გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ბავშვებზე ემოციური ძალადობა და უგულებელყოფა - განმარტება, ნიშნები და მასთან გამკლავების გზები

ფიზიკური ძალადობა მყისიერ რეაქციას იწვევს - ეს იმიტომ, რომ მისი კვალი ყოველთვის მკაფიოდ ჩანს. ფსიქოლოგიური ძალადობის ამოცნობა კი გვიჭირს, რადგან ის უჩინარია. 

არადა, ძალადობაა სილაც, უხეში მიმართვაც, ქვასავით მძიმე დუმილიც, სიცივეც - ჩახუტების ნაცვლად, და ისიც, თუკი არ იცის ბავშვმა, ექნება თუ არა სადილი იმ დღეს. შედეგი ერთია: ბავშვი ვერ გრძნობს უსაფრთხოდ თავს.
როცა მის საჭიროებებს უგულებელყოფენ, საშიშ სიტუაციებში მარტო ტოვებენ, აკნინებენ და შეურაცხყოფენ, ბავშვი ღრმა, ხანგრძლივი ჭრილობით აგრძელებს ცხოვრებას. ამ ჭრილობებთან გამკლავებას დრო და დიდი ძალისხმევა სჭირდება. პირველ რიგში კი, ყველაფერი ხმამაღლა უნდა ითქვას. აქედან იწყება ცვლილება.

ეს ტექსტი, სხვადასხვა კვლევიდან ამოკრეფილ ფრაგმენტებს უყრის თავს და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ  ყველაზე გავრცელებულ, მცდარ წარმოდგენებს მათი რეალური ალტერნატივის პირისპირ აყენებს. 

მითი: ძალადობა მხოლოდ ფიზიკურია
ფაქტი: ფიზიკური ძალადობა მხოლოდ ერთი სახეა ძალადობის. ბავშვის უგულებელყოფა და ფსიქოლოგიური ძალადობაც ასეთივე დამაზიანებელია.

მითი: მხოლოდ სასტიკი ადამიანები და მხოლოდ გამიზნულად ძალადობენ ბავშვებზე
ფაქტი: ყველა განგებ არ ძალადობს ბავშვზე. ბევრი მოძალადე თავადაა ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ისე, რომ ეს არ იცის, რადგან ძალადობისთვის სახელი არასდროს დაურქმევიათ. ადამიანები ხშირად იმეორებენ მშობლების ქცევებს, იყენებენ მათი აღზრდის მეთოდებს, რადგან უბრალოდ არ იციან სხვანაირი მშობლობა.

მითი: ემოციური ძალადობა არ გვხვდება „კარგ“ ოჯახებში
ფაქტი: ემოციური ძალადობა მეორდება ყველა რასის, ეკონომიკური და კულტურული მოცემულობის საზოგადოებაში - ნებისმიერ დახურულ კარს მიღმა. 

მითი: ბავშვებზე ემოციურად მხოლოდ უცხოები ძალადობენ
ფაქტი:
შეიძლება ასეც ხდება, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში, ბავშვზე ემოციურად ძალადობენ სწორედ ოჯახის წევრები, ან ოჯახის ყველაზე ახლობელი ადამიანები.

მითი: ძალადობის მსხვერპლი ბავშვები ყოველთვის მოძალადეებად იზრდებიან 
ფაქტი:
მართალია, შეიძლება, ბავშვობაში ძალადობა გამოვლილმა ადამიანმა იგივე ციკლი გაიაროს ზრდასრულობაში და თავად იქცეს მოძალადე მშობლად, რადგან საკუთარი ტრავმა არასდროს გაუცნობიერებია. თუმცა, ხდება პირიქითაც, სწორედ ძალადობაგამოვლილმა მშობლებმა იციან, რომ არასწორ აღზრდას მძიმე ტრავმა მოჰყვება, სწორედ მათ იციან, რომ მშობლობას, ბავშვზე ზრუნვას, პირველ რიგში ცოდნა სჭირდება.

ემოციური ძალადობისა და უგულებელყოფის შედეგად
ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის კვალი
შეიძლება მთელი ცხოვრება არ მოშუშდეს. 

ბავშვობაში ძალადობაგამოვლილ ზრდასრულებს ხშირად უჭირთ, ენდონ ადამიანებს. რადგან ბავშვობაში, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდათ დაცვა, მშობლებმა მაშინ უმტყუნეს. როგორღა ენდონ სხვებს? - უნდობლობა ადამიანებს ურთიერთობების შენარჩუნებაში, ჯანსაღი ურთიერთობების დამყარებაში უშლით ხელს. 

აქვთ განცდა იმისა, რომ არაფერს წარმოადგენენ. თუკი ბავშვობაში ხშირად აგრძნობინებენ, ან პირდაპირ ჩასძახიან, რომ ბრიყვი, მოუქნელი, ზარმაცი და არაფრის მაქნისია, ამ განცდის გადალახვა, რაც დრო გავა, მით უფრო გაუჭირდება. ამ გამოცდილების მქონე ზრდასრულები ხშირად  წყვეტენ სწავლას, მუდამ სჯერდებიან დაბალანაზღაურებად სამსახურს. ვინც სირცხვილის, ან არაფრობის განცდით ცხოვრობს, გარემოსგან მუდამ საფრთხეს ელის, შეუმჩნევლად ცხოვრება ურჩევნია.

უჭირთ ემოციების მართვა. ემოციური ძალადობის შემდეგ ბავშვები ემოციებს მშვიდად და უსაფრთხოდ ვერ გამოხატავენ. შედეგად, ემოციები იჭედება და მოულოდნელ დროს, უეცრად ამოფეთქავს. ასეთი გამოცდილების მქონე ზრდასრულები მოულოდნელი შფოთებით, დეპრესიით და ბრაზის შეტევებით იტანჯებიან. ხშირად მოიხმარენ  ალკოჰოლსა და ნარკოტიკს ამ ტკივილების დასაამებლად.

ნიშნები 
ემოციური ძალადობა

სიტყვებს ტკენა შეუძლიათ. ემოციური ძალადობა აზიანებს ბავშვის მენტალურ ჯანმრთელობას და აფერხებს ფსიქო-სოციალურ განვითარებას. 
ემოციური ძალადობის მაგალითებია:

  • მუდმივი დაკნინება, დაცინვა, აბუჩად აგდება, შეურაცხყოფა
  • ბავშვისთვის ნეგატიური შინაარსის სახელებით მიმართვა. სხვა, „უკეთეს” ბავშვებთან მუდმივი შედარება
  • ყვირილი, დაშინება, მუქარა, დამუნათება
  • უგულებელყოფა, უყურადღებობა, სიცივე და დუმილი
  • ფიზიკური კონტაქტის შეზღუდვა - ბავშვის ჩახუტების, კოცნის, მოფერების გარეშე დატოვება
  • ბავშვის მიტოვება მაშინ, როცა სასტიკი მოპყრობის საფრთხეა - მშობელი იქნება, და ან ძმა, თუ ცხოველი.

ბავშვის უგულებელყოფა
ყველაზე ხშირი ფორმაა ბავშვზე ძალადობის - ეს ის ქცევაა, როდესაც ბავშვის ელემენტარულ საჭიროებებით ვერ უზრუნველყოფ ადექვატური საკვები, ჩასაცმელი, ჰიგიენა და ზედამხედველობა.

უგულებელყოფის უკიდურესი გამოვლინებებია, როცა ბავშვს:

  • აცვია ბინძური, ამინდთან შეუფერებელი ტანსაცმელი
  • დაუბანელი, ჭუჭყიანი, გამოუძინებელი ან მშიერია 
  • აწუხებს დაავადება, რომლის მკურნალობაც შეიძლება, მაგრამ არავინ მიხედა
  • ხშირად ტოვებენ მარტო და თამაშობს შეუფერებელ, საფრთხის შემცველ ადგილებში
  • იგვიანებს ან ხშირად აცდენს სკოლას
  • აქვს წვდომა ონლაინ, სატელევიზიო თუ რეალურ სანახაობებზე, რისი მონელებაც და გაანალიზებაც არ შეუძლია, რადგან მისთვის დამაზიანებელია.


ამ და ფსიქოლოგიური ძალადობის სხვაგვარი გამოვლინებების შედეგია, როცა ბავშვი:

  • დათრგუნულია, შეცდომების ეშინია.
  • თუკი უკიდურესად მომთხოვნი, აგრესიული, ანდა პირიქით მორჩილი და პასიურია
  • არა აქვს მშობელთან, მეურვესთან ემოციური კავშირი
  • არაადექვატურად ზრდასრულია (სხვა ბავშვებზე ზრუნავს) ან არაადექვატურად ინფანტილურია (წოვს თითს, მართავს ისტერიკებს).

ბავშვზე ძალადობისა და უგულებელყოფის რისკ ფაქტორებია:

ოჯახში ძალადობა ბავშვზე მაინც მოქმედებს. ამიტომ პირველ რიგში, ძალადობის სივრციდან გამოსვლაა აუცილებელი. 
ალკოჰოლსა და ნარკოტიკზე დამოკიდებული მშობლები შეიძლება ვერ ზრუნავდნენ შვილებზე, ვერ აკონტროლებდნენ საკუთარ ქცევებს.
სტრესი და მხარდაჭერის ნაკლებობა. მშობლობა სტრესული საქმეა, მით უფრო თუ მარტო ზრდის შვილებს, ან პარტნიორებს პრობლემური ურთიერთობა აქვთ, ან მშობელს ფსიქიკური აშლილობის მართვა უჭირს, ანდა ფინანსური პრობლემებია.

საკუთარ ქცევაში ძალადობის დანახვა

შვილების აღზრდა ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, რასაც ძალიან მშვიდ და გაწონასწორებულ ადამიანებშიც დიდი ფრუსტრაციები ახლავს თან. 
მით უფრო თუ გაიზარდე სახლში, სადაც ყვირილი, ღრიალი ყოველდღიურობა იყო, შესაძლოა აღზრდის სხვა ფორმებზე არც კი გქონდეს წარმოდგენა. სწორედ, 
პრობლემის აღიარებაა ის რთული ნაბიჯი, რაც მშობელსა და ბავშვს ყველაზე მეტად აშორებს შველას.


განგაში უნდა ჩაირთოს მაშინ, როდესაც...

ვერ იოკებ ბრაზს. მაგალითად, როცა ყვირი სულ უფრო და უფრო ხმამაღლა და ვეღარ ჩერდები. ეს ნიშნავს, რომ გადააბიჯე ზღვარს, საიდანაც ძალადობა იწყება. 

ემოციურად დისტანცირებული ხარ ბავშვისგან. შეიძლება ისეთი გადაღლილი ხარ, არაფრის თავი არ გაქვს, არ გაინტერესებს, როგორი დღე ჰქონდა შენს შვილს, რა აწუხებს, ან რა უნდა. როცა უყურადღებობით შეწუხებული ბავშვი ითხოვს რამეს, ამ დროს გინდა უბრალოდ დარჩე მარტო და ბავშვი გაჩუმდეს.

ბავშვის საჭიროებების დაკმაყოფილება შეუძლებელი გეჩვენება. მაშინ, როდესაც ბავშვის გამოკვება, ჩაცმა, სკოლაში და სხვა წრეებზე ტარება გიჭირს, პრობლემის წინაშე მარტო რჩები და დანაშაულის განცდა გტანჯავს, რადგანაც საქართველოში სწორედ ბავშვებისთვის და მშობლებისთვისაა სახელმწიფო სერვისები ყველაზე მწირი. მაშინ, როდესაც სახელმწიფო კონსტიტუციითაა ვალდებული ყველა ბავშვს ჯანსაღი, კეთილგანწყობილი და უსაფრთხო გარემო შეუქმნას, მისცეს მათ განათლების და განვითარების მრავალი შესაძლებლობა.

ძალადობრივი ციკლი წყდება იქ, სადაც

მშობელმა იცის რა არის ბავშვის ასაკისთვის დამახასიათებელი ქცევა,
ჰქონდეს რეალისტური მოლოდინები, რადგან ის, რაც ფრუსტრაციაში აგდებს, ხშირად ბავშვისთვის ნორმალური ქცევაა.

როდესაც იცი, რა არის მშობლობა. თუკი ხელმისაწვდომია, დაესწარი აღზრდის მიდგომების შესახებ კლასებს, იკითხე წიგნები ბავშვის განვითარებასა და აღზრდაზე. დაისვენე, რომ გაუმკლავდე სტრესს და თავიდან აიცილო ბრაზის შემოტევები. ამ დროს ზრუნავ შვილზეც - შენი ენერგია და სიმშვიდე მასაც სჭირდება. 

მიიღე დახმარება პროფესიონალებისაგან. ძალადობის ციკლის გარღვევა რთულია, როდესაც ქცევის პატერნები გამყარებულია. თუკი ატყობ, რომ თავად ვერ უმკლავდები, მიმართე დახმარებისთვის ფსიქოთერაპევტს, ფსიქოლოგს.

როგორ დავეხმაროთ ძალადობაგამოვლილ ბავშვს
თუკი ბავშვი თვითონ ამბობს, რომ უჭირს, მთავარია, მშვიდად მიიღო და უპირობო მხარდაჭერა აღუთქვა. თუკი ბავშვი გაოგნებას, ან მიუღებლობას შეგატყობს, ნდობას დაკარგავს, გაჩუმდება. რამდენადაც რთული არ უნდა იყოს, ბოლომდე დარჩი მშვიდი და მიმღები.
ჰკითხე და ნუ დაკითხავ. ბავშვმა უნდა გაბედოს, რომ მოჰყვეს. დააცადე ილაპარაკოს  თავისი სიტყვებით. არ მიაყარო კითხვები, მშვიდად უსმინე. დაარწმუნე, რომ  ცუდი არაფერი არ ჩაუდენია. 


როდესაც თავად ვერ უმკლავდები, მიმართე შესაბამის ორგანოებს, ან დარეკე ცხელ ხაზზე UNICEF

თუკი ახლობელ ოჯახში ცხოვრობს ბავშვი, რომელიც ფსიქოლოგიურ ძალადობას განიცდის და შენ ეს იცი; თუკი გადის დრო და ბავშვი ისევ ძალადობრივ გარემოში რჩება, აუცილებელია ყოველი ინციდენტის შესახებ შესაბამის უწყებას აცნობო.

 


ილუსტრაცია: სალომე იაძე

________________________________
ტექსტი მომზადებულია პროექტისთვის “გამოხატვის თავისუფლების ხელშეწყობა არასრულწლოვანებისთვის”, რომელიც დაფინანსებულია ადამიანის უფლებათა სახლების ფონდისა და ევროკავშირის მიერ. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ინდიგო და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა