გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ლაშა ცუცქირიძე | სინდისის ადვოკატი

რეალურად ყველაზე მძიმე ჩემთვის, ადვოკატისთვის იყო პირველი დღეები, როცა ოთხ სისხლის სამართლის საქმეში ჩავერთე და ვაცნობიერებდი იმას, რომ თუნდაც წარმატებით დასრულებულიყო ბიჭების საქმეები, რამდენიმე თვე მათ მოუწევდათ პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნა და ეს არ იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, ეს არ იყო ხუთი დღე. იყო გატარებული თვეები უქმად, ფუჭად და ეს ბიჭები, რაც მთავარია, არ იქნებოდნენ ოჯახთან ახლოს. ძალიან ბევრი აქვთ დასაკარგი, თუმცა მიუხედავად ამისა, ისინი იდგნენ იქ, სადაც უნდა მდგარიყვნენ. ისინი იყვნენ ჩემ მაგივრად, იყვნენ თქვენ მაგივრად.

გიორგის საქმე, კუჭუაშვილზე მაქვს საუბარი, ნახევრად ცარიელი ბოთლი უბრალოდ მოისროლა გდდ-ს თანამშრომლების წინააღმდეგ და რატომღაც ისე აღმოჩნდა, რომ ათეულობით, ასეულობით თანამშრომლისგან, რომლებიც ნიღბით, ფარით, იარაღებით იყვნენ შეიარაღებულნი, მხოლოდ ერთს არ ჰქონდა ე.წ. ნიღაბი ჩამოფარებული სახეზე და მაინცდამაინც იმ ადამიანს მოხვდა ცხვირის არეში. ჩვენ საქმე წარვმართეთ ისე, როგორც გიორგის სურდა: გულწრფელი აღიარებით, პასუხისმგებლობის აღებით, რაც მან გააკეთა. თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, ამას თავდასხმა არ ჰქვია, იგი პოლიციას თავს არ დასხმია. მან თავისი არსებით, შეგნებით გაუწია წინააღმდეგობა პოლიციას. დაახლოებით, სექტემბრის თვის ბოლოს ჩვენ საქმე გავხადეთ თავიდან ბოლომდე უდავოდ, რაც გულისხმობს იმას, რომ აღარ ვკითხავდით მოწმეებს, საქმეზე იყო დარჩენილი მხოლოდ პროკურორის და ჩემი, დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა. ფაქტობრივად, ჩვენი მიზანი იყო, რომ თუ საქმე მალე დამთავრდებოდა, ნებისმიერი სასჯელის გამოტანის შემთხვევაში, იმდროინდელ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეეწყალებინა გიორგი კუჭუაშვილი. რეალურად მოხდა ისე, როგორც ვპროგნოზირებდი, სამწუხაროდ. ოქტომბერში ჩანიშნული ორი პროცესი უმიზეზოდ გააუქმეს, ნოემბერში ჩანიშნული პროცესი პროკურორის მიზეზით, რომელიც დღემდე არ ვიცი, რა მიზეზით ვერ გამოცხადდა იმ კონკრეტულ პროცესზე, გააუქმეს. საბოლოოდ ჩაინიშნა პროცესი დეკემბრის იმ თარიღში უკვე, რომლის შემდეგაც სალომე ზურაბიშვილი ვეღარ შეიწყალებდა. ეს იყო პირველი რეალური მიზეზი, რეალური საფუძველი, როცა უკვე ხვდები, შენ მიღმა არის სისტემა, რომელიც ისე წყვეტს რამეს, როგორც თვითონ უნდა.

გიგაური იყო ერთ-ერთი პირველი დაკავებული საპროტესტო აქციებზე და მე მომიწია გიგაურის დაცვა. ეს იყო 25 ნოემბერი და როცა შევედი ზურასთან, ასე ეძახიან მეგობრები ანატოლის, იზოლატორში და მე ეს დასკვნით სიტყვაშიც ვთქვი, ზურა მეუბნება ასეთ რაღაცას, რომ მე პოლიციელს ხელი ნამდვილად მოვუქნიე, მაგრამ სანამ გავაკეთებდი, პოლიციელმა მანამდე მე დამარტყა. მე ზურას ვუთხარი, რომ კადრები გავრცელდა მხოლოდ შენი დარტყმის, მასალები გადმოგვეცა და იქ ვიდეო ასახავდა მხოლოდ გიგაურის დარტყმის ფაქტს და ზურას ვუთხარი, ხვალ უნდა გვქონდეს პირველი პროცესი და თუ ჩვენ ამას ვიტყვით და ამას საბოლოოდ ვერ დავამტკიცებთ, ჩავთვალოთ, რომ ვართ განწირულები არა მხოლოდ საქმეში, არამედ სტრატეგიულადაც. მე ზურამ მითხრა ასეთი სიტყვები: „მე ვარ ხევსური კაცი, მე არ შემიძლია ტყუილის თქმა და მე ტყუილს ვერ გეტყვი“. როცა მან მითხრა სიმართლე, მიუხედავად იმისა, რომ მისი სიტყვა იყო მხოლოდ საქმეში და სხვა არაფერი, მე დავუჯერე მას არა იმიტომ, რომ ხევსური იყო, იმიტომ, რომ მე ვიცოდი, ანატოლი გიგაური იყო მართალი და მისი სიტყვა და წინადადება, რომ იგი ტყუილს არ იტყოდა, ჩემთვის იყო იმის ნიშანი, ანთებული მწვანე სისხლის სამართლის საქმეში, რომ მე ყველაფერი გამეკეთებინა იმისთვის, რომ მინიმუმ მომეძიებინა ის კადრი და რეალურად შევძელით ჩვენ ამ კადრის მოძიება. აღმოვაჩინეთ კადრი, სადაც ძალიან კარგად ჩანდა, სამი წამით ადრე როგორ ურტყამს პოლიციელი შეკრულ მუშტს ხელს გიგაურს და უკვე შემდგომი მოქმედებაა ზურასი. ეს არის, ზოგადად, პირველი ნათელი წერტილი, რომ ჩვენ ვიცავთ მართალ ადამიანებს. ადამიანებს, რომლებმაც თუ რაიმე ჩაიდინეს, არ გაურბიან არანაირ პასუხისმგებლობას, მაგრამ ეძებენ სიმართლეს, იმ სიმართლეს, რომლის პოვნაშიც ჩვენ გვინდა, რომ დავეხმაროთ მათ.

ონისეს საქმე, ანუ 11-პირიანი საქმე და გიორგი ახობაძის განაჩენი დაემთხვა ერთმანეთს. ყველამ იცოდა, რომ რამდენიმე წუთში ცხადდებოდა გიორგი ახობაძის განაჩენი და ონისებს ვუთხარი, რომ თუ რაიმე ცუდი გამოაცხადეს, ალბათ პროცესზე ვერ შემოვალ ჩემი ემოციური მდგომარეობის გამო, მაგრამ თუ რაიმე დადებითი გამოაცხადეს, შეიძლება უფრო მეტად ვერ შემოვიდე-მეთქი და საბოლოო ჯამში, გავედი ასე მძიმედ დატვირთული ემოციებით. როცა დავჯექი ჩემს მაგიდასთან, დავიჭირე ტელეფონი, ჯერ კიდევ ველოდებოდით მოსამართლის შემოსვლას და ჩემს კოლეგას ვუთხარი, მოდი, დავწეროთ, რომ გიორგი ახობაძე არის უდანაშაულო და გამართლდა და როცა მოვისმენთ მოსამართლის მოსაზრებას, დავპოსტოთ. ჩვენ დავიჯეროთ ჩვენი თავის და თუ ჩვენ დავიჯერებთ ჩვენი თავის, მჯერა, რომ შეიძლება ესე იყოს-მეთქი. მოსამართლე შემოვიდა და დაიწყო მუხლების გამოცხადება, როგორც იწყებენ ხოლმე სტანდარტულად, სასამართლომ იხელმძღვანელა და ჩამოთვალა მუხლები და ორივე ყურთან მივიტანე ხელი იმიტომ, რომ მუხლების მიხედვით მივხვდებოდი, რა გადაწყვეტილება გამოიტანა, ერთ მუხლს იტყოდა, თუ არ იტყოდა. სპეციალურად არ მოვუსმინე მუხლების ჩამონათვალს და როცა დაასრულა, მივხვდი, მოვიხსენი ხელი და ამ ეტაპზე დასაჯერებელი იყო, თუმცა იმ დროს ჩემთვის დაუჯერებელი ფრაზა მოვისმინე: გიორგი ახობაძე ცნობილი იქნას უდანაშაულოდ. გიორგი იყო უემოციოდ, ჩემთვის რაც ყველაზე გასაკვირი იყო. შეიძლება გულში სჯეროდა იმიტომ, რომ მართალი იყო, მე უფრო ასე მგონია. როდესაც უკვე გააღო კარი ბადრაგმა, გიორგის ვეუბნები ხმამაღლა, ჯერ მოსამართლეს არ ჰქონდა დამთავრებული გამოცხადება, გამოდი, თავისუფალი ხარ-მეთქი. მოდის და თან ვერ მოდის. აცნობიერებს, მაგრამ არ იცის, წამოვიდეს, თუ არ წამოვიდეს. ვერ გაიგო ვერც ბადრაგმა. ბადრაგს ვუყვირი, გამოუშვი, თავისუფალია-მეთქი. გამოუშვა ბადრაგმა, ჩავიჯინეთ გიორგი გვერდში, ჩავეხუტეთ. ამ დროს უკვე დარბაზში არის წარმოუდგენელი ხმაური, გარეთ საოცრება ხდება, თუმცა გიორგი მოთმინებით უსმენდა, როდის დაასრულებდა მოსამართლე. მერე გავაცნობიერე, რომ მზად არ ვიყავი ემოციურად იმის მოსმენისთვის იმიტომ, რომ იმხელა ემოციები გავეცი იმ დღეს, რომ ღამით სახლში ვერ დავიძინე.

ონისეს აინტერესებდა ყველაფერი აბსოლუტურად, რაც ხდებოდა მის გარშემო, არა მარტო გარშემო სოციუმში, არამედ სოციალურ ქსელში. როგორც ვიცოდი სანდროსგან, მას ძალიან უყვარს სოციალური ქსელი და ვერ წარმოედგინა სანდროსაც, როგორ გაძლებდა ონისე სოციალური ქსელის გარეშე ციხეში, თუმცა შეგვქონდა გარკვეულწილად ეს ამბები. ჩემ გარდა მეგობრებიც ინახულებდნენ ხოლმე. შეგვქონდა თითოეული ის ამბავი, რაც მის თავს, მისი ფრაზის თქმის შემდეგ რა გამოხმაურებაც იყო. პროცესზე თუ ვიჯექი, ტელეფონიც მიმიტანია და მიჩვენებია ხოლმე, მაგალითად, მის ფრაზას ვინ აზიარებდა, ვინ ალაიქებდა, კომენტარებში რას წერდნენ და ა.შ. ონისეს ძალიან მძიმე პერიოდი ჰქონდა რამდენიმე თვით ადრე. მამა გარდაეცვალა და ეს მოხდა ერთ-ერთი პროცესის ბოლოს, როცა დავამთავრეთ. დარდობდა ძალიან ამ ამბავს, იყო მძიმედ ემოციურად. მე ვიცნობდი მამამისს, იყო რამდენჯერმე პროცესზე. იყო ხალისიანი კაცი დამოკიდებულებით, რა თქმა უნდა. ჩვენთან არ ავლენდა იმას, რომ განსაკუთრებით განიცდიდა, უბრალოდ ვერ ხვდებოდა, რისთვის იყო ონისე დაკავებული. როდესაც დაკრძალვის ამბებმა ჩაიარა, იყო პირველი პროცესი და ონისე მოდის სასამართლოში და სრულიად გულწრფელად ამბობს შემდეგ ფრაზას, რომ ეს ამბავი, რაც მოხდა, არის ჩემი ტვირთი და ჩემი და ჩემი ოჯახის გადასატანი. მე ამით დავიწყე დასკვნითი სიტყვა, თუმცა მიუხედავად ამისა, მე არავის მიმართ - და გულისხმობდა მოსამართლეს და გულისხმობდა პროკურორს - არავითარი შური, ბოღმა, რაიმე მტრობა არ მექნება, მე ამას გაპატიებთ თქვენ, მაგრამ ვერ გაპატიებთ ქვეყნის დაკარგვას, ვერ გაპატიებთ ქვეყნის მომავლის დაკარგვას. ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე წინ აყენებს სამშობლოს, ასეთი ადამიანს ასამართლებდა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი. სამწუხაროდ, ასეთ ადამიანს მიუსაჯა ორი წლით თავისუფლების აღკვეთა.

ათეულობით ადამიანი, ათეულობით აქტივისტი, არ ვგულისხმობ ოჯახის წევრებს და მეგობრებს, დადიოდა პროცესზე სისტემატურად და მე შემიძლია ნამდვილად ვთქვა ის, რომ აქტივისტებმა, ზოგიერთმა მათგანმა ბიჭები, ვინც იყვნენ ბრალდებულები, რეალურად დარბაზებიდან გაიცნეს. ზოგიერთი მათგანი დღემდე წერს, ეკონტაქტება, ემეგობრება თითოეულ მათგანს. უგზავნის გამამხნევებელ წერილებს და იღებს ბიჭებისგან გამამხნევებელ წერილებს. ადამიანებმა შეიძინეს ერთმანეთი, ისე, რომ არ იცნობდნენ საერთოდ და ზოგს ერთმანეთის შესახებ საერთოდ გაგებულიც კი არ ჰქონდათ.

მე ათი წლის განმავლობაში ძალიან ბევრ პროცესში მიმიღია მონაწილეობა, მე არ მახსენდება ასეთი პროცესი, როცა გაიგივებული ყოფილიყო ყველა ადვოკატი ყველა ბრალდებულთან. შესაბამისად, თითოეული პროცესი იყო პატარა გამარჯვება არა პროფესიულად, არამედ ადამიანურად. თითოეული პროცესი და განსაკუთრებით ალბათ მაინც გამოვყოფ გიორგი ახობაძის პროცესს, იყო ბრძოლა. გიორგიც აღნიშნავს ხოლმე ამას, რომ როცა გამოვდიოდით პროცესიდან ერთსაათიანი პროცესის შემდეგ, ვიყავი ისე დაღლილი, რომ თითქოს გამოვსულიყავი ხუთი-ექვსი პროცესიდან. ვინაიდან თითოეული მოწმის დაკითხვა და ძალიან კარგად იცით, რომ მოწმეები მოდიოდნენ ცრუ ჩვენებით და ცრუ ჩვენება იყო, დაახლოებით, მათი ნაამბობის ოთხმოცდაათი პროცენტი. ჩვენ ისედაც ვიცოდით, რომ ეს ცრუ მოწმეები მოვიდოდნენ, მაგრამ ჩვენ გვინდოდა საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა, ამის მიღმა კიდევ სად არიან ის პოლიციელები, რომლებიც მოდიან და უბრალოდ ცრუ ჩვენებას კი არ ამბობენ, საერთოდ არარსებულ რეალობას ამბობენ. პოლიციელი, რომელიც მოვა და გეუბნება თუნდაც სიტყვის მასალად, რომ „ჩვენ ხომ მოკვლაც შეგვიძლია, წამებაც, მაგრამ ამას არ ვაკეთებთ“, ეს არის სწორედ ის, რაც ჩვენ ვაჩვენეთ საზოგადოებას ჩვენი კითხვების პასუხებად მათი ამგვარი დამოკიდებულება. თუ ქვეყანა ისე არ გტკივა, თუ ზოგადად ადამიანის უფლება, რაც კონსტიტუციითა გარანტირებული, შენ არ გაღელვებს, ზოგადად, ადვოკატი ვერ იქნები.

______________________________

სინდისის ადვოკატები - ადვოკატების ამბები სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესებიდან და მათ მიღმა, როგორ იქცა პროფესიული ურთიერთობა მეგობრობად.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა