ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ქართველები აზერბაიჯანულ ლიტერატურაში 7 ნაწარმოების მიხედვით

ჩემი წერილის „ბორჩალოელები ქართულ ლიტერატურაში“ „ინდიგოს“ საიტზე გამოქვეყნების შემდეგ, მკითხველები რამდენიმე კომენტარში აზერბაიჯანულ ლიტერატურაში ქართველი პერსონაჟების რაგვარობით დაინტერესდნენ, რამაც ამ წერილის შედგენის იდეა მიკარნახა, რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებ მათ.

სანამ უშუალოდ საკითხზე გადავიდოდეთ, მკითხველებს უნდა გავანდო, რომ აზერბაიჯანული ლიტერატურის სპეციალისტი არ ვარ, შესაბამისად, აქ წარმოდგენილი მაგალითები უფრო მკითხველის დაკვირვებაა და არა მკვლევარის, ამდენად, გამოთქმულ მოსაზრებათა პირველობას ვერ დაიჩემებს.

დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებულ სახანოებსა, თუ სამეფოებს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ ერთიან, თუ ასევე სამეფო-სამთავრობოებად დაშლილ  საქართველოსთან და ეს ურთიერთობები,  პოლიტიკურთან ერთად (ნათესაობა, ვასალობა, მოკავშირეობა თუ ურთიერთბრძოლა) კულტურულ-ლიტერატურულ ხასიათსაც ატარებდა. ამაზე მეტყველებს დავით აღმაშენებლის მიერ „ხანაგას“ ჩამოყალიბება, სადაც ალბათ პოეტური „ფესტივალები“ თუ საუბრები იმართებოდა. კიდევ, შ. ნუცუბიძე თავის ნაშრომში „რუსთაველი და აღმოსავლური რენესანსი“ მიუთითებს, რომ ლიტერატურული რენესანსი ჩაისახა შირვანში და სწორედ აქედან შეითვისა საქართველომ ირანულ-არაბული კულტურის მოწინავე იდეოლოგია. მოგვიანებით, ქართლ-კახეთისა და ყარაბაღის სახანო მოკავშირეობენ. ყარაბაღის ხანს ერეკლე მეორის რუსეთისაგან მისაღები დივიდენტები აინტერესებს, რისთვისაც თავის ვეზირს - სახელგანთქმულ პოეტს - მოლა ფანაჰ ვაგიფს გზავნის თბილისში და უნებურად ლიტერატურული შედევრების შექმნასაც უწყობს ხელს. მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის მიჯნაზე თბილისი აზერბაიჯანელებისთვისაც საგანმანათლებლო-ლიტერატურული სარბიელია (მირზა შაფი ვაზეჰი, აბასყული აღა ბაქიხანოვი, მირზა ფათალი ახუნდოვი, ნარიმან ნარიმანოვი, ჯალილ მამედყულიზადე, ომარ ფაიკ ნეიმანზადე და სხვ.), ხოლო გასაბჭოების შემდეგ ქართული ლიტერატურის ნიმუშების აზერბაიჯანულად თარგმნის აუცილებლობაზე პოეტი მიქაილ მუშფიგი წერს (რუსთაველის იუბილესთან დაკავშირებით პირველად „ვეფხისტყაოსანი“ ითარგმნება). დანარჩენზე კი ქვემოთ:     

თურქულენოვანი ხალხების ფოლკლორულ ნაწარმოებებში საგმირო ეპოსებს უდიდესი ადგილი უკავიათ. ამ ეპოსთაგან რამდენიმე საერთო თურქული მნიშვნელობისაა და შესაბამისად, მისი გმირი, თუ გმირები თურქულენოვან ხალხთა გეოგრაფიულ არეალში კარგადაა ცნობილი. ასეთი „ბრძენი/მაგი“ არის გორგუდი ან ქორქუთი, რომლის სახელის ირგვლივ შეკრულია ოღუზ თურქთა გმირების თავგადასავლები. ეპოსი Kitabi Dədəm Qorqud“, - „წიგნი პაპაჩემი ქორქუთისა“ ქართულად თარგმნეს ელიზბარ ჯაველიძემ და გიორგი შაყულაშვილმა. ეპოსი, სავარაუდოდ რამდენიმე საუკუნის განმავლობაში იქმნებოდა - ოღუზების მიერ ისლამის მიღებამდელი ხანიდან გვიან შუა საუკუნეებამდე. ხოლო შამანური ხასიათის ფრაგმენტები მოგვიანებით, გადამწერთა ხელში დარედაქტირდა. ამ მონაკვეთებს არა მხოლოდ ისლამური ელემენტები ჩაემატა, არამედ როგორც აზერბაიჯანელი მეცნიერი ჰამიდ არასლი მე-15 საუკუნის მეცნიერ ად-დავადარიზე დაყრდნობით მიუთითებს - „შარიათის“ მოთხოვნებს მიესადაგა (თუმცა ღვინის სმის ეპიზოდები მაინც შენარჩუნებული აქვს).

ამ ეპოსის გმირების გარეშე მტრები ტრაპიზონელი ბერძნები, ქართველები, აფხაზები და სომხები არიან. ოღუზი ხანები და „შოქლუ მელიქი“ (საქართველოს მეფე) ერთმანეთის ტერიტორიებზე იჭრებიან და დაუძინებელი მტრობა აქვთ. დირსე ხანის მოღალატე ჯიგიტებს საქართველოსკენ უჭირავთ გეზი. ხოლო სალურ ყაზანის ვაჟი, მამაზე განაწყენებული ურუზი იმუქრება, რომ თუკი მამა ტირილის მიზეზს არ გაუმხელს:

„ავდგები და ადგილიდან ზე წამოვდგები,
ჩემ შავთვალა ვაჟკაცებს ვიახლებ, აფხაზთა მხარეს მივაშურებ,
ოქროს ჯვარზე ფიცს დავდებ,
ანაფორიან მღვდელს ხელზე ვეამბორები...“ (თარგმნეს ე. ჯაველიძემ და გ. შაყულაშვილმა).
დიდი შირვანელი პოეტი და ასევე საქვეყნოდ ცნობილი ნიზამი განჯელის მასწავლებელი ხაყანი (Xaqani Şirvani -1120- 1199)  ერთ ყაზალში სალურ ყაზანის ვაჟ - ურუზივით იქადნის, რომ:
„თუკი აქ პატივს არ დამდებენ აფხაზეთში გადავალ, მეტი რა ვქნა?“

 ხოლო თავის რობაიში „აფხაზეთთან“ ერთად  ქართულ სიტყვასაც  პირდაპირ ახსენებს:

„ქრისტიანი, თეთრპირსახა სატრფოს ეშხით
აფხაზეთში ქართულადაც  კი ვისიტყვე:
იმდენჯერ ვეძახე  „მოი“ -მეთქი,
ენა თმის ღერებივით დამიწვრილდა
ხოლო (ტანზე) ყველა თმის ღერი -ენად მექცა“ (პწკარედული თარგმანები ჩვენია -ო.ქ.)

პოეტისაგან, თანაც შუა საუკუნეებში ქართული სიტყვის - „მოი“ („მოდი“) ხსენება ქართველებთან უშუალო კავშირზე მეტყველებს. თანაც ხაყანი შირვანშაჰის კარის პოეტია შესაბამისად, შირვანელთა შაჰის - მანუჩეჰრ მესამის მეუღლე თამართან და მის ქართველ გარემოცვასთან ურთიერთობა უნდა ჰქონოდა. 

ქართველს საინტერესო მეტაფორად იყენებს ნიზამი განჯელი (1141-1209) პოემაში „ლეილი და მაჯნუნი“ (Nizami Gəncəvi – “Leyli və Məcnun”), ქართული ტრადიციით „ლეილმაჯნუნიანი“, კერძოდ, მაჯნუნის სატრფოსთან შეყრის მიზნით, ლეილის მამის ტომთან, მაჯნუნის მეგობარი ნავფალი და მისი ლაშქარი იბრძვის. მეომარ მხარეებს მხოლოდ ღამე აცილებს ერთმანეთს. აქ ღამის აღმნიშვნელი მეტაფორა - ქართველია, მზისა კი რუსი.

„როცა მოვარდა ქართველი
ზურგზე შავი თმა დაყრილი
და ვით თმის წვერებს კვეცავენ,
რუსს თავი წაჭრა მახვილით,
დაეხსნენ ერთურთს მებრძოლნი
კარგად შეღამდა თუ არა...“ (თარგმანი მაგალი თოდუასი).

მეტაფორა მეტაფორად, მაგრამ მგონი გენიოსმა პოეტმა ჩვენი ისტორიის რუსულ-ქართული ომებისა თუ შეტაკებების ორასწლიანი მონაკვეთი და თანამედროვეობაც საკმაოდ რეალისტურად იწინასწარმეტყველა.

ქართველს ვხვდებით საგმირო ეპოს „ქოროღლიშიც“ (Koroğlu), რომელიც ქოროღლის ერთ-ერთი გამორჩეული დელიბაში, ანუ მებრძოლია. გურჯიოღლი მემმედი (გურჯიოღლი ქართველის ძე/ვაჟს ნიშნავს. თუმცა, ზეზვა მედულაშვილი ეპოსის თარგმნისას გმირის სახელს - მემმედს არ ახსენებს და მხოლოდ გურჯიოღლიდ გადმოაქვს) ისეთ გმირებს შორის იხსენიება, როგორებიც არიან დალი ჰასანი, დემირჩოღლი, ბალი აჰმედი, ისაბალი, ქოსა საფარი, აივაზი, დალი მეჰთარი და ა.შ. რომლებიც - თითო ას მეომარს უდრიდნენო. როდესაც აგენტად შეგზავნილი არაბი მონა გაიპარება და ცხენს გაიტაცებს, ქოროღლი მისი და ცხენის მოსაძებნად დემირჩოღლუსთან („დემირჩი ოღლუ“ მჭედლის შვილს ნიშნავს) და თანრითანიმაზთან ერთად (ამ უკანასკნელის თიკუნი ასე ითარგმნება „ღვთის არმცნობი“) გურჯიოღლისაც გაუშვებს. ისინი ორივეს ალამყული ხანთან მიაკვლევენ. მონას თანრითანიმაზს ჩააბარებენ და ქოროღლისთან გაუშვებენ, მაგრამ გურჯიოღლი ხანის ასულს გაუმიჯნურდება და წამოსვლა აღარ უნდა:

გურჯიოღლიმ თქვა:
- დემირჩოღლი, ქოროღლის ჩემი სალამი გადაეცი და უთხარი, გურჯიოღლი სიყვარულის ტყვე შეიქნა-თქო! ის ქოროღლის დელიბაშად ვეღარ გამოდგება-თქო! მორჩა, ჩემზე იმედი გადაიწუროს, მე უკვე მიჯნური ვარ! ყელზე ჯაჭვი უნდა შევიბა და ჯაჭვის წვერი ამ გოგოს მივცე ხელში. საითაც გამწევს და სადაც წამიყვანს, თვითონ იცის!“ (თარგმნა ზეზვა მედულაშვილმა).

მაგრამ დემირჩოღლი მარტოს არ ტოვებს გურჯიოღლის. საბოლოოდ, ყველაფერი გურჯიოღლი მემმედისა და რუქია ხანუმის მოლასგან ქაბინის - საქორწინო ლოცვის კითხვით მთავრდება (აქ ვაჟის მხარეს ქოროღლი წარმოადგენს).

თბილისსა და ქართველ ქალზე ბევრი უწერია მეთვრამეტე საუკუნის განთქმულ პოეტს, ყარაბაღის ხანის ვეზირს - მოლა ფანაჰ ვაგიფს (Molla Pənah Vaqif -
1717 -1797), რომელიც აღა-მაჰმად-ხანს კი გადაურჩა (აღა-მაჰმად -ხანმა ყარაბაღის სახანო ქალაქ შუშას აღების შემდეგ იგი საპყრობილეში ჩააგდო და მეორე დღეს უნდა მოეკლა, თუმცა არ დასცალდა - თავად მოკლეს შეთქმულებმა), მაგრამ სამაგიეროდ იბრაჰიმ-ხალილ ხანის ძმისშვილმა იმსხვერპლა მოგვიანებით. ერეკლე მეფის კარზე ის დიპლომატიური მისიით იყო ჩამოსული და უფლისწულზე სახოტბო ლექსიც აქვს დაწერილი, გთავაზობთ მხოლოდ პირველ სტროფს:

„მეფეს რა ტურფა ვაჟი ჰყავს, სინათლე ორთავ თვალისა,
ჩრდილი ამო და მფარველი სრულიად გურჯისტანისა,
სარდალი სახელმაღალი, მტერთა დამცემი ზარისა,
სამყაროს თავფურცელია სახელი ლეონ ხანისა,
ღმერთი ჰფარავდეს ლომგულსა, დასტურ კაი ყმა არისა.“ (თარგმანი ზეზვა მედულაშვილისა).

ვაგიფს აგრეთვე ეკუთვნის ცნობილი მუხამბაზი ქართველ ქალზე პირობითი სათაურით „ეკლესიიდან გამოდის იგი“ (Kəlisadan çıxar”), რომელსაც მთარგმნელი კონსტანტინე ჭიჭინაძე ასე ასათაურებს „ქართველი ქალი“. ამ მუხამბაზში ქართველი ქალის სილამაზის, ჩაცმულობის, სიარულის მანერის ქებისდაკვალად პოეტი ასე „იმუქრება“:

„და მე ვაგიფი, რომელიც გავხდი
მისთა უტურფეს წარბთა მნახველი,
მექრაბ-მინბარის მიმართ რწმენისა
გულში როდიღა ვარ შემნახველი.
თუ რა შეემთხვა შეიხ-სანანსა,
აწ შესაძლოა ამის გაგება.
ან ეს თბილისი ჩემი მდუღარე
ცრემლების ღვარით დაიდაგება,
ან პაემანზე ჩემთან უთუოდ
ეკლესიიდან გამოვა იგი!“ (თარგმანი კონსტანტინე ჭიჭინაძისა).

„თუ რა შეემთხვა შეიხ-სანანსა“ უკვე აზერბაიჯანული რომანტიზმის წარმომადგენელ ჰუსეინ ჯავიდის (Hüseyn Cavid -1882 - 1941) ლექსად დაწერილ დრამაში - „შეიხ სანანი“ (“Şeyx Sənan”) შევიტყობთ. „შეიხ სანანის“ სიუჟეტი ასეთია - განთქმულ შეიხ სანანს თავის მიმდევრებთან ერთად მოგზაურობისას, ქრისტიანი ქალი შეუყვარდება. რადგან ამ სიყვარულს რელიგიური წინაღობა აქვს, შეიხი თავისი ტრფობის დასტურად ღვინის სმასა და ღორების მწყემსვას იწყებს, რაც მის რეპუტაციას მთლიანად ანადგურებს. ეს არის „თავის დამდაბლებით ამაღლების“ მისტიკაა და საბოლოდ, ის ამ მაღალ საფეხურს მართლაც მიაღწევს.

შეიხ სანანის შინაგან ორომტრიალს კარგად ესადაგება ნიზამი განჯელის ერთი ლექსი:

„ლამაზ, ქრისტიან ქალზე ვლოცულობ,
ის ჩემი ხატი და ტაძარია.
სად მუსულმანი, სად ხატზე ლოცვა,
ჩემზე იტყვიან რამ გადარია.“ (თარგმნა გრიგოლ აბაშიძემ)

ჰუსეინ ჯავიდის „შეიხ სანანში“ შეიხს ქართველი ქალი - ხუმარი შეუყვარდება. ხუმარს მართალია ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს, მათ შორის სიმონი, ანტონი, მაგრამ გათხოვება არ სურს და მონასტერში წასასვლელად ემზადება, რასაც ეწინააღმდეგება მამამისი - პლატონი და ოჯახის ახლობელი მღვდელი. შეიხის ხუმარისადმი სიყვარულს უშლიან როგორც მისი მიმდევრები, ასევე პლატონი და ეპისკოპოსი, რომ არაფერი ვთქვათ სიყვარულში მოცილე ანტონსა და სიმონზე. სწორედ მღვდლის დაჟინებით ჩამოიკიდებს იგი ყელზე ჯვარს, დალევს ღვინოს და ღორების მწყემსვას მიჰყოფს ხელს. ავტორი „შეიხ სანანში“ მუსლიმი და ქრისტიანი სასულიერო პირების სინამდვილეში ჭეშმარიტებისაგან შორს დგომაზე და უმთავრესის - სიყვარულის მივიწყებაზე მიანიშნებს. შეიხს ქართველთაგან მხოლოდ ხუმარი, ნინა და რამდენადმე სერგო გულშემატკივრობენ, ხოლო მუსლიმთაგან შეიხ ნაიმი, ოღუზი და ოზდემირი. დრამის ბოლოს შეიხი და ხუმარი კვდებიან, მათთვის ხელის შეშლის მოსურნენი კი მათი ღრუბლებს ზემოთ ბედნიერად ამაღლების მომსწრენი ხდებიან.

ნარიმან ნარიმანოვის (Nəriman Nərimanov -1870-1925) დრამაში „ნადირ შაჰი“ (“Nadir Şah”) ორ ეპიზოდში ირანის ერთ-ერთი სარდლის - „გურჯი ბეგის“ გმირი ჩნდება. ნ. ნარიმანოვი მას ხატავს, როგორც ირანისა და სეფიანთა სამეფო კარის ერთგულ, ღირსეულ, პირუთვნელ, გონიერ და უშიშარ სარდალს. ნ. ნარიმანოვი გურჯი ბეგის ქრისტიანობას ხაზგასმით წარმოაჩენს და მას უპირისპირებს მათ, ვინც საკუთარ თავს მუსლიმად კი მიიჩნევენ, როცა სინამდვილეში მხოლოდ პირადი მოგებისთვის ფლიდობასა და მზაკვრობაში ტოლუპოვარი ვაზირები არიან.

ნ. ნარიმანოვის შემოქმედებაში თბილისსა და საქართველოს მთავარი ადგილი უჭირავს.

ქალაქ გორის სამასწავლებლო სემინარია ისმაილ შიხლის (1919-1995) რომანში გვხვდება „გადარეული მტკვარი“ (İsmayıl Şıxlı – Dəli Kür). სიუჟეტი აზერბაიჯანის გაზახის მხარის მტკვრისპირა სოფელ გოითაფაში (Göytəpə) ვითარდება. სოფელი მიწათმოქმედებითა და მესაქონლეობითაა დაკავებული და პატრიარქალური წყობისაა, რომელიც ყველაფერს გასცემს ოღონდ მათი ცხოვრების წესს ნურავინ შეეხება. ამიტომაც იქაურები ერთგვარი ამრეზით უყურებენ ჯაჰანდარ აღას მიერ შვილის გორის სასწავლებელში გაგზავნას. გორიდან დაბრუნებულმა აშრაფმა მამის მითითებით სოფელში შემოსვლამდე უნდა გაიხადოს სტუდენტის ტანსაცმელი და სოფლის დანარჩენი მკვიდრებივით გამოეწყოს. მწერალი გმობს, როგორც კანონების თავმოხვევას, აგრეთვე ფუჭი ადათ-წესებით ცხოვრებას და განათლების საწინააღმდეგო ყოველგვარ დაბრკოლებასაც. ასე, რომ ამ სოფლის ორად-ორი განათლებული ადამიანი ორმაგ წნეხში ექცევიან - ცარიზმის რეჟიმისა და გაუნათლებელი ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან. რომანში ნაჩვენებია, რომ გორში პროგრესულად მოაზროვნე ხალხია თავმოყრილი - რუსები თუ ქართველი მასწავლებელი მიხეილ ყიფიანი, რომელიც ჯერ რეჟიმისთვის სახიფათო ხალხის სიაშია, ბოლოს კი აციმბირებენ კიდევაც. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ ყიფიანი ლამის ეპიზოდურად ჩნდება, გამოჩენიდან რომანის ბოლომდე ღრმა კვალს ტოვებს.

რა თქმა უნდა, აზერბაიჯანულ ლიტერატურაში ქართველი პერსონაჟების რიცხვი ამით არ ამოიწურება. მოცემული ტექსტების მაგალითზე კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ „დედე ქორქუთში“ ქართველი მტერია; ნიზამისთან მეტაფორა; „ქოროღლიში“ ვაჟკაცი, უშიშარი და ერთგული; ხაყანისთან და ვაგიფთან ღირსი ხოტბისა და მიჯნურობისა; ჰუსეინ ჯავიდთან ხუმარის პერსონაჟის სახით, სილამაზისა და ამაღლებულობის სიმბოლო. „შეიხ სენანის“ უარყოფითი ქართველი პერსონაჟების ხინჯები მათი პიროვნული სულიერი ზადის შედეგია და არა ეთნიკურ-რელიგიური მიკუთვნებულობისა. ეს ეხება არაბული წარმოშობის პერსონაჟებსაც;  ნარიმან ნარიმანოვთან გულწრფელების, ერთგულების მაგალითი; ისმაილ შიხლისთან კი იდეისთვის თავშეწირული, ქველი ადამიანის ხატი.

ტექსტი: ოქტაი ქაზუმოვი, ფილოლოგი