გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #პოეზია

მარადიულიც ჩეკისტი, კაბურა-ნაგანიანი

1.

ჩემი კრიტიკული ფეისბუკს ოდა

 

განჯინიდან გამოსხარტულ სოიერ ტომს

თავისი მსუნაგი საჩვენებელი

ჯერ თითის წვერი კიდევ უნახავს

მოუყირჭებელ გემოს, ჰა და ჰა, მურაბის

და საჩვენებელ ბაზალტის თითზე

ტკბილ-მწარე თავის კანონებს

წერს ბაბილონის მეფე ჰამურაბი.

 

მიმთითებელი მოდგმა ვართ,

ყველა სხვა ჯურის ცხოველისაგან

ჩვენ მითითებით გამორჩეული.

 

და მითითება ის ჯადოსნური ჯოხია,

რომელიც თავის პატრონ პრიმატებს

ისეთ არსებად გარდაქმნის, ადამიანად,

რომელიც მაღალ გრძნობაზე

გზადაგზა დაბალ გონებას იმატებს.

 

მკითხე, თუ გინდა, მაინც ასეთი რა ყრია

მითითებაში, რომელიც

უზრდელობამდეც კი დაამცირე,

ადამიანო, გულმავიწყო, თან უმადურო.

 

ძალაუფლება ნარკოტიკია,

გაცილებით უფრო ძლიერი

და შეუდარებლად

უფრო ღრმად ჩამთრევი,

ვიდრე ისაა, რომელსაც ყიდის

ვინმე სულელი ვენესუელელი ანუ მადურო.

 

პატიოსანი ყველა მითითება

სამკუთხედს კრავს,

რომლის წვერებშია: ვინც მიუთითებს,

რაზეც მიუთითებს, ვისაც მიუთითებს.

 

და ამ სამკუთხედში,

ჰოი, საოცრებავ,

ყველა მანძილი და სივრცე უქმდება.

სწორედ სივრცის გაუქმება

და უშორესის უახლოესად ქცევა და

სამივეს ერთად შერწყმა

არის მითითების გრძნეული ძალა,

რომელიც განიჭებს ძალაუფლებას,

საჩვენებილი თითის წვერით რომ იბატონო

მთელი სამყაროს სივრცეზე

და ყველაფერზე,

რაც კი მასშია.

და ამ სამკუთხედის ჯიშისაა

ზიქურატი და პირამიდა.

დამორჩილებული ამგვარად სივრცე

გადაიქცევა გონების დრეკად მოცულობად,

რომელიც დაიტევს, ნახე, თუ გინდა,

ყველა კანონს და წესს,

რომელსაც, ნებით თუ უნებლიეთ, ემორჩილება

ყველა უსულო და სულიერი.

 

ასე რომ, ბაბილონის მეფე ჰამურაბის კანონები

მხოლოდ თვალსაჩინო იმის ნიმუშია,

რაც მითითებაში იგულისხმება.

და ამ კანონებით მორთულ-შემკული

უზარმაზარი ბაზალტის

საჩვენებელი თითი

ძეგლად დაუდგეს

თავად მითითებას

და მიმთითებელ თითს.

მაშინ აშკარად გრძნობდნენ, ხვდებოდნენ,

სად არის ძაღლის თავი დამარხული.

 

და ახლანდელი ჩვენი ინტერნეტი

ისევ და ისევ ჯადოსნური,

მაგრამ უკვე უთვალავი მითითების ბადეა,

და, მით უმეტეს, ასეთია ეს ინტერნეტის ქაფი -

სოციალური ქსელი,

რომელშიც დავდებ

დღესვე მე ამ ლექსს.

 

არც ეს ქსელია თუმცა უნაკლოდ გაბედული,

რადგან მასში აკრძალულია, პირველ ყოვლისა,

ქალის კერტების ჩვენება.

გასაგებია!

ორივე კერტი ერთად მიუთითებს

იმაზე, რასაც

ვერცერთი მეფის და

ვერცერთი ლაშქრის ლელქაში

საჩვენებელი თითი ვერ მისწვდება.

 

ჰოდა, ეს ჩემი

კრიტიკული ფეისბუკს ოდა,

ისე უცბად გაიქაფება,

როგორც ცხელ წყალში

ქაფდება სოდა!

 

 

 

2.

ჯინში ჩადგომა რაღაა?

ჯინი ის ვიცი

მე, რომლის გარდა

სხვა არაფერი და არც არავინ,

არა ბარაქა, ლამპას ებადა.

შენი მკერდის თვალები

მე ნუ მელოდებიან,

მე ვერ ვიალადინებ.

სიტყვა ისე ავისროლოთ,

ბანზე რომ არ აგვეგდოს,

მოდი და გავათამაშოთ

სალამ-ქალამ პასებადაც.

ვიდრე ჩაიკეტება,

შუბლს მიადებს

ანჯამების მონა დირეს.

წინ მწევარი მოურბოდეს,

უკან მოსდევს მონადირე.

სივრცის გენერალი დროს თავი ჰგონია,

ღამისგან შეკერილ შარვალზე

დღეები ჩასდევს ლამპასებადაც.

და ადგილების რაზმი მორჩილად მიეხეტება,

თუმცა ნაბიჯი, ერთი შეხედვით, მათი მარშია;

თუმცა პაუზის ზონარი

ცალკე ბეჯითად იწვნება,

და ჩემი შავბნელი

ხელი შემოავლებს

მათ იმ არშიას.

მაშინ დროც გაუქმდება:

მაქნისია, თუ არავინ

მასში არ ზის, ზონა რის?

 

 

 

3.

ანომალიით დაბადებული კვდებოდეს ანომალიად.

წინაპარს უთქვამს,

ის ან ზანტიაო და უგერგილო

და მტკივანივით ფეხს ითრევს,

ელვის უსწრაფესი, ანო მალია.

დეკარტემ ეჭვი ჩიხში შეიყვანა,

თორემ იგი მიმგნებია რამე არა ისეთის,

რასაც წყალი არ გაუვა,

აღმომჩენია არა რამე მართლაც უდავოსი.

არამედ აზრიანისთვის,

თუ დაუკვირდება,

თავის ყოფნაზე უფრო საეჭვო,

მეტად სათუო არაფერია.

მაინც ვერაფერს ამასთან ვერ გახდებიან,

ვერც გააწყობენ,

გინდაც სულ გამჭრიახების

მასპინძლობდეს კრებას ან სამიტს

ბრძენი სიმონ მასონი თუ დავოსი.

ჭეშმარიტებას ისეთს ნუ ეძებ,

მანდ კრამიტებს აუტეხოს რომ რაკარუკი.

უეჭველს - მცირეს, უდავოს - დიდს,

თუ მოგეჩვენა, რომ მიაგენი,

თავს გამოუტყდე ჯობია:

ისე დავღლილვარ, რა გასაკვირია,

რომ არაქათი გამომეცალა, დასუსტებული დავოსდი.

ვინც ეძებს საძირკველს,

რამე ფუნდამენტურ ანდამატს,

მას ჩემთან რა დაკარგვია,

მე რომელი პარიკმახერი მნახა,

თავით წაუღოს ვინმეს, მიანდოს,

რაც კი მის თავზე

დაუვარცხნელი

და კარგად გაკრეჭილიც

ვერ თმაა, ნორმალურს მან ის.

ჩვენ კი აქ,

ქუჩაზე გადარბენისას,

მოგვეთხოვება მეტი წყვეტილი სიზუსტე,

რადგან ზუსტად რომ ქუდზე მარჯვე დარტყმამ შეიძლება

ჩაძიროს ბოლომდე, უკლებლივ, ერთმა ან ორმა, ლურსმანი.

 

 

 

4.

მანდ მაინც

რას ეყრდნობი,

ყრუვ შენ და უსმენოვ?

დაბადებიდან სმენადახშულმა

რაზე უნდა თქვას, მე გულისყურით ვუსმენო?

ადამიანის ხმაა მისივე ხასიათის მოაჯირი, ყალიბი და ჩარჩოც,

ხმას ებჯინება ხასიათი და მიუყვებაც, როგორც მოაჯირს,

ის ხმის მიხედვით ფორმდება, როგორც ყალიბში,

და ხმაში ჯდება, როგორც თავის ჩარჩოში.

ეს უნებლიეთ ხდება თავიდანვე,

ამიტომ ბედიც უნებლიეა,

თუ ისაა მართალი,

რომ ხასიათი ბედია.

ხმა ხასიათად ბრუნდება.

ასეა მაშინაც, როცა ხასიათი

ხმის ჯინაზე აზელილი თვისებაა,

თუმცა ესეც სრულებით უნებლიეთ ხდება.

ასეა თუ ისე, ხმას ხასიათი სხაპა-სხუპით პასუხობს.

მართლა იცი მარტო ის, რაც უნებურად იცი

და ხასიათიც ერთი ამნაირი ცოდნაა.

ხოლო ყრუ, დაბადებიდან,

თავის მიმოხრას

დაეყრდნობა,

რომ თან იქონიოს

მთელიც თავისი ხასიათი,

ბედსაც რომ ეწიოს.

ხმაც მიმოხრაა

თავისებური.

ააბიჯებინოს რომ

წვრილმანიან სქოლიოს,

ჯუჯად გაჩენილიც აიყოლიოს

გაგონილ-გამოგონილმა

და ხმაახმახმა,

ვიდრე მოვა და მოხარხარდება

ხარბი ხავერდის უხმაობა.

ფიქრის უხდება, ანუ

უწევს და შეეფერება,

ბაღსა და ბაღჩას ქროლვა.

სულ რომ ითხზვება და იქსოვებაც,

ვერ ამოწურავს გრაგნილს

ჩასქროლვა.

 

 

 

5.

მაღლა ღრუბელო,

არც შენ ხარ უბელო.

ლექსის საქმეა გამახვილება,

დაადგა ჯაფად გამომახვილება.

თავს მოგჭრის, ქარი გამოგაჭენებს.

თავისუფლებას რომ გააკარებ,

სიმწრისგანაც მონა ხავის.

საიდან გეძახდა, მონახავ, ის.

ეჰ, მიწავ, ჩემგან არ გესწავლება,

ჩაჩურჩულებულ ღრმა სოროებად

ერთს როცა ეხანაგები, იქ მეორისთვის

თავს გამოიდებ, დგამ ომახ ვილებად.

მან დაიჟინა თეთრი ყიჟინა,

ეზოდ დამიდგა ქვესკნელი.

კავკასიაში რა უნდა, თორემ

დამფრთხალი ოპოსუმივით

მთელი ცხოვრება თავს ვიმკვდარუნებდი,

გატრუნულია ჩემი პატრონი სიკვდილიც.

დროა, ორივე რომ გამოვცოცხლდეთ.

რა ჩვენი საქმეა, იმათ მივბაძოთ,

ვინც თადარიგის დაჭერაშია.

პოეტო, შავი ზღვა რომ იგემო,

შენ შავი ზღვისთვის უნდა იგემო.

 

 

 

6.

ჩემმა ორეულმა შარა რომ ამოიარა,

პურის საბეჭდად იკმარა თონე.

აბჯარასხმული, რომელმაც

გამარჯვების ამბავი

მზისგულზე მიარბენინა,

იგი წაიქცა გულგახეთქილი,

მკვდარიც დაეცა და დარეტიანდა.

თხზვა და ლექსების სწორად წერა კი,

აბჯარ-მზისგულის სამაგიერო

სპრინტებად დაშლილ

დისტანციაზე

მიმერეკება,

ასე უცნაურად

მაინც მარათონელს.

შიში შეიქმს სიყვარულსა,

აბა, თუ იცი, რატომ?

რატომ ჰყვარებიათ

ისტორის ჯიბეზე გამოჟონილით

დაჯღაბნილი ჯუღაშვილი?

მარტო იმიტომ კი არა,

რომ მისი ხელით დისტანციურად

თვითონ აწამებენ, ხოცავენ,

სჯიან და ჩაგრავენ,

ათახსირებენ.

დაუკვირდი, რომ ხდები იმის მონაწილე,

რასაც კი გრძნობით დაემოწმები.

უფრო აშკარა ან რა იქნება,

ვიდრე ისაა ხოლმე,

რასაც განიცდი.

ამიტომ გგონია,

რომ შენც იმ ძალის

მონაწილე და მოწილეც ხარ,

რომელსაც ძლიერს

ყოველი თქვენგანიც

თავისი შიშის შინაგანი

უეჭველობით და უდავობით

ამაგ-ამაგ უდასტურებს.

სწორედ ამიტომ,

რაც უფრო მეტად

გჩაგრავს და გაშინებს,

მით უფრო ძალუმი

ყოფილა ძლიერი

და შენც მით მეტად

დიდ ძალაში ხელი გირევია

და შიგადაშიგ მონაწილეობ მასში კიდევაც.

თუმცა ამ ამბავს საიდუმლოდ

ერთად ინახავთ,

მისი მოშიში შენ და,

იგი კი შენი  შემშინებელი.

რაც უფრო მეტად გაეტანჯინები,

გგონია, მით უფრო ერთად მაგრები ხართ.

თვალ-მარგალიტის აბა, რა გითხრა,

სულ არიფი ვარ მაგ საქმის.

პირს ნუ მოხსნი და

ყველით სავსესაც

ზედ ნუ დააცლი

გუდას ტურებს.

 

 

 

 

7.

ჯერ კი დუმს ჩემი ცბიერი ბიურო,

არ დააყოვნოს გამოფხიზლება.

რომ გაიხსნება საზღვრები,

მე ჩამოსულებს მოვუვლი,

არიფს ძველ გზებს გავუყენებ,

ჭიპმოჭრილებს შევაგებებ ახალ ტურებს.

რომელი როგორ გაგეყვლეფინება,

ვაგლახ, წინასწარ კაცმა არ იცი.

თუ უცაბედად აქ შეგეყარა

რწმენა, ცხადია, რელიგიური,

რა დაგვრჩენია, ნაცხად იარე.

ჯანი გავარდეს, შეგახსენებ,

რწმენა იქ მრავლდება,

გრძნეული გონება

სადაც ახალტურებს.

ნაომარ, მზიან ქალაქში

გამოფიტული თვალებით

დატკაცუნებენ კუტი კაცები.

კისერტაკვიან ან ქალებს რას ერჩი,

მათი თავები უბრალოდ მოღრუბლულია.

მე მათხოვარმა ქალმა გუშინწინ

მირჩია წელის წამალი,

გიშველის, თანაც იაფიაო;

ყურგაშვერილი პოეტის ამბავი

ხელგაშვერილზე უკეთ ვინ იცის.

ქუჩა ჩვენია, სინდიყის და ანდამატის.

 

 

 

8.

უბირ და ბითურ გართობას გაურბი,

დასიცხულ სოფელს და ოფლიან მსოფლიოს.

მათ შორის გაჭედილ ამ ქალაქს

ჰყოლია პაპი, პამპულა,

რომელსაც აცვია თეთრი ხალათი,

ჯიბეში უწყვია ფონენდოსკოპი, პიპეტი, ამპულა,

დალოცვით კურნავს იგი პაციენტს:

- Urbi et Orbi! Urbi et Orbi!

იხმარეთ სიტყვის შურდული,

უწვდინეთ, ბუდე ურბიეთ ორბის.

თქმა თქმის წილო და,

მოქალაქეებო,

თქვენს მობრბოვებას ბარემ გავეცლები.

მღვდელი შემხვდება, წარბით რომ

შურისძიებას ითვლევინება.

მოსიარულე ბანანო,

შენ ვის რა უნდა ანანო!

სხვა თუ შემხვდება მე მოქადაგე

სამოქალაქო მორალის,

იმას ვეტყვი: დაეტიე შენს დახლთან და

იმყოფინე, ზედ ვინც მოგადგა, მუშტარი,

შენ მეწვრილმანე მოხალისე ხარ,

დაუნიშნავად არბიტრო.

 

 

 

 

9.

აღმა-დაღმა სიარულმა ჯერ მუხლი და

მერე თუნდაც დაკლას ტერფი.

ვიდრე თავი მოეყრება,

კარგად უნდა დალოდება,

დაცდა კლასტერ ფიქრს.

მაგრამ ზედმეტი როცა მოუვა,

კიდევ მერამდენედ უნდა დარწმუნდე,

რომ არაფერი ისე უებრად არ კლავს გონებას,

როგორც თავისი სისხლის, რომელიც აზრია,

რწმენადაც შედედებული

თუ შეეტაკა კუშტი კოშტები.

მიმომავალს ამდენ ვინმეს

ვითომ თავისი თავი აბია,

მაგრამ თანაბრად კი ვერ გაუძლებს

მეხისტეხისაც, ყველა ცა, ზრიალს.

ზოგი წამალი გწამლობს და

ზოგი კი ავი აბია.

როგორც მივლია,

ისე ვიარე, ისე ვიარე.

ამას რა შეცვლის?

დროს ჩემთვის

უარის ნიკაპი გაუქნევია: „არც არაფერი!“

ნაჭრილობევი ქუჩა მომდევს და ყეფით მომძახის:

„ფეხს ნუ დამიდგამ, გადააბიჯე

ისევ იარებს, ისევ იარებს!“

ბრიყვმა ქუჩებმა აქამდე ისიც არ იციან,

რომ, როგორც კარგი ვეტერინარი,

კაუჭიანი ჩემი ნაბიჯით

მე მათ ჭრილობებს ნაკერებს ვადებ,

ხოლო ეს ლექსი

გამაყუჩებლით სავსე შპრიცია.

 

 

 

 

10.

შეთქმულების თეორია,

რომელიც ბოლომდე

გამართე, ორია.

ერთია რელიგია, რომელიც

გულბოროტ გონებაჩვილებს

ბეჯითად მოუგონიათ,

რათა ვინმეს მიაწერონ ავტორობა

ყველანაირი ამბის, რაც კი რამე ხდება ირგვლივ,

თან აღბეჭდილი ბუნდოვანი წარმომავლობით.

ასეთია ღმერთის

ანუ იმ მავანი მავნის ავან-ჩავანი,

რომელიც მან შეთხზა,

სიმართლის გარკვევას რომელმაც თავი,

მისი გარკვევა ერთხელ რომ სცადა, მიანება.

ადამიანის მეც შეთქმულების თეორიის მძიმე ნაყოფია,

ახსნა-განმარტების საკმაოდ სულმოკლე წყურვილის

მარტივად მოკვლას რომ ემსახურება.

ორ ფეხზე მოსიარულე სხეულის

შინაგან-გარეგან მიმოხრას

ისევ შეთქმულების თეორიამ

ერთი მარტივი ახსნა შეუთხზა

და მას უწოდა „მე“!

აი, რამ შეგვქმნა არა წვიმად,

არამედ - ადამიანებად!

ადამიანის მეც შეთქმულების თეორიის

დაწვრილებით ნამოქმედარია.

მიდი და იგი, რომელსაც

ქათამივით ორი ფეხი აბია,

ამის შემდეგ გაამტყუნე იმაში,

რომ ამ ნაბოდვარი ღმერთის სწამს;

მიდი და აუხსენი,

რომ შეთქმულების თეორიის თვითონ ნამოქმედარს

არ უნდა სჯეროდეს იმავე შეთქმულების თეორიის

მეორე ვერსიის.

თუმცა განსხვავება ვერსიებს შორის არსებითია:

ადამიანი ორ ფეხზე მოსიარულე გონიერ სხეულში

მაინც თანდათან გაბედული კულტურის მიერ შეთხზულია,

ხოლო ღმერთი კი

დაბლანდულია შიშისა და სიხარბისგან გაავებული

და უტიფარი უკულტურობის მიერ,

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე!

შეთქმულების თეორია ორია,

რომელიც ბოლომდე გამართე.

ახლა კი, ვითომ მოწყენა მართლა შემეძლოს,

კეთილინებე, მოდი და გამართე!

 

 

 

 

11.

რამდენიც გინდა, ჩაადებინე პირგასამტეხლო,

თუა მომჯდარი მღვდელი, მღვდელმთავარი,

წასძლევს მას მადა და ადამიანს სიამოვნებით

დაგაღალატებს შიშის უბირ და ფულის ხარბ და

ამოუყორავი ძალაუფლების უწმინდეს სამებასთან,

რომელსაც მაღალფარდოვნად უწოდებს ღმერთს.

თუმცა ამაში, ჰე, საოცრებავ, ის კი არც ტყუის,

რადგან სხვაგვარ ღმერთს არასოდეს

ამ სამყაროში არც უარსებია.

ბინდიანია სოფელი,

ესე თურ ამად

ბინდდების.

ბარემ ამოდი,

მზეო, ამოდი და,

რომ ჩავარდნილი

ბინდის ყბაშია,

ამოანათე

ის ტიპი.

ის არც

გაგყიდის

და არც გატეხავს,

ან უვიცობის, ნაირ-ნაირი

გამორჩენის გამო ან, ათეისტი პირს.

 

 

 

 

12.

ბოზი დიაცი ტელესკოპია

და მიკროსკოპი არის როსკიპი.

ოკულარს კარგად მოირგებ

და რაც ამქვეყნად ჯიში

და ჯილაგია,

ყველა ერთხმად გილაგია.

უმცირეს-უდიდესობას

გონების მზერა ისრად ესობა.

ჭეშმარიტება კი ის კახპაა,

რომელმაც გინდა,

მარტო შენ რომ შეგიყვაროს.

მაგრამ, რას იზამ, ეგ არ გამოვა,

სად გინახავს, შორს გაზოლილ

და შიგადაშიგ გაზონებიან ქუჩაზე

რომ მხოლოდ ერთი იდგეს კიოსკი.

გუმანიანი ვინ აღარ მეუბნებოდა,

რომ ის მომავალი

ნესტროსან ფუტკრებად დაფრინავს,

უწევს წარსული მათ მაგივრობას, ეს კიო სკის.

და მერე რა, თვალსა და ხელს შუა,

დრო თუ გახევდა.

გვარი მისი არა იყო,

ხეზე მწყერი მწყრალად იყო.

 

 

 

 

13.

და ტანანტენა ქალი შარვლიდან ამოიშალა,

რომ დამიჭიროს და მეც მივაგნო, სადგურმა, რადიო.

იმან იკითხოს, ვინც ვერ გაიგო, თუმცა კი უთხრეს,

არაფერია თვალმუდმივი, ყურმარადიო.

და ეგ გაქრობის წერტილები

მე ჩამოგართვი, თვითონ ხელიდან წასულმა,

წყალწაღებულმა, თან უიმედომ, ხალებად.

და ყველა მთავარი გადასახედია იდეა.

მე ამ სამყაროს წესრიგი, რა ვქნა,

არ ვტყუი, მედომხალება.

არა დეტალებში, არამედ

ეშმაკი ნაგულისხმევშია,

რომელიც ბუნებით არის მევახშე

და უფრო მეტს გართმევს, ვიდრე მოუცია.

რწმენის ვირუსით დაავადებული გონების ფილტვის

მომაკვდინებლად შედედებული აზრი და გრძნობა

ასე ცოდვილობს, ყველგან და ყოველთვის მისი

რომ იხლაფორთო ხლება.

ხოლო გრილი და სუფთა ჰაერისკენ

იგი აღარც კი ილტვის.

კი საღამოა, მზე გამოვიდა,

ქალაქზე დაიწყო მიხლა ფორთოხლებად.

ქუჩაზეც გაგორდა რამე ლიმონები,

შენ კი სიშიშვლე იშვილე,

ვითომ არაბეთს მეფე ვიყო და

ვათავისუფლო რომ ჩქარა, მელი, მონები.

 

 

 

 

14.

იუკადრისოს

როგორც ისტორიამ

გამოწკეპილი, ვიწრო მატიანე,

ქუჩებს მეც ისე შემოვუარე, ბანკომატიანებს.

მათთან რა მინდოდა, დღეს მე რა უნდა გამომეტანა.

და არც მკერავთან დატოვებული რამე მქონია,

რომ მიმეკითხა და წამომეღო, გამომეტანა.

სამაგიეროდ მისი სახე მე შორიდან

თვითონ ამომყვა, გამომეტანა.

ზოგჯერ დროა ისეთი,

იწელება ნუგად ის.

არ მოგყირჭდება,

დარჩეს, ნუ გადის.

სტუმარსაც გაართობ

თუმცა ყავის მეტი რით.

აი, მაჯებს დაბან კი.

გარეთ დატოვეთ

ყველა ნაცნობი

და ხელოსანი,

მზერა და ბანკი.

ღაღად-ღადავის დაღი დაღამდა

არა იმ ბაღად, რომელშიც

ხოლმე მართობს მე ტირი.

ტუჩით ალჩუზე დასმული

და გაქაჩული ქალაჩუნების

ქუჩა სველია ლეჩაქით.

ნუ გეგონება მანქანა,

ღამის ცხარე საწებელში

ეგ მოცურავე ნივრის კბილია

და შენ ვინც ლუკმად მანდ მოგიხელთა,

იგი ისეთი ახლაც მშიერია,

კი არ ჭამს, მოსისხლე

მტერს ეთამაშება

ბილიარდს.

 

 

 

 

15.

უბადლოდ დაბადებული

დამბალ და დებილდადებულ

ერთი მკაფიო თუ ვყავარ მე ქალაქს.

სიტყვების ძვალი შევუდგი და შევუყენე

მე მას ხერხემლად და თავის ქალად.

არ მალოდინა, ჯილდოდ მაღალი

ფეხითვე მოვიდა, ქალი მექალა,

და თვალსაჩინო ჭეშმარიტება

მესტუმრა, გახდილი, ქალად.

თუ დააკვირდი,

ქუჩა ყოფილა აკორდეონი

და გამვლელებად ქუჩა გამოსცემს

ყოფნა-არყოფნის მარტივ აკორდებს.

ნაგულისხმები თანხმობით მე მოგიტაცო,

შენ უბოქლომო შენი ბოქვენის

ფერადი კორდი აკორდე.

შენ ხარ ყოფნა და

მე ვარ არყოფნა.

მოსალოცია, აბა, რა არის,

რომ ჩვენი ადგილი სულ არ ყოფილა

ფილატელისტურ არადა ალბომში ერის.

მან მშრალი ლუკმით გაისტუმრა მოწყურებული,

თბილ წყალში დაალბო მშიერი.

 

 

 

 

16.

გარეთ რა რატრატია?

ილუსტრატორო,

ღერძიანობით თავს რომ გაშურებს, გხიბლავს,

თვალს მოვკრავ,

მე სულს მიხუთავს,

მგუდავს სიმეტრია ლამის.

თუმცა ალბათ არც მე მაწყენდა,

რომ გარშემო მეტრიალა მის.

თუმცა მაშინ მე

ქართულს როგორ გავქურდავდი

და ჩემი გართობის აცა-ბაცა

საიდან ლექსებიც აბა?

გამოიდარა რა,

ქუჩის გაიწელა აკორდეონი,

ზედ რომ გამვლელებად

ჩვენ დავუდივართ, ადამიანები,

ყოფნა-არყოფნის აკორდები.

პოეტო, შენ კი ვითომ ისევ

ძველი ეზოს დაღმართს

ჩაუყევი ბარაკ-ბარაკ, ორდები.

აქ ნაადრევად გამოფენილი,

ნაკორონ-კარანტინალი,

როგორც უბრალო, ყდის კოლენკორი,

ჩავჭერ, ჩავაკარაბაკე

მე საღამოს ირანული კალამკარი,

ისიც მორთული ანაბეჭდებით, პრინტებით.

ნიადაგ ხალხი კი ეგეთია,

დღეს რომ დათესავ, ღამეს მოიმკი.

მზემ ირიბი სხივის პირით

ხალხის კორომები,

დაბარა კორდები.

 

 

 

17.

ეს ოფლიანი ოფლაინი

ლაილაიან ონლაინ დაიბანება:

გასუფთავდება,

როგორც რომ ხელი დაგიბანია;

ცოტა ხნით აიკრძალება,

როგორც აბეზარი ნაბოზარი

ციფრულ ამბავში მოგიშორებია, დაგიბანია.

ეს შემთხვევითი ომონიმები

იმ უძველესი ძვლის მძევალია,

ჩვენს უწინაპრესს

რომელიც ჰქონდა

ორმალიან ხერხემლად,

რომელთაგანაც

ერთია აკრძალვა,

ხოლო მეორე სისუფთავეა.

ადამიანი ხომ პირველადვე

მეტაფორის დარგია,

რომელიც სულ თან გადააქვს დროს!

და არხეინებს მაშინ დაგვერხა,

როცა მეტაფორამ თავისი

ქარივით მსუბუქი თავი

ტალახივით მძიმე

პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო;

ასე შეიქმნა ყველა დროის და ადგილის

ყველა კაპასი ეპისკოპოსი.

ამბიციურ უვიცობას

რწმენა გვიქვიან

ჩვენ ქართულითა ენითა.

გზააბნეული მეტაფორა კი

რომ დაუბრუნდეს თავის თავს,

უნდა მიმართოთ ამ საქმის ოსტატს,

უნდა მიმართოთ შმაგ პოეტს,

როგორც მოუხმიათ

რძლის უბირობის გამო

სპეციალისტი მული.

პოეტს მიანდე სიტყვები,

სამაგიერო მას არაფერი უნდა,

ყველა სხვა მოსპე ციალი სტიმულის.

 

 

 

 

18.

მტვრიანი ქარი ამოვარდნილა

და დრო იხელთა,

სულ თვალსაჩინო ჭეშმარიტების

კიდევ მრავალი გარდა

მოაცაბაცე ცამ ბაცი ამბავიც უცბად

გადაულოცა უვიც ამბიციას.

გემოს უსინჯავ, ცხელს მოიტეხავ

და მაინც არ გენახვება

არცერთი ლავაში ლაივში.

თავი რომ ყველაფრის საზომად მოგაქვს,

რაც გენახვება, შენით დაწყებული,

სულ  ჩანაწერშია

ყველა მეტრი და არშინი.

აწმყო წარსულის თვისებაა.

ყველაფრის მაინც ნუ გჯერა,

რაც მოუხდება არხეინ საუბარს

ან ისე ბაასს.

მე ნაბიჯით ქუჩას ვჩეხავ

და ჩიხს ისე ვეჩეხები.

ჩვეულება გვარქმევს ცოცხლებს

ჩვენ, სიკვდილის ჩახმახებს.

სახიანი შენი ტანით

ჩახჩახ დილის

თეთრ სინათლეს

არა თანდათან, არამედ

შორიდანვე ერთად მიწვდი,

ჩახჩახ მახებ.

თუმცა გარშემო

დღე დგას საღამოდ ჩახდილი.

 

 

 

 

19.

აი, მაისი შემოგარგარდა.

და თუ საღამოს თვალებში,

წამოდგები, ჩახედავ,

დაიჭერ მის ჭერმისფერს.

შეადგინე გინების, ჩამოწერე,

თვალწინ გქონდეს, დაამაგრე სია.

და არ დაუწყო შელამაზება და შერბილება,

ვიდრე თავს ავს ესხმი,

იმ შეტევას და ამ აგრესიას.

ბრიყვისთვის გაუცემლობას ჰგავს ეს ხმის,

თუ, რა თქმა უნდა, ამბავში პედაგოგიკის

თავს გაიმეტებ სამაგალითო ნებად.

ცხელი წყალი რომ გრილით

ნელ-ნელა გაგიზავებია,

მეხსიერება ალაგ-ალაგებს კიდევ წაიღებს,

დროს კი მოუწევს, მოხდენის რა გითხრა,

გოლიათ გალიად გალითონება.

რა ვქნა, რომ ლექსით მე მთებს ვერ გადავდგამ,

ან გადაუდგამს ვის? თუმცა მეც ის შემიძლია,

რომ პაემანი მოვუწყო ერთი შეშლილის

ბოლოს მაინც მოუყვანელ ცოლსა და ექიმს,

და შევახვედრო ერთმანეთს

პენელოპე და გოგი კი.

 

 

 

 

20.

რამდენი სიკვდილი იხარჯება,

ზოგი მომჭირნედ, ყაირათიანად,

ზოგი კი როგორ იფლანგება.

და მაინც გიჭირს იმის დაჯერება,

რომ ჩვენ, ცოცხლები, გვინდა თუ არა,

მწარე ბუნებამ ასე გაგვამწესა

სიკვდილის მენეჯერებად.

როგორ არ გინდა, გაიგო,

რომ მთელი სიცოცხლე,

სიკვდილს რომელიც მართავს, უძღვება,

ის მენეჯერია.

როგორც ანტიგონე,

არგუმენტებს ერთი იგონებს,

რომ სიკვდილის მთელი მარაგი,

ხელი რომელზეც მას მიუწვდება,

სასწრაფოდ დასახარჯია.

რა იცი, მერე როგორ გაძვირდესო,

ამას ამბობს და თავის წილ სიკვდილს ინახავს,

ითადარიგებს და იმარქაფებს

ანტიგონეს და - ისმენე - ჯერ იაფს.

სიცოცხლე არის სიკვდილის ეკონომიკა.

ზოგჯერ ბითუმად წაღება უნდათ

და თავს გვაცოდებს ეპიდემია.

ხან მოგვდგომია -

მოგერგებითო -

სხვისიც ნაცვამ და ნაქონი ომი კარს.

ზოგი კი მაინც როგორ იფლანგება.

მხოლოდ განჭვრეტის ოსტატი შემთხვევითობა,

რომ მოგაშოროს მიზეზ-შედეგი,

ამათ მაგივრად

აქეთ-იქიდან ფრთებადაც გამოგესხმება,

მსუბუქი, როგორც

ჭორი, ფლანგებად.

 

 

 

21.

კრიტიკული თუა გონება,

თავს სულ თავიდან

და ახლებურად ეთარგება,

და ყოველ ჯერზე

მაკრატლით ჭრის და ნემსით კერავს,

და ჯერ გახეულს გზადაგზა აკერებს,

ან საკერებელს ადებს,

დახეულის კი მაგივრად

სულ ახალს კერავს,

და სულ ასეა.

ხოლო ეჭვიან გონებას რაც შეეხება,

ის სულ თავთხელში წუწაობს,

რომ წყალგადაკრულ ფსკერზე

სხვა კენჭებს შორის კენჭადაც ჩაწვეს,

წარმოიდგინოს თავი ლოდად

და გუბე უბედ, ზღვისად,

რომ ადგილიდან აღარ დაიძრას.

მოედინება თარგის მდინარე

და ნაკად-ნაკად აკადრებს

მიწას ცას და ცას მიწას.

კრიტიკულ გონებას

ჰყავს თეორიად

მოუსვენარი მანგუსტი -

რიკი-ტიკი-ტავი.

ეჭვიან გონებას ბოლოს

ინაწილებს, სანსლავს

შეთქმულების თეორიის

ორი კობრა -

ამბიცია და უვიცობა -

ნაგი და ნაგაინა.

მაგრამ მას მათკენ მიერეკება

მარადიულიც ჩეკისტი,

კაბურა-ნაგანიანი.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა