ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

მეჯვრისხევი | მანანა სარაული

მანანა სარაული, 76 წლის, მეჯვრისხევი
ქართულ-ოსური კონფლიქტი, 1991-1992 წლები. შიდა ქართლი

ეხლა ჯერ გატუსულის ბიჭზე მოგიყვებით. ავღანეთში ნაომარი, იქიდან ჩამოსული. ქეცხურაზე მოკლეს ერთი ბიჭი, ბეგიაშვილი და დააბრალეს ამ გატუსულის ბიჭს. დაიჭირეს, გორის პოლიციაში ყავდათ, მაგრამ ვიღაცამ გასცა, რო უნდა გადაეყვანათ, მგონი თბილისში. და გზაზე დახვდნენ, ქვახვრელია ეგეთი სოფელი. ესეიგი პოლიციამ გადასცა იმათ, რა. ისე იყო, ეხლა ზონდერები რო დაიქირავო. წაართვეს ეს ბიჭი პოლიციას და ვითომ დაზარალებულებს, ამ ხულიგნებს გადასცეს. აიყვანეს ქეცხურაზე, ჯერ კარგად სცემეს, სიტყვა არ ათქმევინეს. ეს დამნაშავე იყო-არ იყო, ღმერთმა იცის. მიასხეს ბენზინი და დაწვეს. 

მერე, ჩამოიყვანეს და ბირჟაზე დააგდეს, მოკრუნჩხული, გაუბედურებული. ჩვენც გვემუქრებოდნენ, მაგრამ ჩემი მეუღლის ხათრი ჰქონდათ ძალიანა. ვინცაო ამას ხელს ახლებსო, იმასაც ესე გავუსწორდებითო. ჩემმა მეუღლემ თქვა, ხელსაც ვახლებ და აბა, ერთი, ვინმე მოვიდესო. მეზობელს დიდი მანქანა ჰქონდა, იმას უთხრა წამოდიო. იმის დამწვარი გვამი მანქანაზე დადეს და წამოიღეს.

ისიც ვერ გაბედა მამამისმა, რომ სასაფლაოზე დაემარხა. აი, ამ ბაღში ჩაფლეს, ჩვენ გვერდზე. 

კაი ხანი იქ იყო დამარხული. კიდევ ემუქრებოდნენ, მაგათი გვარი სულ უნდა ამოვწყვიტოთო. ჩვენც გვემუქრებოდნენ. მერე, ეხლა, უკვე როდემდე უნდა ყოფილიყო იქა და მამამისმა მარტოდმარტომ გათხარა საფლავი, ღამე, თან ვიცქირებოდიო, რო არ მომადგნენო და მეც შიგ ცოცხლად არ ჩამმარხონო. 1992-1993 წლებში მოხდა ეს.

და ახალუბნელი რო მოკლეს ქეცხურაზე? რავი რაზე მოკლეს, ღმერთმა იცის. ამბობდნენ, ერთის ძალოსთან დადიოდაო. ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლაო. დაიჭირეს მერე ბიჭი, მკვლელი ეგ არიო, წაიყვანეს ახალუბანში და დახვრიტეს. კლუბის კედელზე. ცენტრში. პირდაპირ. ლინჩის წესით. 

ერთი ხუთი კაცი ესროდა, ჩემი შვილიც იქ იყო. ეს დააყენეს კედელთან. იმ მოკლულის ცოლი და დედა მიიყვანეს იქა. მე არ მომიკლავს თქვენი შვილიო, ამან უთხრა. მა, ვინ მოკლაო, მიაყენეს კედელზე და დაუშვეს ავტომატები. მთელი სოფელი იქ ვიყავით.

კანონი არ იყო. ჩვენს სოფელში არაფორმალები, მძარცველები დათარეშობდნენ.

აღნიშნულ თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ

ტექსტი: დეა ტატიაშვილი
ფოტო: ვლადიმირ სვარცევიჩი / ანასტასია სვარცევიჩის არქივიდან