მეხსიერების გაცოცხლება | ნინო ლომაძე
08.12.2020ატენიდან ველებისკენ ვუხვევთ. ოსური ნასახლარების სანახავად მივდივართ. ახალი ნაწვიმარია, ბორბლების ქვეშ ტალახი რბილად, ჭრაჭუნით იზილება. ორმოდან ორმომდე უკონტროლოდ მისრიალებს მანქანა. მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთზეა ხრეში მოყრილი, უფრო მიმობნეული, წვიმის წყალმა ისიც გადარეცხა.
დიდი ორმოები მღვრიე გუბეებითაა ამოვსებული. არ ჩანს სიღრმე. გარშემო უმეტესად ფოთლოვანი ტყეა, მაგრამ ალაგ-ალაგ ფიჭვის კორომებიც გვხვდება. ისეთი სიჩუმეა, მიწაზე წიწვების დაცემის ხმა ისმის.
რამდენიმე მონაკვეთზე მანქანის სავალი გზა იკარგება – იქ პატარა მდინარე მოდის.
სადამდე შეიძლება ადიდდეს წყალი, რომელიც ორ სოფელს შორის გადის?
თუ ამ ფიქრმა შეგიყოლია, ძალიან შორს წაგიღებს და ვერასოდეს ააღწევ ზემოთ, ხეობაში, სადაც დაცლილი სოფლებია. სახლები, სადაც ოცდაათი წლის წინ ოსური ოჯახები ცხოვრობდნენ, დღეს ცარიელია. ერთი კაკლის ტოტებქვეშ დგას, შორი თვალისთვის დამალული. იქით, მთის წვერზე კიდევ ერთია, თეთრი ხის შუშაბანდით, ერთიც ხავსიანი სახურავით - ნიჩბის ტარით აქვს კარი გადარაზული. ამ სახლებში ახლა წლებია დაგუბებული.
მთავარია, მდინარის ამ თხელი კალაპოტის მიღმა გზა დაინახო, რომელსაც მათკენ მიჰყავხარ.
ეს პროექტიც, „მეხსიერების გაცოცხლება“, ყველაზე მეტად ამ გზას ჰგავს.
ამბები, რომელთაც ადამიანები იხსენებენ, ბევრ პარალელურ თხრობას მოიცავს. ეს მრავალი, ცალკეული ტექსტისაგან შემდგარი ერთიანი ნარატივი საერთო სივრცეში აქცევს ერთმანეთის გამომრიცხავ რეალობებს და ასე ერთი, კონკრეტული ისტორიული ეპიზოდის აღდგენას, უფრო კი, ამ რთული ეპიზოდის ფრაგმენტების გამთლიანებას ცდილობს.
ზეპირ ისტორიებში იმ ამბებს იხსენებენ, რომლებიც ბევრჯერ უკვე დაივიწყეს, მაგრამ კვალი ვერ წაშალეს. ის, რაც მოხდა სახლებში, ეზოებში, ქუჩებში, ახლაც ყრუ ექოდ მოჰყვება დროს. ამ ისტორიებში, საკუთარი სახლიდან სხვადასხვა მხარეს გაქცეული ათიათასობით ადამიანის ხმა ისმის. ეს ხმები ახლა ამ პატარა საცავში ინახება.
ნახეთ ისტორიები:
ომის დღიურები | ბესო დოიაშვილი |1991 წელი, ცხინვალი
კაი ძირის მეზობლები | ნუკრი ჯავახიშვილი, ქსუისი
გაჩერება | იუზა სიუკაევა, ზნაური
ბასმაჩა | კობა, ცხინვალი
ნიჩაბი | ხვიჩა ნადირაძე, ზნაურის რაიონი, სოფელი ალიბარი
თეთრი სახვევი | ასლანი, ცხინვალი
საქორწილო კაბა | ელინა გაბარაევა, ცხინვალი
ორი დასი ერთ თეატრში | მაკა გელაძე, ცხინვალი / თბილისი
ბრმა ტყვია | ნუნუ ტრაპაიძე-ბეგიაშვილი, ცხინვალიდან
აღნიშნულ თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ
პროექტის ფარგლებში მომზადებული ყველა ისტორია ნახეთ აქ
English / Russian versions of stories are available here