გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
კეშა ვოდკა ვტრაიომ

კეშა | ბესო პაპასქუა


როცა ჩემთვის მშობლიური პროვინციული რიტმიდან თბილისურზე გადაწყობას განვიცდიდი და მენტალურ პრობლემებს დედაქალაქის განსხვავებულ ტემპთან შეუგუებლობას ვაბრალებდი, კეშამ დამარწმუნა, რომ ამ ქალაქს არანაირი ტემპი არ აქვს. უფრო მეტიც – ქალაქი მკვდარია.

წლების წინ ვარკეთილის მე-4 მიკრო რაიონში ვცხოვრობდი, ერთ-ერთი მიტოვებული სკოლის შენობაში, რომელიც ჩემმა ნათესავმა დევნილებმა შტურმით აიღეს. როცა მივედი, იქ მცხოვრებლებს დიდი საკლასო ოთახები უკვე დაენაწილებინათ,  იძულებული გავხდი, სკოლის სპორტდარბაზის გასახდელ განყოფილებაში დამედო ბინა. დანარჩენ სირთულეებს ერთი უჩვეულო დამთხვევა ემატებოდა; სკოლის შენობა ისეთივე პროექტის იყო, როგორიც რამდენიმე წლით ადრე დავამთავრე. დარწმუნებული ვიყავი, რომ შორეულ მომავალში გადავსახლდი, რომლის დიზაინიც ვიღაცამ ჩემი წარსულის დეკონსტრუქციით დაგეგმა. ირგვლივ ზედმეტი მოწყენილობა იყო იმისთვის, რომ თავი ბედნიერად მეგრძნო, მაგრამ მალე შევიმეცნე, რომ პერსონალური უბედურების განცდა სულაც არ არის ცხოვრების უკანასკნელი ინსტანცია, თუ მუდმივად გექნება უარესის მოლოდინი. არსებობს დევნილთა დასახლებები, ასევე – იმ სოციალური ყოფით ნაკარნახევი მუსიკა და ფილოსოფია, რომელიც ამ დასახლებებში იშვა. მას ერთი კაცი ქმნის და ამიტომ, საკუთარ გარემოცვაში, ხუმრობით, ხშირად „აფსნი-პანკის“ სახელით მოიხსენიებენ.

„აფსნი-პანკის“ მოძღვრების მთელი საიდუმლო მდგომარეობს იმის გაცნობიერებაში, რომ წარსულისა და აწმყოს ტკივილების გამო ყურების ჩამოყრა არ ღირს, რადგან ეს არაფერია იმ საშინელებასთან შედარებით, რაც მომავალში გველოდება.

არ ვიცი, ჩემს მენტალურ პრობლემებთან გასამკლავებლად უფრო ეფექტური კურსი თუ იარსებებდა, ვიდრე კეშასთან ძმაკაცობა იყო.

ამ ნაცნობობამდე წარმოდგენაც არ მქონდა, რომ არსებობდა პანკ-როკ ჯგუფი Vodka Vtraiom, რომლის მუსიკალური ტექსტებიც „ალ-ქაიდას“ ლოზუნგებივით ჟღერდა. მის სოლისტსაც, დაახლოებით, ისეთივე პირობებში ეძინა, როგორშიც მე და ჩემზე გაცილებით ადრე მიხვდა, რომ ეს კორპუსები კანონმორჩილებას კი არ გვასწავლის, არამედ ჩვენს ტერორისტებად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. გრძელ, უძილო ღამეებში თავში იმაზე ჰუმანური იდეა არ მოსდიოდა, ვიდრე საჭირო რაოდენობით ტროტილის შოვნა და პარლამენტის შენობის აფეთქება იყო. თავისი (ჯერ)ვერ განხორციელებული იდეები რვეულში გადაჰქონდა, გლდანის მიკრორაიონს ადრიანად ტოვებდა და დედაქალაქის ცენტრალურ უბნებზე მიჰქონდა დივერსიული დარტყმები. ხელში გიტარა ეჭირა, მიწისქვეშა გადასასვლელებსა და ბარებში უკრავდა, სოციალური ჯურღმულებიდან წამოღებული დამპალი იდეებით ქალაქის ცივილური ნაწილების ინტოქსიკაციას ახდენდა და უამრავი ადამიანისთვის იქცა ალკობირთვული კატასტროფის მიზეზად.

მათ შორის მეც ვიყავი.

ყოველდღიურ მოწყენილობას იმ მიწისქვეშა სამყაროში გავურბოდი, სადაც უკრავდა და თავს ისე ვგრძნობდი, როგორც გრანდიოზული ალკოჰოლური ტურნეს იღბლიანი გამარჯვებული.

სარდაფები სავსე იყო ალტერნატიული მუსიკის მთვრალი თაყვანისმცემლებით, მასზე შეყვარებული და გულაცრუებული ადამიანებით. დინამიკებიდან ცნობილი უცხოელი პოსტ-პანკ ჯგუფების ყურისწამღები მუსიკა ისმოდა, გარშემო გაურკვეველი სუბკულტურის, ვიზუალის ხალხი მეხვია და უცებ, ამ საყოველთაო მხიარულების ზენიტში ხდებოდა ცხოვრების რიტმისა და განწყობების აბსურდული, ანაქრონისტული დემონტაჟი – ელექტროგიტარის და დრამის ხმებს შორის პაუზებში შემოდიოდა ეროვნული ჰარდროკი – დედის ტრაკის გინება ჯაბა იოსელიანისა და ედუარდ შევარდნაძის მისამართით! ისმოდა:

„ტამიში. გაგრა. გია ყარყარაშვილი“,

სიტყვები დანაღმული ფსიქოემოციური ტერიტორიიდან, რომლებზეც სიზმრის სიმსუბუქით ვფეთქდებოდი და ვხვდებოდი, რომ ეს სარდაფები დროის სვლასთან ერთად იცვლიდა თაობებს, შემადგენლობებს; მარადიული ერთგულებით რასაც ინარჩუნებდა – ამ იატაკქვეშეთის დეტონაცია იყო;

კაცი გაგრიდან – კონსპირაციული შეკრებების თავმჯდომარე, რომლის სიახლოვესაც ყოველთვის ტრიალებდა ინციდენტის სუნი.

მივეჩვიე მისი განწყობების ისტერიული სიხშირით ცვლას და იმას, რომ თუ ყურადღებას მოვადუნებდი, ვერაფრით მიხვდებოდი, როგორ აღმოვჩნდი უკიდურესი მხიარულებიდან უიმედობის ჩიხში. ეს იყო ნამდვილი საბუკმეიკერო თავსატეხი, რომლის მოსალოდნელ ქმედებაზეც ვერასდროს ჩამოხვიდოდი ფსონს, ვერ აგებდი პასუხს, რადგან შეუძლებელი იყო მისი პროგნოზირება. ამ კაცის ქმედებები არ იყო ორგანიზებული არანაირი ლოგიკური სისტემით, რომელიც წინაზე დაყრდნობით მომდევნო ნაბიჯის გამოთვლის შანსს გიტოვებს და, ალბათ, ესაა იმის ერთადერთი ახსნაც, თუ რატომაც გავხდი ერთხელ მოწმე, როგორ უყიდა და მიართვა თავის დრამერს დაბადების დღის საჩუქრად უზარმაზარი ვენოკი, ან როგორ დაშალა ჯგუფი Vodka Vtraiom კეთილშობილური მიზნით, რომ მის წევრებს ღვიძლები არ დაშლოდათ. როგორ გადაიკარგა ერთი თვით და მერე სმს-ით შემატყობინა:

santeknikad daviwke mushaoba. trubebi arasworad mivabi, kranshi Mzgneri wamovida – unitazshi cxeli wyali.

ხოლო როცა ცხოვრებაში ყველაზე რთული წუთები დამიდგა, ჩემი სიმშვიდე მომავლის დამაიმედებელი პროგნოზით უზრუნველყო, რომ ცოტა ხანში იმაზე ღრმად აღმოვჩნდებოდი ტრაკში, ვიდრე იმ მომენტისთვის ვიყავი.

ჩამოქცეულ სპორტდარბაზში გვიან დაბრუნებული საძილე ტომარაში ვეხვეოდი და ვფიქრობდი, რომ იმავე დესტრუქციული შტამის ადამიანს გადავეყარე, როგორიც ჩვენი ცხოვრება და ეს შენობები იყო. ყურებში ისევ ის დამანგრეველი აფეთქების მოლოდინი გუგუნებდა და სერიოზული ეჭვი მქონდა, რომ კეშა ლიტერატურული პერსონაჟი იყო, რომელიც ანონიმურ ტექსტში მოწყობილი დივერსიის შედეგად ჩვენს რეალობაში აღმოჩნდა, წიგნები კი, რომელთაც იქამდე ვკითხულობდი, საბოლოოდ დატოვა ავანტიურული ცხოვრების ინსტრუქტაჟისგან გაძარცვული.

ცოტა ხნით მათ კითხვას შევეშვი და ჩემი საცხოვრებლის კედელებში იმ დეტექტივივით განვაგრძე ცხოვრება, რომელიც მოსალოდნელი დანაშაულის ადგილისა და თარიღის ამოცნობის მიზნით, საგამოძიებო ინფორმაციას აგროვებს.

საბოლოოდ, იმ გარემოს იდენტიფიცირების მცდელობისას, რომელშიც აღმოვჩნდი, დავადგინე, რომ Vodka Vtraiom რაღაც კიდევ უფრო განსხვავებული, დამატებითი ბენდ-ფორმირება იყო ქართულ სუბკულტურაში, თითქმის ტაილერ დერდენისეული ქაოსის პროექტი, რომელსაც სრულყოფილებისკენ სწრაფვა ფეხებზე ეკიდა. რომ კითხვაზე – რატომ აირჩია ეს მიმდინარეობა, სოლისტი ასე პასუხობდა: „იმიტომ, რომ არც დაკვრა შემეძლო და არც სიმღერა“ და მთავარი, რასაც თავის თავს აკისრებდა, პანკისთვის დამახასიათებელ ნიშანთაგან ერთ-ერთის აღსრულება იყო;

ესაა სულში გაჩენილი ბრაზის მუსიკაში ტრანსფერი.

შესაძლოა სხვებს უპირატესობა ჰქონოდათ მუსიკალური ნიშნით, მაგრამ არავის შეეძლო, გაბრაზებულიყო კეშაზე მეტად. ეს იყო ომის პოსტტრავმული შეგრძნებების უშრეტი ენერგოწყარო, რომელიც მოყენებულ დარტყმებს სარკისებურად ირეკლავდა. კაცი, რომლის მუსიკაც ოდნავადაც არ იყო დისტანცირებული საკუთარი ცხოვრებისგან, ამიტომ ყოველთვის მქონდა ავი წინათგრძნობა, რომ ერთხელაც მოვიდოდა, გახსნიდა ტროტილით სავსე ზურგჩანთას და მეტყოდა: „ხო გეუბნებოდი, ის კაცია საშიში, ვისაც დასაკარგი არაფერი აქვს-მეთქი, ახლა კი ამას დაგანახებ“ – და პირდაპირ ეთერში დამანახებდა, როგორ ფეთქდება პარლამენტის შენობა, მეორე დღეს კი მისი მონუმენტის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე, შორეულ სან-პედროში საპატიო სტუმრის სტატუსით მიმიწვევდნენ. ცერემონიალი სავსე იქნებოდა მადლიერი ხალხით, და ჩვენ, ყველა, მალე გავხდებოდით რევიზორის მკვლელობისა და მისი უკანასკნელი ტრიუმფალური სანახაობის მოწმენი, თუ როგორ აჯილდოვებდნენ ამ მკვლელობისთვის სპეციალურ ჯილდოდ დაწესებული ტელევიზორით [იხ. სიმღერა: „გლდანელი კაცი“].

კეშას პანკი სცენას არ აღიქვამდა გარდასახვის შესაძლებლობად, ის იგივე იყო სცენაზე, რაც იქ ასვლამდე და იქიდან ჩამოსვლის შემდეგ.

ჩემთვის აღარანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, სცენაზე იდგა, მიწისქვეშა გადასასვლელში თუ დევნილთა სამინისტროს შენობასთან მოწყობილ გრძელ რიგში – ყველა ვითარებაში მესმოდა მისი მანიფესტი. მისი მუსიკალური ტექსტების უმეტესობა იწყებოდა ავანტიურით და გზადაგზა, ისევე როგორც ცხოვრებასა და პირად ურთიერთობაში, გიძლიერებდა მოსალოდნელი საბოტაჟის განცდას. ეს იყო ომის ინექციის ყველაზე ნატურალისტური უკუჩვენება, რომლის ფაქტობრივი მტკიცებულებაც მისმა მეგობრებმა სულ რაღაც 2 წლის წინ აღმოაჩინეს 1993 წლის დათარიღებულ ფოტოარქივში.

კეშა

მასზე ჩანან სოხუმის აეროპორტში თავმოყრილი ადამიანები, რომლებიც დაბომბილი და მკვდრებით სავსე ქალაქის თვითმფრინავით დატოვებას ცდილობენ. ტრაპზე საშინელი ჭყლეტაა. სამხედროები რიგს აკონტროლებენ, რადგან ყველა ერთი მიმართულებით ცდილობს წასვლას. ერთადერთი, ვინც ამ ვნებათაღელვიდან ზურგითაა და საწინააღმდეგო მიმართულებით მიაბიჯებს, 16 წლის ბიჭია. მდგომარეობისთვის შეუფერებელი გამომეტყველება აქვს, ერთბაშად გაზრდილი ადამიანის, რომელსაც ცოტა ხნის წინ აიძულეს, ცოცხლად დაემარხა თავისი ბავშვობა და რომლებშიც რამდენიც უნდა ეძებოთ, ვერ იპოვით ომისთვის თანმდევ, ენდემურ შიშს.

კეშას პანკი სწორედ იმ დღეს დაიბადა. შესაძლოა, ის ცოტა გვიან დაუკავშირდა გიტარას, მაგრამ პანკს, როგორც ცხოვრების წესს, სწორედ იმ დღეს ჩაეყარა საფუძველი. მას შემდეგ სულ ეჭირა ეს ქარის საწინააღმდეგო, განსხვავებული კურსი. ამიტომ არ მიკვირდა, როცა ვხედავდი, როგორი თავდავიწყებით ჩხუბობდა კონცერტებამდე და კონცერტების შემდეგ. ჩხუბობდა „ვენეციის გზატკეცილის“ ტომის ბელადივით, რომელსაც ბაბუშერას აეროპორტის ტრაგედიის სიმძიმე მხრებზე აწევს და ცდილობს, ნაცნობი მკვდრებისგან გაწმინდოს თავისი წარმოსახვა. ეს ბრაზი მინახავს სცენაზეც, სარეპეტიციო ბუნაგებსა და ხმის ჩამწერ სტუდიებშიც. მომისმენია მის ყველა ვეშში, ტექსტში და უბრალო მონოლოგებში.

კეშასთვის პანკი სცენა კი არა, უპირველესად ქცევის მოდელი იყო, რომლის წინასწარი ამოცნობის შანსიც ბუნებაში არ არსებობს.

ვერასდროს ვასწრებდი მისი ქმედებების პროგნოზირებას, თვითონ კი ყოველთვის იჩენდა ჩემ მიმართ ყურადღებას და ცდილობდა, იმ რიტმის ილუზორულობაში დავერწმუნებინე, საიდანაც ამოვარდნის პანიკური შეგრძნება მაწუხებდა. მან ეს წარმატებით შეძლო, რადგან დამაჯერა, რომ ამ უზარმაზარ ქალაქთან ერთად, ჩვენ-ჩვენს კორპუსებში კარგა ხნის წინ მოვკვდით. ასე დამეხმარა ჩემი ტუბოლენტური შეგრძნებების ბოლომდე დაძლევაში და მერე გადაიკარგა, საცხოვრებლად გადაიხვეწა სხვა ქვეყნებსა და ქალაქებში. ერთ დღეს კი, როცა თბილისში ჩავედი, აღმოვაჩინე, რომ მის გარეშე საშინელი მოწყენილობის განცდა მეუფლება და თავს მარტო ვგრძნობ.

ახლაც, როცა პერიოდულად „ფეისბუკზე“ ვკითხულობ ინფორმაციას დედაქალაქში დაანონსებული როკ-კონცერტების შესახებ, ძველი ჩვევის კარნახით ვმოქმედებ და მონაწილეთა სიებს იმ იმედით ვამოწმებ, რომ იქ ნაცნობი ჯგუფის სახელს ვიპოვი. ხანდახან ვპოულობ კიდეც. „იუტუბზე“ დატოვებული კომენტარებიდანაც ჩანს, რომ Vodka Vtraiom-ს ისევ ჰყავს თინეიჯერი მსმენელები, რომლებიც სარდაფებში იკრიბებიან და მოუთმენლად ელიან თავისი ოკულტური ღვთაების სცენაზე გამოჩენას. ის უწინდებურად არის „დაწყევლილების“, „გულაცრუებულებისა“ და „დავიწყებულების“ ღმერთი მანამ, სანამ გარკვეულ ასაკს არ მიაღწევენ. შემიძლია ვიწინასწარმეტყველო, რომ მერე ეს ყველაფერი მისივე უარყოფის გარდაუვალი აქტით დასრულდება... მე კი ყოველთვის ვაცნობიერებდი, რომ რაც უფრო მეტი გადაუჭრელი საზოგადოებრივი პრობლემა გროვდებოდა ჩვენ ირგვლივ, მისი უარყოფა არ შემეძლო.

არსებობს პრობლემის ანალიზის კეშასეული, ყველასგან განსხვავებული გზა და დღემდე მაქვს მოთხოვნილება, ვუსმენდე, მიუხედავად იმისა, ვეთანხმები თუ არა.

დღემდე მეზარება იმ თბილისში ჩასვლა, სადაც ვერ ვიპოვი პანკს, რომელსაც გიტარა კალაშნიკოვივით უჭირავს ხელში და საკუთარი მსმენელების გადასაცხრილად მზადაა.

ისე ველი ჩვენი მომავალი შეხვედრის დღეს, თითქოს სახალხო უსაფრთხოების საკითხი უნდა გადაიჭრას.

ვხედავ:

ჭაჭის არყით როგორ ვილეშებით მისი ნაცნობებით სავსე რომელიმე სარდაფში და მერე ფეხით მივსეირნობთ რუსთაველის პროსპექტისკენ. ის პარლამენტის შენობის წინ ანელებს ნაბიჯებს, გიტარის ჩიხოლიდან დეტონატორს იღებს და დამაიმედებელი ხმით მეუბნება, რომ როგორც იქნა, მოვიდა დრო, ეს შენობა ჰაერში აიწიოს.

დისქლეიმერი
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა