ლუის გლიკის “მკაცრი მშვენიერება”
ცნობილი ამერიკელი პოეტი, კრიტიკოსი, ესეისტი ლუის გლიკი მის მიმართ გამოთქმულ საქებარ სიტყვებს კარგა ხანს ეჭვის თვალით უყურებდა. 2009 წელს, როცა აღნიშნეს, რომ მან საკმაოდ გაითქვა სახელი და მისი წიგნები დიდი პოპულარობით სარგებლობდა, მან ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა: „თუ მართლაც ასეა, ალბათ მე მორიგი ლონგფელო გავხდები - მწერალი, რომლის გაგებაც მარტივია, მარტივია მისი სიყვარული, მარტივია მისი ტექსტები. არ მინდა მეც ლონგფელო ვიყო! მაპატიე, ჰენრი, მაგრამ არ ვარ თანახმა. უარს ვაცხადებ ასეთ პოპულარობაზე“.
დღეს უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ 77 წლის პოეტის შემოქმედებამ მას იაფფასიანი პოპულარობა კი არა, მსოფლიო აღიარება მოუტანა - ლუის ელიზაბეტ გლიკი ლიტერატურაში 2020 წლის ნობელის პრემიის ლაურეატად დასახელდა.
ლუის გლიკი 1943 წლის 22 აპრილს ნიუ-იორკში, დანიელ და ბეატრის გლიკების ოჯახში დაიბადა. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეს, ნერვული ანორექსიის დიაგნოზი დაუსვეს. ამის გამო, იძულებული გახდა, სკოლისთვის თავი დაენებებინა. ლუისი რამდენიმე წლის განმავლობაში გადიოდა ფსიქოთერაპიის კურსს. როგორც თავად აღნიშნავს, მას ფსიქოთერაპევტში ძალიან გაუმართლა და მდგომარეობიდან მისი დახმარებით გამოვიდა 1961 წელს ლუისმა სკოლა დაამთავრა, ხოლო 1963-1966 წლებში კოლუმბიის უნივერსიტეტთან არსებულ სკოლაში პოეზიის კურსები გაიარა, სადაც მისი მასწავლებლები პოეტები ლეონ ადამსი და სტენლი კუნიცი იყვნენ. სწორედ მათ მოახდინეს გავლენა ლუის გლიკზე, როგორც მომავალ პოეტზე.
1968 წელს ლუის გლიკმა თავისი პირველი წიგნი გამოსცა, რომელიც კრიტიკოსებმა კარგად მიიღეს.
2003-2004 წლებში ლუის გლიკი იყო ამერიკის პოეტი-ლაურეატი, მას მიღებული აქვს უამრავი ლიტერატურული პრემია და ჯილდო. მათ შორის პულიცერის პრემია, წიგნის ეროვნული ჯილდო, გუგენჰაიმის სტიპენდია და მრავალი სხვა. ის თოთხმეტი პოეტური, ორი პროზაული და ორი კრიტიკული წერილების კრებულის ავტორია.
„მქონდა ორ-სამწლიანი პერიოდები, როცა არაფერი დამიწერია. ნული. არცერთი წინადადება. არც ცუდი ლექსი, არც მონახაზი. არაფერი. და ასეთ დროს არასდროს იცი, რით დასრულდება ასეთი დუმილი, ან ოდესმე თუ დაიბრუნებ ლაპარაკის უნარს. რა თქმა უნდა, საშინელებაა, და ის ფაქტი, რომ ასეთი პერიოდები მანამდე დასრულებულა, არ ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ასეთი დუმილი დასრულდება. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ცხოვრება სრულ უძრაობაში განაგრძო. ყოველი მდუმარე პერიოდის დროს შიში მეუფლება“, - ამბობს ის.
ლუის გლიკის ლექსები ძირითადად ავტობიოგრაფიულია, თუმცა, პოეტი საკუთარ ამბავს ისე ყვება, რომ ის საზოგადო მნიშვნელობას იძენს. ლუის გლიკი ხშირად ირგებს ბიბლიური, ზღაპრული თუ ისტორიული გმირის ნიღაბს და მათი ენით გველაპარაკება. პოეტი გვესაუბრება ცხოვრებისეული ტრავმებით გამოწვეულ განწყობებსა და პრობლემებზე, მის ამბივალენტურ ურთიერთობებზე ოჯახის წევრებთან, საყვარელ ადამიანებთან თუ გარემოსთან. მისი პოეზია უამრავი ემოციური რეგისტრისგან შედგება და განსაკუთრებით შესამჩნევია ის, რომ მას არ ეშინია, იყოს სასტიკი და თვალი გაუსწოროს მონსტრს, რომელიც ცხოვრობს მასში და დაინახოს მონსტრი სხვებშიც.
ლუის გლიკის შემოქმედებაში გვხვდება რადიკალური ფილოსოფიური დისკუსიები, ინტერტექსტუალიზმი, ფემინიზმთან დაკავშირებული საკითხები, ლაკანისტური ფსიქოანალიტიკური თეორიები და ა.შ. როგორც ლიტერატორები მკითხველებს გვირჩევენ, უკეთესია, თუ კრებულში ლექსებს თანმიმდევრობით, მთლიანი ციკლების სახით წავიკითხავთ, რადგან ამ დროს უფრო კარგად გავიგონებთ ავტორის ხმას, დიალოგებს, და კრებულს ისე გავიაზრებთ, როგორც ერთ მთლიან ამბავს.
ლუის გლიკი შთაგონებას მოზაიკური მულტიკულტურული წყაროდან იღებს. მისი პოეზია ძირითადად ემყარება ქალის ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და სულიერ გამოცდილებას. ლუი გლიკის შემოქმედება სხვადასხვა, აბსოლუტურად განსხვავებული ინტერპრეატაციის საშუალებას იძლევა. ზოგი მკვლევარი მის შემოქმედებას „სიყვარულის თეორიის“ ჭრილში განიხილავს, ზოგი „პრესიმბოლური“ კომუნიკაციის ფონზე, რომელიც, დედასა და ჯერარდაბადებულ შვილს შორის მყარდება.
მართალია, ნობელის პრემიის კომიტეტის არჩევანმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, მაგრამ ერთი რამ შეიძლება დარწმუნებით ითქვას - თუ კრიტიკოსებისა და ლიტერატურის მკვლევარების აზრს გავითვალისწინებთ, პოეზიის თაყვანისმცემლებს წინ დიდი აღმოჩენები ელის, მით თუ უფრო, რომ ნობელის კომიტეტმა თავისი გადაწყვეტილება ასე განმარტა : „ყველასგან განსხვავებული პოეტური ხმისთვის, რომელიც თავისი მკაცრი მშვენიერებით ინდივიდუალურ არსებობას უნივერსალურად აქცევს."
ლუის გლიკი.
დღეს მზემ გამოანათა
და ჩემმა მეზობელმა მდინარეზე ღამის პერანგები დარეცხა -
სახლში დაკეცილი სარეცხით სავსე კალათით დაბრუნდა,
ისე ასხივებს, თითქოს სიცოცხლე ათი წლით
გაუხანგრძლივდაო. სისუფთავე აბედნიერებს -
ის კარნახობს - შეგიძლია ათვლა თავიდან დაიწყო,
ძველი შეცდომები უკან ვეღარ დაგაბრუნებს.
ჩემი კარგი მეზობელი. ჩვენ ერთმანეთს
სიმყუდროვეს არ ვურღვევთ. აი, ახლაც,
ის სველ სარეცხს თოკზე ფენს და თავისთვის მღერის.
ასეთ დღეებში ძალიან მალე უჩვეულოს
ვერაფერს ვნახავთ. მძიმე ზამთარი გამოვიარეთ:
ძალიან ადრე წვებოდა ღამე, რუხ გარიჟრაჟს თან მოსდევდა
უწყვეტი წვიმა - რამდენიმე თვე გავიდა ასე
და მერე თოვლი, ჩამომავალი ციდან დუმილი
ტვირთად აწვა ხეებს და ბაღებს.
დღეს ყველაფერი ჩავლილია
და ჩიტებიც დაგვიბრუნდნენ, დაჰხარიან გაფანტულ მარცვლებს.
თოვლი დადნა. ხილის ხეები დაიფარა ქორფა ყლორტებით.
წყვილები მდელოზეც კი სეირნობენ, ეფიცებიან ერთმანეთს იმას,
რასაც მუდამ ეფიცებიან.
ჩვენ ვდგავართ მზეში. მზე განგვკურნავს,
აღარსად აღარ მიეჩქარება, ზუსტად ჩვენს თავზე
ცაში ჰკიდია, უმოძრაოდ, მსახიობივით - უხარია,
რომ მაყურებელმა მიიღო თბილად.
ჩემი კარგი მეზობელი წამით ჩუმდება,
მთას აშტერდება, ყურს უგდებს ჩიტებს.
ეს ამდენი ტანსაცმელი საიდან გაჩნდა?
ჩემი კარგი მეზობელი ისევ იქ დგას,
პერანგებს ისევ თოკზე ამაგრებს,
მაგრამ კალათი არ იცლება -
ისევ სავსეა, ბოლო არ უჩანს,
თუმცა მზემ უკვე იწყო დაღმასვლა.
არ დამავიწყდეს: ზაფხული ჯერ არ შემოსულა,
გაზაფხულიც ახლახანს დადგა;
ჯერ არა აქვს სითბოს ძალა, ყინვა ბრუნდება -
ეს მანაც იგრძნო, ბოლო პერანგი თითქოს ხელში ჩაეყინა.
ხელებს დაჰყურებს - რამდენი წლის არიან უკვე.
ეს დასაწყისი კი არაა, დასასრულია.
და ზრდასრულები - ყველანი მოკვდნენ.
დარჩნენ ბავშვები, მარტოები, ბერდებიან.
გამოქვეყნებულია 2007 წელს გამოცემაში The Paris Review of Books