
მანფრედ ხობოტი | პოეზია
პირველადი პირ-და-უკუ აფეთქება
ეძღვნება სტივენ ჰოკინგს, აღფრთოვანებით
უწყვეტად ფართოვდება
სამყარო
მუცელში ემბრიონი
სინათლის სიჩქარით
უმატებს
ცურვას თავის სამალავში
არსად უდევს ზღვარი
უსასრულოში
ჰქვია მარლიზ ვიქტორია ანდა ვერონიკა
წარმოსახვა ეხლება
წარმოსახულ დასასრულს
საკუთარი სანაყოფე წყლებით მოწამლული
დრო და სივრცე ბუნდოვანი იქნება მანამ
სანამ წინარე აფეთქება ოდესმე
არ მოისურვებს გამოსვლას ციცქნა სამყაროში
და დიდი სამყარო კვლავაც მიმართულებას
არ უკუაქცევს და კვლავაც
უკვე ორი და დაიბადა
სინათლის სიჩქარით შეიკუმშა
ერთ წამსაც კი არ აცდის შესაქმეს
დაი უმრწემესი ერთ წუთში
მყარად დგას როგორც ერთადერთი მარადისობა
გაფართოება და შეკუმშვა
Cancelled
სიკვდილი რაღაცით
ადრე თუ გვიან
სწრაფად თუ ნელ-ნელა
მყარი დისკი წაიშლება
პირწმინდად არაფერი დარჩება
თუ არ ჩავთვლით თავის ქალას
და თითქმის უკლებლივ ყველა ძვალს
ვერავითარი პროგრამა უკვე ვეღარ
აღადგენს დამახსოვრებულ
ინფორმაციებს და წვრილმანებს
ვით ნებისმიერ სინატიფეს აღარ ეყოფა
კლავიშების კომბინაცია
დეაქტივირებული არქივის კვლავ გასააქტიურებლად
მხოლოდ თავის ქალის ასაკი
შეიძლება დადგინდეს რომელ
საუკუნეში იყო თავი აქტიური
და თუ ტვინის ნარჩენები შეახმა
ისინი გამოუსადეგარია უკუნითი უკუნისამდე
მაშ რად გინდა თავს რომ იკლავ
და სიცოცხლეში არქივირებას უნდები
და ამდენ რამეს ინახავ
საფლავის წამბილწავებისა და მესაფლავეებისთვის
გენის გამრავლების გაუმრავლებელყოფა შესაძლებელია
ისევ არ გახდი მამა
ქანქარა კი სამს გიჩვენებს
აქამდე გასწორებული იყო
მარჩიელობას არ ურიგდები
შინაგანად სანაყოფე წყლები დალია
ქლოროფორმი და ალდეჰიდი
წყლის ნაწილობრივი ამოტუმბვით
ნეტავ ალკოჰოლი ყოფილიყო
ნომერ მეორე გაჩერებაზე
ერთი გოგონა ვეღარ გადარჩა
ქალიშვილი საკუთარ თავს რომ
თითზე ფრთხილად შემოიხვევს შალის ძაფივით
ძალზე ზრდილად თქვენს სამსახურში
ერთი უბანი ღია რჩება
დახარისხებულ სანაგვეში რახანია ზრდასრულია
ისე როგორც შესაძლებლობა
მჟავე ფხვნილი
ქარის საწინააღმდეგოდ ლაპარაკი
აადვილებს ყოველგვარ დარღვევას
შუალედური შეძახილები თავისუფლად ყიყინებენ
დღისით სიტყვით გამომსვლელთა მოსმენა იზიდავს
საეჭვოდ მდინარეს
თითქოს წყარო
შესართავთან დააგუბესო
მოლუსკის ნიჟარები
მკვდარ თავის ქალებს ემსგავსება
ვალდშტაინი ადგილია
– იშტამპება და ისტამბება კონკურენცია
პაპი პაციენტად რჩება
ყური დამიგდე ა-
მაოდ უკეთეს შემთხვევაში
კაენი სულაც არ ყოფილა
დაკითხავს საკუთარ თავს
თავის ქალიდან
წვეთავს სხვა
რელიგია არ ესმის (წაუყრუებს)
მოწევამ შეიძლება
სპერმატოზოიდები
დააზიანოს და
შეზღუდოს
ნაყოფიერება
აბი ჰუგოსთვის
თავად უზრუნველყოფ შენს თავს
ან იქნებ არ გესმის
ტუბუსი ამოიკვეთება
დოლის ტყავს ყურზე გადაგაკრავენ
ანგარიშსწორება
როცა თავს
სხვა ვერაფრით ვშველიდი
უძლური
განცდილი უსამართლობების წინაშე
ბრაზისგან უმწეო და ბოღმისგან უსუსური
ვძვრებოდი სავარძელზე
ვდგებოდი სასადილო მაგიდაზე თითის წვერებზე
და გრძელსახაზავმომარჯვებული
წყევლით ვაწნავდი
ჯვარცმას ღაწვებზე სილას
ჩემი დარტყმების რაოდენობა
ჩემი უფლებების შელახვის სიმძიმის შესატყვისი იყო
და ამის მერე უკვე ბარი-ბარში ვიყავით
როცა ერთხელაც იესოს ერთი ნაწილი მოსტყდა
ამით ჩემი შურისძიებები გაცამტვერდა
მამამ ხელი შემომიბრუნა
შიშის ოდა
მეშინია უმდიდრეს ადამიანთა
სიას არ მოვაკლდე
სომალელებმა არ შემიპყრონ
თვითმფრინავი არ ჩამოვარდეს
როცა ჩემი აქციები ეცემა
უდაბნოში მეამბოხეების მიერ
მოტაცებული და მოხრაკული არ აღმოვჩნდე
ისეთ დღეში არ ჩავვარდე რომ ჩემს „პორშეს“
პატარა „მერცედესზე“ ვცვლიდე
საცობში მოხვედრილი ავტოპარკს ვერ ვაგნებდე
ავტობანს უბენზინოდ არ ვიყო შერჩენილი
მიწისძვრის მსხვერპლი არ აღმოვჩნდე
ერთკაციან საკანში დაკითხულს
თავდებით გათავისუფლებისთვის
ასი მილიონი ევროს გადახდა არ მომესაჯოს
ციხიდან შვებულებით გამოსულს ბედმა არ მიმუხთლოს
და ღია ლიფტმა არ დამაქუცმაცოს
ბერლუსკონის გაცნობა არ მომიხდეს
ანგელა მ.-სთან და ნიკოლა ს.-სთან ერთად
მაგიდასთან ჯდომა და ხამანწკების ჭამა არ დამევალოს
გაყიდული სახლის წინ პირდაპირ ეთერში
და ლირიკულად არ გამაღმერთოს მაიკლ ჯეკსონმა
გაკოტრება არ დამემუქროს
როგორც არადედამიწელი შემთხვევით
დედამიწაზე არ დავეშვა და არაფერი
გამეგებოდეს ნავიგაციის რათა ბირჟაზე
ფასიანი ქაღალდები მიმოვფანტო
და მე, ავსტრიელი,
ამერიკული სამგზავრო პასპორტით
არ მოვევლინო ხელმეორედ ქვეყნიერებას
გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ
თანამედროვენი
ჩვენ ერთმანეთის გვერდიგვერდ ვცხოვრობთ
გავემგზავრებით და სადმე მივალთ
და თარიღებით აჭრელებული
მეხსიერების სანდო საკნები –
ერთურთს ახლიან თავს წიგნაკები
ხან იქ და ხან აქ ოდესმე სადმე
ასე თუ ისე დრო ჩაიქროლებს
ყოველდღიურად ვიხეხავთ კბილებს
და მივაშურებთ ჩვენს კუთვნილ ლუკმას
თეფშზე რაც იყო აღარ იქნება
ვნთქავთ უთქმელად და სულმოუთქმელად
გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ