცვლების გაღვივებამდე საყინულეში მოვათავსეთ. მერე კი მანგოს ჩამტკბარ, ყვითელ ფენას, ჩიას ფენა დავუმატეთ და ისე დარბაისელი მანდილოსნებივით ვისიამოვნეთ – მსუბუქად და კეთილსინდისიერად საკუთარ წონასთან, თითქოს, სხვა დროს, როცა ხასიათზე ვართ, ხუთზე მეტი ხინკლის მჭამელი არ ვიყოთ რომელიმე.

კარაქი და პური, პური და კარაქი – ცოტა ხნის წინ, ამ ერთმანეთს ტკბილად შებერებული წყვილის ოდა ჟურნალ Kinfolk-ში ამოვიკითხე. სამზარეულოში მორიგ შეკრებამდე სწორედ ამ ოდით დაგემშვიდობებით:

„კარაქო, მარილის გემო გაქვს, თუკი გამბედაობის ხასიათზე ხარ, უმარილო ხარ, როცა ჩრდილში ყოფნას ამჯობინებ. პურო, შენ ამ სამყაროსავით ბებერი სული ხარ და მაინც შენისთანა ქამელეონი, კულტურიდან კულტურაში ასე რომ იცვლება, მეორე არაა: მთელ შენს მეობას ვეთაყვანებით, ფოკაჩა ხარ თუ ფამფერნიქელი, ჩალა თუ ინჯერა, ტორტია თუ ნაანი. ერთად კი, თქვენ – კარაქო და პურო – ყველა სხვა ცნობილ წყვილს ჩრდილავთ. აბა, სად მოვა თქვენთან: ლუისი და კლარკი, ტომი და ჰეკი, სკოტ ფიცჯერალდი და ზელდა, წყალბადი და ჟანგბადი“.

და სულ ბოლოთქმა ენობრივ თავისებურებაზე: კარაქისა და პურის ამ ერთობას ქართულში სულ სხვაგვარად ესმება ხაზი: ჩვენ ცალ-ცალკე, თანასწორად კი არ ვამბობთ – პური და კარაქი, არამედ ვამბობთ – კარაქიანი პური, რითაც ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის ჯერ არის პური; თუნდაც ინდიგოს სამზარეულოში გამომცხვარი აბლაბუდის ძაფივით სიფრიფანა და კნატუნა პური.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა