ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ბავშვები

ლუკა სირაძის გამო

წესრიგს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, აქვს განვითარების თავისი ლოგიკა და ამ ლოგიკისთვის ლუკა სირაძე კერძო საკუთრების დამაზიანებელია. კერძო საკუთრებაზე ნებისმიერი სახით იერიშის მიტანა არის მომაკვდინებელი ცოდვა ამ უჭკუო, უგულო და სასტიკი წესრიგისთვის. იმიტომ, რომ კერძო მესაკუთრის შესაქმნელად, კერძო საკუთრების დაცვისთვის და მისთვის ბილიკების მოსასწორებლად ხდება  ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში - განათლების რეფორმებიც, საგადასახადო რეფორმებიც, პოლიტიკური ორთაბრძოლებიც, საპროტესტო მასკარადებიც.

საქართველოში, ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყანაში, არიან  აზრის შემქმნელები და დამდგენები. და ისინი ერთხმად, იმის მიუხედავად, თუ ვის ემსახურებიან, ჩვენს ცუდ ყოფას აბრალებენ ყველაფერს, ეკონომიკური და სოციალური წესრიგის გარდა. განვითარების იმ წესის გარდა, რომელსაც მივდევთ, რადგან მის მთავარ აქტორებთან - მსხვილ და საშუალო ბიზნესთან პირდაპირი და ირიბი კავშირები აქვთ, ან მათი იმედი აქვთ ჩვენი კულტურის აღორძინებაში და ჩვენი ცხოვრების ვესტერნიზაციაში. ამიტომ, ყველაფერში, რაც ცუდი ხდება, დამნაშავეს ადვილად პოულობენ ჩვენი მენტალობის, საბჭოთა წარსულის, ჩვენი სიზარმაცის, სიბნელის და სხვ. სახით,  მაგრამ პრობლემას ვერასდროს  ხედავენ სულ უფრო მზარდ უთანასწორობაში, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარების ბოლო 20 წლიანი ვექტორის გარდაუვალი შედეგია.

ამ აქტორების მოგების ზრდის პირდაპირპროპორციულად, ჩვენი ცხოვრება სულ უფრო უპერსპექტივო და უღონო ხდება. და რაც უფრო მეტად ვიძირებით უიმედობის ჭაობში და უფრო სასოწარკვეთილად დავიწყებთ ხელფეხის ქნევას, მით უფრო სასტიკი გახდება პოლიცია და უფრო პანიკური და არადამაჯერებელი სამოქალაქო საზოგადოება თავის აქტივიზმიანად. რომელიც მორალიზატორული კრიტიკით და ლიბერალიზაციის ისტერიული მოთხოვნით არსებული წესრიგის მოკავშირეა, როგორი მოწინააღმდეგეც არ უნდა ჩანდეს.

ამ დღეებში იქნება ბევრი საჯარო გლოვა იმათგან, ვისაც გლოვის ექსკლუზივი აქვს.

მიზეზები არ/ვერ  დასახელდება,  მაინც ვერ გავიგებთ რატომ  გვჭირს ის, რაც გვჭირს და საახალწლო განათებასავით ჰაერში გამოეკიდება შეკითხვა „რატომ, რისი გულისთვის?“

და იქნება "ჩვენი შვილების" დაცვის, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის გულწრფელი და არაგულწრფელი მოთხოვნები.  

მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით, ჩვენს შვილებზე უსაფრთხოება ყოველთვის სხვადასხვანაირად გადანაწილდება?

რა ვუყოთ იმას, რომ ჩვენი შვილებიდან ზოგის მშობელს შეუძლია სწავლაში 5400 ლარის გადახდა და ზოგს კი საჯარო სკოლაში სასიარულოდ მარშუტკის ფული უჭირს?

რა ვუყოთ იმას, რომ ჩვენი შვილებიდან ზოგიერთი დიდი და კომფორტული მანქანით გადაადგილდება, ხოლო ზოგიერთი სახიფათო ტრასებზე გადარბის?

ან რა ვუყოთ იმას, რომ ჩვენი შვილებიდან ზოგიერთს აქვს ფუფუნება, რომ ჯანსაღად იკვებოს, ხოლო ზოგიერთი საცხობის ლობიანით იკლავს შიმშილს?

რა ვუყოთ იმას, რომ ჩვენზე უსაფრთხოება დაახლოებით ისე ნაწილდება, როგორც ეკონომიკური სიმდიდრე?

ესაა ჩვენი ყოფის ფუნდამენტი და ისვე განსაზღვრავს იმასაც, თუ როგორ მოგვექცევა პოლიცია.

პოლიცია ძირითადად გვექცევა ისე, როგორც   ჩვენი კლასობრივი წარმომავლობის შესაფერისად მიაჩნია.

ჩვენი პოლიცია ამისთვის შეიქმნა და რეფორმირდა - მან უნდა დაიცვას მქონენი უქონელთა სახიფათო სურვილებისგან.

ლუკამ,  ჩვენი საერთო სიმყიფის ტრაგიკული ჩვენებით, თითქოს  ბრძოლის აუცილებლობაზეც დაგვაფიქრა. ბრძოლის, რომელიც ილუზორულ თავისუფლებას, სინამდვილეში კი ახალი ბატონის ძიებას კი არ ემსახურება, არამედ მრუდე სარკეებიანი ოთახიდან გამოგვიყვანს და ცუდად ყოფნის ნამდვილ მიზეზებს მოგვაძებნინებს. მეტი თავისუფლების ყალბი იდეით კი არ დათვრება, ან კარგად დატრენინგებულ პოლიციელებზე კი არ დაამყარებს იმედს. საკუთარი დიდების 15 წუთს დახარბებული მტრის ჭკუაზე კი არ ივლის და სხვისი პოლიტიკური კარიერის ირიბი მსახური კი არ იქნება, არამედ საკუთარ ნამდვილ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს გამოკვეთს და მიზნად მის და მისნაირების უკეთეს ხვალინდელ დღეს დაისახავს.

და თუ ამისთვის საჭირო ჭკუა, ბრძოლის ჟინი და გამბედაობა არ აღმოგვაჩნდება, მაშინ ჩვენ დავიმსახურებთ ყველაფერს, რაც გვჭირს და ყველაფერს, რაც მომავალში დაგვემართება.

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა