გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
რონ პეჯეტი
თეგები: #პოეზია

ლექსები | რონ პეჯეტი

რონ პეჯეტი ჩვენი დროის ერთ-ერთი ურთულესი პოეტია. სირთულეს კი მისი აუტანელი ღიაობა და სიმარტივე იწვევს. კრიტიკოსები ხშირად კამათობენ, თუ სად ავლებს პეჯეტი გამყოფ ხაზს ირონიას, თვითირონიასა და ტრაგიკომიკურ ბუფონადას შორის. არის ასეთი აზრიც, რომ პეჯეტი, უბრალოდ, ყველას გვეთამაშება - კოლეგებს, კრიტიკოსებს, ფილოსოფოსებს, რომლებიც მის საქებად გრძელ ტირადებს აცხობენ და, რაც მთავარია, იმ ჟიურის წევრებს, რომლებიც მას უშურველად ანიჭებენ პრემიებს. არადა, პრემიები ფეჯეთს აქვს, თუ აქვს.

არის უილიამ კარლოს უილიამსის პრემიის, რობერტ კრილის პრემიის და სხვა მრავალი ჯილდოს მფლობელი, მათ შორის, პულიცერის პრემიის ფინალისტი.

ჩარლზ სიმიკის აზრით, პეჯეტის ლექსები სულაც არაა სახალისო და ისინი, სიღრმისეული წაკითხვისას, ტრაგიკული ფონის მატარებელიც კი ხდება. ჯონ ეშბერი კი ფეჯეთს ყველაზე ბრწყინვალე და მოულოდნელ პოეტად მიიჩნევს.

ვნახოთ, როგორ მიიღებს ქართველი მკითხველი. პეჯეტი ხომ ქართულად პირველად ითარგმნება, როგორც იტყვიან, ექსკლუზიურად "ინდიგოსთვის".

-პაატა შამუგია

 

ამიტომაც

რა მექნება საუზმედ?
კარგი იქნებოდა ქლიავი,
როგორც უილიამსის ლექსშია,
სადაც ის ცოლს უბოდიშებს
ნახსენები ქლიავის შეჭმისთვის.
მაგრამ მას არ მოუბოდიშებია თავისი მკითხველებისთვის,
რომლებიც წაიკითხავდნენ ამ ლექსს,
ქლიავს კი ვერ შეჭამდნენ.
ამიტომაც მიყვარს მე ეს ლექსი,
როცა დამშეული არ ვარ.
ახლა კი უილიამსიც მეზიზღება
და მისი ლექსიც.
ამის თქმა მინდოდა.


პოეტი, როგორც უკვდავი ჩიტი

ერთი წუთის წინ გულის შეტევა მქონდა
და გავიფიქრე: ცუდი იქნება,
რომ მოვკვდე გულის შეტევით ამ შუა ლექსში
და კარგად განვეწყვე იმ აზრის მიმართ
რომ ჯერ არავის სმენია
პოეტი მომკვდარიყოს წერის შუაგულში
როგორც ჩიტი არ მომკვდარა შუა ფრენაში.
ალბათ ასეა.

გამოცემისშემდგომი ბლუზი

ეს-ესაა, გამოიცა
ჩემი ლექსების პირველი წიგნი.
აქვე, მაგიდაზე დევს
და იტყუება.
მშვენიერი ყდა და გაფორმება აქვს.
გამომცემლებმა დიდძალი თანხა
და თანამშრომლების უთვალავი დრო დაახარჯეს.
მაღაზიები იტაცებენ ეგზემპლარებს.
ერთი ეგაა, რომ, სამწუხაროდ,
მე ცუდი პოეტი ვარ
და არც ეს წიგნია გადასარევი

თარგმანი: პაატა შამუგია
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა