ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

მიწის სუნი | მარინა, ცხინვალი

მარინა, 50 წლის, ცხინვალი.
ქართულ-ოსური კონფლიქტი. 2008, აგვისტო.

აგვისტოს დასაწყისში უკვე მივეცით თანამშრომლებს უფლება, რომ სახლიდან ემუშავათ. მე მაშინაც და ახლაც სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ვარ.

ომამდე უკვე გაუჩერებლად ისროდნენ, ერთი პანაშვიდიდან მეორეზე დავრბოდით.

ჩემი გოგო იმ წელს, ჩემ დასთან იყო, მოსკოვში. თორმეტი წლის ბიჭი ჩემთან მყავდა. ბევრს გაჰყავდა უკვე ბავშვები. მე რატომღაც თავში აზრადაც არ გამივლია, არ მეგონა ასე სერიოზულად თუ იქნებოდა საქმე.

შვიდში დღისით მაინც წავედი სამსახურში. მირეკავს უცბად თანამშრომელი, ჩემი მეზობლები ტაქსით ჩრდილოეთ ოსეთში მიდიან, ერთი ადგილი გამოუჩნდათ და მიდი, შენი ბიჭი გაატანეო. ერთი წუთით შევყოვნდი და უცბად მეორე თანამშრომელმა ლამის მიყვირა, დაყარე ყველაფერი და დროზე ბავშვს მიხედეო. სულ ვფიქრობ ხოლმე, რომ არ დაერეკა იმას, როგორ ვიქნებოდით დღეს. მოკლედ, ჩავულაგე ბავშვს და გავუშვი.  

საღამოს ჩემი ორი პადრუგა მოვიდა. ორივე მარტო იყო სახლში და ჩემთან შევიკრიბეთ. ცოტა ერთმანეთს შევაგულიანებთ-მეთქი. ვუყურებთ ტელევიზორს და ვხედავთ, გამოდის ეს ნაძირალა (სააკაშვილი) და გვეუბნება, სროლას ვწყვეტთო. გაგვიხარდა, რა თქმა უნდა დავიჯერეთ, ამოვისუნთქეთ ცოტა, თითო ჭიქა ღვინოც დავლიეთ. გოგოებს ვუთხარი, დღეს მგონი არა გვიშავს, ყველა ჩვენ-ჩვენ ლოგინში დავიძინებთ, სარდაფებს გადავრჩით-მეთქი.

გრუხუნმა გამაღვიძა. სახლი აქეთ-იქით დადიოდა. წამოვხტი, დავავლე მამაჩემს ხელი და ქვემოთ ჩავაყვანე. მთელი ღამე მარტო იმას ვნატრობდი, ერთი სადმე კუთხეში შემაყუჟა და ეს ხმაური აღარ გამაგონა-მეთქი. გათენდა თუ არა, ჩაწყნარდა. მე და მამაჩემს გვეგონა მარტო ჩვენ დავრჩით ცოცხლები. ამოვედით ზემოთ და ნათესავების ხმა გავიგეთ, ერთი კედელი გვყოფს. მერე იმათ სარდაფში გადავედით. ის დღე სულ სირბილში გავატარე, ხან წამლებიო, ხან ნათესავს ამ ნერვიულობაზე სისხლდენა დაეწყო, მერე საჭმელი, რომელსაც პირს არავინ აკარებდა. 

გარშემო სულ იწვოდა სახლები, კინოში რომ გინახავს ისე, შენ კიდე ზიხარ და არაფერი შეგიძლია, მარტო უყურებ.

არ ვიცოდით რა ხდებოდა, ან რა უნდა გვექნა. ჩრდილოეთ ოსეთში ვრეკავდით და იქ გვეუბნებოდნენ, ცოტა მოიცადეთ და რუსის ჯარი შემოვა, გიშველითო. არც ის ვიცოდით, რომ ტელეფონზე დარეკვა და ლაპარაკი არ შეიძლებოდა. გავთიშავდით და იქვე აფეთქდებოდა ჭურვი, ჩვენ სახლსაც ხვდებოდა.

რვა აგვისტოს ჩემი ბიძაშვილი გავიდა გარეთ, ამბის გასაგებად. სახეზე ფერი არ ედო რომ დაბრუნდა უკან. ჩუმად მითხრა: „მარინა, ზემოთ ქართველები არიანო.“ გაზეთის ჩასაგდებიდან გაუხედავს და ქართული სამხედრო მანქანები დაუნახავს. ხოდა, იქამდე ხო ყოჩაღი გმირივით ვიყავი, აი, მერე დამეწყო ისტერიკა. თავი მისკდებოდა იმის წარმოდგენაზე, რო ქართველები ქალაქის ცენტრში იყვნენ. ეგენი, თუ იქ იდგნენ, ესე იგი ჩვენი ბიჭები სულ აღარ დარჩენილან-მეთქი.

ჩემმა დამ დამირეკა. ისიც გიჟსა ჰგავდა, როგორ ხართო. თან ვცდილობ მშვიდად ველაპარაკო. მეორე დას რვაში დაბადების დღე აქვს. გადაეცი ყურმილი-თქო, ვთხოვე, მოლოცვა მინდოდა. აბა, ბედნიერებას, ჯანმრთელობას გისურვებ-მეთქი, მხიარულად ვეუბნები, სახეზე კი ცრემლები მდის ღვარად და გულში ვემშვიდობები, მაგათ ხმებს ვიმახსოვრებ.

საღამოს, რო ჩამობნელდა უკვე, ქუჩაში ხმები მოგვესმა. გავარჩიე, ოსურად ლაპარაკობდნენ. გავვარდით გარეთ და ჩვენი მოხალისეები დავინახეთ გზაჯვარედინზე. მაშინ პირველად ვნახე თეთრი სახვევები მკლავებზე. ცხრა, თუ ათნი იყვნენ, რაღაცას არჩევდნენ, მერე გაიყვნენ და სხვადასხვა მხარეს გაიფანტნენ. ეგრე გავიგეთ, რომ ქალაქს უკვე ეგენი იცავდნენ. ქართველი ჯარისკაცები, მანქანები რომ აუფეთქეს, მერე ვენახებით გაქცეულან.

მოდიოდა ჩვენთან ხმები, ხან მშვიდობისმყოფელები დაბომბესო, მთელი ცენტრი იწვისო. მთელი ღამე ცხრა რო თენდებოდა, ვფიქრობდით და ვბჭობდით, წავიდეთ, თუ დავრჩეთო. ცხრაში კიდევ უფრო ძნელი გახდა. ტელეფონით კი გვეუბნებოდნენ რუსის ჯარი მოდისო, მაგრამ არავინ ჩანდა. შემოირბენდნენ მებრძოლები, იქით გავაქციეთ ქართველები, აქეთ ქართული ტანკი ავაფეთქეთო. მაგრამ ავტომატებით რამდენ ხანს გაძლებდნენ?

ცხრაში საღამოს მაინც გავრისკეთ და გამოვედით და აი, მაგ წამიდან, ნაღდად ღმერთი მფარველობდა. არასდროს არავის ვსვამდი ჩემი მანქანის საჭესთან, მაგრამ იმ დღეს ჩემ ბიძაშვილს ვთხოვე, შენ დაჯექი-მეთქი. გვერდით ჩვენი მეზობელი მიუჯდა, ჯამბოლატი. მაგის უკან მისი ცოლი დაჯდა, გვერდით მე. სამი მანქანა ერთად გავედით, მეზობლები და კიდევ ნათესავები. ნეტა დავრჩენილიყავით. ქალაქში რო შევედით, თვალწინ სტალინგრადის კადრები დამიდგა, კინოდან. სახლები იწვოდა, ყველაფერი ნანგრევებში იყო, ბოძები და ხის ტოტები ძირს ეყარა.

ჯამბოლატი ცდილობდა ისე ეტარებინა საბურავები არ გაეხეთქა, მაგრამ არ გამოსდიოდა. ფაქტიურად მე ვმართავდი მანქანას, იმან არ იცოდა, რა სად ჰქონდა, თან ცუდად ხედავდა. მე ვანთებდი და ვაქრობდი ფარებს, რო არავის შევემჩნიეთ. ქალაქიდან გავედით, ტბეთი გავიარეთ და ძარის გზის მოსახვევთან ორი დამწვარი ტანკი დავინახეთ, ქალაქისკენ ჰქონდათ ლულები მიშვერილი. მივხვდით, რო ქართველების ტანკი იყო. ქართველები თუ გაუქცევიათ, ვიფიქრეთ, წინ წასვლა შეიძლებოდა.

როგორც კი ძარის გზას დავადექით, აფეთქების ხმა გაისმა, აგვაგდო ჰაერში, ბოლი ავარდა. წინა მანქანას შევასკდით. თან გვცხრილავენ. ტვინი მიდუღს ამ დროს. იქამდე სიკვდილზე არც მიფიქრია. იმ მომენტში კიდე თავში სულ მქონდა, დედაჩემივით ამ გზაზე ვკვდები-მეთქი. დედა 20 მაისს დაიღუპა, 1992 წელს, დანარჩენ 33 დევნილთან ერთად, ზუსტად მაგ ადგილას.

ჩვენი საბურავი იწვოდა, ჭურვი მოხვდა. ჯამბოლატს მთელი ძალით ვუყვირი, გააჩერე-მეთქი. ის კიდევ საჭეზეა ჩაფრენილი და სიჩქარეს ბოლომდე აწვება. მეორე აფეთქებამ გზიდან გადაგვაგდო, მინდორში. ერთ მომენტში ვიფიქრე, რო  ჯამბოლატი მოკვდა. გადავიწიე და ხელის მუხრუჭი მოვქაჩე. ყველა გადმოხტა მანქანიდან, ჩემს გარდა. მე გავქვავდი. ჩემი ბიძაშვილი და მისი ცოლი გადახტნენ მინდვრისკენ. მეზობელი მეორე მხარეს და მეძახის: გადმოხტი! ამ დაძახებამ გამომაფხიზლა. მაშინვე გადავხტი და მიწას ავეკარი. ისევ გვესროდნენ. თან ისე  დაბლა ისროდნენ, რო ზურგი მიხურდა. მთელი ძალით ვცდილობდი მიწას მიკვროდი. გრუხუნში გავიგე, მეძახიან: აქეთ! აქეთ! გადმოგორდი! კოტრიალ-კოტრიალით იმ მხარეს წავედი და ბოლოს ხევში ჩავგორდი გზასთან, ჩემი მეზობელი უკვე იქ იყო. არ ვიცოდი სხვებს რა ბედი ეწიათ, დაიმალნენ, გადარჩენენ. ეხლაც ყურებში მესმის სამხედრო მანქანების და ქართული ლაპარაკის ხმა. ერთი დამამახსოვრდა: „გია, გია“. სულ იმას ეძახდნენ.

ჩემი მანქანა იწვოდა. ტყვიამფრქვევს, ჭურვებს ისევ ისროდნენ. მეზობელს ერთი ნამსხვრევი დუნდულაში მოხვდა. მერე ჭურვი ისე ახლოს დაეცა ჩვენთან, ერთ მხარეს მიწა დამეყარა, და ცალი ყური სულ დამიხშო. მალე ჩემი მანქანაც აფეთქდა. ღრმად სუნთქვასაც ვერ ვბედავდით, განძრევის გვეშინოდა. ცოტა ხანში ჩემი მეზობელი  ჩურჩულით მეკითხება: რა გქვიაო? მარინა-მეთქი, შენ რა გქვია-თქო? სოსლანი. ერთმანეთის სახელებიც არ ვიცოდით.

მთელი ღამე ეგრე გავატარეთ. რო გავიგონებდი, მანქანა მოდის, უკვე ვიცოდი დაცხრილავდნენ. ეს იყო ყველაზე საზარელი მომენტები, როცა წინასწარ იცი, რაც მოხდება. ერთხელ მანქანის ხმა გრუხუნმა შეწყვიტა. მანქანა თხრილში ჩავარდა. ეტყობა მძღოლმა გონება დაკარგა და საჭეზე ზემოდან დაეცა. იმასაც ესროდნენ, მაგრამ მერე გაჩერდნენ. მანქანა გაუჩერებლად ასიგნალებდა. გაგრძელდა ასე კარგა ხანს. მერე უცბად ხმა შეწყდა. ვიფიქრე, ალბათ მძღოლი გონს მოვიდა-მეთქი და უცბად კარის ჭრიალის ხმა გავიგონე, მერე ქალის კვნესა. გულისგამაწვრილებლად დაიყვირა კაცმა: არ ისროლოთ, დაჭრილები არიანო! დამთავრებაც ვერ მოასწრო, ისე დაიქუხა და დაიგრუხუნა. ყველა ხმა ერთიანად მიწყდა.  

ვხვდებოდი, რომ ადრე თუ გვიან მეც იგივე მელოდა. უკვე თენდებოდა, დილას მინდორს დაათვალიერებდნენ და გვიპოვნიდნენ. იმისიც მეშინოდა თავზე არ დაგვცემოდა მანქანა, ზოგს პირდაპირ მოსახვევში აფეთქებდნენ, ზოგს ჩვენთან ახლოს და მერე თხრილში ცვიოდნენ. ვერც ვინძრეოდი, თავი რომ ამეწია. თვალებს ვატრიალებდი და ასე ვიხედებოდი ზემოთ.

ეგრე გავიდა ღამე. უკვე ვიცოდი, რო მალე მეც მოვკვდებოდი. და მინდოდა ეს მიწის სუნი დამემახსოვრებინა. ლოყით ვედებოდი მიწას და ღრმად ვსუნთქავდი. რატომღაც ეს სუნი „იდეალის“ ტორტს მაგონებდა. მერე ვფიქრობდი, ასე თუ მოვკვდი, კუბოში რას დავემსგავსები, სახეზე სულ ბალახი მექნება-მეთქი მიგლესილი. მერე ავიღე ხელები და თავქვეშ დავიდე.

სოსლანის ჭრილობაც დროდადრო თავს გვახსენებდა. სისხლს ჰკარგავდა და აკანკალებდა. ისე კანკალებდა, მეშინოდა არ დაგვინახონ-მეთქი. მერე ვეცადე ტანით დამეჭირა და ზემოდან დავაწექი, მიწაზე რომ დამეკრო. ხანდახან გონსაც ჰკარგავდა.  

მაგ დროს პანიკამ გაიარა და ვიგრძენი, რომ უკვე სიკვდილს ვურიგდებოდი, ვნებდებოდი ნელ-ნელა.

სანამ ირიჟრაჟებდა, მერე უცბად ბრაზი მომერია. ღმერთს ვეჩხუბებოდი, ვამუნათებდი: „რამდენი სიკეთის გაკეთება შემეძლო! ორი შვილი მყავს, ეგენიც ხომ გასაზრდელები არიან. რა სამართალია, დედაჩემიც ამ გზაზე მოკლეს ქართველებმა, ეხლა მეც იგივე ბედი უნდა გავიზიარო? ჩემ ოჯახს ის ერთი სიკვდილი არ ეყოფა-მეთქი?!“

თენდებოდა. ესე იგი მალე დაგვინახავდნენ. რაღაც მომენტებში, ალბათ, მეც ვკარგავდი გონებას, იმიტომ რომ არ მახსოვს როდის შეწყდა ქართული ტანკების ხმა და იმათი გადაძახილები. რომ გამოვიხედე უკვე სიჩუმე იყო და უცბად მოახლოებული მანქანების ხმა გავიგონეთ. მოვემზადე ეხლა დასცხებენ-მეთქი. მაგრამ შეუჩერებლივ გაიარეს. თავი ავწიე და დავინახე სამი ნივა მიდის. მალე მოეფარნენ თვალს. სროლა არ ყოფილა. ცოტა ხანში კიდევ ერთი მანქანა წამოვიდა. მერე კიდევ ერთი. აი, მაშინ დავინახე ირგვლივ დამწვარი მანქანები. გაიარა კიდევ სამმა და არც ერთმა არ გააჩერა. მეოთხეს აღარ გავუშვებ-მეთქი ვიფიქრე და გზის შუაში დავდექი. დიდხანს ველოდე. ბოლოს დავინახე, მოდის რაღაც დრანდულეტი. ვერც გაიგებდი რა მანქანა იყო, თითქოს რაც ხელში მოუხვდათ, იმ ნაწილებით შეაკოწიწესო. ყველა საბურავი დაშვებული ჰქონდა. გატენილი ხალხით. ერთმა ქალმა მიცნო იქიდან. „გევედრებით არ დამტოვოთ, დაჭრილთან ერთად ვარ-მეთქი!“ წაგვიყვანეს. სოსლანი ერთ მხარეს დააყენეს კარის საფეხურზე, გარედან, მე მეორეზე, მძღოლის მხარეს. სოსლანს ქალები იჭერდნენ ფანჯრიდან. ზემოთ რომ ავუყევით, სამი აფეთქებული მანქანა დავინახე - ისინი, რომ არ გააჩერეს. გრადი მოხვედრიათ საწყლებს, ამ გზასაც თურმე ცხრილავდნენ ხოლმე.  

უღელტეხილზე რო ავედით, ჯამბოლატი დავინახე ცოლთან ერთად, ფეხით მიდიოდნენ. როგორ მიხაროდა, ჩემი მანქანიდან ყველა ცოცხალი რო გადარჩა.

ჯავამდე ასე ვიარეთ. დაჭრილები იქვე, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მე ვლადიკავკაზში წავედი. ოთხი დღე დავრჩი და იქაც ვმუშაობდი, სანიტარული ღონისძიებების გეგმას ვადგენდი. ცხინვალში 15 აგვისტოს დავბრუნდი. და კიდევ უფრო საშინელი რამე დამხვდა იქ, ვიდრე ის ომის დღეები - ასობით ხალხი ქუჩაში, ბედის ანაბარა დარჩენილები.

ორმოცი დღე სულ ვითვლიდი: ახლა პირველი შაბათი მოუწევდა. ახლა უკვე მეორე, მერე ორმოცი. სულ ეს მიტრიალებდა თავში. ომის დღეებში ხალხს პირდაპირ ვენახებში მარხავდნენ. მე, როგორც სანიტარულ ზედამხედველობას ექსგუმაციებზე მიწევდა დასწრება, სასაფლაოებზე რომ მიასვენებდნენ. მეუბნებოდნენ, ნუ უყურებო. მე კიდე თითქოს დაჟინებით ვუყურებდი. მინდოდა მენახა, როგორი ვიქნებოდი მაშინ, იმ ღამეს რო მოვმკვდარიყავი.

აღნიშნულ თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ

______________________________________________________________________
ციკლიდან „მეხსიერების გაცოცხლება - სამხრეთი ოსეთი 1991/2008“

ტექსტი, ფოტო: ზარინა სანაკოევა