მელაპარაკე | ნინო ლომაძე
03.10.2017სუიციდი არ არის არჩევანი. თავს იკლავენ მაშინ, როდესაც ტკივილი ერევა ძალას, რომლითაც თავად ტკივილი უნდა დაამარცხო.
სამი თვე ოთახიდან არ გადის. სძინავს.ხატავს. კითხულობს.
- ან მუსიკას ვაკეთებ, ერთადერთი, ბებიაჩემს გავძახებდი მშია -მეთქი, ისიც, ორ დღეში ერთხელ.
ლაშა იმ დროს 15 წლისაა. სკოლაში არ დადის, ისედაც ექსტერნად აბარებს გამოცდებს წლის ბოლოს. წელსაც ასე მოიქცევა. ყველა მეგობარს ჩამოსცილდა. არავის ელაპარაკება.
- რაც არ უნდა მეთქვა, არა;სერიოზულად მოეკიდებოდნენ, მაქსიმუმ, შენ ხო არ გარეკე – ეთქვათ.
როცა რამდენიმე დღე გადაბმულად ფხიზლობს, სვამს ტრანკვილიზატორს, წამლების ყუთიდან. „მოდი, ფსიქოლოგთან წავიდეთ“, „აბა, რა გინდა, რა ვქნათ?“ მშობლები თავს რომ აბეზრებენ, უხეშად, ან ძალიან უხეშად პასუხობს.
კარი შიგნიდან აქვს ჩაკეტილი. სახლიდან სულ რამდენჯერმე გადის, მაღაზიაში რაღაც წვრილმანებს ყიდულობს.
გაუთავებლად სქროლავს „იუთუბის“ ვიდეოებს გლობალურ დათბობაზე. უყურებს, როგორ ლღვება უშველებელი თეთრი აისბერგები ოკეანეში. იმახსოვრებს წლებს, როდესაც ქვეყნების სანაპიროები დაიტბორება და მილიონობით ადამიანი დაკარგავს სახლს. ათვალიერებს პლასტმასის კუნძულების ფოტოებს, კითხულობს სტატიებს გაუდაბნოებულ არეალებზე.
- მივხვდი, რომ ადამიანები ბაქტერიები არიან და დედამიწას ჭამენ. არ მინდოდა ამ განადგურებაში მონაწილეობა. ვეღარ ვხვდებოდი, რა აზრი ჰქონდა ცხოვრებას.
შუადღეს შფოთით იღვიძებს. ოთახში აქეთ -იქით დადის, მერე „სახლის აფთიაქი“ მოაქვს. ყველაფერს ერთად ყლაპავს, რასაც პოულობს. ნაწილს მშრალად, ნაწილს წყალს აყოლებს.
„არ ვიცი, რამდენ ხანში მიპოვეს. ძალიან ღრმად ჩამეძინა“.
სამი დღე კომაშია. მეოთხე დილას თვალს ახელს და პალატას ათვალიერებს. უცხო გარემო ეხამუშება, შფოთავს. მერე ნაცნობი ხმა ესმის და უეცრად, ტანში თბილი ჟრუანტელივით უვლის რაღაცნაირი შვების და უმისამართო მადლიერების განცდა – რომ გადარჩა.
ოჯახის წევრებთან პირველი შეხვედრისას ყველა ტირის.
- მერე ნელ -ნელა დავლაგდით. ბევრი ვილაპარაკეთ. და ყველაფე რი შემეცვალა. სახლიდან გამოვედი, ახალი ადამიანები გავიცანი და მეგობრები გავიჩინე. ძველებიდან ერთი-ორი შემომრჩა, მაგრამ ისეთები, ერთმანეთისთვის ტყვიას რომ გადავეფარებით, თუ როგორც ამბობენ. უკვე ოთხი წელი გავიდა. მშობლებისთვის მგონი სიტყვაც არ მითქვამს ხმამაღლა. ისეთ რაღაცეებზე დავფიქრდი, რომ ახსნა მიჭირს. ძაან ღრმად დავფიქრდი.
ოთახი ისევ ისეთი დახვდა: მხოლოდ მისთვის გასაგები ლოგიკით დალაგებული ნივთებით, კომპიუტერი სავსე დაუმთავრებელი ტრეკებით და ონლაინძიების მთელი ისტორია.
- რატომღაც ეგრევე გამეჩხერებული ტყეები გამახსენდა, გეოგრაფიის გაკვეთილიდან, მეწყერი რომ შეუძლია გამოიწვიოს. ...ხეებზე ვგიჟდები. შემიძლია ვიჯდე და ვუყურო. ჰოდა, ერთხელაც ავდექი და მამაჩემს ვთხოვე ხეების დარგვაში დამხმარებოდა.
გურჯაანში შეარჩიეს ერთი გორა, მეჩხერი ტყით და ოცდათხუთმეტი ძირი ნაძვი დარგეს. მერე სხვა ადგილები იპოვეს.
-გაზაფხულზე ან შემოდგომით, ამინდი გამოვა თუ არა, მე და მამაჩემი ვდგებით და მივდივართ.
სუიციდი დღემდე ტაბუდ რჩება - მისი რცხვენიათ, მალავენ, მეხსიერებიდან შლიან, ცდილობენ, მასთან დაკავშირებული ყველა ფაქტი სამუდამოდ გააქრონ შვილების ბიოგრაფიებიდან. თითქოს ასე უფრო მალე დამთავრდება ეს კოშმარი. სინამდვილეში კი, როდესაც ექიმების დანიშნულების შესრულებაზე უარს აცხადებ, ფაქტობრივად, სახლში ოთხჯერ გაზრდილი საფრთხე მიგყავს.
ახლა რაღაც პროექტზე მუშაობს,
- ისე, დიჯეიკარიერას, თუ რაც ჰქვია, იმას ვაკეთებ
თან სწავლობს, ბარებშიც უკრავს ხოლმე, ხანდახან. სულ უფრო იშვიათად აგონდება ის დრო.
- გაიარა. საფიქრალიც აღარაფერია. იმდენი ვიფიქრე, რომ მეტი აღარ მინდა.
მსოფლიოში ყოველ წელს რვაასი ათასზე მეტი ადამიანი იკლავს თავს.
ბოლო კვლევა სუიციდზე აჩვენებს (© WHO), რომ 2000-2012 წლებში თვითმკვლელობების რიცხვი მცირდება. თუმცა არის გამონაკლისი: უმეტესად მაღალშემოსავლიანი ქვეყნები და რატომღაც – საქართველო, სადაც სუიციდი, პირიქით, გახშირებულია. 2016 წელს, მხოლოდ ექვს თვეში, საქართველოში, 252-მა ადამიანმა მოიკლა თავი, აქედან ოცდაცხრა იყო 15-24 წლამდე; ქალებზე ოთხჯერ მეტი კაცი დაიღუპა სუიციდით, შემთხვევების 32 % კი, 45-65 წლის ასაკის მამაკაცებში მოხდა.
2013 – 312;
2014 – 382;
2015 – 400;
2016, პირველი ნახევარი – 252
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევა ასევე ამტკიცებს, რომ ერთ თვითმკვლელობაზე მინიმუმ ოცი მცდელობა მოდის. ანუ ყოველი სუიციდით გამოწვეული სიკვდილის დროს, სხვაგან, სადმე, კიდევ ოცი მცდელობა უნდა ვიგულისხმოთ. თუმცა, საქართველო აქაც უცნაური გამონაკლისია – შსს-ს მონაცემებით, სუიციდის მცდელობები თვითმკვლელობის შემთხვევებზე იშვიათია და მეტიც, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად იკლებს.
სუიციდის მცდელობა2013 – 304
2014 – 245
2015 – 215
2016, პირველი ნახევარი – 151
„ეს რიცხვები არ შეიძლება ასახავდეს რეალობას. მცდელობების რაოდენობა რამდენჯერმე მაინც უნდა გავამრავლოთ, სინამდვილეს რომ მივუახლოვდეთ, – ამბობს ფსიქიატრი თინა მეზვრიშვილი, – ძალიან ხშირად, სუიციდის მცდელობის შემდეგ, ფსიქიატრის კონსულტაციას არ იღებენ“.
როგორც ფსიქიატრი ამბობს და ქვემოთ მოყვანილ კვლევებშიც ჩანს, ეს თითქმის ფატალური დაუდევრობაა, რადგან დათვლილია – პირველი თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ, ექვსი თვის განმავლობაში, ყოველი მეოთხე იმეორებს მცდელობას (სუიციდური ქცევის კვლევის ლაბორატორია. გლაზგოს უნივერსიტეტი 2014). მიუხედავად ამისა, უმეტესობა, და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, მაგალითად, ბრიტანეთშიც, უარს ამბობს მკურნალობაზე, მოტივით: ჩემს პირად დრამას მე თვითონ მივხედავ. ასე ხდება ზრდასრულებთანაც და მოზარდებთანაც.
„მე ვამბობ, რომ შეეშალა, სხვა წამალი დალია, რომ ზედმეტი მოუვიდა და ეს ინტოქსიკაცია იყო...“, ძალიან ხშირად უთქვამთ მშობლებს ჩემთვის“, – ამბობს თინა მეზვრიშვილი.
ასეთი მცდარი ჩვენების შედეგად ყალბდება ადამიანების სამედიცინო ისტორია, მრუდდება სურათი ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებშიც.
ამ დროს, კლინიკებს მკაფიოდ გაწერილი რეგულაციები აქვთ. როგორც კი ექიმი თვითდაზიანებას აღმოაჩენს, კლინიკაში გამომძიებელს იძახებენ და პაციენტს ფსიქიატრთან კონსულტაციას სთხოვენ – ფსიქიატრმა პაციენტის მდგომარეობა უნდა შეაფასოს, გამომძიებელმა – დანაშაული გამორიცხოს.
საქართველოში თვითმკვლელობამდე, ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა კრიმინალიზებულია. 115-ე მუხლი ბრალდებულს, ვინც ადამიანი ამ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა, თავისუფლებას ან სამ წლამდე უზღუდავს, ან მას ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობა ემუქრება. ამიტომ, კანონის თანახმად, თვითდაზიანების შემთხვევაში, გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს. მიუხედავად ამისა, საქართველოს სასამართლოს ჯერ არცერთი ასეთი საქმე არ განუხილავს (იგულისხმება ის საქმეები, რომლებიც მხოლოდ 115ე მუხლითაა აღძრული).ეს იმას ნიშნავს, რომ გამოძიებამ დანაშაულის ნიშნები ვერცერთხელ ვერ აღმოაჩინა და საქმის წარმოება მალევე შეწყდა.
„უი, კი. თითქმის ყველა გვთხოვს, რომ თვითდაზიანება ოფიციალურად არ გავაფორმოთ, – მეუბნება მიმღების განყოფილების თანამშრომელი, ყოფილ „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“, გვთხოვენ, დავეხმაროთ, რომ დამატებით პრობლემები არ შევუქმნათ, მაგრამ რა უფლება გვაქვს! ასეთი რამე არასდროს გაგვიკეთებია. აი, გამომძიებელი ახლაც აქაა. ისაა, ექიმის გვერდით სკამზე რომ ზის“.
ფსიქიატრი პაციენტს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მკურნალობას დაუნიშნავს, დანარჩენს კი უკვე თავად პაციენტი, ან, მოზარდის შემთხვევაში, მშობელი და მეურვე გადაწყვეტს. „მკურნალობა“ შეიძლება ერქვას სამ რამეს: მედიკამენტოზურ კურსს, ფსიქიატრთან ან ფსიქოთერაპევტთან ვიზიტების ციკლს, ან ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებას. ანდა მათ სხვადასხვა კომბინაციას.
გამომძიებელთან და ფსიქიატრთან შეხვედრაზე მშობლების უმეტესობა ჩივის, ამბობენ, რომ ეს ზედმეტი თავის ტკივილია. სინამდვილეში კი, მათი რეაქცია ორმაგი სტიგმის ეფექტია – პოლიციასთან და ფსიქიატრიასთან გადაკვეთა ცხოვრების ორი ყველაზე ძლიერი სტიგმით გაგრძელებას ნიშნავს.
რორი ოკონორი თხუთმეტია წელია სუიციდს იკვლევს და გლაზგოს უნივერსიტეტში, სუიციდური ქცევის კვლევის ლაბორატორიას ხელმძღვანელობს. ის ამბობს, რომ
მწირ რესურსებზე მეტად, სუიციდის პრევენციას ხელს სწორედ სტიგმა უშლის. ის ყველაფერზე ძლიერია: ფულზეც, ნებაზეც და სკრუპულოზურ ნაბიჯებად გათვლილ სტრატეგიაზეც.
სუიციდი დღემდე ტაბუდ რჩება – მისი რცხვენიათ, მალავენ, მეხსიერებიდან შლიან, ცდილობენ, მასთან დაკავშირებული ყველა ფაქტი სამუდამოდ გააქრონ შვილების ბიოგრაფიებიდან. თითქოს ასე უფრო მალე დამთავრდება ეს კოშმარი. სინამდვილეში კი, როდესაც ექიმების დანიშნულების შესრულებაზე უარს აცხადებ, ფაქტობრივად, სახლში ოთხჯერ გაზრდილი საფრთხე მიგყავს.
სუიციდის სტიგმა ფონად მთელ ისტორიას გასდევს და მის კვალს ანტიკურ საბერძნეთამდე მივყავართ. მაგალითად, ძველი ბერძნები და რომაელები თვითმკვლელებს სულ არ კიცხავდნენ, ვიდრე არისტოტელემ ერთხელ არ განაცხადა: თვითმკვლელობა ეკონომიკას ანგრევს და ჩვენს ღმერთებს გაანაწყენებსო [ალ ალვარეზი „მძვინვარე ღმერთი“, 2002]. არც ბიბლია გმობდა სუიციდს, პირველი ქრისტიანებში ნეტარი ავგუსტინე ყოფილა, ვისაც უთქვამს – თვითმკვლელობა ქრისტიანული ღირებულებებისთვის მიუღებელიაო [კოლინ პრიჩარდი „სუიციდი – სიცოცხლის ბოლო უარყოფაა?“, 1995].
მთელი საუკუნეების განმავლობაში, სტიგმა ევროპაში გუნდასავით მოგორავდა, ნელ-ნელა იზრდებოდა, საბოლოოდ კი სირცხვილიდან და ცოდვიდან დანაშაულად გადაიქცა. მსოფლიოში დღემდე ოცდაერთი ქვეყანაა, სადაც კანონით ისჯება ის, ვინც თავის მოკვლას ცდილობს და მხოლოდ ბედნიერი შემთხვევის წყალობით გადარჩება. პირველად XIX საუკუნის მიწურულს, ფრანგმა სოციოლოგმა და ფილოსოფოსმა, ემილ დურკჰაიმმა ჩამოხსნა თვითმკვლელობას მორალური ტვირთი [„სუიციდზე“, 1897] და თქვა, რომ ეს ადამიანის სოციალურ ადაპტაციასა და ინტეგრაციასთან დაკავშირებული ტკივილია. იქვე იყო შოპენჰაუერიც, რომელიც ამბობდა:
„გვარწმუნებენ, რომ თვითმკვლელობა ლაჩრობაა... რომ თვითმკვლელობა არასწორია. თუმცა, ფაქტია, რომ ადამიანს სხვა არაფერზე აქვს იმხელა უფლება, რამხელაც საკუთარ თავსა და სიცოცხლეზე“.
მაშინ ეს თვითმკვლელობის ფენომენის ჯერ კიდევ მარგინალური, ინტელექტუალური ახსნა და მისი ჰუმანიზაციის მცდელობა იყო. ნახევარი საუკუნის შემდეგ კი, სუიციდის დეკრიმინალიზაციის მთელი ტალღა დაიწყო.
პირველად ბრიტანეთმა გაბედა, მერე სხვებიც მიჰყვნენ. თუმცა, სხვადასხვა რელიგიური კულტურა, მათ შორის ქრისტიანობა, სუიციდს ისევ ცოდვად მიიჩნევს და სტიგმაც ძველებურად ბობოქრობს. მკვლევრები ამბობენ, რომ დღეს მას ორი წყარო კვებავს. პირველ რიგში, ტერმინი „კრიმინოგენური წარსულისგან“ და ასევე ცოდვის სიმძიმისგან უნდა გათავისუფლდეს, რადგან სიტყვას ეს მნიშვნელობები ისევ შეფარული აქვს. მეორე წყარო კი, სუიციდის ფენომენის კავშირია მედიცინის ერთ-ერთ ყველაზე სტიგმატიზებულ სფეროსთან – ფსიქიატრიასთან.
- ვინ არის დაზღვეული, რა ვიცით, რომ სამსახურში არ შეექმნება პრობლემა? ან ნათესავები რა კუდებს გამოაბამენ. ახალგაზრდაა ჯერ, ოჯახი უნდა შექმნას, შვილი გააჩინოს. ვის უნდა ასეთი წარსულით ცხოვრება? – მოულოდნელად გვერთვება საუბარში საშუალო ასაკის ქალი, „რესპუბლიკურის“ მიმღებთან. „მართალი ბრძანდებით, ქალბატონო, – პასუხობს ჩემი თანამოსაუბრე, – მაგრამ, წარმოიდგინეთ, აბა, ამ შიშებით, სამსახურში არ გამიგონ, ვინმეს სუსტი არ ვეგონო, ან გენეტიკა არ გამილანძღონ, ან გიჟი არ დამიძახონ, ხომ დავდუმდი საერთოდ. ქალი უხმოდ გვეცლება.
„მთელი ცხოვრება ვიძახდი, რო ადამიანებთან ურთიერთობაა მთავარი, რო მეგობრობისთვის და სიყვარულისთვის ვცხოვრობ, მაგრამ ისე გამოვიდა, რო ჩემდა უნებურად, შემთხვევით, აი, რო პირდაპირი გაგებით, ვუღალატე.
ჩემ თავს ვუთხარი, თუ შეგიძლია ადამიანს ასეთი რამე გაუკეთო, მერე საკუთარი ცხოვრების სასწორზე შეგდებაც მოსულა მეთქი. აბა, თუ ვიქნები ღირსი, რო გადავრჩე.
ისეთი გაბრაზებული ვიყავი საკუთარ თავზე.
აი, ასე, პირდაპირ: ეხლა მე შევწყვეტ სიცოცხლეს – არ მიფიქრია, მაგრამ მივედი ფსიქოტროპულში, რაღაც მანიპულაციით ვიყიდე წამლები, გავედი ბაღში და ნელ-ნელა დავლიე, თითო-თითო, თან წყალს ვაყოლებდი. ამას ისე აუღელვებლად ვაკეთებდი, ვერავინ მიხვდებოდა, თავს რო ვიკლავდი. მეგობრებმა ძალიან მალე მიპოვნეს და ასე გადავრჩი.
საშინლად მრცხვენოდა ჩემი ღალატის გამო.
ეს იყო შიშს, სირცხვილსა და საკუთარ პრინციპებს შორის დამდგარი ამბავი, რომელზეც პასუხისმგებლობა უნდა ამეღო და უბრალოდ გადამეძლია. მე კიდე მისგან გაქცევა მინდოდა.
სხვათა შორის, მერე მივხვდი, არც სირცხვილი ყოფილა რთული. საერთოდ, რატომ მეგონა, რო ცხოვრებაში არასდროს არავისთან არაფერი შემეშლება, არ ვიცი. აბსოლუტურად ადამიანური მომენტია.
ერთი თვე ვუყურე, როგორ იტანჯებოდნენ ჩემი მშობლები. დუმდნენ. მერე მივხვდი, რო თვითონ ამას ვერასდროს იზამდნენ, დავისვი და ყველაფერი მოვუყევი. პირველად ვიყავი გულწრფელი ადამიანებთან, ვისთანაც აზრობრივად ვერ ვთანხმდები, მათგან კი აბსოლუტურ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვგრძნობდი. არ ველოდი. მინიმუმ ბარგის ჩალაგებას ვაპირებდი. მაგრამ დამანახეს, რო არაფერი არ არსებობს იმაზე მაღლა, ვიდრე ჩვენი სიყვარულია. რეალურად, ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვისაუბრეთ.
მერე ყველა სასწრაფოდ შევთანხმდით, რომ ის დღე, უბრალოდ, უნდა დაგვევიწყებინა.
პირველი ერთი წელი სულ მრცხვენოდა და მარტო ამაზე ვფიქრობდი. იმ ადამიანსაც ბოდიში მოვუხადე. ძალიან უხეში კი იყო, მაგრამ არ იყო პრობლემა, გავუძელი. იმის დიდხანს მცხვენოდა, თავი რომ ვერ ავიყვანე ხელში, ხომ შეიძლებოდა ფატალურად დამთავრებულიყო, მაგრამ ვინც იცოდა, ყველას სათითაოდ ველაპარაკე.
მეორე წელს უკეთ ვიყავი. მესამე წელს მივხვდი, რო ამაზე ფიქრი უკვე მომბეზრდა.
საავადმყოფოში, მახსოვს, ფსიქოლოგი ჩამოიყვანეს და რაღაც სისულელეები ვუთხარი, თავიდან რო მომეცილებინა. არადა, დღემდე მაინტერესებს, ვინც ამას ჩადის, ის ჯანმრთელი შეიძლება იყოს თუ აუცილებლად ფსიქიკური პრობლემა აქვს? იმისთვის ეს მაინც მეკითხა“.
*სტატიის არც ერთ რესპონდენტს, სუიციდის მცდელობის შემდეგ, არ გაუვლია რეაბილიტაციის კურსი,
არც ფსიქოლოგთან ჰქონია კონსულტაცია და არც ფსიქიატრთან.
***
ჯერ კიდევ ოცდაათი წლის წინ, თვითმკვლელობა მხოლოდ ფსიქიატრიულ ფენომენად ითვლებოდა.
დღეს მეცნიერები მის ფსიქოლოგიურ განზომილებასაც სწავლობენ და ამბობენ, რომ სუიციდი გადაწყვეტილებაა. ნებისმიერი სა კითხი კი, რაც ცნობიერი არჩევანია, უკვე ფსიქოლოგიას ეკუთვნის.
რორი ოკონორი ამბობს, რომ, როგორც კი სუიციდს არქმევ ქცევას, მის გასაგებად ახალი სივრცე კი არა, მთელი ჰორიზონტი გეხსნება.
ფსიქოლოგია შიფრავს მოტივებს და გვაჩვენებს გზას – როგორ უახლოვდება სუიციდური ფიქრებით ადამიანი ამ გადაწყვეტილებას, რას და როგორ მიჰყავს იქამდე. სწორედ აქ, ამ ხედვაში ჩნდება ახალი შანსები, ვიდრე ფიქრები მცდელობამდე გაიზრდება, რომ ჩაერიო და გადაარჩინო.
კვლევები იმასაც ადასტურებს, რომ თვითმკვლელობის 90%-ზე მეტ შემთხვევაში, სიკვდილამდე გამოხატულია რაიმე სახის ფსიქიკური აშლილობა (სუიციდური ქცევის ფსიქოლოგია. 2014). თუმცა, იქვე არსებობს მეორე და მნიშვნელოვანი სტატისტიკაც:
ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას არასდროს აქვს თვითმკვლელობის მცდელობა.
რაც იმას ნიშნავს, რომ აშლილობა არ შეიძლება სუიციდის საფრთხედ, მის წინასწარმეტყველებად, ან მის მიზეზად ჩავთვალოთ. ის სუიციდის, უბრალოდ, ერთ-ერთი რისკფაქტორია და მეტი არაფერი.
რისკფაქტორიც ტერმინია და ასე იმ გარემოებებს ჰქვია, რომელიც ადამიანს სუიციდისკენ განაწყობს, მისკენ გზას უმოკლებს. ასეთი ფაქტორი უამრავია. ზემოთ ნახსენებ კვლევაში, მეცნიერები მათ ოთხ ჯგუფად ჰყოფენ, პირველია: ინდივიდუალური თავისებურებები (ტემპერამენტი). მაგალითად, კოლეჯის სტუდენტების კვლევამ აჩვენა, რომ ოპტიმისტებს გაცილებით იშვიათად უჩნდებათ სუიციდური ფიქრები. რისკფაქტორად ითვლება დაბალი თვითშეფასება და საკუთარ თავში დაურწმუნებლობა. პერფექციონისტები და ნევროტიკებიც ამ ჯგუფში არიან.
შემდეგია კოგნიტური ფაქტორები – აქ ერთიანდება რადიკალური ცვლილებების, სიახლეების მიმართ მოქნილობა და გამოწვევების მიღების, ადაპტაციის უნარები. რისკფაქტორია უსიამოვნო ფიქრების ან რთული გადაწყვეტილების მიღების თავიდან აცილების მიზნით, ფიქრის საერთოდ შეწყვეტა. ისეთ წარსულს, რომელიც მეხსიერებაში პრობლემების გადალახვის გამოცდილებას არ ინახავს, ასევე რისკფაქტორად მიიჩნევენ.
ფაქტორია იმ განცდით ცხოვრება, რომ სხვების საზიდი ტვირთი ხარ, რომ არაფერს და არავის წარმოადგენ, არცერთ ჯგუფს არ ეკუთვნი, და ამას ერთვის სრული უიმედობის განცდა, რომ ეს ოდესმე შეიცვლება.
ფაქტორია ისიც, რომ ტკივილის საერთოდ არ გეშინია. ეს არასდროს გაგაჩერებს.
ფაქტორია შფოთიც, აღგზნებადობა, რომელიც დიდხანს გრძელდება.
სოციალური ფაქტორებიდან ახსენებენ სოციალური ტრანსმისიის ეფექტს, რაც ნიშნავს, რომ ოჯახის წევრების, ახლობელი ადამიანების სუიციდურ ქცევასაც შესაძლოა ჰქონდეს გავლენა. და ეს, რა თქმა უნდა, ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს სუიციდისკენ მიდრეკილება გენეტიკურად გადადიოდეს. სისხლით ნათესაობა ასეთ ქცევასთან კავშირში არ არის. არსებობს ჯაჭვური რეაქციის სუიციდიც, რომლის ერთ, მოკლე ვერსიას ჯერ კიდევ გოეთეს „ახალგაზრდა ვერტერის ვნებანში“ იპოვი.
ყველაზე გახმაურებული ჯაჭვური რეაქციის თვითმკვლელობებიდან, ტუნისელი ქუჩის მოვაჭრის, მუჰამედ ბუაზაზის საჯარო სუიციდი, აშშ-ის კოლეჯების სტუდენტების თვითმკვლელობის მთელი ჯაჭვი, ბოლოს – შარშანდელი, სილიკონის ველის სუიციდების შემთხვევები შეიძლება გავიხსენოთ. მოზარდებში, პერიოდულად, მოდური ხდება სახიფათო თამაშები, რაც ჯანმრთელობისთვის, სიცოცხლისთვის საშიში ამოცანების შესრულებას გულისხმობს.
ასეთ თამაშს ემსხვერპლა შარშან, რუსეთში 13 წლის გოგონა, რომელიც თვითმკვლელობის იმიტაციას ცდილობდა, სიკვდილი კი, სველ ზედაპირზე შემთხვევით ფეხის დაცდენამ გამოიწვია.
რისკფაქტორია, როდესაც ადამიანი სრულ იზოლაციაში იწყებს ცხოვრე ბას და ფაქტორია, როდესაც გარემოცვა ასეთ ქცევას არაფრად აგდებს. ფაქტორებია ბავშვობის ტრავმა და ნებისმიერი ნეგატიური გამოცდილება – ძალადობა, უბედური შემთხვევა, საყვარელი ადამიანის დაკარგვა, დაავადება, ხანგრძლივი ტკივილი, ფინანსური და სამართლებრივი პრობლემები, კონფლიქტი შეყვარებულთან, ოჯახის წევრებთან, ბულინგი – აშშ -ში ჩატარებულ კვლევებში ჩანს, რომ მოზარდებში ყველაზე ხშირად სუიციდის ფაქტორი ბულინგი და კიბერბულინგია.
- მოზარდობის დროს პირველად ჩნდება კითხვები: ვინ ვარ, რა ვარ, რისთვის მოვედი? ამ პასუხების ძიების პროცესი შეიძლება ძალიან მტკივნეული იყოს“, – ამბობს თინა მეზვრიშვილი, ფსიქიატრი. როცა მოზარდი ამ სამყაროს საზღვრების წარმოდგენას, მისი მასშტაბების გააზრებას ცდილობს, შესაძლოა მის საინფორმაციო ველში მხოლოდ ნეგატიური შინაარსი ხვდებოდეს, შედეგად კი სრული იმედგაცრუება და აპათია გაჩნდეს. ასეთ დროს, ყველას, ვინც მათ სიახლოვესაა, გადამწყვეტი როლი აქვთ. „თუ გარემო არ გიწყობს ხელს და ტემპერამენტიც შესაფერისი გაქვს, თვითონ პუბერტული ასაკიც შეიძლება რისკფაქტორად იქცეს. თანაც, ეს ის ფაქტორია, რომლის შეცვლაც არ შეიძლება. ოჯახის და გარემოს მხარდაჭერა შეიძლება შეიცვალოს. ასაკს ვერაფერს ვუშველით, უნდა გაიზარდოს“.
ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები, სხვადასხვა დროს და ადგილას, შეიძლება ორ, ერთმანეთისგან დრამატულად განსხვავებულ ფინალზე მიგვანიშნებდეს: თვითმკვლელობაზე, ან უბრალოდ დროებით კრიზისზე, რომელსაც სრულიად უწყინარი ბოლო აქვს. ეს ფაქტორები შეიძლება უცხო თვალისათვის ბოლომდე შეუმჩნეველი დარჩეს, რამდენიმე ასეთი გარემოების თანხვედრამ კი, ადამიანს სუიციდისკენ უბიძგოს.
„შემაძრწუნებელი სიკვდილის შემდეგ, ჩვენ ყველას გვინდა მარტივი პასუხები მოვისმინოთ, მაგრამ ადამიანი თვითმკვლელობის გზას არ ადგება მხოლოდ ერთი მიზეზის გამო“, – წერია ევროპის დართ ცენტრის ბროშურაში ჟურნალისტებისთვის, რომელიც სუიციდის გაშუქების თემას ეძღვნება. „როგორც წესი, მას შემდეგ, რაც თქვენ ფსიქოლოგიურ აუტოფსიას დაასრულებთ, მოვლენათა და გარემოებათა მთელი სერია გამოჩნდება ხოლმე“, – ამბობს მედელინ გოულდი, ფსიქიატრიის პროფესორი კოლუმბიის უნივერსიტეტიდან.
„და ძირითადად, ეს უბრალოდ არასწორად მართული კრიზისული სიტუაციებია, რომლის შესახებ ცოდნა არცერთ დონეზე არ არსებობს – არც ოჯახში იციან, რა ქცევას მიაქციონ ყურადღება, არც სკოლამ იცის, როდის ატეხოს განგაში და არც საზოგადოებამ იცის, როგორ მიხედოს ამ ტკივილს, რომელიც ტრაგედიების შემდეგ რჩება“, – ამბობს ფსიქოლოგი მაია ცირამუა.
ეს ისტორიები მარტო ქუჩების, ქალაქების, სოფლების მეხსიერებაში აღარ ეტევა და გარეთ გამოდის, ერთ დიდ ნარატივად ერთიანდება და სტივენ კინგის აჩრდილებივით დაგვყვება უკან. ეს უგულებელყოფილი დახმარების ძახილის, ტკივილის, დავიწყებული ჩაგვრის, დამცირების და შეურაცხყოფის ტვირთია, რომლითაც დღეს ათასები ცხოვრობენ.
ერთადერთი ნუგეში ასეთ დროს სხვისი განცდების, სხვისი ტკივილის მიმართ მაღალი მგრძნობელობაა – მოსმენა და ემპათია. როდესაც ყურადღება იფანტება, ან ეს ძალები გეცლება ხელიდან, ტრაგედიისგან სწორედ სუიციდის პრევენციის პროგრამები, ცოდნა და უწვრილეს ნაბიჯებად გათვლილი რეკომენდაციები გიცავს. ასეთი სტრატეგიები მსოფლიოს სულ 28 ქვეყანას აქვს და მათ შორის ჯერ არ არის საქართველო. მეტიც, ამ ქვეყნებისთვის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას 2020 წლისთვის სუიციდის შემთხვევების 10%-ით შემცირება აქვს დაგეგმილი. განვითარებულმა სამყარომ იცის, რომ სუიციდის პრევენციის პროგრამა აბლაბუდასავით უნდა მოედოს ქვეყანას და საფრთხის დეტექტორები სხვადასხვა სექტორზე გაიშალოს, რომ მათ შესახებ ცოდნა საზოგადოების სხვადასხ ვა შრეში გავრცელდეს და პერიფერიებსაც მისწვდეს – რათა ამოივსოს ყველა ნაპრალი, სადაც სიცოცხლეები სხლტება.
საქართველოში სუიციდის პრევენციის სტრატეგია ახლა იწერება და, ოფიციალური განმარტებით, იმ ქვეყნების დოკუმენტის მსგავსი იქნება, სადაც ეს პროგრამები წლებია, მუშაობს. ალბათ, ისევ ამუშავდება ცხელი ხაზიც, რომელიც დღეს ინტერნეტით იძებნება, უბრალოდ, მას აღარავინ პასუხობს.
ნანა აღაპიშვილი, ფსიქო-სოციალური დახმარების ასოციაცია „ნდობის“ დირექტორი, ამბობს, რომ 1990 წლიდან მოყოლებული ტელეფონი პირველად 2014 წელს გაითიშა – გრანტი დასრულდა, აღარც მოხალისეები შემორჩათ. „ყოფილა წლები, როცა 14 000 ადამიანსაც მოუმართავს. დღეში ოცდაათი, ორმოცი ადამიანი მაინც რეკავდა“.
მეცნიერები კი ამბობენ, რომ ლაპარაკი შეუცვლელია, ის გადარჩენის ერთადერთი გზაა. დღეს პრევენციის პროგრამის რეკომენდაციები და ინსტრუქციები ამ გენიალურ სიმარტივეზე დგას: ელაპარაკე და მოუსმინე. ლაპარაკი და გულისყურით მოსმენა – ყველაზე ძლიერი იარაღია სუიციდის წინააღმდეგ.
მეორე ცდაზე 19 წლის იყო. უკვე ყველაფერი მზად ჰქონდა, ინბოქსში ბავშვობის მეგობრის სახელი რომ ამონათდა: „რას შვები შეჩემა?“ ყველაზე მეტად მასთან ლაპარაკი ენატრებოდა. წლებია აღარ ჩამოსულა და არ უნახავს. „ვუთხარი რასაც ვშვებოდი. ცოტა ხანს დამელოდე, ერთხელაც გნახავ და მერე, რაც გინდა, ის ქენიო“. დილამდე ილაპარაკეს.
მანამდე, როგორც ხდება ხოლმე, ყველაფერი ერთმანეთს მიეწყო: ჯერ იყო ხანგრძლივი, პერიოდული ამოსუნთქვებით, მაგრამ ლამის ორწლიანი დეპრესია. 14 წლიდან ფსიქოტროპულებს სვამდა. როცა არ ჰყოფნიდა, ზედ ალკოჰოლს აყოლებდა. მალე დოზებიც გაზარდა, ჰალუცინაციები დაეწყო და შეეშინდა. ცოტა ხნით ყველაფერს თავი დაანება, მაგრამ მერე ისევ უკან მიუბრუნდა.
ზაფხულში უბნის ბიჭებთან კონფლიქტი მოუვიდა. გარჩევები თვეზე მეტხანს გაგრძელდა. საშინლად დაითრგუნა. სახლში ჩაიკეტა. შეყვარებულიც მაშინ დაშორდა. ერთადერთი შვება მუსიკა იყო. სერიოზულ გეგმებს აწყობდა – როგორ უნდა მორგებოდა ამ კომერციულ კონიუნქტურას და თან როგორ ეკეთებინა მუსიკა, რომელიც მოსწონდა. „დედაჩემი როგორ მიყურებდა, იცი? რო აი, ერთობა, რა. აპარატურა და რამე, თამაშობს. სერიოზულად ჩემსას არაფერს არ აღიქვამდა“.
პირველად თავის მოკვლა მაშინ სცადა, როცა დაურეკეს და უთხრეს, ყოფილი შეყვარებულისგან შვილი გაგიჩნდაო.
„ორ თვეში, უცებ ჯოჯოხეთში გავიჩითე. და ვეღარ გავუძელი.
იმდენი ბიო მოვწიე, რო მოვწყდი რეალობას, სულ არ ვფიქრობდი ჩემებზე, რას ვუკეთებდი – არა, პირიქით, მოვიხოდე და ეგრევე მივხვდი როგორ ემატებათ გამბედაობა, როცა თავის მოკვლაზე ფიქრობენ ამის ქვეშ. და გავედი“. გადარჩა. გონზე რომ მოვიდა, ემოციები უკვე დამცხრალი იყო. თითქოს ცხოვრებამ უცბად ჟანრი იცვალა, ჰორორიდან დრამად და ბოლოს ფრანგულ მელოდრამად იქცა: შეყვარებული დაბრუნდა, კონფლიქტიც დასრულდა. მერე ბავშვიც გაჩნდა. მუსიკაშიც რაღაცები გამოუვიდა. სკვერში ვსხედვართ. ორი ბიჭი და ერთი გოგო ხმაურით გვიახლოვდებიან და ფეხებთან სკეიტბორდით ჩაგვიქროლებენ. „ნახე, იქით, ვიღაც რიდის Perfect Day-ს უსმენს. ჩვენ სუიციდზე ვლაპარაკობთ, ჟანრში ვართ ისევ. და კიდევ ერთი ამბავი მაქვს“.
***
ბათუმში სიცხეა. საღამოს პლაჟზე აქა-იქ შემორჩენილი შეზლონგები დგას. ხალხისგან მოშორებით გოგოს ამჩნევს, მარტოა. რაღაც უცნაურ მოძრაობებს აკეთებს. ახლოს მიდის და ხედავს, როგორ გამეტებით იშენს თავში მუშტებს. უფრო უახლოვდება და თავის ძველ მეგობარს ცნობს – გოგო გულამომჯდარი ტირის. „დაელეზდებულია. ესეც და თურმე მისი შეყვარებულიც, რომელსაც დაუბარებია თავს ვიკლავო და ზღვაში შესულა“. კარგა მოშორებით წერტილი მოჩანს, რომელიც დროდადრო ტალღებში თვალს ეფარება. ოთო მისკენ მიცურავს. გზაში თავისი თავი ახსენდება, ორი წლის წინ. „ეი!“ შორიდან ეძახის.
„წარმოიდგინე, მაგარი არაფხიზელი ხარ. შუა ზღვაში. უცბად გეძახიან და შენკენ მოცურავს ტიპი, რომელმაც იცის, რო თავის მოკვლას აპირებ. ისიც იცის, რატომ – ყველა პონტში უსმენ. მგონი ერთი საათი ვიტივტივეთ. მერე მოვტრიალდით და გამოვცურეთ“.
ილუსტრაცია: KVACHI