ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

მანტრები „იღბლიან“ ბავშვებს

ბავშვებზე, რომლებიც მოსიყვარულე ოჯახებში, მზრუნველ და უსაფრთხო გარემოში იზრდებიან, რა თქმა უნდა, ვიტყვით, რომ გაუმართლათ. და ასეც იქნება, თუ სხვაგვარ სიტუაციებში მცხოვრებ თანატოლებს შევადარებთ, მაგრამ ამ გამართლებას აქვს თავისი საფასური, რომელსაც უკლებლივ ყველა ბავშვი იხდის - დედ-მამის ფასეულობების და, მით უმეტეს, მათი წლიური შემოსავლის მიუხედავად.

ესაა ბავშვებისკენ პირდაპირ თუ ირიბად მიმართული მანტრები, რომლებიც მათ გარემოში ყოველი მხრიდან აღწევს: მედიიდან, ოჯახიდან, სკოლიდან.

როგორი უნდა იყო, რომ გვიყვარდე?

როგორ უნდა მოიქცე, რომ არ გამცირებდე?

რისი უნდა გჯეროდეს, რომ პატივს გცემდე? - რა თქმა უნდა, ბავშვებისკენ მიმართული ამ მოთხოვნების საფუძველი საერთო-საზოგადოებრივი შეთანხმებაა, რომ ჩვენ, უფროსებს, ყველას ერთად, სახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი და ეკონომიკური წყობის ჯანსაღად ფუნქციონირების შენარჩუნება გვინდა, მაგრამ მოდი, დავსვათ კითხვა - ზოგიერთ შემთხვევაში, ზედმეტად შორს ხომ არ შევტოპეთ და ხომ არ ასახავს ეს ჩვენი მოთხოვნები განათლების გავრცელებული მოდელების სისტემურ კრიზისს?

აი, მანტრები, რომლებსაც ვგულისხმობ; აი, მანტრები, რომლებიც აწმყოს, სიმშვიდესა და სილაღეს ართმევს პატარა ადამიანებს და არსებობის ძალიან ერთგვაროვან და უსახურ სიტუაციებს სთავაზობს.

[[{"type":"media","fid":"2221","view_mode":"default","attributes":{"height":"561","width":"740","style":"display: block; margin-left: auto; margin-right: auto;","class":"media-element file-default"}}]]


მანტრა # 1: იყავი წარმატებული

იცოდე, წარუმატებელი ადამიანები არავის სჭირდება. წარმატებული რომ იყო, ახლავე უნდა დაიწყო ამაზე ზრუნვა. მერე რა, რომ 3 წლის ხარ, შეგიძლია ნელ-ნელა ისწავლო თავშეკავება (წარმატებული ადამიანების მნიშვნელოვანი ნიშან-თვისება), ამიტომ დაჯექი ოც წუთს წყნარად და არ გაინძრე, სანამ ამ პატარა საქმეს არ მოვრჩები. რა ცუდია, ბაღიდანვე ინგლისურს და რუსულს არ გასწავლიდნენ, ახლა სკოლაში შეიძლება იმათ გაჯობონ, ვინც მშობლებმა გვერდით, უცხოენოვან ბაღში წაიყვანეს. არა უშავს, აგერ, მარინასთან მოგამზადებ, ოქტომბრიდანვე დავიწყოთ. თამაში გინდა? რა დროს თამაშია? ახლა არის დრო, რომ ისწავლო! თუ გინდა ნათელი და უზრუნველი მომავალი, უნდა ისწავლო და ისწვალო ახლა.

გახსოვდეს, თუ გინდა წარმატებული გახდე, სხვებს უნდა შეეჯიბრო. შეეჯიბრე და აჯობე! დამანახე – უკეთესი ნიშნები, უკეთესი მეგობრები (რა თქმა უნდა, განათლებული და შეძლებული ოჯახებიდან, გავლენიანიც თუ იქნება, მით უკეთესი), უკეთესი მონდომება, უფრო კარგად მოსუფთავებული თეფში, უფრო ფართო ღიმილი. იყავი სხვებზე უკეთესი, უფრო ბედნიერი, უფრო კეთილი. იყავი განსაკუთრებული.

მომეცი საშუალება, ამაყად გამებადროს სახე მშობელთა კრებაზე.

იმ დღეს რომ მოისმინე მერი დეიდას ისტორია, თითქოს სადღაც აფრიკაში, უწყლობაში, სულ პატარა ბავშვები დიდების მითითებების გარეშე, მშვიდად ერთმანეთს უყოფენ მდიდარი ქვეყნებიდან გამოგზავნილ ერთ ბოთლ წყალსო, თითოს ერთი ყლუპი თუ შეხვდებაო, სიცხეშიო, გვალვაშიო და ერთს არ წამოიწუწუნებენ, ისე უხმოდ გადააწოდებენ შემდეგსო... არ დაიჯერო ასეთი ამბები, რადგან სუსტებისთვის თხზავენ – სუსტები რომ დანებდნენ.

სისულელეა! ადამიანი გაჩენილია შეჯიბრისა და ბრძოლისთვის. ამიტომ – იბრძოლე, გაიმარჯვე და იყავი სხვებზე უკეთესი. მხოლოდ ეს მოგიტანს ბედნიერებას, ბედნიერებას თუ არა, მეტი გამარჯვების სურვილს მაინც და ასე, სულ იბრძოლებ, სულ დაამარცხებ სხვებს, სიკვდილამდე, სულ.

შეჯექი წარმატებაზე, რადგან ის ერთადერთი მძიმე ნარკოტიკია, რომელიც კი არ კლავს, დიდხანს გაცოცხლებს!

 

მანტრა # 2: იყავი ჭკვიანი და განსწავლული

რა თქმა უნდა, წარმატებული ვერ იქნები, თუ არ ხარ ჭკვიანი. იმედი მქონდა, ამას აქამდე გაიგებდი. რა გქონდათ დღეს? ნეტა მაგ სიმღერაზე და ხატვაზე არ გაკარგვინებდნენ დროს! მიდი, აბა, მიმღერე ფერმას თეორია, თუ მაგარი ხარ. გაჩუმდი, თუ ღმერთი გწამს, მასხარა ეს! თუ გინდა პატივსაცემ მოქალაქედ დაიმკვიდრო თავი, ინტელექტი უნდა გქონდეს. ამიტომ უნდა იმეცადინო. რა გაქვს ხვალ? ალგებრა? ამოხსენი უკვე? ქართულში? ჩამაბარე, აბა. ვითომ რატომ არ გამოგდის? არ ინდომებ და იმიტომ! რას მიქვია სხვანაირი ინტელექტიც არსებობს? სივრცითი ინტელექტი, არა ფოსტა! რამდენ სისულელეს კითხულობთ ამ ინტერნეტში, იმის ნაცვლად, რომ იმეცადინოთ და დაჭკვიანდეთ. ერთხელ და სამუდამოდ გაიგე, რომ შენი სიმღერა, სირბილი, თამაში, დამსხვრეული თეფში, მუსიკა, რომელიც გიყვარს, არავის სჭირდება შენ გარდა, და ის, რაც მხოლოდ შენ გჭირდება და სხვას არავის – საერთო ჯამში, არასაჭირო და უმნიშვნელოა.

თუ გინდა, პატივს გცემდნენ, გამოხატე საკუთარი თავი რიცხვებით და ასოებით. რაც არ განრიცხვდება და არ განასოვდება, გახსოვდეს, უმნიშვნელოა.

ძილის წინ არ დაგავიწყდეს მოსწავლის ლოცვა, ძვირფასო: „მბრძანებელო ჩვენო, რომელი ხარ გამოცდებისვ ეროვნულ ცენტრსა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედი სუფევა შენი, ვითარცა უნივერსეტეტებსა შინა, ეგრეცა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსა ზედა, გამოცდები ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს და მოგვიტევენ ჩვენ ზარმაცობანი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ გამოცდების უხეიროდ შემდგენელთა ჩვენთა, და ნუ შეგვიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ გვისხენ ჩვენ ჩაჭრისაგან, ამინ“.

 

მანტრა # 3: იყავი აქტიური

ილაპარაკე! გამოთქვი მოსაზრებები, იმსჯელე, ჩაერთე დისკუსიაში, დაასაბუთე. მერე რა, რომ არ გჯერა ბოლომდე შენი არგუმენტების. იცოდე, ბოლომდე თითქმის არავის, თითქმის არაფრის და თითქმის არასდროს სჯერა. გჯეროდეს – ნიშნავს რწმენას და არა – ფაქტს. ამიტომ სანამ გვიანია, მოიფიქრე, გამოთქვი, ჩაერთე, გაიტანე შენი. მორიდებულობა და მორცხვობა არ გამოგვადგება, რადგან შენ, როგორც პირველ მანტრაში გითხარი, წარმატებული უნდა იყო! ჩაერთე საქმიანობაში, რაც გაინტერესებს და არ გაინტერესებს, რადგან ჯერ არ იცი, რაში დაგჭირდება იმისთვის, რომ მანტრა 1 და 2 აღასრულო. თვითმმართველობა, დისკუსიის კლუბი, კლასელების მობილიზება რაიმე ცხელ თემაზე – რაც გინდა, ოღონდ იაქტიურე. ინტროვერტები არავის მოსწონს. დარჩები უჩინარი, უსახელო, რომელზეც ვინმე მოწყალე აქტიურმა შეიძლება თანაგრძნობით ერთხელ გაიფიქროს კიდეც – „ნეტა ამას გრძნობები და აზრებიც ისეთივე მკრთალი აქვს, როგორც სახე და პოზიცია?“ გასაგებია, აუტანელია მუდმივად ცხოვრობდე საკუთარი ფანტასტიკური სამყაროს გარეთ გამოტანის სოციალური წნეხის ქვეშ, მაგრამ აბა, როგორ გინდა, პატივსაცემ და წარმატებულ მოქალაქედ ჩამოყალიბდე?

სიჩუმე – სისუსტეა. სიმშვიდე – იმპოტენცია. ამიტომ სასწრაფოდ გააქტიურდი, ჩემო პატარავ, სანამ ჯერ კიდევ არის დრო.

 

მანტრა # 4: იყავი ნორმალური!

და აი, ყველაზე მთავარი – შეიძლება ყველაფერი გაგიგო, ოღონდ – შენს არანორმალურობას არავითარ შემთხვევაში არ შევეგუები. არ იყო არაადეკვატური, დევიანტური, სუბვერსიული! გთხოვ, არ შემარცხვინო. არ დადუმდე და არ ჩაგიქრეს მზერა მხოლოდ იმიტომ, რომ გჩაგრავენ. არ გაცოფდე და არ სცემო სხვებს, რადგან ყელში გაქვს ჩვენი მანტრები. არ აგინო მასწავლებელს, რაოდენ უაზროდაც არ უნდა მოგეჩვენოს დავალება. არავისთან გაგვთქვა, მე და დედაშენი რომ ვჩხუბობთ, რადგან იტყვიან დისფუნქციური ოჯახიო, ისაო, ესაო და, ვინ იცის, მთლად ნორმალურადაც არ ჩაგთვალონ. ჭამე წიწიბურა, ჩახოხბილი და ლობიო და იოცნებე ფასთფუდზე, რომ ორ კვირაში ერთხელ დაგაჯილდოოთ – წაგიყვანოთ და გაზიაროთ ენთროპიის გასტრონომიულ განსხეულებას.

რა თქმა უნდა, არიან არანორმალურებიც და, როგორც კარგ მოქალაქეებს, ჩვენ მათი თანაგრძნობა და მხარდაჭერა გვმართებს, მაგრამ შენ აუცილებლად უნდა იყო ნორმალური!

 

მანტრა # 5: გააკეთე არჩევანი! ბევრი არჩევანი!

შენ ხარ დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქე, ამიტომ რაც ადრე ისწავლი არჩევანის გაკეთებას, მით უკეთესი შენთვის. სულერთია? რას ჰქვია სულერთია, ერთ-ერთი აუცილებლად უნდა გერჩივნოს. აირჩიე ახლავე, რომელი თამაში გინდა. რომელი სათამაშო, შარვალი, წინდა, ჩანთა, წიგნი, სტიკერი. ყვავილებიანი თუ ზოლიანი? მოინდომე ნივთები, ოღონდ აუცილებლად გააკეთე არჩევანი, რადგან ყველაფერი ვერ გექნება და ამასაც აქედანვე უნდა მიეჩვიო. ნივთების გარეშე ცხოვრება მოსაწყენი და ბნელია. ამიტომ იყავი მათი მომხმარებელი, ოღონდ ისეთი, რომელიც ინფორმირებულ არჩევანს აკეთებს.

მერე რა, რომ არჩევანს შენ ირგვლივ სარეკლამო ველი ქმნის, უნდა დაიჯერო, რომ ეს შენი არჩევანია!

დაიმახსოვრე: შედეგები – ეს შენი არჩევანია. არ ისწავლი თუ ისწავლი – ეს შენი არჩევანია! ღარიბებმა, წარუმატებლებმა, სულელებმა გააკეთეს თავის დროზე თავიანთი არჩევანი და შედეგსაც ვხედავთ. ამიტომ, თუ არ გინდა დაემსგავსო მათ, გააკეთე არჩევანი და დაუბრუნდი მანტრას # 1, # 2, # 3, # 4…………

ავტორი: ნატა პაიჭაძე

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა