მაიზერი | ომის ვეტერანი, თბილისი
06.03.2021 | 10 წუთიანი საკითხავიომის ვეტერანი, 54 წლის, თბილისი
ქართულ-ოსური კონფლიქტი. 1991-1992.
მოტომსროლელთა ქვეით ბრიგადაში ვიმსახურე 1984-1986 წლებში. იქ გვთავაზობდნენ და ვისაც სასერჟანტო საქმე უნდოდა „უჩილკაში“ მიდიოდა სასწავლებლად. მე გამოვთქვი სურვილი, მაინტერესებდა.
პრიმორსკი კრაიში, ჩინეთის საზღვარზე, ზედ იაპონიის ზღვასთან ვიდექით. ძალიან ცუდი პირობები იყო - ზაფხულში კოღო და ბუზი გვჭამდა, ზამთარში ორმოცდაათ გრადუსამდე ადიოდა ყინვა. ვინც გაუძლო, გაუძლო. ვინც ვერ გაუძლო და მოკვდა, ზოგმა თავიც მოიკლა.
ერთი-ორი თვე მე ძაან გამიჭირდა, მარა ფიზიკურად ძლიერი ვიყავი, კარატეზე და მძლეოსნობაზე დავდიოდი, ამან ბევრ რამეში შემიწყო ხელი.
მე დამთავრებული მქონდა მძღოლის პროფესია, ტრაქტორისტი ვარ და ჯარიდან რომ ჩამოვედი, 86-88 წლებში ტრაქტორისტად ვმუშაობდი, მერე მძღოლად, მესტიის რაიონში, სოფელ იდლიანში, ხუდონჰესის მშენებლობაზე. მერე ისევ ჩვენმა ეროვნულმა მოძრაობამ გავაჩერეთ ჰესის პროექტი. თორემ იქამდე მე გადამზიდად, ვმუშაობდი, სამეგრელოდან დამქონდა მასალები, დღეში ორ-სამ რეისს ვაკეთებდი, თვეში 350 მანეთამდე გვქონდა ხელფასი.
მთელი საბჭოთა კავშირის ყურადღება ჩვენკენ იყო მაშინ, ამხელა ბუმბერაზი მშენებლობა უნდა გაჩერებულიყო, მილიონები ჰქონდათ ჩაყრილი და საძირკველი უკვე აშენებული. ჩვენ შიმშილობა გამოვაცხადეთ. ოცნი ვიყავით, მაგრამ ბოლოში შვიდი თუ რვა გავედით, ცუდად გახდნენ დანარჩენები. ზუგდიდის საავადმყოფოში რომ მიიყვანეს, იქ უთხრეს, ამ ნაბიჭვარ მოშიმშილეებს ჩვენ არ მივიღებთო. ხალხი გადაირია თურმე, ჩვენი მშობლებიც გამოვიდნენ. ჩვენ კიდე მიტინგზე ჩვენი დაწერილი ანდერძები წავიკითხეთ. ამან სულ გააგიჟა ხალხი. მშობლები იქიდან წავიდნენ და გზები გადაკეტეს. ამ დროს ყველა მხრიდან მიდიოდა ჩვენზე კონტროლი. ეს შიმშილობის აქცია მაინც ისე სუფთად ჩავატარეთ, რომ ერთი სუსტი წერტილიც ვერ გვიპოვნეს, ვერ გაგვტეხეს და ასე გავიტანეთ ბოლომდე. საქმე იქამდე მივიდა, რომ სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, ნოდარ ჭითანავა ჩამოვიდა ბოლოს და იქვე დაწერა ბრძანება: შეწყდეს ხუდონჰესზე მშენებლობა, იქვე, ჩვენს თვალწინ.
შემდეგ მოხდა 9 აპრილი.
1989 წლის ივლისში უკვე აფხაზეთში დაიძაბა სიტუაცია. მოკლეს ეროვნული მოძრაობის ლიდერი აფხაზეთში - ვოვა ვეკუა. ჯგუფური თავდასხმების დროს ოთხი ბიჭი დაიღუპა სამეგრელოდან. 30 ათასიანმა მიტინგმა გაასვენა ეს ბიჭები, წვიმაში. სულ გადაჭედილი იყო ქუჩები.
ხალხი მილიციის შენობებში შევარდა და იარაღი გამოიტანა. სვანეთიდან ქალები ჩამოვიდნენ სულ ასხმულები. დიდი მანქანებით მოდიოდა ხალხი, ნაწილი ზემოდან იჯდა. ისეთი სანახავი იყო, ნამდვილი, ეროვნული სული გუგუნებდა, ვერ გადმოსცემს კაცი სიტყვით.
მერე ყალიბდება ეროვნული გვარდია. აპრილში მივიღეთ ფიცი, მე გავხდი გვარდიის ოფიცერი, დღესაც მეამაყება ეს. 1991 წლის მარტში გამგზავნეს ცხინვალში. ჩვენ რომ შევედით, სიწყნარე იყო, ხმას არავინ იღებდა, მაგრამ მალევე გამოგვიყვანეს უკან. გამიშვეს ახალციხეში. იქ ვმსახურობდი, სანამ თბილისში ომი დაიწყებოდა.
ეგრე გამოვიდა, რომ ჩემი საბრძოლო ნათლობა თბილისის ომში მოხდა. ორივე მხარეს ძალიან მაგარი ბიჭები ვიდექით. მაგრამ როგორც მტრები. ორივე მხარეს ყველას სჯეროდა, რომ ქვეყნისთვის იბრძოდა.
ეხლა არავის არ აინტერესებს პატრიოტიზმი.
ჩვენ ყველანი პატრიოტული სულისკვეთებით ვიყავით, ორივე მხარეს. რაც მოხდა, ის მეთაურების, პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა იყო, ჩვენი არა. ამას მე ყველგან ვამბობ და არ მეშინია, რომ მე პირადად ვიცავდი ჩემს კანონიერ ხელისუფლებას. დანარჩენი არ ვიცი.
ის ბოლო დღეც მახსოვს, 6 იანვარს, ზვიად გამსახურდიამ, უკვე გავდივართო. დაიწყო გამოსვლა ბუნკერიდან, პოზიციებიდან, გავიშალეთ, ვითომ მოგვცეს კორიდორი და გაგვიშვეს, მაგრამ მეტეხის ხიდზე ჩასაფრება მოგვიწყვეს. სამი ავტობუსი მიდიოდა სავსე, ერთიც სამხიდიანი გადახურული ზილი მიჰყვებოდა. ჩვენ ნოლსემში ვიჯექით. ხიდზე შევდექით თუ არა, სამივე მხრიდან დაგვიშინეს. ჩაგვიცხრილეს ყველა მანქანა. ჩემს მანქანაში მარტო მე გადავრჩი ცოცხალი. ბიჭების სისხლი და ტვინი ზედ სახეზე მესხა. ავტობუსებშიც ბევრი დაიხოცა. ვინც გადავრჩით, გადმოვედით და ფეხით ავუყვევით ნელ-ნელა, ლილოსკენ. ჩემი მეგობარი, ვეფხვია იყო მძიმედ დაჭრილი, თავში ოთხი ტყვია მოხვდა.
გადატრიალების შემდეგ, სვანეთში წავედი, ნათესავებთან. მერე მალევე გამოაცხადეს, ოფიცრებო, სამსახურებში დაბრუნდითო, ჯარი ხომ უნდა შეეკრიბათ. რას ვიზამდი, ჩამოვედი და სამსახურს დავუბრუნდი. მერე ოცი წელი ვიმსახურე, ყველა ბრძოლის მონაწილე ვარ, სადაც ტყვია გავარდა, ყველგან ვიყავი.
ცხინვალის ამბებზე ვაჟა ადამიასთანაც გვქონდა შეტაკება. გამსახურდია არაფერს არ იტყოდა უკანონოს. 23 ნოემბერსაც ვიყავი ჩასული ოსებთან და გამსახურდიას იქ არ უთქვამს, არც ბრძანება გაუცია - ოსებმა საქართველო დატოვეთო. ჩვენთან ბევრი მსახურობდა ისეთი, რომის პაპზე მეტი კათოლიკეები რომ არიან. ჩემს ბატალიონშიც იყვნენ ასეთები, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ბრძანება იყო ზვიადისი. ისინი იღებდნენ ზედმეტს თავის თავზე. ჩემთან არ მოდიოდა ოსების ამბები და თუ სადმე ხელი მიმიწვდებოდა, ყველგან ვაჩერებდი. უკანონობას არ ვუშვებდი, არც ერთი მიმართულებით. იმიტომ, რომ მე ჯერ ადამიანი ვარ და მერე ვარ ფორმიანი. არავის ჩაგვრას მე არ დავუშვებდი.
ჩემი ვეფხვია მაშინ კი გადარჩა, მაგრამ მერე ცხინვალში მოკლეს. ასმეთაური იყო. ეგ და ექვსი ჯარისკაცი პატრულირებდნენ. ჩვენ ერთ ადგილას ვიდექით. ერთ ღამესაც ჩაუსაფრდნენ, ყველანი ამოხოცეს და გულ-ღვიძლი ამოაჭრეს. ეს არც ერთ ომის კანონში არ შედის. ომი ომია, ომში უნდა ესროლო და უნდა გესროლონ. მაგრამ ვეფხია ვერ ვიცანი, რომ ვნახე. ჩემი ნაჩუქარი ფორმა ეცვა და მაგით ვიცანი, თორე ვერ ვიცნობდი ისეთი დასახიჩრებული იყო. არც ერთი მეომარი ამას არ იკადრებს მტრის წინააღმდეგ. დაჩეხილები მოიყვანეს, ზოგს მანქანა გადაატარეს ზედ. არაადამიანურად ჩახოცეს. სამხედროები იყვნენ, ყაჩაღები ხომ არა?! თუ ის ოფიცერი იყო, ჯარისკაცები მაინც დაეტოვებინათ ცოცხლები. არა, ყველა დახოცეს. წამებით.
რა უნდა ქნა, ვის მოვუყვე ეს ისტორიები. ან ვინ დამრჩა მეგობარი, მეტწილად მკვდარია ყველა.
ეს იყო 1992 წელი, 13 აგვისტო. იმ ღამეს დაიწყო აფხაზეთი.
თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ
ტექსტი: ნინო ლომაძე
ტრანსკრიპტი მოამზადა კესო კობიძემ