მელქო | სერგო, მეჯვრისხევი
05.10.2021 | 7 წუთიანი საკითხავისერგო, 75 წლის, მეჯვრისხევი
ქართულ-ოსური კონფლიქტი, 1991-1992 წლები. შიდა ქართლი
ეს მელქო დუდაევი ოსი კაცი იყო. მაგის მამა-პაპები ქრისტიანები იყვნენ და შაბათ-კვირა ისინი არასდროსა არ მუშაობდნენ, ლოცულობდნენ. ჩვენ ყოველთვის პატივს გვცემდა მელქო, ხაჭაპურები, პივას გვასმევდა სამლიტრიანებით. პაპაშენსაც, მამაჩემსაც და ბესასაც. გარიყული კაცი კი იყო ეს ბესა, მაგრამ იმასაც თავის გამოხდილს, აი, ოსურ პივას, კოლბებში რომ წნეხავენ, იმას დაუდგამდა. აბა, თავის ცოლს დაუძახებდა, იმ წუთში დაბზრიალდებოდნენ, ხაჭაპური, რამე, ყველაფრით გვიმასპინძლდებოდნენ. ჩვენ გვერდით ერთი მარტოხელა მარგო ცხოვრობდა. რო ჩამოიტანდა მელქო შეშასა, ხარებით მოქონდა ხოლმე, ორ-სამ ღერს გადმოუგდებდა მარგოს, აჰა, უპატრონო ხარო და აბა, შეშას ვინ მოგიტანსო. აი, ეგეთი ოსური კაცი იყო...
ერთ დღესაც ორი ჩვენებური ბიჭი მიდიან და ვკითხე, სად მიდიხართ შვილო-მეთქი და აი, ეხლა საქმე გვაქვსო. ამ დროს, მელქო მოდიოდა ზემოდან და მამაჩემმა დაუძახა, შემოდიო. ვარიანტი არ იყო, მელქო ჩვენთან არ შემოსულიყო და ორი-სამი ჭიქა არ დაელია. ჩვენგან რო წავიდა, მაშინ წაუყვანიათ და მოკლეს ეს უპატიოსნესი კაცი. შაბათ-კვირა რომ ლოცულობდა, ქრისტიანი კაცი, არაფრის გამო, ესე, უბრალოდ. ვითომ რაკი ერთი ქართველი ბიჭი მოკლეს, აიღეს შარი და ამათ, მელქო მოკლეს. უდანაშაულო კაცი, მამაჩემის ძმაკაცი.
რა ქონდა იცი ნათქვამი? მე და მამაჩემს გველაპარაკებოდა ერთხელ და თქვა მელქომა, რომა ჩემი ძმაკაცია და ეგ არაფერს დამიშავებსო. გაიგე? და მაგან გაყიდა სწორედა.
ორმა წაიყვანეს და ხიდქვეშ მოკლეს. იმ დღიდანვე გაიქცა მაგის ცოლი აქედან. ეგ რომ ხაჭაპურს დააცხობდა ემხელასა, ჯაგასაც ჩაუტანეთო, იმასაც, იმასაცო და გამომატანდა ხოლმე.
იმ დღეს ბაზარზე დავინახე მაგის ხარი, რქაი ესე ქონდა მოგრეხილი და ვიკითხე, ეს ვისი ხარია-მეთქი? მელქოსიო. რა უნდა აქა-მეთქი და მელქო მკვდარი რომ მივუტანეთ, ცოცხალი ხარი გამოგვატანესო.
ახრისის ხიდი როა, იქ ჩაუგდიათ მელქო, ცელოფანში გახვეული და მერე ჩუდოს გამოატანეს, წადიო, ეს ცხედარი წაუღო და ოთხი სული საქონელი გამოატანეს იქიდან. ორი ხარი, ორი დეკეული.
იდგა იმხელა ხარი და ყიდიდნენ ბაზარზე. წამოვედით, მეთქი თქვენი! იცი როგორი კაცი იყო, რო დავაძინებდით, აქა სახლში, დედაჩემს ფულს დაუდებდა ხოლმე, როგორც სასტუმროში. ოთხი ყავდა. ორი გოგო და ორი ბიჭი.
კიდევ ხარიტონა იყო. მოკლეს ისაც. თვითონ ოსებმა, შენაო ინფორმაციას აწვდი ვახოსა და იმათაო.
ეგ ბოლო ოსი იყო, ჩვენ მხარეს რო გადმოდიოდა.
ჩვენში დარჩეს და შეიძლება ნამდვილად იყო ინფორმატორი, მარა კაი კაცი იყო, განა ცუდი იყო, მაგრამ მაინცა, დააჯახა ერთმა მანქანა და მიაჭყლიტა კედელზე.
აღნიშნულ თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ
რესპოდენტის სახელი, მისივე თხოვნით შეცვლილია
ფოტო: ვლადიმირ სვარცევიჩი / ანასტასია სვარცევიჩის არქივიდან