ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ბორჩალოელები ქართულ ლიტერატურაში

აზერბაიჯანელი პერსონაჟები ქართულ ლიტერატურაში ცალკე საკვლევი თემაა. მასალებიც უხვად მოიპოვება, როგორც გასული საუკუნეების, ასევე თანამედროვე ქართველ მწერალთა შემოქმედებაშიც. ამიტომაც ამ წერილის მიზანი უფრო ზოგადი მიმოხილვაა და იმ ტენდენციების გამოკვეთა, რომლითაც ქართული მწერლობა აზერბაიჯანელის ხატს წარმოგვიდგენს. ჩემი აზრით, ასეთ გმირებში ხშირად მწერლის პირადი დამოკიდებულებაც იკითხება. ქართულ მწერლობაში აზერბაიჯანელი პერსონაჟების რამდენიმე ხატი შეიძლება გამოვყოთ: 1) „შინაური უცხოები“- „შინაურში“ საქართველოში დაბადება იგულისხმება, „უცხოში“ სხვა ეთნოსისა და რელიგიისადმი მიკუთვნებულობა; 2) მტრები და მოყვარენი; 3) ცივილურობისა (დასავლეთი) და ჩამორჩენილობის (აღმოსავლეთის) ანტაგონიზმის საილუსტრაციო მაგალითნი; 4) ერთგულნი და ვაჟკაცნი; და 5) გულუბრყვილონი.

ცხადია, ჩამოთვლილი ხატები ძალიან ზოგადია და ამდენად, შეიძლება ბუნდოვანიც, მაგრამ ქართული მოთხრობა-რომან-ნოველების აზერბაიჯანელ პერსონაჟთა სახეების და მწერლების მათდამი დამოკიდებულებების მიახლოებითი პარადიგმა მაინც ასეთად შეიძლება წარმოგვიდგეს.

ქართულ ლიტერატურაში აზერბაიჯანელებს მოიხსენიებენ ან თათრებად/ ბორჩალოელ თათრებად, ალბათ, ასე მეოცე საუკუნის 40-იან წლებამდე, ხოლო შემდეგ, დღეის ჩათვლით, უფრო აზერბაიჯანელებად, თუმცა „თათარიც“ არაიშვიათად გვხვდება (გააჩნია მწერალი რომელ ისტორიულ პერიოდზე ჰყვება. აქვე სათქმელია, რომ „თათრებში“ ყოველთვის დღევანდელი აზერბაიჯანელების წინაპრები არ იგულისხმებიან და ხშირად ეს სახელდება რელიგიასთან - „ისლამთან“ ასოცირდება, თუმცა ეს სხვა სასაუბრო თემაა -ო.ქ.).

აზერბაიჯანული რეალიები, ისტორიული წყაროებისაგან განსხვავებით, ქართულ მხატვრულ-წერილობით ლიტერატურაში დასტურდება გვიან, ალბათ საგმირო ეპოსის „ქოროღლისადმი“ გამოჩენილი ყურადღებით. მის მოტივებზე, მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანების ქართველმა დრამატურგმა, ზურაბ ანტონოვმა პიესაც დაწერა სათაურით „ქოროღლი“, სადაც პიესის მთავარი გმირი სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლ ეტალონად წარმოგვიდგება.

ბორჩალოთა ყოფის ფონზე ტრაგიკული სიყვარულის დრამას გადმოსცემს შიო არაგვისპირელი ნოველაში „გიულიჰ“. ამ ნოველაში რამდენიმე კვანძია ერთმანეთში ჩახლართული. ასაკოვან ალის ცოლად 17 წლის გიულიჰ ჰყავს, რომელზეც შეყვარებულია ალისვე შვილი ქერბალაი, რომელსაც აგრეთვე ცოლი ჰყავს. ცალკერძ გიულიჰ შეყვარებულია ალისთან მოვაჭრე სომეხი სოვდაგრის მოჯამაგირე ქართველ ახალგაზრდა მამაკაცზე-მიტუაზე და მიტუასაც უყვარს იგი. ნოველაში აღწერილია მესაქონლეობის მიმდევარი დიდი ბორჩალოური ოჯახი, თავისი პატრიარქალური წყობითა და უმცროს-უფროსობის წესების დაცვით, სტუმართმოყვარებითა და შინაგანი, ადამიანური ჭიდილით - თავად ქერბელაი და დედამისი, მამის სხვა ცოლებთან ერთად, უკმაყოფილონი არიან ალის მიერ თავისზე ბევრად უმცროს გოგონასთან შეუღლებით. ნაწარმოების ბოლოსკენ მიტუა და გიულიჰ გაიპარებიან, ხოლო ქერბელაი მათ გამოქვაბულში მიაგნებს და სამივე ახალგაზრდა დაიღუპება.

 ოთარ ჩხეიძის რომანში „მორჩილი“, რომელიც საქართველოში 2003 წელს მიმდინარე მოვლენებს ეხება, სიუჟეტი ქვემო ქართლში ვითარდება. რომანიდან ჩანს, რომ ქვემო ქართლში ქართული ენის საღამოს კურსები გახსნილა, სადაც ერთ შეგირდს (რომელიც ბიზნესმენია) თავისი მასწავლებელი პელაგია შეუყვარდება. აღნიშნული ეპიზოდიდან მოყვანილ ციტატებს წარმოგიდგენთ ჩვენივე კომენტარებით, მოკლედ, პელაგიაც არ არის გულგრილი თავისი შეგირდის მიმართ, მაგრამ აქ ერთი დაბრკოლებაა: „დედაჩემი ვერ დავითანხმე...“- უებნება მაიკოს. „რას უწუნებს?.. შენს ტოლად არა სთვლის განათლებითა?“ (აქ მწერალი მეტად რეალისტურად გამოხატავს საზოგადოებრივ აზრს - თუ აზერბაიჯანელია, აბა, განათლებით ქართული ენის თუნდაც რიგით პედაგოგს როგორ შესწვდება?!). პელაგია კი შეიცხადებს: „არა. რას ამბობ!.. ბაქოს უნივერსიტეტი დაუმთავრებია (აქ „აზერბაიჯანულენოვანი განათლებისადმი“ სკეპსისმა რომ არ იჩინოს თავი, დასძენს) რუსული უნივერსიტეტი. აქაც უნდა ჩვენებთან კავშირი გააბას (კაცი საქართველოს მოქალაქეა და მაინც „ჩვენებთან“ ანუ „ქართველებთანო“) რუსულადაც მოუხერხდება. რაღა თქმა უნდა. მაგრამ ერცხვინება. რად უნდა ვლაპარაკობდე ჩემ თანამემამულეებს სხვა ენაზეო (ამ დროს აზერბაიჯანელს გააჩნია საერთოობის განცდა).

„მაშ კიდევ რაღა ნებავს ძვირფას დედაშენსა“ - ეკითხება მაიკო.

„წესი არ მოსწონს. მაგათი წესი. მე როგორ შევჰხედო ჩუჩუდაცვეთილ შვილიშვილებსაო... იქით დედამისი გაწიწმატებულა: შინ არ შემოვუშვებ ჩუჩუდაუცვეთავ შვილიშვილებსაო“.

რომანში ქალებისაგან განსხვავებით შეყვარებული კაცები უფრო სოლიდარულები არიან. პელაგიაზე შეყვარებული აზერბაიჯანელი (სახელი არ ვიცით) და მაიკოზე გულშევარდნილი ქართველი დემეტრე თავიანთ ხვაშიადს ერთ სასადილოში ცალ-ცალკე იხშობენ სასმელით, მაგრამ „რომ მოჯერდებიან. ერთად ადგებიან. ერთმანეთთან მივლენ. სიყვარულს დალოცავენ ერთადა. ერთად გადაჰკრავენ უკანასკნელ ყლუპსა. ერთად გამოდიან. ჩუმად იწმენდენ ცრემლსა“...

მაიკო ერთგვარი ირონიით ასე „ამშვიდებს“ პელაგიას: „ეგება სულაც გოგონები გეყოლოთ.“

ამ პატარა მონაკვეთში მწერალმა მოახერხა არათუ არსებული დამოკიდებულებები ეჩვენებინა, არამედ იმ სამომავლო დიდ შინაგან ჭიდილზეც მიგვანიშნა, რომლის გადატანაც, ინტეგრაციის მიმდინარეობისას, თითოეულ მოქალაქეს მოგვიწევს ეთნიკური უმცირესობებისაგანაც და უმრავლესობისაგანაც.

ზოგადად, აზერბაიჯანელებისა და კერძოდ „ბორჩალოელი თათრების“ საკითხს საგანგებოდ ამუშავებს მიხეილ ჯავახიშვილი. ქართული პროზის დიდოსტატის თითქმის ყველა მნიშვნელოვან ნაწარმოებში „თათარი“ ან „ბორჩალოელი თათარი“ პერსონაჟი ფიგურირებს და თანაც, ცალსახად დადებით კონტექსტში. უფრო მეტიც, როგორც ჩრდილოეთ კავკასიელები არიან ალექსანდრე ყაზბეგისთვის ძვირფასნი, ასევეა „თათრებიც“ მიხეილ ჯავახიშვილისთვის. მიხეილ ჯავახიშვილმა აზერბაიჯანული ენა იცოდა და კარგად იყო გათვითცნობიერებული აზერბაიჯანელთა ყოფაში და ფსიქოტიპშიც, რაც ასე აკლია ქართველი მწერლების უმრავლესობას, რომელთა აზერბაიჯანელი პერსონაჟები ვერ სცდებიან ტრაფარეტულობას.

„არსენა მარაბდელში“ მიხეილ ჯავახიშვილმა „ქოროღლის“ ეპოსს მიმართა, კერძოდ მას არსენას ძმადნაფიცად დალი ჰასანი შემოიყვანა თავისი რაზმითურთ. „ქოროღლიში“ დალი ჰასანიც ყაჩაღთა მეთაურია, რომელიც პირისპირ ჭიდილში ქოროღლიმ სძლია, ხოლო- ძლეულმა დალი ჰასანმა ქოროღლის სამუდამო ერთგულება შეჰფიცა და მისი მარჯვენა ხელი გახდა. მიხეილ ჯავახიშვილმა, ჩანს, საკუთრივ ქოროღლის ავტორიტეტიდან გამომდინარე, ვერ გაბედა თავად შემოეყვანა არსენას-ძმადნაფიცად, რადგან ამ შემთხვევაში, ან არსენა მარაბდელის სახე გადაიფარებოდა, ან ქოროღლი დაკნინდებოდა. საინტერესოა ისიც, რომ რომანში ეპოსისაგან განსხვავებით, დალი ჰასანი საქართველოდან გახლავთ ე.ი. ბორჩალოელია. დალი ჰასანი სიტყვითა თუ საქმით არსენას გულშემატკივარია და წარმოგვიდგება, როგორც პირმტკიცე ვაჟკაცი. რომანის ბოლოს, არსენას გამო გიორგი კუჭატნელზე შურისძიებაც, სწორედ დალი ჰასანის, როგორც ძმადნაფიცის პრეროგატივაა და იგი მას აღასრულებს.

 აზერბაიჯანელი პერსონაჟი გვხვდება მიხეილ ჯავახიშვილისვე „კვაჭი კვაჭანტირაძეშიც“, რომელსაც ჯალილი ჰქვია და ბაიათებს მღერის ხოლმე. მართალია თაღლითი კვაჭის მეგობრები, მათ შორის ჯალილიც, მისნაირები არიან, მაგრამ საინტერესოა, რომ-ჯალილი ამ თაღლითობაშიც კი, მისი უპირობო ერთგულია და ყოველგვარ „კვაჭობაში“ მხარისამბმელი.

 „მართალ აბდულაჰში“ ერთი ბორჩალოელი, მშრომელი და ალალი კაცის დრამაა აღწერილი, რომელსაც ბედნიერი ოჯახი თავზე ენგრევა, საკუთარი ბიძაშვილის ავკაცობის, ასევე სასამართლოში უქომაგობის და ენის უცოდინრობის გამო. მწერალი თხრობას მოვლენების შუაგულიდან, სასამართლო დარბაზიდან იწყებს და ფილმის კადრივით რეალისტურად წარმოგვიდგენს პირველ სცენას - მკითხველი წამიერად მაყურებლად იქცევა, რომელსაც ჯერ კიდევ ნახევრადბნელ კადრში მოსამართლის გოროზი ხმა მოესმის განაჩენივით - „აბდულ ქერიმ“. მას ძარცვასა და მკვლელობას ედავებიან (სხვათაშორის ჩანს, რომ მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცეს დასაწყისში ყაჩაღობა საკმაოდ გავრცელებული ყოფილა ბორჩალოელთა შორისაც. თუკი ნარიმან ნარიმანოვის პიესას „უგუნურებას“ გადავხედავთ, აქაც მამაცობაზე რომანტიულ წარმოდგენებს აყოლილი ახალგაზრდები რაზმს ქმნიან და ავაზაკებად იქცევიან. მათ ამ ნაბიჯს სოციალური უსამართლობა კი არა, თვითგამოხატვის წყურვილი უდევს ლიბოდ, რაც ნარიმანოვის აზრით, არასწორი აღზრდის, იდეალებად ფსევდო ღირებულებების წარმოსახვის ნაყოფია - ო.ქ.)

აბდულ ქერიმის ენას მართლმსაჯულება არ აღიარებს, მართლმსაჯულების ენა კი აბდულაჰისთვისაა უცხო. მიხეილ ჯავახიშვილი „ბორჩალოელ თათარს“ აღწერს, როგორც ბრგე ვაჟკაცს და პატიოსან, მშრომელ ადამიანს, რომელსაც უდრტვინველი სამყარო შეურყიეს. აბდულაჰისთვის ოჯახი საფიცარია, მის გამო ყველაფერს აიტანს, ყველაფერს დათმობს. ციხეშიც არა თავისი ქონება, არამედ ოჯახი ედარდება - მთავარია მის გათავისუფლებამდე ოჯახმა როგორმე მიატანოს, დანარჩენს, თავისი გარჯით ისევ აღიდგენს.

ქართული ლიტერატურის შედევრში- „ლამბალო და ყაშა“ ავტორი, მიხეილ ჯავახიშვილი, ირანის აზერბაიჯანელებზე წერს (რამდენიმე ქართველ მკვლევარ-მეცნიერს მაშადი ჰასანი და დანარჩენი მოსახლეობა სპარსი ჰგონია). მოქმედება ირანის აზერბაიჯანში ვითარდება, სადაც რუსები შესულან და უამრავი ბინძური ოინბაზობა გაუმართავთ. იქ-ყველა-ყველას ებრძვის, ხოლო ირანის ხელისუფლება მხოლოდ ფორმალურად არსებობს. ირანის აზერბაიჯანში რუსები თავიანთი ჯარისკაცებითა და „სასულიერო“ პირებით წარმოდგენილან. რუსეთი იქაც მისთვის დამახასიათებელი მეთოდებით იბრძვის -ერთაშორისი შუღლის გაღვივებით,  ცრურელიგიური პროზელიტიზმით, „რუსული მესიანისტური იდეოლოგიის“ განფენით. ასევე იქცევიან სხვა ევროპული იმპერიებიც, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა, თავიანთი უძლური ხელისუფლების გადამკიდე, უსამართლობასა და გარიყულობაში გმინავს.

ირანის აზერბაიჯანელ მაშადი-ჰასანს რამდენიმე წელი საქართველოში გაუტარებია - ბორჩალოში, სოფელ ლამბალოში ხილს ყიდულობდა და თბილისში ჰყიდდა. ხილეულის ქუჩებში ჩამოტარებისას, მეტად მჟღერი და სუფთა ხმის გამოისობით მუშტრებიც ბევრი ჰყოლია, მაგრამ „შურიან კინტოებსა“ თურმე დანით დაუჭრიათ და ისიც სამშობლოში გაბრუნებულა. ირანის აზერბაიჯანში, ურმიის ტბასთან ახლოს ჰოსპიტალში, მთავარ ექიმად მივლენილ ქართველ მკურნალსა და მაშადი-ჰასანს, ერთურთის ენის ცოდნის გამო, მეტად ახლობლური ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ. ადგილობრივი ხალხის გულღიაობა, სიქველე, მიამიტურობა და გასაცოდავებული მდგომარეობა „გიურჯი ჰაქიმს“ მათ გულშემატკივრად აქცევს და სალდაფონური აზროვნების რუს ეპისკოპოსსაც ლამის დანა-სისხლად გადაჰკიდებს. მაშადი-ჰასანი რუსული მმართველობის მსხვერპლად იქცევა, ხოლო ირანის აზერბაიჯანიდან კუდამოძუებული რუსეთი საბოლოოდ, „მაოხრებელი გზირივით“, იქ მცხოვრებ ხალხებს ერთმანეთისადმი ღრმა სიძულვილსა და უნდობლობას უსახსოვრებს.

მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოებებში აღწერილი „ბორჩალოელი“ თუ „არა-ბორჩალოელი თათრები“, მიუხედავად მწერლის უდიდესი სიმპათიებისა მათდამი, უმეტესწილად დახატულნი არიან, არა როგორც თანასწორნი ქართველებისა, არამედ ვითარცა საიმედო „თანაშემწენი“ და ეს, ალბათ, მწერლის მიკერძოებულ ხედვად არ უნდა იქნეს აღქმული, ვინაიდან ასეთი „ხვედრი“ ჩვენს თანამედროვე, რეალურ ცხოვრებაში კვლავაც ძალაშია.

ნოველაში „ქალის რძე“ მწერალი კონსტანტინე გამსახურდია საკუთარი გვარ-სახელით წარმოდგენილა, რაც გვიბიძგებს ნაწარმოების პროტაგონისტის აზრები, მწერლისვე განწყობა/დამოკიდებულებად მივიჩნიოთ. აქ, მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოებებისაგან განსხვავებით ,„ბორჩალოელი თათრები“ ავ, მტრულ, ბარბაროსულ, ბნელ - „აზიურ“ ძალად წარმოგვიდგებიან. ნოველაში ისინი მონღოლებთან ასოცირდებიან და მწერლისთვის კი ეს უკანასკნელნი ველურობის უპირობო ეტალონები არიან. ნოველის გმირი „ბორჩალოელების“ საცხოვრებელ რეგიონს ყარაიას (იგივე ყარაიაზის, დღევანდელი გარდაბნის რაიონს) სახიფათო რეგიონად წარმოსახავს: „მიშლიდნენ მეგობრები: ან გზას დაჰკარგავ, ან რომელიმე ნაყაჩაღარი თათარი ჩაგისაფრდება შაშხანით ხელში და თოფის მისატაცებლად მოგკლავსო“.

მწერლის უნდობლობა იქამდეც მიდის, რომ „ბანებზე გადმომდგარი თათრები ჩემთვის გაუგებარ ენაზე ყვირიან, ზნეობას უქადაგებენ ძაღლებს: თუ, ვინ იცის, ეგებ კიდევაც ასწავლიან, გამვლელებს მედგრად შეუტიეთო“. (ხაზგასმა ყველგან ჩვენია ო.ქ.)

კონსტანტინე გამსახურდიასაგან განსხვავებით ,„ბორჩალოელ თათრებს“ არ უფრთხის ქაქუცა ჩოლოყაშვილი ნუგზარ შატაიძის მოთხრობაში „თეთრი ცხენი“.  ბოლშევიკთაგან ძლეული გმირი, თავის მცირერიცხვოვან მხლებლებთან ერთად, თურქეთისკენ იზამს პირს და მას ყოლაუზად (ე.ი. „გამყოლად“- ამ სიტყვას რუსთაველიც იყენებს -„ავთანდილ კმა ყოლაუზად...“) აჯიხალილი (სავარაუდოდ ჰაჯი-ხალილი უნდა იყოს) მიჰყვება, თავის რაზმთან ერთად. ბოლშევიკური დაუნდობლობის ხანაში, არა თუ გაყოლა, ჩოლოყაშვილის სახელის ხსენებაც კი სასიკვდილოდ სახიფათოა, მაგრამ ეტყობა არის კიდევ რაღაც, რაც სიკვდილზე, ხიფათზე და შიშზეც მაღლა დგას. აჯიხალილისა და მისი რაზმის წევრებისადმი ქაქუცასა და მისი მხლებლების პატივისცემა ჩანს კიდევ ერთ მომენტში: „შუადღის უკან შემოესმათ გოჭის ჭყვიტინი და მალე დაინახეს გარეული ღორის კოლტიც. არ ესროლეს უფრო აჯიხალილასი და იმისი თათრების ხათრით, ვიდრე მდევრების შიშით. კოლტი უღრან ტყეში გაუჩინარდა და თან წაიღო ოცნება ცვრიან მწვადებზე“. თუმცა „აჯიხალილას ბრძანებით თათრები წავიდნენ და მოიყვანეს საიდანღაც ერთი კარგი ნასუქი მოზვერი“.

ნუგზარ შატაიძის მოთხრობაში „ხევსურის ხმალი“ ასპინძის ომის გმირები -ხუდია და სხვა ბორჩალოელები, მართალია ერთი-ორი წინადადებით, მაგრამ აშკარა მოწიწებით არიან ნახსენები. თხრობა ასპინძის შუაგულ ომიდან იწყება. თუში მებრძოლი დილოიძე, გაკვირვებულია ხევსური ხირჩლას ხმლის თვისებით - მტრის შიმშერებსაც ნაკუწებად რომ აქცევს. ომში გამარჯვების შემდეგ, „ჯარმა ერთ სერზე შეისვენა. სადროშოების მიხედვით დაბანაკდნენ. მეფე ერეკლეს აქებდნენ, რომელმაც იმ ომში ჩვეული გამჭრიახობა გამოიჩინა - ღამით, ბორჩალოელ თათარ ხუდიას ხიდის ისრები დაახერხინა... ერეკლე მტრის ექვსიათასიან ჯარს თავისი ორიათასი ქართველითა და ათასი ბორჩალოელი თათრით შეებრძოლა და დაამარცხა კიდეც“.

მოთხრობა „ახრიზამანი“ თბილისში ყეენობის ტრადიციას ეძღვნება, რომელიც საერთო-სახალხო დღესასწაულია და მიუხედავად მისი სისხლიანი და ფატალური შედეგებისა (როგორც წესი ბევრი დაჭრილი და დაღუპულებიც ჰყავს ხოლმე) ყველა ეთნოსის წარმომადგენელი თბილისელი ისე მოუთმენლად ელოდება ყეენობას „როგორც თათარი ნოვრუზ ბაირამსო“ – „ქალაქელი ბებერი ქალის ნათქვამს“ ეპიგრაფად წაუმძღვარებს ნუგზარ შატაიძე. ამ „ბატალიებში“„ეხლა ჩვენი უბნის თათრები ჩავიდნენ კრივში, იმათი გაპარსული. პრიალა თავების დანახვაზე ხალხმა შვებით ამოისუნთქა“. „ახრიზამანში“ დღესასწაულთა ერთობლივი აღნიშვნის ტრადიცია კარგად არის წარმოჩენილი.

 გურამ ფანჯიკიძის მოთხრობაში „რაშიდა“ (ბავშვობაში მაქვს წაკითხული და შეიძლება დეტალები სწორად არ დამამახსოვრდა  ამიტომ მკითხველს შესაძლო უზუსტობათა გამო წინასწარ ვუხდი ბოდიშს -ო.ქ.) საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელია, რომელიც ქარხანაში დაზგასთან მუშაობს. რაშიდა მოწესრიგებული, პასუხისმგებლიანი მუშაკია, რომელიც დაზგას ყოველთვის სუფთას უტოვებს მომდევნო ცვლას. ერთხელაც ერთმა ეთნიკურმა ქართველმა დაზგა თავისი ბრალეულობით გააფუჭა, ხოლო იმისათვის, რომ რაშიდამ შეუმოწმებლად გადაიბაროს და შედეგად მწყობრიდან გამოსვლა მას დაბრალდეს, სამუშაო დროის დადგომამდე ხანგრძლივ საუბარს გაუბამს, რის გამოც რაშიდა შემოწმებას ვერ ახერხებს. დაზგა მწყობრიდან გამოდის და დიდი ალიაქოთი ატყდება. დირექტორი დარწმუნებულია, რომ რაშიდა გააცურეს, თუმცა გულკეთილი რაშიდა თვითონ იბრალებს ყველაფერს.

რაშიდა ზემოთ ნახსენებ, საყვარელ „გულუბრყვილოთა“ პარადიგმაში ზუსტად ჯდება.

დაწვრილებით

ნაწარმოებების ეს სია არ არის სრული და არ მოიცავს, მაგალითად, დამოუკიდებლობის შემდგომ დაწერილ ტექსტებს (მხოლოდ ოთარ ჩხეიძის „მორჩილი“ გახლავთ გამონაკლისი). თუმცა საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელებისადმი დამოკიდებულება დიდად არც ახლა შეცვლილა, რადგან ქართველი მწერლები ამ თემს არ იცნობენ, არ სწავლობენ, არც ინტერესდებიან ამ ხალხით. ჩვენთან მწერლობა მხოლოდ „შთაგონების“ კმაყოფაზეა და არა შესწავლასა და ცოდნაზე დამყნობილი. ამიტომაც ქართველი მწერალი, აზერბაიჯანელებთან მიმართებაში, ხშირად მზა-მზარეულ, გადაღეჭილ ხასიათებსა და ყურმოკრულ სტერეოტიპულ სახე-ხატებს იყენებს, რითიც მკითხველში კიდევ უფრო მეტად  ამყარებს  ისედაც ჩვეულ წარმოდგენებს მათზე  - ნეგატიურსა თუ პოზიტიურს. მიმაჩნია, რომ ამ ნაწარმოებების  სკოლაში სწავლებისას მასწავლებელს ხშირად კონტექსტიდან ამოგლეჯილად უწევს ხოლმე მათი განხილვა და  აზერბაიჯანელთა კულტურის შესახებ  ჯეროვან ცნობებს ვერ მიაწვდის მოსწავლეს, რის გამოც თუნდაც ბეჯითი ბავშვების წარმოსახვაში აზერბაიჯანელები წარმოდგებიან ისეთებად, როგორადაც ხსენებულ მხატვრულ ტექსტებში არიან აღწერილი.

და მაინც, რაც იწერება ფასდაუდებელია, რადგან ეს ტექსტები ქმნის წარმოდგენას აზერბაიჯანული თემის ცხოვრებაზე. მწერლობა ერთგვარი „გარედან“ მომზირალი თვალია, რომელიც ეპოქისთვის დამახასიათებელ ნიშნებს დაიტყობს და ჩვენამდე უმნიშვნელოვანესი ცნობები მოაქვს, მათ შორის უმცირესობათა შესახებ.

ავტორი: ოქტაი ქაზუმოვი, ფილოლოგი, მთარგმნელი