ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

მარიამ ნატროშვილი / დეთუ ჯინჭარაძე ანუ SADARISMELIA

როცა დეთუ-მარიამი გავიცანი, უკვე ისეთი დამუხტულები იყვნენ ენერგიით, რომ მეგონა, მაღალი ძაბვის ელექტროენერგიის ტრანსფორმატორთან დავდექი და გაბმულ ბგერებს ვუსმენდი - ბზზზზ. ასეთი თუხთუხა ენერგია, ხშირად ამორფულია, უფორმო და სათქმელსაც გაფანტულად გადმოსცემს. ის ენერგია კი, რომელსაც მარიამ ნატროშვილი და დეთუ ჯინჭარაძე ფლობენ და ავრცელებენ, კარგად გააზრებული, შინაგან ფილტრში დაწურული და, რაღაც გაგებით, რაფინირებულია. მათი ნამუშევრების გარკვეული ნაწილი რეაქციულია, რეაქციული განათლების სისტემის რეტროგრადულ პოლიტიკაზე; საპატრიარქოს ძალაუფლებასა და საზოგადოების მორჩილ მიმღებლობაზე; კულტურის სამინისტროს "პური და სანახაობის" ლოგიკაზე დაფუძნებულ სტრატეგიაზე; წარსულის დაკარგვის, მეხსიერების გაქრობის შეგუებაზე; რეფლექსიების არქონასა და ინდიფერენტულობაზე. მაგრამ უცნაურია, რომ ეს რეაქცია საკუთარ თავში ყოველთვის შეიცავს პერსპექტივას; მათი ნამუშევრები არ გტოვებს მხოლოდ ბრაზის დისკურსში, მათი ყოველი მორიგი პროექტი არაა მხოლოდ ნეგატიური აზრებისგან დაცლის მოთხოვნილება, არამედ ესაა უწყვეტი კავშირის დანახვა სამ რამეს შორის: იმას - რაც იყო; იმას - რაც არის და იმას - რაც იქნება (ან რაც პარალელურად არსებობს).

 

ინდიგო: გარიყულაში ხელოვნების ფესტივალი ფესტინოვა უკვე წლებია, იმართება. საკუთარი ნამუშევრით მასში მონაწილეობა თქვენც მიგიღიათ. თუმცა, ახლა მთელი ფესტივალის კურატორები ხართ. ასეთი დიდი პროექტი პირველია?

მარიამი: როგორც კურატორები, ასეთ დიდ პროექტზე პირველად ვმუშაობთ. ბოლო რამდენიმე წელია, რაც ამ ფესტივალს სტაბილური დაფინანსება აქვს – იწვევენ კურატორებს, რომლებიც ამუშავებენ იდეებს, ქმნიან კონცეფციას, არჩევენ არტისტებს, გეგმავენ გამოფენებს. ფესტინოვას კურატორებად წელს მიგვიწვია არტკონსულტანტმა ლიკა ჭკუასელმა, რომელიც ფესტინოვას კონსულტაციას უწევდა. რადგან უმეტესად საჯარო სივრცეში და სივრცეზე ვმუშაობთ, გადავწყვიტეთ, რომ კიდევ რაღაც შეგვეცვალა: ერთჯერადი ღონისძიება კი არ გაგვეკეთებინა, არამედ გაგვეწელა დროში და, რაც მთავარია, დაგვეტოვებინა სასახლის ტერიტორია, გავსულიყავით სოფელში. გამოფენებისთვის შევარჩიეთ სივრცეები, სადაც ჯერ ხელოვნება არ ყოფილა. მოულოდნელი ადგილები. პროექტებიც ისე ავარჩიეთ, რომ მოსახლეობის თანამონაწილეობაზე ყოფილიყო აგებული.

დეთუ: ეგეც უნდა ვთქვათ – რატომ. როცა მანამდე ვმონაწილეობდით ამ ფესტივალში, გვეგონა, რომ ყველაფერი სოფელს იყო მოწყვეტილი, ყოველ წელიწადს ტარდება, ამდენი ნამუშევარი კეთდება, სოფელი კი გარედან უყურებს, როგორც მისგან მოწყვეტილ კუნძულს.

ვიფიქრეთ, რომ უკვე მოვიდა დრო, როდესაც სოფლის ჩართვა აუცილებელია, რადგან აუცილებელია კავშირი ამ ყველაფერს შორის და თუ ხანგრძლივი არ იქნებოდა ეს პროცესი, ჩართვა გაგვიჭირდებოდა. ამიტომ პროექტები ექვს თვეზე გავანაწილეთ.

ინდიგო: გარიყულა ქართლშია, არა? თუმცა მგონია, რომ ქართლის ზოგადი, სტანდარტული ტრადიციებისგან დამოუკიდებლად, კიდევ რაღაც აქვს თავისი, აუთენტური და უნიკალური. ის, რომ მეჩვიდმეტე საუკუნიდან იქაურობას სამეფო რეზიდენციებად იყენებდნენ, გარიყულელებს, მგონი, სულ სხვა კულტურულ იდენტობას უნდა უჩენდეს. რა არის მიმზიდველი თქვენთვის ამ ადგილში?

მარიამი: გარიყულას ძალიან საინტერესო, ლეგენდებით სავსე ისტორია აქვს. 26-მდე სასახლე იყო ადრე და დღემდეა შემორჩენილი რამდენიმე მათგანი, მათ შორის – ბოლგარსკიანთ სასახლე, რომელიც პოლონელმა ინჟინერმა და არქიტექტორმა ვასილ ბოლგარსკიმ ააშენა და სადაც ყარამან ქუთათელაძე წლებია აწყობს ფესტივალებს. მართლა გრძნობ, რომ მდიდარი, აქტიური სოფელი იყო, განვითარებული ვაჭრობით და ეკონომიკით, თუმცა დღეს პოსტაპოკალიპტურ ადგილს უფრო ჰგავს, მოსახლეობა ტოვებს სოფელს და ქალაქში მიდის. საბჭოთა კავშირს გადარჩენილი სასახლეების უმეტესობა დაკეტილია, წერეთლების სასახლეში – სატყეო სააგენტოა, მარშლიაანთ სასახლე მემკვიდრეებმა დაიბრუნეს და ბოქლომი ადევს, სახელოვნებო მიზნებით ვერ გამოიყენებ.

მეხსიერება, როგორც მთელ ქვეყანაში, აქაც იკარგება, ქრება. შარშან აქ ნამუშევარი გავაკეთეთ – „წითელი ქარების მუზეუმი“, დავდიოდით სოფელში და ვაგროვებდით ზეპირსიტყვიერად გადმოცემულ თქმულებებს ამ ადგილებზე, ამიტომ წელს, როდესაც კურატორობა შემოგვთავაზეს, უკვე კარგად ვიცნობდით ამ ადგილებს. კვლევის დროს ყველაზე ხშირი პასუხი იყო, რომ ვიცოდი, მაგრამ აღარ მახსოვს, დამავიწყდა. ერთმა ქალბატონმა გვითხრა, „ჩემს მეხსიერების სკივრს გასაღები ვერ მოვარგეო“. ამიტომაც გადავწყვიტეთ, წელს თემა მეხსიერება ყოფილიყო და ფესტივალისთვის „მომავალი მეხსიერება“ დაგვერქმია, იქნებ მეხსიერების სკივრს გასაღები ხელოვნებამ მოარგოს.

ინდიგო: თქვენ რატომ გაინტერესებთ მოგონებების გაჩხრეკვა? მარტივად – ამ ადგილის უნიკალურმა ისტორიამ გიბიძგათ ამისკენ, თუ ეს ძებნის უფრო ფართომასშტაბიანი სურვილია?

მარიამი: ჩვენი ნამუშევრები, არტისტული თუ საკურატორო, კვლევას, ძიებას, ერთგვარ არქეოლოგიას ემყარება. მუზეუმების პროექტი, რომელშიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას დაკარგულ ამბებს, ცოდნას ვაგროვებთ, არქივის იდეაზეა აგებული.

დასავიწყებლად განწირული ამბები, დაკარგული ცოდნა, წაშლილი გუშინდელი დღე, გამქრალი ადამიანები, თანამედროვე თუ დავიწყებული მითოლოგია, ის, რაც ისტორიაში ვერ მოხვდა, ან რაც წაშალეს, ჩვენი პროექტების მთავარი ღერძია.

პირველი მუზეუმი ბათუმში გავაკეთეთ, „ბათუმის ეზოს ამბების“ ფარგლებში – ცრურწმენების მუზეუმი, მერე, არტისტერიუმისთვის – ახალი ამბების მუზეუმი, მესამე იყო წითელი ქარების მუზეუმი გარიყულაში და მერე – სიტყვის მუზეუმი მაგდა გურულთან ერთად, რადგან ქვეყანაში, რომელშიც დავიბადეთ და ვცხოვრობთ, 70 წლის განმავლობაში შლიდნენ ისტორიას, ადამიანებს, ამბებს, დღეს, როგორც არტისტებს თუ როგორც რიგით მოქალაქეებს, წარსულის გააზრება და გახსენება გვჭირდება.

ინდიგო: თან ეს ამნეზია ზოგჯერ თავსმოხვეულია, ზოგჯერ კი – ნებაყოფლობითი.

მარიამი: და თან მარტო ამ სოფლის პრობლემა არაა, მთელ ქვეყანას ამნეზია აქვს. მე, ეტყობა, შემგროვებლის ინსტინქტი მაქვს, არქეოლოგი რომ არ გავხდი თავის დროზე, ახლა ვინაზღაურებ.

ინდიგო: დაკარგვის შიში არ გაქვს? შიში იმის, რომ იცი, რაღაც არსებობდა და შეიძლება საერთოდ გაქრეს.

მარიამი: მგონი, დაკარგვის შიშიც არის, მომავლის, აწმყოს დაკარგვის შიში. მგონია, რომ თუ არ აღვადგინეთ და გავიაზრეთ ეს ყველაფერი, ვერასდროს გამოვალთ საბჭოთა კავშირიდან.

დეთუ: რადგან ძალიან ადვილია იმ ადამიანების მართვა, რომლებსაც უკან არაფერი აღარ აქვთ და მგონია, რომ ძალიან რთულია ასე ყოფნა, როცა არაფერზე არ დგახარ. მეხსიერებაწაშლილი ადამიანებით მანიპულირებაა ძალიან ადვილი. უარესია ის, რომ იცი, რაღაც ხდებოდა, არ გახსოვს – რა და ამით გაბამს ვიღაც. როგორიც უნდა ყოფილიყო ეს ამბავი, მაინტერესებს, როგორი იყო, იმიტომ, რომ არ მიკარნახონ, თუ როგორი იყავი. და მეც ხშირად თქმულებები და ლეგენდები ისტორიაზე ბევრად უფრო მაინტერესებს.

ინდიგო: ისტორიაზე უფრო საინტერესო რატომაა თქმულება? უფრო სანდო რატომაა?

დეთუ: ჯერ ერთი იმიტომ, რომ არ იცი, ვისი დაწერილია ის ისტორია, ლეგენდები და ცრურწმენები კი ხალხურია, ბევრად გულწრფელია. თან ერთი ამბის მეორე ვარიანტია; პარალელური ვერსია, რომელიც ინახავს ჩვევებს და პრაქტიკულ ცოდნას, რომელზეც განვითარების რაღაც ეტაპზე უარი თქვა ხალხმა და სხვა ცოდნით ჩაანაცვლა.

მარიამი: ზუსტად ეს ცრურწმენები შევაგროვეთ ბათუმში, სადაც იმ წელს, როდესაც ცრურწმენების მუზეუმი გავაკეთეთ, ძველი ბათუმის ეზოების გარდა, ერთ-ერთი საგამოფენო სივრცე ძველი, მიტოვებული აბანოც იყო. აბანო მეოცე საუკუნის დასაწყისში აშენებულა და „ფანტაზია“ ერქვა. აღმოსავლეთში სჯერათ, რომ მიტოვებულ აბანოებში ავსულები და ჯინები ცხოვრობენ. ამიტომაც გადავწყვიტეთ, ადგილობრივი ცრურწმენები შეგვეგროვებინა და დროებითი, აჩრდილი მუზეუმი გაგვეკეთებინა.

ხალხური ცრურწმენა სამყაროს ამოცნობის, არასასურველი მოვლენის თავიდან არიდების ან რაღაც სასურველის მოხდენის მცდელობაა. საკუთარი ბედისწერის მართვის, მომავლის გამოცნობის და გაშიფვრის მცდელობა.

საინტერესოა, როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები ინტერნეტამდე, როგორ ცდილობდნენ ბედისწერის მართვას. მაგალითად, იმით, რომ სავარცხელზე დარჩენილ თმას ნაგავში არ ჩაყრიდნენ, წყალს გაატანდნენ, რადგან ნაგვიდან ჩიტი მოიპარავდა, ბუდეს გაიკეთებდა და მის ბედნიერებას მიისაკუთრებდა. ან ცუდ ამბავს ქვას მოუყვებოდნენ, რომ ქვას წაეღო და უბედურება აეცილებინათ.

ცრურწმენა იმასთან დაპირისპირება და შეწინააღმდეგებაა, რაც აუცილებლად უნდა მოხდეს. წინააღმდეგობაა, მოკლედ, ცრურწმენა.

ინდიგო: მარიამ, რას აკეთებდი სტამბოლში?

მარიამი: აღმოსავლეთმცოდნეობაზე ვსწავლობდი, თურქულ ლიტერატურას, და სტამბოლში კვლევის ჩასატარებლად წავედი, თუმცა სამი ლექციის მერე მივხვდი, რომ იქვე უნდა დამემთავრებინა ეს კვლევა. რადგან საერთო საცხოვრებელში, სადაც ვცხოვრობდი, თურქი გოგოები მეუბნებოდნენ, რომ შუქს არ ჩააქრობენ, იმიტომ რომ ჯინების ეშინიათ. გადავწყვიტე, ჯინებზე გადამეღო ფილმი. ვთხოვე, კამერასთან მოეყოლათ ეს ამბები და მაშინ პირველად დავიწყე ცრურწმენების და მითოლოგიის კვლევა და შეგროვება. მერე ჩამოვედი თბილისში. მე და დეთუმ თანამედროვე ხელოვნების ცენტრში დავიწყეთ ჯერ სწავლა, შემდეგ მუშაობა და ჩვენი პროექტების კეთება.

ინდიგო: დეთუ, შენ რას აკეთებდი მანამდე?

დეთუ: აკადემიაში ვსწავლობდი, არქიტექტორი ვარ და კიდევ მჭედელი. ორივე ძალიან მომწონდა, არქიტექტურა ახლაც ძალიან მაინტერესებს, მაგრამ თანამედროვე ხელოვნების ცენტრში მივხვდი, რომ კარგი მიმართულება მომცეს. თუ მანამდე ბევრ რამეს ვაკეთებდით და არეულად, ვატო წერეთელთან მოვახერხე, რომ უფრო კარგად გამომეყენებინა ჩემი ცოდნა.

მე და მარიამის თანამშრომლობა თანამედროვე ხელოვნების ცენტრიდან დაიწყო. მაშინ დავიწყეთ ტექსტების წერა.

ინდიგო: რა არის თქვენი გამაერთიანებელი ძალა, რაც გაკავშირებთ? განსხვავებებზეა აგებული თუ მსგავსებებზე?

მარიამი: მგონი, მუშაობის დროს შევავსეთ ერთმანეთი და უფრო განსხვავებებზეა აგებული.

დეთუ: ალბათ, ხო.

ინდიგო: მოკლედ, დაიწყეთ ტექსტების კეთება.

მარიამი: კი და – ქუჩაში. ქუჩა სულ მაინტერესებდა. გალერეა, გამოფენა სხვაა, მაგრამ ქუჩა უფრო აზარტული და მიმზიდველი იყო.

დეთუ: გალერეაში კედელია. ქალაქში არქიტექტურა, შენობები, ფორმები, სივრცე.

მარიამი: მაშინ ბევრი დრო გვქონდა, ბევრს დავდიოდით, მიტოვებულ ან ფუნქციაშეცვლილ შენობებს, დავიწყებულ ადგილებს ვეძებდით. შემდეგ ამ ადგილების ამბებს ვიკვლევდით.

პარალელურად, სულ მაინტერესებდა ტექსტებზე მუშაობდა, ადრე ვწერდი კიდეც, ძველი მეგობრები რომ მხვდებიან, მეკითხებიან, კიდევ ვწერ თუ არა. აღმოჩნდა, რომ კი, ვწერ, ოღონდ ქუჩაში და ძალიან მოკლედ.

სულ ვფიქრობდით, როგორ შეიძლება დააკავშირო ტექსტი, ქალაქი და გარემო და ეს ამბები, რომელთაც ვისმენთ; როგორ და, ვთქვათ, დაწერ წიგნს და გამოსცემ, ან მოკლედ მოჰყვები ამ ქვეყნის ამბავს, შენს ამბავს, შენი და ამ შენობის ამბავს. შენობა ხომ ცალკე არ არსებობს, შენობა ადამიანებია და ამ ადამიანების ამბებს უნდა მოჰყვე; იმას, რაც უხილავია; და სწორედ ამ უხილავის შენობებიდან გარეთ გამოსატანად დავიწყეთ ამ ტექსტების წერა.

ეს იყო უკვე მზა ტექსტები, რომლებიც ისევ შეგროვების პრინციპით მივიღე. სულ თავიდან ფეისბუკის საძიებო გრაფაში გაჩენილი ფრაზა მომეწონა და შევინახე (ახლა, მგონი აღარაა): Search for people, places, things (ეძებე ადამიანები, ადგილები, საგნები). მერე დავიმახსოვრე – Search (ძებნა); do you want to continue (გსურს, გააგრძელო? – ფრაზა, რომელიც პროგრამის ინსტალაციის ან დოკუმენტის დახურვის დროს ჩნდება ხოლმე) და I am feeling lucky (Google-ის საძიებო გრაფის გვერდზე, როცა გგონია, რომ გაგიმართლებს და ალალბედზე იპოვი სასურველ რაღაცას). და მერე მივხვდი, რომ თუ კომპიუტერიდან გამოვიტანთ ამ ფრაზებს, ჩვეულებრივი შეტყობინებებია, რომლებიც შეიძლება ქალაქთან და ადამიანებთან დაკავშირდეს, შენობების, ადგილების, ადამიანების ამბებს მოჰყვეს.

პირველი წარწერა აქვე, ნუცუბიძის პლატოზე, გზისპირა კედელზე გავაკეთეთ – do you want to continue? ამ კედლის გაგრძელებაზე არაფერი არ იყო, მხოლოდ გორაკი, ახლა კი მშენებლობებია, მერე დაამატეს, გააგრძელეს ანუ.

დეთუ: ისე, წინასწარმეტყველებასავით ხდება ხოლმე ეს წარწერები.ხშირად ყოფილა, რომ რაღაც ტექსტი დაგვიწერია სადმე და მომავალი ამ ტექსტს დამთხვევია. ცრურწმენების არ იყოს, ხელოვნებაც მომავლის პროგნოზირების, გამოცნობის, ცვლილებების მოტანის მცდელობაა.

მარიამი: გამოცნობის ან შეცვლის.

ამ ტექსტებიდან ზოგი ძალიან გააზრებული იყო, ზოგი – რეაქციული. არის ერთი ასეთი წარწერა – change date and time settings (შეცვალე თარიღისა და დროის წყობა). ამ წარწერამ დიღომში, ერთ კედელზე ოთხ წელიწადს გაქაჩა. და ეგ იყო პირველი, რომლის გაკეთების დროსაც პატრულმა გაგვაჩერა და რადგან ტექსტი ინგლისურად იყო, გვკითხა, რამე პოლიტიკური ხომ არ არისო, დავარწმუნეთ, რომ – არა, არადა, კი, პოლიტიკური შეტყობინებაა.

ავლაბარშია კიდევ ერთი ტექსტი, საბჭოთა კავშირის რუკა, რომელიც მოზაიკითაა შესრულებული და ჩვენ გადავაწერეთ: memory erasure (მეხსიერების ამოშლა). ეს ტექსტიც დისკუსიის დაწყების მცდელობა იყო. სად უნდა წავიღოთ საბჭოთა მემკვიდრეობა? წაშლა არასწორია. დატოვება, დათანხმებაა. ამიტომ, ვფიქრობ, ხელოვნება ამ შემთხვევაშიც კარგი იარაღია. სახელოვნებო ჩარევა – როგორც გააზრების მცდელობა.

საერთოდ, ყველა ტექსტს და შენობას ერთ ნამუშევრად აღვიქვამთ და ჩემთვის ისინი უფრო სოციალური და პოლიტიკური მესიჯებია. თან ისიც საინტერესოა, როცა ქუჩაში რაღაცას აკეთებ, ქრები, როგორც ავტორი, არავინ არ იცის, ვისი გაკეთებულია და უხილავი მედიუმი ხდები. ეს უკუკავშირი დამთვალიერებელთან, გამოხმაურება ფეისბუკის საშუალებით მხოლოდ მოგვიანებით გაჩნდა.

ინდიგო: თქვენი სიტყვები: ვითომ, ალბათ, სულ, ახლა, თუ – რა თქმა უნდა, იტვირთება გარკვეული შინაარსით, მაგრამ მიკვირს ის, რომ ჩემთვის ისინი ისევ იმ პერსპექტივას, ზოგჯერ თვითირონიას ანდა გამოფხიზლების სურვილს შეიცავს, ნაკლებად – შავ და ბრაზიან ემოციას, არადა, მიჩვეული ვარ, რომ არტი, რომელსაც ქუჩაში ვხედავ, რეაქციული და მეამბოხე უნდა იყოს. ერთადერთი – სიტყვა დრო მამძიმებს გაუაზრებლად.

დეთუ: საერთოდ, სულ ვლაპარაკობთ იმაზე, თუ ვინ ნახავს ამ ტექსტებს საერთოდ, ნახავს ყველანაირი ადამიანი, არა? ის ადამიანებიც, რომლებიც გამოფენებზე არ დადიან. ამიტომ გარკვეული პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ ყველასთვის იყოს გასაგები; მხოლოდ ერთი მნიშვნელობით არ შეიძლებოდეს გადათარგმნა.

მარიამი: ისევ ის უნდა გავიმეორო, რომ როცა ტექსტებს ქუჩებში ვტოვებთ, ავტორი ქრება და თითოეული ფრაზა მატერიალიზდება ადამიანების ფიქრებში, რომლებიც შეიძლება პერსონალური იყოს, შეიძლება – საზოგადო და ქვეყანას ეხებოდეს. ამიტომ ეს არის შეტყობინებები ყველას საკუთარი მომავლიდან, ანდა პარალელური სამყაროებიდან. შეხსენებებია.

ეს ქართული სიტყვებიც და ინგლისური მზა ტექსტებიც, რომლებიც ახსენე, ჩემთვის ლიტერატურაა. თან სამასგვერდიან რომანს ხომ აღარავინ წაიკითხავს ტვიტერის ეპოქაში?

ინდიგო: ლაზიკაში რატომ წახვედით?

მარიამი: ლატვიაში, რიგაში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ატარებს ფესტივალს, რომლის თემაც 2014 წელს იყო უტოპიური ქალაქი. გადავწყვიტეთ, რომ ნამუშევარი ლაზიკაზე გაგვეკეთებინა, როგორც უტოპიურ ქალაქზე. ჩავედით ანაკლიაში, ვეძებდით ლაზიკას და გზად ვიღაც ტიპი გავაჩერეთ, შუახანს გადაცილებული კაცი იყო, ჭაღარა თმით, ბეტმენის მაისური ეცვა და ველოსიპედით მოდიოდა. ვკითხეთ, ლაზიკა საით არისო, – იქითო, მიგვანიშნა, აქეთ რა არის-მეთქი და აქეთ კომკავშირის სასახლეს აშენებენო, არ ვიცი, რა იგულისხმა, მაგრამ დროში მოგზაურობას კი დაემსგავსა ეს ყველაფერი.

ეს აჩრდილი ქალაქი, ეს არშემდგარი ქალაქი, რომლის აშენებაც პირსზე სკულპტურით დაიწყეს – სიგიჟეა რა, ძალიან მაგარია, თუ არ გავითვალისწინებთ მთელ იმ ფონს, გაჭირვებას და შიშს, რაც ქვეყანაში იყო.

მაშინ პირველად არ გამოვიყენეთ სპრეი, ხისგან გამოჭრილი ასოები დავამაგრეთ პირსზე და დავტოვეთ. არც ვიცი, გადარჩა თუ არა. ალბათ ქარმა წაიღო, ან ჩამოხსნეს. მაშინ ლაზიკაში მხოლოდ დაგებული ქუჩები, ცარიელი იუსტიციის სახლი, ბანაკი ლეგოს გალავნით, იურგენ მაიერის სკულპტურა და ჩვენი ფრაზა – Search for people, places, things  (ეძებე ადამიანები, ადგილები და საგნები) იყო.

ინდიგო: ეს წინააღმდეგობა იყო?

მარიამი: ალბათ, კი, რადგან დღეს მმართველები არ ქმნიან ქალაქს. ქალაქს ადამიანები ქმნიან და ეს წარწერაც ამაზე იყო – ადამიანები იქ არ იყვნენ, მით უმეტეს, დღეს, ალბათ, კიდევ უფრო ცარიელია იქაურობა.

ინდიგო: პატრიარქს დაბადების დღეზე მიუძღვენით წარწერა საპატრიარქოს ტროტუარზე: 25.000.000 – რიცხვი, რამდენითაც საპატრიარქო სახელმწიფოსგან ფინანსდება. ანდა ჭიათურაში ჩახვედით მაღაროელების ცხოვრებაზე დასაფიქრებლად, სახელოვნებო ენაზე გადმოსაცემად. განათლების სამინისტროსთან დატოვეთ წარწერა – ის სიტყვები, რომლებიც სახელმძღვანელოდან „მე და საზოგადოება“ საპატრიარქოს მოთხოვნით ამოიღეს: დემოკრატიული ღირებულებები, გენდერული იდენტობა და ლიბერალიზმი. ერთიც, მეორეც და მესამეც პრობლემად დარჩა. გიფიქრიათ ამ თემებთან დაბრუნებაზე თუ თქვენთვის მთავარი მყისიერი რეაქცია და დაცლაა?

მარიამი: არტისტი ალბათ პრობლემებს ვერ მოაგვარებს. არტისტს შეუძლია დისკუსია წამოჭრას და უხილავი გამოაჩინოს.

შეიძლება ცვლილებები ვერ გამოიწვიო, მით უმეტეს, ჩვენისთანა საზოგადოებაში, სადაც ყველაფერი ერთჯერადია. ახალი ამბები ერთჯერადია, ტრაგედია ერთჯერადია, ბედნიერება ერთჯერადია, მაგრამ უნდა ეცადო.

თუმცა, 25 მილიონისგან მხოლოდ სკანდალი დარჩა, ისეთ აბსურდულ სიტუაციაში გავებით მე და გვანცა ჯიშკარიანი, რომ ვეღარ მოვახერხეთ დისკუსიის სწორად წაყვანა. საპატრიარქოს უსაფრთხოების წევრებისგან და მთაწმინდა-კრწანისის რაიონის პოლიციისგან მოგვიწია მორალის კითხვის და მუქარების სმენა. ჭიათურას რაც შეეხება, რეგიონში მუშაობა ძნელია, ბევრი დრო არის საჭირო.

დეთუ: ალბათ, მაგის გავლენაა, გარიყულაზე მეტი დრო რომ ავიღეთ. ჭიათურაში ცოტა ხანი ვიყავით და გინდა, არ გინდა, მაინც ზედაპირული გამოდის ამ დროს ყველაფერი. თუმცა „ჭიათურა. დროის მანქანა“ ძალიან კარგი პროექტი იყო. არტისტების ნამუშევრები საბაგირო სადგურებსა და კაბინებში გამოვფინეთ. მაღაროელები ზურა ჯიშკარიანის გაზეთს კითხულობდნენ, ალაფურშეტზე სტუმრები მაღაროელების „პაიოკს“ მიირთმევდნენ. ეს გამოფენა ხმამაღლა ჰყვებოდა ჭიათურის, იქ მცხოვრები ადამიანების ამბებს.

ინდიგო: ცოტა ხნის წინ, თქვენ დაიწყეთ თანამედროვე ხელოვნების შესახებ ყოველთვიური გაზეთის გამოშვება, რომელსაც „რევოლვერი“ ჰქვია. ადრე გვილაპარაკია იმაზე, რომ ეს გაზეთი გააკეთეთ იმიტომ, რომ არ სრულდება პროცესი ქართულ თანამედროვე ხელოვნებაში, რადგან მას ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტები აკლია, როგორც ინდივიდუალურად თითოეული არტისტის, ისე ზოგადად – მთელი ამ მიმართულების განსავითარებლად, ესაა: კრიტიკა, გამოხმაურება, დაფიქრება, რეაქცია იმაზე, რასაც არტისტები აკეთებენ; რომ აღარაფერი ვთქვათ სივრცეებზე, სადაც ხელოვნება კეთდება; დაფინანსებაზე, რაც ბევრს უშლის ხელს იდეების განხორციელებაში. მოკლედ, „რევოლვერი“, როგორც წამოწყება, ძალიან მომწონს, მაგრამ აქვე მაინტერესებს, ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს მაინც „შიდა“ გამოცემად დარჩება და საზოგადოების იმ დიდ ნაწილზე, ვისაც მიემართება, ვის გასაგონადაც არის, დიდ გავლენას ვერ მოახდენს? საჭიროა თუ არა უფრო მასობრივი შეტევა, უფრო აგრესიული ინტერვენცია იმისთვის, რომ სიტყვამ რევოლვერიდან გაისროლოს?

მარიამი: „რევოლვერს“ მე და დეთუ მაგდა გურულთან ერთად ვაკეთებთ. ვცდილობთ, შევქმნათ ბეჭდური პლატფორმა, სადაც გავიაზრებთ, გავაანალიზებთ მიმდინარე და უკვე დავიწყებულ პროექტებს, გამოფენებს, სახელოვნებო სივრცეებს. კრიტიკული დისკურსის აუცილებლობა უკვე ძალიან მწვავედ დგას. ვეცდებით, რომ გაზეთით ეს ვაკუუმი შევავსოთ. მნიშვნელოვანი ტექსტები ვთარგმნოთ, არტისტებს და კურატორებს ვესაუბროთ, პრობლემატიკის გადაჭრის გზები მოვიძიოთ, მომავალი წარმოვიდგინოთ.

გავლენის მოსახდენად ბევრი რამ არის საჭირო. ერთია იხულიგნო, მეორეა – გრძელვადიან, კვლევაზე დაფუძნებულ პროექტზე იმუშაო.

სახელმწიფო მილიონებს ხარჯავს ერთჯერად, კომერციულ პროექტებში, პროექტებში, რომელიც არაფერს შეცვლის. სამინისტრო ფრაგმენტულად აფინანსებს სახელოვნებო პროექტებს, თუმცა ისეთ ბიუროკრატიასთან და უცოდინრობასთან გიწევს გამკლავება, მუშაობა ტანჯვას ემსგავსება. ახალგაზრდა არტისტებს არ აქვთ ჰონორარები, არ აქვთ სამუშაო სივრცე. იშვიათია ადამიანი, ვინც თანამედროვე ხელოვანის ნამუშევარს იყიდის და არა „ლამაზ“, მკვდარ ხელოვნებას. შესაბამისად, არტისტებს ათას სხვა ადგილას უწევთ მუშაობა, რომ იარსებონ. სამაგიეროდ, ბიუჯეტით, ჩვენი ფულით წინასაარჩევნოდ ჩამოყვანილი მომღერლები იღებენ ბევრნულიან ჰონორარებს.

სახელოვნებო განათლების სისტემა აგონიაშია, აკადემიაში დოქების ხატვას ასწავლიან. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი არ არსებობს. კვლევა, გააზრება, დისკუსიები – იმდენი რამე აკლია სახელოვნებო პროცესს, რომ პროცესიც აღარ ჰქვია.

ახლა ლიკა ჭკუასელთან ერთად ახალ პროექტზე ვმუშაობთ, გვინდა შევქმნათ ღია სივრცე, სახელოსნო, სადაც ახალგაზრდა არტისტები იმუშავებენ. სადაც გაიმართება დისკუსიები, საუბრები, ლექციები. განათლება, წარსულის გააზრება, კვლევა და ანალიზი, ბევრი მუშაობა მგონია საჭირო, რომ ამბოხი გაჩნდეს – ამბოხი საბჭოთა სისტემის, სკამს მორგებული აზროვნების მიმართ. ამ ამბოხის გარეშე ხელოვნება მკვდარ ბუნებად დარჩება.

მასობრივი შეტევა აუცილებელია. ეს კომპლექსური შეტევა უნდა იყოს. გაზეთი ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია. ხელოვნება არ არის მხოლოდ ქვეყნის განვითარების უპირობო გზა, ხელოვნება ცვლილებების იარაღია, საუკეთესო იარაღი. იარაღი კი, ფილმის ბოლოს მაინც, აუცილებლად გაისვრის. 

ფოტო: დათო აბრამიშვილი