1 წუთით | მარიამ შენგელია
18.06.2016პარიზი - მოძრაობა Nuit debout
1. რა იყო გარდამტეხი მომენტი, რამაც ამხელა საზოგადოებრივი მობილიზაცია გამოიწვია და ყველა გააერთიანა?
წითელი გაზაფხული საფრანგეთში შრომის მინისტრის მირიამ ელ კომრის მიერ ინიცირებულმა შრომის კანონპროექტმა გამოიწვია, რომელიც ევროპაში უკვე გამოცდილი ე.წ. ოსთერითი პოლიტიკის გატარებას გულისხმობს. ეს პოლიტიკა კი ზრდის უმუშევართა რაოდენობას, ხოლო დასაქმებულთა შემოსავალს ამცირებს გაზრდილი სამუშაო საათების პირობებში. მოგებული რჩება მხოლოდ მეპატრონე, ძლიერდება შრომითი დაუცველობა და უთანასწორობა, ამიტომ ყველანი ‒ მუშები, დასაქმებულები, ემიგრანტები, სტუდენტები, პროფესორები ‒ ელ კომრის კანონპროექტის წინააღმდეგ წავედით.
2. საზოგადოების გააქტიურება თან სდევს პარიზის ტერორისტულ აქტებსაც - ხედავთ კავშირს ამ ორ მოვლენას შორის?
ეს ყველაფერი უფრო მეტად უკავშირდება ტერორისტული აქტების გამომწვევ მიზეზებს და შედეგებს. ტერორიზმი ჰეგემონური კაპიტალიზმის ლოგიკის ისეთივე ნაწილია, როგორც მის წინააღმდეგ მებრძოლი სახელმწიფო, რომელიც მის დამარცხებას ომის წამოწყებით ცდილობს. საფრანგეთის პრემიერმინისტრმა მანუელ ვალსმა ტერორისტულ აქტებზე საპასუხოდ ასეც თქვა: „ჩვენ ვართ ომში“. რას გულისხმობს ეს? გახანგრძლივებული საგანგაშო მდგომარეობის შემოღებას, პოლიციური რეჟიმის გაძლიერებას და ფრანგული არმიის კონტრშეტევას სირიაში. ამიტომ მობილიზაციის პირველივე დღეებში, ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად საგანგებო რეჟიმის გაუქმებაც დავასახელეთ, რათა პროტესტი მიგვემართა სახელმწიფოს ძალადობრივი სტრატეგიის წინააღმდეგაც.
3. სტუდენტები ამბობენ, რომ ისინი უფრო დიდი ცვლილებებისთვის ემზადებიან. რა არის ეს?
როგორც ყველა ამბოხი, ესეც სპონტანურად, სასწრაფო რეაგირების აუცილებლობის ხარჯზე იშვა, თუმცა შემდეგ შეიძინა ახალი ძალა. ჩვენ შევუერთდით ისტორიულ ბრძოლას, რომელიც ესწრაფვის ყველაზე უთანასწორო და ოლიგარქიული რეჟიმის გაუქმებას ახალი ტიპის კოლექტიური ცხოვრების ორგანიზებით.
4. იმ შემთხვევაში, თუკი თქვენი პირველადი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მაინც გაგრძელდება პროტესტი?
ეს მოძრაობა საპროტესტო ტალღით დაიწყო, თუმცა დღეს უკვე სწორება ავიღეთ, რაღაც განსხვავებულისა და ახლის ერთობლივად შექმნის პროცესზე. ამიტომ, თუ ამ მცირე გამარჯვებას მივაღწევთ, უფრო დიდი გამარჯვებისთვის მაინც ვიბრძოლებთ. კონკრეტულად რა ფორმით, ჯერ არ ვიცი, რადგან დღეს ის სხვადასხვა აქტივობებს აერთიანებს: მანიფესტაცია, ბლოკადა, ოკუპაცია თუ სადისკუსიო-სარეფლექსიო სივრცეები.
5. აუდიტორია #115-ის აქციებთან რა კავშირს ხედავთ?
ამ მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია სხვადასხვა ბრძოლათა გადაკვეთა (convergence de luttes). ვფიქრობთ, რომ დღეს ლოკალურ თუ საერთაშორისო დონეზე წარმართულ სხვადასხვა ბრძოლას საერთო წარმომშობი წყარო აქვს – გლობალური კაპიტალიზმი. ის, რის წინააღმდეგაც აუდიტორია #115 იბრძვის, ნაციონალური მოძრაობის ავტორიტარული პოლიტიკის პირდაპირი შედეგია. ამ პოლიტიკამ უნივერსიტეტი აქცია ინდოქტრინაციულ ინსტიტუციად. ამან გამოიწვია ის, რომ უნივერსიტეტში ადგილი აქვს ყველაფერს, გარდა იმისა, რასაც იგი უნდა ემსახურებოდეს. ამიტომ აუდიტორია #115-ის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაცაა, თუმცა ვფიქრობ, რომ უნივერსიტეტის რეალური ტრანსფორმაციისთვის აუცილებელია, თვითმმართველობის საკითხის ნაცვლად, ხელმისაწვდომი უნივერსიტეტის შექმნა იქცეს უპირველეს მიზნად.
უნივერსიტეტი, როგორც ცოდნის წარმოების ადგილი, საზოგადოებრივი სიკეთე და თავისთავადი ღირებულებაა, ამიტომ ის უნდა იქცეს მეცნიერების, კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედების ჰეგემონიად.