როცა იბრძვი, გარბიხარ, ან შეშდები | ფსიქოლოგიური ძალადობა ბავშვებში
მამა ტანსაცმლიანად პირაღმა წევს საწოლზე და ჭერში ერთ წერტილს აშტერდება. დედა ბავშვს შარვალს და მაისურს ხდის, საწოლის მეორე მხარეს აწვენს, გვერდით უჯდება და ჩუმად იწყებს სიმღერას. მეორე საძინებელში უფროსი დები არიან. არც იმათ სძინავთ.
ფსიქოლოგიური ძალადობა მუდმივი ემოციური წნეხია, რომლის გამოც ბავშვი საკუთარ სახლში, საკუთარ გარემოში ვერ გრძნობს თავს უსაფრთხოდ. ამ წნეხს განიცდის ყველა ბავშვი, ვისაც ხშირად, ან განუწყვეტლივ თრგუნავენ, ამცირებენ, აშინებენ, შეურაცხყოფენ, ან ემუქრებიან.
„ფსიქოლოგიური ძალადობის ფუნდამენტური თვისება მისი არამატერიალურობაა - ის ფიზიკურად არ არსებობს, ამიტომაცაა მისი ამოცნობა უფრო რთული. ძალადობა ჩვენს საზოგადოებაში ყოველდღიურობის ნაწილია. ის ისეა ნორმალიზებული და მზრუნველობაში, აღზრდის სტილში შერეული, რომ მისი დანახვა შეუძლებელი ხდება”, - ამბობს ფსიქოთერაპევტი, მაიკო ნანიტაშვილი.
ფსიქოლოგიური ძალადობის განმარტება მხოლოდ მეოცე საუკუნის ბოლოს გაჩნდა. სულ რაღაც ორმოცი წელია, რაც ადამიანებმა ის ძალადობის ფორმად აღიარეს.
პირველი კანონი, რომელმაც ბავშვის სიცოცხლის უფლება დაიცვა, ჩვიდმეტი საუკუნის წინ რომში მიიღეს - მაშინ ოჯახის უხუცეს მამაკაცს წაერთვა უფლება, გადაეწყვიტა, მოეკლა თუ არა ოჯახში ახლადგაჩენილი ბავშვი.
ბავშვზე ზრუნვის ვალდებულებები კი პირველად მშობელს მეთვრამეტე საუკუნეში ინგლისის სასამართლოში დააკისრეს და ამ გადაწყვეტილებით ბავშვთა უფლებების ხედვის არეალი გააფართოვეს.
1924 წელს ერთა ლიგამ ჟენევის დეკლარაცია მიიღო ბავშვთა უფლებების შესახებ. 1974 წელს ისევ აშშ-ში სამართლებრივ სივრცეში პირველად გაჩნდა ტერმინი - ფსიქოლოგიური ძალადობა და უგულებელყოფა. 2014 წელს კი, ბრიტანეთმა პირველმა მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც, ათ წლამდე პატიმრობა დაემუქრა აღმზრდელს თუკი ის საკუთარი ქცევით ბავშვის ფიზიკურ, ინტელექტუალურ, ემოციურ, სოციალურ და ქცევით განვითარებას შეაფერხებს.
ეს უკვე იმ მასშტაბის გადაწყვეტილებაა, რომელიც პარადიგმის ნელ, მაგრამ გარდაუვალ ცვლილებაზე მეტყველებს. ბავშვის საჭიროებების უგულებელყოფიდან დაწყებული ძალადობრივ გარემოში მისი აღზრდით დამთავრებული - ბავშვზე ფსიქოლოგიურ ძალადობად დღეს მიიჩნევა მოცემულობათა ფართო სპექტრი. თუმცა, ასეთი ხედვა დაბნეულობას იწვევს, განსაკუთრებით იმგვარ საზოგადოებებში, რომელშიც ბავშვთა უფლებების დაცვა ტრადიციად არასდროს ჰქონიათ. “ბავშვთა უფლებები თანამედროვე სამყაროს თემაა… და ეს კიდევ უფრო ახალი თემაა ჩვენს ქვეყანაში, სადაც არასდროს ყოფილა ბავშვი უფლების მფლობელი. მის ინტერესებზე აქამდე არცერთი სისტემა არ ყოფილა ორიენტირებული - არც გამოძიება, არც ჯანდაცვა, არც შრომითი სფერო და არც განათლება”, - ამბობს ინდიგოსთან 2019 წელს ჩაწერილ ინტერვიუში ანა აბაშიძე, ბავშვთა უფლებადამცველი. შესაბამისად, იმ ქვეყნების რიცხვში, სადაც დღესაც ბუნდოვანებითაა მოცული თავად სახელის - ფსიქოლოგიური ძალადობის შინაარსი, საქართველოც შედის.
„მამაჩემისგან რაც მახსოვს, ესაა მუდმივი შიში და ლეწვის მოლოდინი“, - ამბობს 23 წლის თორნიკე. „არადა, თითქოს ჩვეულებრივი ოჯახი ვიყავით. მამაჩემიც სხვა მამებივით სვამდა. დედა მუშაობდა და გვივლიდა. მაგრამ ეს კაცი, ვისაც დედაჩემი გაჰყვა ცოლად, თავს მშობლად ვერასდროს აღიქვამდა. კი, ფიზიკურად არც დედას და არც ერთ შვილს არასდროს შეგვხებია. საერთოდ, იშვიათად გვეუბნებოდა რამეს. მახსოვს მისი ცივი, მკაცრი რამდენიმე გაფრთხილება და კიდევ განცდა, რომ დედაჩემი ამ კაცისგან უნდა დამეცვა“. უნივერსიტეტში ახალ მეგობრებთან ერთად რომ იხსენებდა ბავშვობის ამბებს, მაშინ დაფიქრდა პირველად, რატომ უნდოდა მთელი ცხოვრება უჩინარი ყოფილიყო, რატომ არასდროს იწევდა ხელს სკოლაში, „რატომ მეშინოდა უცხო სივრცეების. ახლაც კი ვიბნევი ხოლმე, დღემდე მიჭირს ორიენტაცია. მამაჩემთან დღემდე ვერ ვლაპარაკობ. არც არასდროს აინტერესებდა რას ვფიქრობდით, ან რას განვიცდიდით, მაგრამ ახლა, თან რომ ვფიქრობ, ძაან მიჭირს სახელი დავარქვა, რა იყო ეს”.
ირლანდიელი მწერალი და სოციალური მუშაკი, კირენ ო’ჰაგანი წერს, რომ მნიშვნელობა არა აქვს მშობელი გაუცნობიერებლად თრგუნავს ბავშვს საკუთარი ქცევით, თუ გამიზნულად. როდესაც ბავშვის საჭიროებებს არ პასუხობენ - ეს ფსიქოლოგიური ძალადობაა. ძალადობაა, თუკი ბავშვს განვითარებისთვის შესაფერის გარემოს არ უქმნიან, ან უზღუდავენ პირად სივრცეს; როდესაც ბავშვს ხშირად და უხეშად აკრიტიკებენ, თან არასდროს უხსნიან კრიტიკის მიზეზს. ფსიქოლოგიური ძალადობაა ისიც, როდესაც ბავშვს არასდროს ეხუტებიან და ეფერებიან, ან თუ არ ინტერესდებიან რას ფიქრობს და განიცდის, არ უსმენენ, ან თუკი არ კვებავენ და აცმევენ ასაკის შესაფერისად, არ ზრუნავენ მის ჰიგიენაზე.
„მშობლები სამუშაოდ რომ წავიდნენ საზღვარგარეთ, მე და ჩემი ძმა ნათესავთან დაგვტოვეს. მე ცამეტის ვიყავი, ის თერთმეტის. არ ვიცი, რა დავუშავეთ იმ ნათესავს, მაგრამ უბრალოდ ვძულდით, ყველაფერზე გვეჩხუბებოდა - რას ვუსმენდით, როგორ გვეცვა, ვისთან ვმეგობრობდი, როგორ ვლაპარაკობდით. ეს უბრალოდ მანადგურებდა. მანამდე სულ სხვანაირი ბავშვობა მქონდა. ბევრი მეგობარი მყავდა. მერე ჩავიკეტე. ვუყვებოდით მშობლებს, მაგრამ არ აღიქვამდნენ სერიოზულად. თვრამეტ წლამდე იმასთან ვიყავით. ამაზე ლაპარაკი ძალიან დიდხანს მიჭირდა. რომ გავიზარდე, მარტო იმის მეშინოდა, მეც მოძალადე არ გავმხდარიყავი ჩემი ზიზღის გამო. მეგობარმა მირჩია და ფსიქოლოგთან მივედი. დღესაც მიჭირს პატიება, აქამდე, ალბათ, უნდა მივიდე“, - ელენე, 21 წლის.
მკვლევრები, ჯეიმს გარბარინო და ჯოან ვონდრა წერენ, რომ ფსიქოლოგიური ძალადობისას ბავშვები ხშირად ერთდროულად განიცდიან იმას, რასაც სხვადასხვა ფორმის - ფიზიკური და სექსუალური ძალადობაგამოვლილი ადამიანი განიცდის. შეიძლება მას ტანჯავდეს განცდა, რომ ის არაფერს წარმოადგენს, რომ არაფერი შეუძლია, ზუსტად ისე, როგორც იმ ბავშვებს, ვისზეც ფიზიკურად იძალადეს. ბავშვი შეიძლება თავს იდანაშაულებდეს და თრგუნავდეს სირცხვილის განცდა, რაც სექსუალურ ძალადობაგამოვლილ ბავშვებში შეიმჩნევა. შეიძლება ბავშვი გარემოსთანაც გაუცხოვდეს და სამყაროს საშიშ, მტრულად განწყობილ სივრცედ აღიქვამდეს - ეს ყველაფერი უგულებელყოფილ ბავშვებს ახასიათებთ.
თანაც ბავშვებზე ემოციური ძალადობა დროშია გაწელილი, - ამბობს კირენ ო’ჰაგანი, - ის მეორდება და ახშობს ბავშვის შემოქმედებით, განვითარებად პოტენციალს და ისეთ არსებით გონებრივ პროცესებს აფერხებს, როგორიცაა აზროვნება, მეხსიერება, აღქმა, ყურადღება, მეტყველება და მორალური განვითარება. ო’ჰაგანი ამტკიცებს, რომ ფიზიკური და სექსუალური ძალადობის დროსაც კი, სწორედ ემოციური ტრავმაა ის, რაც ბავშვზე ყველაზე ღრმა ჭრილობას ტოვებს.
სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიგნება, რაც ბრიტანეთში 1996 წელს ბავშვზე ძალადობის პრევენციის მიზნით ჩატარებულ ეროვნულ კვლევაში გამოჩნდა. მაშინ სპეციალურმა კომისიამ 721 ზრდასრულისგან მიიღო წერილი, რომელშიც ადამიანები თავიანთი ბავშვობის ძალადობრივ გამოცდილებებს ანონიმურად იხსენებდნენ. ოთხმოცი პროცენტი იმათგან, ვისაც სექსუალური და ფიზიკური ძალადობა ჰქონდა გამოცდილი, წერდა, რომ სწორედ ემოციური ძალადობის კვალი - შიში, შეურაცხყოფა, დამცირება, ადამიანების მიმართ ნდობის და უსაფრთხოების განცდის დაკარგვა, იყო ყველაზე ხანგრძლივი და რთულად გასამკლავებელი ტრავმა მათთვის.
„შე, უზრდელო, მოდი და დადექი აქ, მთელმა კორპუსმა რომ დაგინახოს-მეთქი - მესმის ერთხელ ეზოდან, - იხსენებს 68 წლის ნანა, - გავიხედე ფანჯრიდან და მეზობელია ეზოში თავისი გოგოთი, ასე ცხრა-ათი წლისაა ბავშვი. „თქვი, რატომ დაჯღაპნე სადარბაზო. თქვი, რატომ დაწერე ის გაუგონარი სიტყვები! შე, საზიზღარო. ყველამ დაგინახოს. მოუხადე მეზობლებს ბოდიში!“ აქნევს ამ ბავშვს, აჯანჯღარებს. ჩავედი, არ გინდა, შვილო, ბავშვია-მეთქი, ცოდოა, ასე ყველას წინ... არც დამამათავრებინა, მოკიდა ხელი და გაარბენინა. მეზობლები ამბობდნენ საღამოს, რა წესიერი ქალია, შვილს რა კარგი მაგალითი მისცაო. არადა, გაანადგურა ბავშვი. მერე ყველამ იცის, რაც ხდება მაგათ ოჯახში. მაგ ბავშვის და დედამისის ტირილით და მამამისის ღრიალით გვაქ გამოჭედილი ყურები. ამას წინათ, უბნის ინსპექტორიც იყო მისული და სოციალურ მუშაკს რომ ეძახიან, ისიც კი ყავდა ვიღაცას გამოძახებული, მარა კვალი არ აქვს ბავშვს ცემისო და დაანებეს თავიო, თქვეს“.
ფსიქოლოგიური ძალადობის კვალი ფიზიკურ სხეულს ძალიან გვიან შეიძლება დააჩნდეს და მაშინაც ფიზიკური ტკივილის, ქრონიკული დაავადების, კონკრეტული დიაგნოზის ბავშვობაში განცდილ ფსიქოლოგიურ ტრავმასთან დაკავშირება იშვიათად ხდება. ამ კავშირებს იკვლევს სწორედ ახალი ხედვა, რომელსაც ბავშვობის არასასურველი გამოცდილება (ბაგ / Adverse childhood Experience) ჰქვია, - ამბობს ლელა ცისკარიშვილი, ფსიქოლოგი და GCRT-ის დირექტორი
ეს ტერმინი, რომელიც 25 წლის წინ ექიმების, რობერტ ანდასა და ვინსენტ ფელიტის კვლევით დაიწყო, დღეს მოიცავს ყველა იმ დამაზიანებელ ფაქტორს ერთად, რაც ბავშვს უსაფრთხო, სტაბილური, კეთილგანწყობილი გარემოს განცდას უკარგავს. ბავშვობის არასასურველი გამოცდილება - ეს არის ჩვიდმეტ წლამდე განცდილი სისასტიკე, ძალადობა, უგულებელყოფა, ოჯახში ძალადობრივი გარემო, ოჯახის წევრის თვითმკვლელობის მცდელობა, თვითმკვლელობა, ან ნივთიერებაზე დამოკიდებულება, ან ცუდად მართული ფსიქიკური აშლილობა, არასტაბილური ოჯახური გარემო, გაშორებული მშობლები, დაპატიმრებული ოჯახის წევრი და კიდევ სხვა მრავალი, რაც ბავშვს ტკივილს და ტანჯვას აყენებს.
მეთოდოლოგიას, რომელიც ბავშვობის ამ ტრავმებს აღრიცხავს და მათ შედეგად გამოწვეული დაავადების რისკებს ზომავს CDC-Kaiser Permanente ACE ჰქვია. ის ათ კატეგორიას მოიცავს, ყოველი კატეგორია ცალკე ტრავმაა და თითო ქულით ფასდება. მაგალითად, თუკი ბავშვზე ფიზიკურად ძალადობდნენ და ერთი მშობელი ალკოჰოლიკი იყო, დედას კი მამა სცემდა, კვლევა ბავშვის გამოცდილებას სამი ქულით შეაფასებს. ოთხი ქულის ზემოთ, როცა კიდევ უფრო მეტი ან სხვა ტიპის გამოცდილებები თანხვდება ერთმანეთს, უკვე ათვისების უნარი ფერხდება, ფილტვების დაავადების ალბათობა 390 პროცენტით იზრდება, ჰეპატიტის - 240 პროცენტით, დეპრესიის 460 პროცენტით, სუიციდის მცდელობის კი - 1220 პროცენტით.
ბაგ-ის ხანგრძლივი და მასშტაბური კვლევის მთავარი მიგნება ისაა, რომ ბავშვობის განცდილი ტკივილები და ტრავმა ახლა უკვე ზრდასრულობაში გამოვლენილ ქრონიკულ დაავადებებს, ფსიქიკურ დიაგნოზებს და ნივთიერებაზე დამოკიდებულებას პირდაპირ დაუკავშირდა.
“პირველად საავადმყოფოში გამიჩნდა განცდა, რომ შემნიშნეს, რომ ვარ. სახლში ან საზიზღარი ვიყავი, ან უბრალოდ არ ვარსებობდი. დედაჩემი თავის ვითომ შეწყვეტილ კარიერას მე და ჩემ ძმას გვაბრალებდა, მამაჩემი ძველ უზრუნველ სამსახურს მისტიროდა. სახლში ყველა უბედური იყო და ყველას ერთმანეთი სძულდა. ჩემი უფროსი ძმა სკოლის მერე ეგრევე საბერძნეთში წავიდა. მე ოღონდ თვალში არავის მოვხვედროდი. მაგრამ დედაჩემი მამაჩემზე გამწარდებოდა თუ არა, მაშინვე დამინახავდა: საქონელო, ღორო, ბინძურო, რამეს მაინც გავდეო, მომაძახებდა. მართლა სულ დიდი წონის ვიყავი. ჭამაზე ჭკუას ვკარგავდი. დღემდე ჭარბ წონას ვებრძვი. ყველაფერს ვიტანდი, ოღონდ სატანა არ დაეძახა. ისე მეშინოდა მაგ სიტყვის. სწავლა თავიდანვე არ გამომდიოდა, არც მიცდია ჩაბარება. ერთადერთი, მარტოხელა დეიდაჩემთან მიხაროდა დარჩენა, გობელენის ქარგვას მასწავლიდა, თან სასწაული ამბების მოყოლა იცოდა. ორი წლის წინ გარდაიცვალა. მეორედ რომ ვცადე თვითმკვლელობა, დეიდაჩემმა საავადმყოფოდან თავისთან გადამიყვანა, მე მივხედავო. იქ დავიწყე-მეთქი ცხოვრება, სულ ამას ვამბობ”, - თეონა, 34 წლის.
პირველად 1920 წელს უოლტერ კენონმა აღწერა, როგორ რეაგირებდნენ საფრთხეზე ცხოველები და ადამიანები. ამ რეაქციების ჯაჭვის ცენტრი ჰიპოთალამუსშია. სწორედ ის აკონტროლებს ავტონომიურ ნერვულ სისტემას (ანს) და ააქტიურებს ჰიპოფიზის ჯირკვალს. ამ დროს სხეულში დიდი რაოდენობით ადრენალინი და კორტიზოლი გამოიყოფა, რომელსაც სტრესის ჰორმონსაც უწოდებენ. ხშირდება და ღრმავდება სუნთქვა, ვიწროვდება სისხლძარღვები და იზრდება სისხლის წნევა, ხშირდება გულისცემა. ფართოვდება ყელისა და ცხვირის სასუნთქი გზები. გლუვ კუნთებს მიეწოდება სიგნალები და ფერხდება საჭმლის მონელება.
ორგანიზმში ადრენალინის გადასროლას ჯაჭვური რეაქცია მოსდევს - ელენთა მეტ სისხლის ბურთულებს გამოიმუშავებს, რომ ჭრილობის შემთხვევაში სისხლის სწრაფ შედედებას შეუწყოს ხელი. ძვლის ტვინი კი მეტ თეთრ ბურთულას გამოიმუშავებს, თუ საჭირო გახდა, ინფექციასთან ბრძოლისათვის რომ იყოს მზად. ღვიძლი კი მეტი შაქრის გამოყოფას იწყებს, რომ სხეული ენერგიით მოამარაგოს. ჰიპოფიზიც ჰიპოთალამუსიდან მოსულ სიგნალზე ორ ჰორმონს გამოყოფს: თიროტროპული ჰორმონი ფარისებრ ჯირკვალს ააქტიურებს, რაც ასევე ენერგიით ამარაგებს სხეულს. ადრენოკორტიკოტროფული ჰორმონი სხვა ოცდაათი ჰორმონის სისხლში გადასროლას იწვევს, რომლებიც სხეულს ბრძოლისა და თავდაცვისთვის ამზადებენ.
ეს ბრძოლის, გაქცევის და გაშეშების ჰორმონებია, რომლებიც ძალების მობილიზებაში გვეხმარება მაშინ, როდესაც საფრთხე ჩნდება. ჩვენც მთელი ძალით გავრბივართ, როცა ძაღლი მოგვდევს, ან ვიბრძვით თუკი კუთხეში მოგვიმწყვდევენ, ან ვქვავდებით, როდესაც მოძალადეს ვემალებით. მაგრამ ეს ჰორმონები ტოქსიკურად იწყებენ მოქმედებას მაშინ, როდესაც რეგულარულად გამოიყოფიან და დიდხანს რჩებიან ორგანიზმში.
როგორც პედიატრი ნადინ ბურკ ჰარისი ხსნის, თუკი ტყეში დათვს გადააწყდები, ბრძოლის და გაქცევის სისტემა ამოქმედდება, ჭარბი ადრენალინი კორტიზოლის გამოყოფას უწყობს ხელს, რომ ფიქრზე დრო აღარ დახარჯო და მხოლოდ გადარჩენის ინსტინქტს მიჰყვე. ეს ძალიან სასარგებლო რამაა, ოღონდ ხიფათის მომენტში - ტყეში, დათვთან პირისპირ. თუმცა, ამ რეაქციების ჯაჭვის ამოქმედება ორგანიზმში პრობლემად იქცევა მაშინ, როდესაც დათვისგან ყოველ ღამით ხარ გასაქცევი: თუკი ბავშვს ყოველ დღე ეშინია, ესე იგი, მას მუდმივად გადარჩენის რეჟიმი აქვს ჩართული. ამიტომ, როდესაც მას წინადადების დაწერა, ან მათემატიკური ამოცანის გამოყვანა, ანუ აზროვნება სჭირდება, პრეფრონტალური ქერქი არ აქტიურდება - გაშეშებულია, რადგან ტვინს განგაში აქვს ჩართული - ჯერ დათვისგან უნდა გადარჩეს. ცენტრალური ნერვული სისტემა უპირატესობას გადარჩენას ანიჭებს და არა ფიქრს.
დღეს მკვლევრები უკვე წერენ, რომ ბავშვების ტვინები, რომლებიც მუდმივად ბრძოლის, გაქცევის და გაშეშების რეჟიმით ცხოვრობენ, სტრესის ჰორმონითაა გაჟღენთილი და სრულყოფილად ვერ ფუნქციონირებენ: ვერ იმეცნებენ, ჩამორჩებიან სკოლაში, უჭირთ თანატოლებთან ურთიერთობა, უფროსებს კი არ ენდობიან. ზრდასრულობაში ისინი სასოწარკვეთის, დანაშაულის, იმედგაცრუების გაქარწყლებას ხშირად ჭარბ საჭმელში, ალკოჰოლში, მეთამფეტამინებში, არასათანადო სექსში, მაღალრისკიან სპორტში ხედავენ. მხოლოდ ასე პოულობენ გზებს, რომ დეპრესიას, შფოთებს, ბრაზს, შიშს და სირცხვილს გაუმკლავდნენ. ამ ყველაფრისგან თავდასაღწევად კი, ჯერ პრობლემის წარმომავლობის გაცნობიერება სჭირდებათ.
“ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი შვილის პრობლემა მე ვიყავი. თავი სამაგალითო მშობელი მეგონა, მარტო მისთვის ვცხოვრობდი. ყველაფერში ჩართული ვიყავი, ყოველ ნაბიჯს ვუკონტროლებდი. ყველგან დამყავდა. ბავშვმა რა იცის ჯერ კარგი-ცუდის გარჩევა-მეთქი და კლასელებთან ურთიერთობასაც მე ვასწავლიდი, ვურჩევდი ვინ დაეპატიჟებინა სტუმრად, ვისთან ემეგობრა. მესამე კლასში მასწავლებელმა დამიბარა, ბავშვს პრობლემები აქვსო. საერთოდ შეწყვიტა კონტაქტი, მეც აღარ მელაპარაკებოდა, თავისთვის იჯდა, ხმას არ იღებდა. მერე ფსიქოლოგთან გაგვიშვეს.
ძალიან გამიჭირდა იმის აღიარება, რომ ჩემგან მოდიოდა პრობლემა. ამ ზედმეტი კონტროლით ბავშვს ვაზიანებდი, ცხოვრებას არ ვაცდიდი. მეც დედაჩემი მზრდიდა მარტო. ისიც მარტოხელა მშობელი იყო”, - ირინა, 43 წლის.
„მაგათ რომ უნდათ, ისე ვერ აეწყობა სამყარო, ყველაფრის უფლებას ხო არ მივცემ?!“ შეცბებიან ხოლმე მშობლები, როგორც კი აღზრდის მეთოდებზე ვიწყებთ საუბარს, - ამბობს ფსიქოლოგი, მაია ცირამუა, - მშობელი კონსულტაციაზე რომ მოდის, პირველ რიგში, საკუთარი ბრალეულობის განცდას ეჯახება. მთავარია, თვითონ არ აღმოჩნდეს ხოლმე პრობლემის მიზეზი. იმავეს ვაწყდებით სკოლაშიც. მიზანი ყველგან პრობლემის დანახვა კი არა, მისი თავიდან აცილებაა“.
ბავშვთა უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ ბავშვებზე ძალადობას საქართველოში სისტემა სათანადოდ ვერ უპირისპირდება. მკაფიოდ და ცალსახად ფსიქოლოგიური ძალადობის განმარტება სამართლებრივ განზომილებაში საერთოდ არ გვაქვს. მხოლოდ ოჯახში ძალადობის კანონშია ერთადერთი ჩანაწერი, რომელიც სხვებთან ერთად ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმასაც მოიცავს და ამბობს: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა − ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, თავისუფლების შეზღუდვით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
ჩვენთან მხოლოდ 2015 წელს გამოქვეყნდა ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგიის სამუშაო ვერსია - ესაა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც სამოც გვერდში ხსნის, თუ როგორ ხედავს სახელმწიფო ძალადობის არსს, მის გამომწვევ ფაქტორებსა და ძალადობასთან ბრძოლას. თუმცა, ეს პრობლემის უფრო კონცეპტუალური აღწერაა. შესაბამისად, სტრატეგიაში ნახსენებმა უწყებებმაც მხოლოდ კონცეფციის დონეზე იციან, რას ავალებს და რას მოითხოვს მათგან ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგია. ინდიგო განათლების სამინისტროსგან იღებს იმ ღონისძიებებისა და პროექტების გრძელ ჩამონათვალს, რომლებიც ბავშვებში ძალადობის პრევენციის მიზნით ქვეყანაში 2015 წლიდან დღემდე განხორციელდა. ორიათასამდე ღონისძიებაში ათასობით მასწავლებელი და მოსწავლე მონაწილეობდა.
-თუმცა, ეს პროექტებიც ერთჯერად, ან მხოლოდ მოკლევადიან შედეგზე გათვლილ პროექტებად რჩება, - ამბობს ეკა სხილაძე, სახალხო დამცველის მოადგილე, - რადგან ქვეყანაში ძალადობის პრევენცია მხოლოდ ფრაგმენტულად ხორციელდება.
ეკა სხილაძე განმარტავს, რომ ბოლო წლების მანძილზე დაიხვეწა კანონმდებლობა, შეიქმნა ახალი სერვისებიც, უწყებებმაც იციან საკუთარი პასუხისმგებლობების შესახებ, არსებობს უწყებათაშორისი კომუნიკაციის (რეფერირების) სისტემაც. „თუმცა, მათ შორის კოორდინაცია მაინც პრობლემურია. ხშირად ყველა უწყება არ არის ჩართული შემთხვევაზე რეაგირების პროცესში“. ეკა სხილაძე ინდიგოს უხსნის, რომ ბავშვებზე ძალადობასთან ეფექტიანი ბრძოლა მხოლოდ პასუხისმგებლობების სწორი განაწილებით, სახელმწიფო ინსტიტუციების მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობით და მხოლოდ თანმიმდევრულ საფეხურებად გაწერილი სტრატეგიით შეიძლება. „რადგან ხანდახან არის მართლაც კარგი პროექტები, რომლებიც ერთჯერად ინიციატივებად რჩება და მთელი ძალისხმევა ამაოდ იფანტება”.
„ყველაფერს გვეძახდა, უვარგისებო, უგუნურებო, რეგვენო, მხეცებო, ველურებო - ამბობს 20 წლის ლიზა, - მაგრამ ერთი ყავდა ამოჩემებული. იმ ბიჭს კლასშიც საშინლად ექცეოდნენ. მასწავლებელი ინდაურს, ან თავქიცინა ბატს რო დაუძახებდა, მთელი კლასი ვიცინოდით. ეხლა რო მახსენდება, ძაან ცუდად ვგრძნობ თავს. თითქოს ხო ვხედავდით, რაც ემართებოდა, მარა არ ვაქცევდით ყურადღებას. ბებია ზრდიდა და გადაიყვანა მერე სკოლიდან“, - 19 წლის ანა.
სახალხო დამცველის კვლევამაც აჩვენა, რომ დღეს არც მასწავლებლებმა და არც აღმზრდელებმა არ იციან, რა არის ძალადობა, „ან ის არ იციან, ვის უნდა მიმართონ მაშინ, როდესაც ძალადობის ნიშნებს ამოიცნობენ. საქართველოში არ არსებობს სახელმწიფო სერვისები, რომელიც მშობლებს ბავშვის აღზრდის არაძალადობრივ მიდგომებს გააცნობდა. მშობლების და მასწავლებლების ცნობიერების ამაღლება, ახალი სოციალური სერვისების დანერგვა, კანონის დახვეწა - ეს ყველაფერი საერთო ხედვის და სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს“.
ეკა სხილაძე ამბობს, რომ სერიოზული პრობლემაა კვალიფიკაცია და ძალიან მწირი რესურსი. ქვეყნის სოციალური დაცვის სამსახურებში მხოლოდ 268 სოციალური მუშაკი და 13 ფსიქოლოგი მუშაობს. „ეს კადრების მწვავე დეფიციტს ნიშნავს, - ამბობს სხილაძე, - წარმოუდგენელია ამ ძალისხმევით ამ მასშტაბის პრობლემას მოერიო. დღეს ბავშვებისთვის მხოლოდ მანდატურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი მუშაობს. უნდა ვაღიაროთ, რომ ბავშვები - ეს ის სფეროა, სადაც დღეს ყველაზე მწვავე საჭიროებები დგას“.
მანდატურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრს ყოველ წელს მეტი მოსწავლე და მშობელი მიმართავს. 2020 წელს ის 3500 ბავშვს მოემსახურა. მისი ხელმძღვანელი, ნინო შატბერაშვილიც აღნიშნავს, რომ მრავალი კომპეტენციის ასამაღლებელი ღონისძიება ტარდება ყოველწლიურად, მათ შორის ძალადობის პრევენციისა და მასზე რეაგირების მიმართულებით. „თუმცა ყოფილა შემთხვევები, როდესაც მასწავლებლებს შეუკავებიათ თავი და არავისთვის მიუმართავთ, რადგან შიშობდნენ ოჯახი სარჩოს გარეშე არ დაეტოვებინათ.“
ძალადობის იდენტიფიცირებისა და პრევენციის შესახებ ტრენინგებს არაერთხელ დასწრებია ბაკურციხის საჯარო სკოლის მასწავლებელი თამილა ქართველიშვილიც. „მაგრამ ეს არ არის საკმარისი, - ამბობს ის, - მაგალითად, არ ვიცით როგორ მოვიქცეთ, როდესაც მშობელი არ თანამშრომლობს და გვეუბნება ჩემს შვილს დახმარება და ფსიქოლოგი არ სჭირდებაო“. მასწავლებლები თბილისის ორი კერძო და ერთი საჯარო სკოლიდან, რომელთაც არ სურთ ვინაობის გამხელა, ასევე საუბრობენ აღზრდისა და პედაგოგიკის მიდგომების არასაკმარის ცოდნაზე. „ჩვენ მთელი ცნობიერების შეცვლა გვჭირდება, - ამბობს ერთ-ერთი, - ჩვენ ვერ შევნიშნავთ ძალადობას, სანამ არ შევიხედავთ ჩვენს სახლებში და რაც იქ დაგვხვდება, იმას არ დავარქმევთ სახელს“.
საქართველოს შსს-ს მიერ ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოცემულ შემაკავებელი ორდერების საერთო სტატისტიკაში, რომელიც ზრდასრულებს ეხება, ჩანს, რომ ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევები საქართველოში 2020 წელს თითქმის ოთხჯერ აღემატება ფიზიკური ძალადობის შემთხვევებს. გაეროს ბავშვთა ფონდის 2020 წლის ნოემბრის კვლევაში კი, რომელიც ერთიდან თოთხმეტ წლამდე ბავშვებს ეხება, ბოლო ერთი თვის განმავლობაში 66.3 პროცენტში გამოვლინდა ფსიქოლოგიური ძალადობა. კვლევაში ისიც გამოიკვეთა, რომ რაც მეტი ბავშვია ოჯახში, მით უფრო იზრდება ძალადობრივი აღზრდის მეთოდების გამოყენების ალბათობა. და გამოიკვეთა ერთი ყოფითი არეალიც, სადაც ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევები ხშირად თამაშდება: მშობლები, რომლებიც შვილებს საშინაო დავალებების შესრულებაში ეხმარებიან, უფრო ხშირად იყენებენ აღზრდის ძალადობრივ მეთოდებსაც.
ეს სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ ფსიქოლოგიური ძალადობის არსებობა საქართველოში მეტ-ნაკლებად გამოკვეთილია - მას უფრო მეტად შენიშნავენ ხოლმე და ეს უკვე მონაცემებშიც ფიქსირდება, როგორც პრობლემა. თუმცა, პროცესი ფერხდება იქ, სადაც რეაგირება უნდა დაიწყოს.
„ჩვენთან გიწევს ამტკიცო, რომ ბავშვმა რეალურად განიცადა ტანჯვა. თითქოს ის არ არის საკმარისი, რაც ბავშვმა უკვე გადაიტანა, უხეშ ბიუროკრატიასთან ურთიერთობით ის ხელახლა განიცდის ტკივილს, - ამბობს ანა არგანაშვილი, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი, - მაგალითად, როდესაც პროკურორი ნიშნავს ექსპერტიზას სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, სადაც არა აქვთ ოთახი ბავშვთან გასაუბრებისთვის, არა ჰყავთ ბავშვებთან მუშაობის სპეციალიზაციის მქონე ფსიქოლოგი. შეჰყავთ ბავშვი ექსპერტიზის ბიუროში და იქ ეკითხებიან: არ გეცოდება მამაშენი, ციხეში რომ უნდა წავიდეს? ერთ ბავშვს, რომელიც მოძალადე მამის წინააღმდეგ ჩვენებას აძლევდა, სასამართლოში პირდაპირ ჰკითხეს: „გინდა მამიკო გიყურებდეს, როდესაც შენ ჩვენებას აძლევ?” ბავშვებისთვის დასმული ამგვარი კითხვები იმას მიგვანიშნებს, რომ მხოლოდ კადრების გადამზადების საჭიროება კი არ დგას, არამედ სამართლიანობის გაგების პრობლემასთან გვაქვს ფუნდამენტურად საბრძოლველი.
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ორგანიზაციას კანონისთვის არაერთხელ მიუმართავს, თუმცა, ანა არგანაშვილი ამბობს, რომ არ ახსენდება საქმე, სადაც მხოლოდ ფსიქოლოგიური ძალადობის ბრალდებით გაასამართლეს ვინმე, რადგან საქმეებში ფსიქოლოგიური ძალადობა მუდამ სხვა ფორმის ძალადობას ახლავს თან.
სტუდენტი გოგონა გადაცემაში „ჩატი“ ოთხი თანატოლის წინ ჯდება და იხსენებს როგორ ძალადობდა მასზე, დედასა და უმცროს დაზე მამა, როგორ იძულებით ამუშავებდა მამა ფერმაში და ამის გამო აცდენდა სკოლას, ბოლოს როგორ მოიკრიბა ძალა და პოლიციაში საჩივრის დასაწერად მივიდა. იქ კი სამართალდამცავები და დედა არწმუნებდნენ, რომ არ დაეწერა საჩივარი, სთხოვდნენ გაეგო მამისთვის და არ დაეტოვებინა ოჯახი უპატრონოდ. „ციხიდან მამა ხომ კიდევ უფრო გაბრაზებული გამოვა და შენ ვეღარავინ დაგიცავსო, მეუბნებოდნენ. დამაწერინეს, რომ არ ყოფილა ძალადობა“, - ამბობდა გოგო.
„მთელი ლანდშაფტი შეიცვალა მას შემდეგ, რაც ჩვენ დიდ სურათში დავინახეთ როგორ მივყავდით არასასურველ ბავშვობის გამოცდილებას ჯანდაცვის კატასტროფამდე, - ამბობს ექიმი რობერტ ანდა, - ახლა ვიცით, რომ ყველას, ვისაც ბავშვობის მძიმე გამოცდილება აქვს, მთელი ცხოვრება განსაკუთრებული სერვისები სჭირდება, რომ ქრონიკული ჯანმრთელობის პრობლემებს მიხედონ“.
ამერიკელი ექიმი რობერტ ანდა და სხვა სპეციალისტები ხშირად აპელირებენ პრობლემის სწორედ ეკონომიკური ასპექტებით. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ჯერ კიდევ 2012 წლის მონაცემებით, ქვეყანას ბავშვებზე ძალადობისა და უგულებელყოფის შედეგებთან გამკლავება 124 მილიარდი დოლარი დაუჯდა. ამიტომ ძალადობის პრევენცია სახელმწიფოსთვის პირველ რიგში, სწორედ ეკონომიკურად მომგებიანი უნდა იყოს, - ამბობენ ისინი.
ბავშვობის არასასურველმა გამოცდილებათა კვლევის დაწყებამ აშშ-ში მრავალგანზომილებიანი სისტემა შექმნა, ის განათლების, ჯანდაცვის, პოლიტიკის, სამართლის სფეროებს ერთ მისიად კრავს, რომ ძალადობა ხილული გახდეს, შემდეგ მისი იდენტიფიცირების და პრევენციის გზები დაიხვეწოს. „რომ ადამიანებმა აღარ იცხოვრონ იმ ტკივილებით, რომლებიც ნამდვილად შეგვეძლო ბავშვობაშივე თავიდან აგვეცილებინა“, - ამბობს ანდა.
„თუ დააკვირდებით, ძალადობაზე საუბრისას ყველა ძალაუნებურად თავის მართლებას იწყებს - მშობელიც, სკოლაც, საჯარო მოხელეც, - ეუბნება ინდიგოს ფსიქოთერაპევტი, მაიკო ნანიტაშვილი, - და ისინი ყველანი მართლები არიან. ეს იმ მასშტაბის პრობლემაა, რომლის გადაჭრაც არა ცალკეულ პიროვნებებს და უწყებებს, არამედ მხოლოდ ერთიან მიდგომას შეუძლია - სისტემას, რომელიც სფეროებს, ინსტიტუციებს გააერთიანებს. ამიტომაც დღეს ძალადობაზე ლაპარაკს ყველა არიდებს თავს, რადგან გრძნობენ, რომ მის წინაშე მარტო ყველა უძლურია.“
“ვერასდროს რომ ვერ მამჩნევდნენ, ამას მივეჩვიე. თითქოს კი არ გავიზარდე, კიდევ უფრო დავპატარავდი. შენ სამხილი არ გაქვს. ჩუმად ხარ და დუმხარ იქამდე, ვიდრე გაუძლებ. ერთადერთი შვება ისაა, რო მოჰყვე. მაგრამ მოყოლას გარემო სჭირდება. უსაფრთხოდ უნდა იგრძნო თავი. მე ეს აქამდე ვერ ვნახე, ამიტომ ამ ჩემს ბავშვობის ამბებს დღეს პირველად ვყვები”, - თორნიკე, 23 წლის.
ტექსტი: ნინო ლომაძე
რედაქტორი: თამარ ბაბუაძე
ილუსტრაციები: სალომე იაძე
________________________________
ტექსტი მომზადებულია პროექტისთვის “გამოხატვის თავისუფლების ხელშეწყობა არასრულწლოვანებისთვის”, რომელიც დაფინანსებულია ადამიანის უფლებათა სახლების ფონდისა და ევროკავშირის მიერ. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ინდიგო და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.