
მელანქოლია მადიართა ქვეყანაში (დასასრული)
27.07.2016ისტორია. თურქები
ნელ-ნელა ბუდაპეშტის გეოგრაფია ჩემთვის ახლობელი, ტკივილამდე ნაცნობი გახდა. ქანდაკებები ფასადებზე, მოზაიკა, ხეები – პარკში, ველოსიპედის ბილიკები, ტრამვაის ლიანდაგები. ვიცოდი, რა მიცდიდა ამ ან იმ კუთხის შემდეგ, რომელ კაფეშია გემრიელი ტკბილეული, სად გელოდება ხიფათი ან უწესრიგობა, ან... სილამაზე. ქალაქი კარგად მივიარ-მოვიარე, ასობით ფირი გადავიღე. გავეცანი საინტერესო ადამიანებს და ბუდაპეშტის რიტმი ჩემიც გახდა. თუმცა კითხვა, რომელზეც ვერავისგან მივიღე პასუხი –
„რა დარჩა უნგრეთში თურქების მერე? სად არის ოტომანთა იმპერიის თითქმის ორასწლოვანი ბატონობის ნაკვალევი?“ – მოსვენებას არ მაძლევდა.
„ეგერში თუ გაემგზავრები... იქ შესანიშნავ მინარეთს ნახავ...“, – გავიგე ჩემი მეგობრის, ანდრეასგან. თურმე, რაც თურქებმა დატოვეს – სამი მინარეთი და ერთი მეჩეთია, დღეს აქ კათოლიკური ეკლესიაა.
თურქები უნგრეთში 1526 წელს, სულეიმან I დიდებულის მმართველობის დროს შემოიჭრნენ და უნგრეთის არმიას მოხაჩთან გამართულ ბრძოლაში სძლიეს. დიდმა პორტამ, რომელმაც შემოკვეცა ევროპის სახელმწიფოთა საზღვრები, თავისი უღელი დაადგა ბულგარეთს, სერბეთსა და მათს მოსაზღვრე ცენტრალური ევროპის მიწებს. ოტომანთა იმპერია დუნაის ნაპირებიდან – აფრიკამდე და იერუსალიმიდან ავსტრიის საზღვრებამდე გადაიჭიმა.
ჩემი ცნობისწადილის მოსაკლავად ეგერში წასვლა გადავწყვიტე, რათა უნგრეთის დამპყრობელთა მიერ დატოვებული მინარეთი მენახა. გლეხებით გადაჭედილი მატარებლით ჯაყჯაყის შემდეგ ეგერის მტვრიან მოედანზე ამოვყავი თავი, სადაც დიდი ნაცრისფერი მინარეთი იყო აღმართული, რომელსაც დახვეწილობა არ აკლდა, გარშემორტყმულს მე-19 საუკუნის ორსართულიანი სახლებით. შორს კი, გორაკის თავზე, ევროპული ციხე-დარბაზი მოჩანდა. ეგერი, პატარა, ძალიან ლამაზი ქალაქი, მაგრამ აქ რა უნდა აკეთოს კაცმა? „აი, აღმოსავლეთისა და დასავლეთის შესაყარი...“, – გავიფიქრე და სასაუზმეს დავუწყე ძებნა, რომ რამე შემეჭამა.
იქვე მდებარე კაფეს ოფიციანტს იმის შეტყობა სურდა, ვნახე თუ არა მინარეთი:
დამტვრეული ინგლისურით მკითხა: „მინარეთში აძვერით?“
„რა, შეიძლება?“
„დიახ... ბილეთის ფასი 330 ფორინტია...“
ვიწრო კიბით მაღლა აძრომა დამეზარა. მინარეთის ქიმს კიდევ ერთხელ შევავლე თვალი და სადგურისკენ წავედი. ეგერიდან ბუდაპეშტში მიმავალ ნახევრად ცარიელ მატარებელში ბალმონტის მიერ ნათარგმნი შელის ერთი ლექსის გახსენება მინდოდა, მაგრამ მეხსიერებასთან ვერაფერს გავხდი. ლექსი, რომელიც მიყვარდა, გაქრა, წაიშალა. მაგრამ, შინ მისულმა, ინტერნეტში ვიპოვე ეს ფრაგმენტი, უდაბნოს ქვიშაში აღმართული მეფის მონუმენტს რომ აღწერს, რომლისგანაც მხოლოდ წარწერაა დარჩენილი კვარცხლბეკზე:
Я – Озимандия, я – мощный царь царей!
Взгляните на мои великие деянья,
Владыки всех времен, всех стран и всех морей!'
Кругом нет ничего... Глубокое молчанье...
Пустыня мертвая... И небеса над ней…
შელი რომ წავიკითხე, მივხვდი, რა ეწოდება – „დაუსრულებელი სიჩუმე“... რაც უნგრეთში თურქებისგან დარჩა...
მელანქოლია
ნოემბრის დღეებში უნგრეთის ცას ლაჟვარდი უქრება და მოალერსე მზეც თვალს ეფარება. დგება გრძელი, სხივჩამქრალი დღეები. ადრე ღამდება და ბინდისა და შემოდგომის განწყობილება თვეების განმავლობაში გრძელდება. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასეთი ამინდები ჩამოწვებოდა და მელანქოლია შემიპყრობდა.
ღამღამობით, როცა გულის სიღრმეში შემოღწეული სევდა გამუდმებით ფეთქავდა და სულს იბღუჯავდა, სახლიდან გავდიოდი. აქეთ-იქით დავხეტიალობდი და ყველაფერს ვათვალიერებდი. ცარიელი ქუჩების ასფალტს ფარნების აქა-იქ გაბნეული შუქი ეფინა. ვაკვირდებოდი კატის (ან მაწანწალა ძაღლების) ძირს გაწოლილ ჩრდილებს. საკუთარი თავისგან გაცლას ვლამობდი. ვიჭერდი ნაწყვეტ-ნაწყვეტ საუბარს. სხვა ცხოვრებას. ზოგჯერ თვალი მისდევდა ლაბადაში გახვეულ მარტო მიმავალ ადამიანს.
სამყარო შავ-თეთრ „ფილმ-ნუარად“ იქცა და ამ უცნაურ, ჩემთვის უცხო მდგომარეობას ძალიან ვაფასებდი. მადიარული სევდის განდევნას ბალახის ნაყენითა – „უნიკუმი“ – და მწვანე ჩაით ვშველოდი კაფეში, რომელსაც ფრანგი შანსონიეების შავ-თეთრი ფოტოები ამშვენებდა.
მაგალითად, თვალს არ ვაშორებდი ჩარჩოში ჩასმულ ჟაკ ბრელის ფოტოს, ხელში მიკროფონით, და ერთ ჯერზე ვსვამდი „უნიკუმს“, ალკოჰოლის სითბოს რომ გაედევნა მოწყენილობა.
„მელანქოლია. მასში პოულობდა ბარტოკი შთაგონებას...“, – ვეუბნებოდი ჩემს თავს და ფანჯრიდან თვალს ვაყოლებდი, როგორ დიოდა მოღუშული ციდან წვიმა დუნაის ზედაპირზე. ნოემბრის ბუდაპეშტში სხვაგვარად აღიქმება კლასიკური მუსიკა. როცა ამინდი ირეოდა, დიდი უნგრელი კომპოზიტორები – ფერენც ლისტი, ზოლტან კოდაი, დიორდ ლიგეტი, ბელა ბარტოკი – ადამიანთა სულების დიდი ექსპერტები ხდებოდნენ. უნგრული მუსიკის კომპაქტდისკების რაოდენობა ჩემი ფანჯრის რაფაზე ნელ-ნელა გაიზარდა და ზამთრის ბოლოს პატარა ცათამბჯენად იქცა.
ისტორია. 1939-45
მეორე მსოფლიო ომში უნგრეთი გერმანიის მხარეს იბრძოდა. როდესაც იმ ტრაგიკულ წლებზე ფიქრობ, ჯობია ლიუდვიგ ვიტგენშტეინის პრინციპს მიმართო: „რაზეც ვერაფერს იტყვი, ხმა არ ამოიღო“.
„გადაჯვარედინებული ისრების პარტიის“ – პროფაშისტების მსხვერპლთა ხსოვნის ნიშნად უტყვი ძეგლი დგას, ძუნწი – ბრინჯაოში ჩამოსხმული რამდენიმე წყვილი ფეხსაცმელი დუნაის ნაპირზე. უდანაშაულო ადამიანებს – ებრაელებს, კომუნისტებს, ბოშებს – ხელ-ფეხს უკრავდნენ და წყალში ყრიდნენ. ეს ადგილი რამდენიმე ათასი მეტრით იყო დაშორებული ჩემი სახლიდან. დღეში ხანდახან რამდენჯერმე ჩავუვლიდი ხოლმე ამ საშინელ ფეხსაცმელებსა და ტუფლებს. დიდი ისტორია თან გდევთ ბუდაპეშტში.
ექსჰუმაციისას ამოიცნეს პოეტ მიკლოშ რადნოტის ცხედარი, რომელიც კონვოიმ იუგოსლავიასა და უნგრეთს შორის პატიმრების მარშირების დროს დახვრიტა – მას პიჯაკის ჯიბეში ლექსებით სავსე უბის წიგნაკი ედო. ეს იყო ლექსები საფლავიდან, ლექსები საკონცენტრაციო ბანაკიდან. პოეტი რადნოტი მომავალს ხედავდა: ...ჩემი გულის სიმყუდროვეში თვლემს, არ იძინებს სიკვდილის წამი.
„... и дремлет ожидаемая смерть
в моём уютном сердце постоянно...“

მოდელები
გაზაფხულობით ბუდაპეშტი არკადიაა. გახსნი დილაადრიან ფანჯარას და უეცრად აღმოაჩენ, რომ ერთ ღამეში ქალაქი აყვავებულ ბაღნარად გადაქცეულა. ჩიტები ჭიკჭიკებენ. ცა მზით არის განათებული და მზესა და კარგ დარებს ახალი სახეები მოსდევს: ავანტიურისტები, სტუდენტები, აგრეთვე ირლანდიელები, უძრავი ქონების შესაძენად,
ინგლისელებიც, რომლებიც ჯგუფ-ჯგუფად ედებიან ქალაქს. ამ საყოველთაო ევროპული მიგრაციის დროს აღმოჩნდნენ ბუდაპეშტში მარკი და ჯულიაც.
ისინი პირველად წიგნის მაღაზიაში დავინახე. ამერიკელი ჰიპი, სახელად დენი, ნახმარ წიგნებს ყიდდა.
„ახალგაზრდები, ლამაზები და მოუსვენრები...“. ადვილად ვცნობ ამ ყაიდის მოხეტიალეებს.
საუბრიდან, რომელსაც ციცქნა მაღაზიაში მოვკარი ყური, შევიტყვე, რომ სტოკჰოლმიდან ბუდაპეშტში ველოსიპედით იყვნენ ჩამოსული.
„ჩვენ აქ მოგვწონს...“, – თქვა ბიჭმა.
„დავრჩებით...“, – თქვა წითურმა ქალიშვილმა, – ალქაჯს ჰგავდა, რომლის ძველ, გაცვეთილ ველოსიპედს საჭეზე წითლად შეღებილი ირმის რქები ჰქონდა დაკრული.
„რატომაც არა, – გავიფიქრე ჩემთვის, – გადასარევი, თუკი დარჩებიან...“
ერთხელ, კაფეში ლუდის სმისას, ბაზელ დულიშკოვიჩმა მითხრა: „დროა, მოდელები ხატო...“
საშა ტინეის მადლობელი ვარ, რომ ბაზელი გამაცნო. თუ ჩვენი შინაგანი არსება მზად არის, მეგობრების რიცხვი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. ზოზინა ბაზელი, ყველა უნგრელივით მელანქოლიური, მაინც ბევრს ასწრებდა.
ბაზელი ფერმწერია, მასწავლებელი. ოჯახიც ჰყავს.

„მოდელები?“, – გავიკვირვე.
„რატომ არა?.. გაზაფხულდა... შენს სახელოსნოში...“, – მიპასუხა მეგობარმა.
„რატომაც არა?!“, – გადავწყვიტე მე.
შინ დაბრუნებისთანავე ინგლისურენოვან საიტზე, სადაც ბინების გაცვლის, დიასახლისებისა და ძიძების სამუშაოსთან დაკავშირებული შემოთავაზებებია გამოდებული, ჩემი განცხადებაც გამოვაქვეყნე.
რვა საათის შემდეგ ჩემი მომავალი მოდელები – მოგზაური წყვილი, რამდენიმე დღის წინ წიგნის მაღაზიაში რომ შემხვდა – ჩემს სამზარეულოში იჯდა, სიამოვნებით შეექცეოდა რძიან ჩაის და გარიგების დეტალებს განიხილავდა.
„ჯულია მქვია, – თქვა წითურთმიანმა გოგონამ, – ეს მარკია“.
„შესანიშნავია... წიგნის მაღაზიაში დაგინახეთ...“
„ა..? მაშინ საათში ორი ათასი ფორინტი... ორივე ერთად?..“ – იკითხა ჯულიამ. მარკმა თავი დაუქნია.
„სასაცილო თანხაა...“, – გადავწყვიტე და დავთანხმდი.
„ველოსიპედები ეზოში დავტოვეთ... ხომ არ მოიპარავენ?“
„არა, ვინ მოიპარავს“.

ისტორია. საბჭოთა კავშირი
სასტიკი მეოცე საუკუნე კატასტროფა იყო უნგრეთისთვის. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყანამ ტერიტორიის მესამედი დაკარგა. მეორე მსოფლიო ომში კი უნგრეთი, ფაქტობრივად, გერმანელების მიერ იყო ოკუპირებული. ომის დამთავრების შემდეგ – საბჭოთა კავშირის მიერ. ფაშისტების მერე ბოლშევიკები მოვიდნენ.
მე
როდის გადავწყვიტე, რომ ასე უმოძრაოდ ყოფნა აღარ შემიძლია? – მაშინ, როცა მივხვდი, რომ უნგრეთი ძალიან მყუდროა და მარტივი. ზაფხულობით პარკში ბალახზე წამოწოლილი ღრუბლებს შევცქეროდი. ცხოვრება მშვენივრად აწყობილს ჰგავდა – კარგი ბინა, დიდი სახელოსნო, გამოფენები, მეგობრები, წვეულებები. „არა. დროა, ყველაფერი შეიცვალოს. სულს სიახლე სჭირდება...“, – ვუთხარი საკუთარ თავს და ჩემი თავისა მევე გამიკვირდა.
ვერც ჩემი მეგობრები მიხვდნენ, რა მინდოდა. „კი, მაგრამ, რა გინდა ნიუ იორკში? აქ რამე გაკლია?“ – ამ კითხვებზე მეც ვერ ვცემდი პასუხს.
„წინ მინდა წავიდე...“, – სხვა ვერაფერი ამოვღერღე. იმის მერე, რაც საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე, ქალაქში ისე დავსეირნობდი, თითქოს პირველად ვხედავდი. „რა შესანიშნავი და ლამაზი ქალაქია, მე კიდევ ვტოვებ“. დამშვიდობება არ გამძნელებიაა. ვემშვიდობებოდი არა მარტო მეგობრებს, არქიტექტურასა და პეიზაჟს, არამედ ისტორიასაც, მაგრამ ვიცოდი, თვითმფრინავში ჩაჯდომისთანავე, ჩემთვის სულერთი იქნებოდა, ვინ ჩაუდგებოდნენ უნგრეთს სათავეში – მემარჯვენეები თუ მემარცხენეები, სულერთი იქნება, ვინ დასახლდება ჩემს ბინაში ან რა ბედი ეწევა ჩემს სახელოსნოს. რაღაცნაირი სიმსუბუქე ვიგრძენი იმ ტურისტივით, საინტერესო ადგილას რომ დაეხეტება, თითქოს ათასი ძაფი არ მაკავშირებდა, საუბრები, სიხარული და იმედგაცრუება, წყენა, კოცნა, უძილო ღამეები. წასვლის წინ ლასლოს მინდოდა დავმშვიდობებოდი, ლასლოს, ლითოგრაფიის სახელოსნოდან. „ბოლოს და ბოლოს, მუშაობაში ერთად გატარებული საათები იმსახურებენ – ნახვამდის თუ მშვიდობით!“. სახელოსნოზე მძიმე ბოქლომი დამხვდა. „კარგია...“, – გავიფიქრე ჩემთვის სულ ერთი წამით, გამიელვა და გაქრა.

Coda.
2016 წლის აპრილი. ვზივარ ნიუ იორკის ერთ კაფეში. გარეთ გაუთავებლად წვიმს. გადაჭედილ კაფეში ყურთასმენა წაღებულია. მე კიდევ წიგნის წაკითხვა მინდა. ამ წიგნის: „ქალაქის ისტორიული პორტრეტი. ბუდაპეშტი 1900“. უკანასკნელ გვერდებზე რამდენიმე ფრაზა ვიპოვე, რომლებიც ორ მსოფლიო ომს შორის მოქცეული ბუდაპეშტის ელეგანტურობასა და არისტოკრატიზმს ეძღვნებოდა. მომწონს ლუკაჩის სტილი. ის აღწერს ქალაქის ხედს მარგიტის ხიდის მიდამოებში. ჩემი ესეც ამ ხედის აღწერით იწყება, რომელიც ფანჯრიდან იშლება. ლუკაჩი სხვანაირად წერს:
„ყოველ საღამოს, მარგიტის ხიდის სამხრეთის პარაპეტს მიყრდნობილი, შეგიძლია დატკბე მიხვეულ-მოხვეული დუნაის შეუდარებელი ხედით, რომელსაც დიდებული შემოგარენი აკრავს, ბაროკოსავით ხვეული და განათებული. ეს გორაკებზე შეფენილ შენობებში ანთებული შუქია, ასე რომ ბრწყინავს...“.
თარგმანი: რუსუდან დარჩიაშვილი
ფოტო: ლადო ფოჩხუა